გადაუდებელი ამოცანა

    გასული კვირის უმნიშვნელოვანესი ამოცანა უდავოდ გახდა საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა და მისი გაფორმება საკანონმდებლო ორგანოში რეალური ძალაუფლების მქონე ფრაქციის სახით.
    ინიციატორი, როგორც ცნობილია, სახელმწიფოს მეთაური იყო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თავს იკავებდა ამ ნაბიჯისაგან, რადგან არ სურდა საპარლამენტო ოპოზიციის ოფიციალურად გაფორმება.
    მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ამგვარი გამიჯვნა აუცილებელი გახდა - პარლამენტი თვალსა და ხელს შუა კარგავს ქმედუნარიანობას. ეს კი უდიდეს საფრთხეს უქმნის ახლადშობილ ქართულ დემოკრატიას.
    «ქმედუნარიანობაში» იმას როდი ვგულისხმობ, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო არ იღებს შევარდნაძისათვის სასურველ გადაწყვეტილებებს. არამედ იმას, რომ საერთოდ ვერ იღებს ვერანაირ გადაწყვეტილებას - ვერც დადებითს, ვერც უარყოფითს.
    ეს არცაა გასაკვირი - ზოგიერთი პარლამენტარი თავის სადეპუტატო საქმიანობას ისევე უდგება, როგორც დაუვიწყარ «საბჭოურ ეპოქაში», როცა დეპუტატობა მხოლოდ საპატიო წოდება და ამქვეყნიურ სიამეთა მოპოვების წყარო იყო ანუ დეპუტატი თავის ძალისხმევას კანონშემოქმედებისაკენ კი არ მიმართავდა (კანონებს ცენტრალურ კომიტეტშიც იოლად დაწერდნენ), არამედ იმ საშუალებების გამოყენებისაკენ, რომლებსაც დეპუტატობა იძლეოდა.
    დაახლოებით 50 პარლამენტარი, რამოდენიმე თვეა არ დასწრებია პარლამენტის სხდომას და ალბათ აღარც აპირებს დაესწროს. ამის მიზეზი მხოლოდ მათ მიერ სხვა თანამდებობათა შეთავსება არ უნდა იყოს - ისინი უბრალოდ უფრო საინტერესო და მათთვის საჭირო საქმით არიან დაკავებულნი. ყველას არ ეხება, მაგრამ ზოგიერთი მათგანისათვის პარლამენტის წევრობა მხოლოდ ფარია(იმუნიტეტი), რომელსაც უმალ «იფარებენ» საჭიროების შემთხვევაში.
    ყოველივე ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენი პარლამენტი (გულწრფელად ვთქვათ) კი არ «აირჩა», არამედ «შედგენილი იქნა» უამრავი ფაქტორის (პოლიტიკურ ძალთა განლაგების, პარტიათა რეალური თუ სამომავლო წონის, პირადი ურთიერთობების, შეიარაღებულ ფორმირებათა რაოდენობის და სხვა) გათვალისწინებით. ამის საშუალება ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას ე.წ. «პრეფერენციებისა» და საკომპენსაციო სიების სისტემამ მისცა.
    რა თქმა უნდა, მაშინ ეს ყოველივე სავსებით თუ არა, ნაწილობრივ მაინც მისაღები იყო იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს პარლამენტს გარდამავალი პერიოდის ორგანოს, ანუ «დამფუძნებელი კრების» ფუნქცია უნდა შეესრულებინა. მაგრამ დამფუძნებელი კრება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეასრულებს თავის დანიშნულებას, თუ რაიმე დიდი საზოგადოებრივი კატაკლიზმის (რევოლუციის, სახელმწიფოს დაშლის, სამოქალაქო ომის) შემდეგ უკვე მოხდა საზოგადოებრივი ცნობიერების «დაწმენდა» - საბოლოოდ გაირკვა ქვეყნის განვითარების სტრატეგიული კურსი და მოხდა ე.წ. «დიდი შეთანხმება», რომლის გარეშეც წარმოუდგენელია სტაბილური საზოგადოების აშენება.
    ხოლო თუ «დამფუძნებელი კრება» იქმნება იმ პირობებში, როცა ერის ცნობიერება ჯერ კიდევ არ «დაწმენდილა» და არ მომხდარა დიდი საზოგადოებრივი შეთანხმება, კიდევ უფრო მეტი, როდესაც გრძელდება სამოქალაქო ომი და სულ უფრო საშიშ მასშტაბებს იღებს პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირება სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით, - მაშინ «დამფუძნებელი კრება» ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას.
    ამის ზუსტი მაგალითია რუსეთის «დამფუძნებელი კრება», რომელიც 1918 წელს, სამოქალაქო ომის პირობებში შეიქმნა. იგი სულ ადვილად გარეკეს ბოლშევიკებმა.
    სწორედ ამიტომ გაჩნდა აუცილებლობა, პარლამენტმა იფუნქციონიროს როგორც ნამდვილმა საკანონმდებლო ორგანომ, რომელიც, უმრავლესობაზე დაყრდნობით, სწრაფად ამტკიცებს გადაწყვეტილებებს, ადგენს კანონებს, იღებს დადგენილებებს. . . ერთი სიტყვით, - მართავს ქვეყანას! ამისათვის კი საჭირო გახდა პოლიტიკურ ძალთა გამიჯვნა - «უმრავლესობისა» და «უმცირესობის» ჩამოყალიბების გზით.
    მაგრამ, სამწუხაროდ, ამგვარი მცდელობა უეჭველი მარცხით დასრულდება, რადგან «დამფუძნებელ კრებაში» შეუძლებელია პოზიციისა და ოპოზიციის დადგენა, შეუძლებელია ნორმალური კანონშემოქმედებითი მუშაობის აწყობა, ვინაიდან, მართალია, მასში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალები სტრატეგიულ საკითხებში თითქოს შეთანხმებული არიან, მაგრამ თითოეულ მათგანს სახელმწიფოებრივი მშენებლობის საკუთარი, კონკრეტული გეგმა აქვს და, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ თავისი კონცეფცია მიაჩნია მართებულად.
    სწორედ აქედან გამომდინარეობს ის მდგომარეობა, რომ ჩვენი პარლამენტარები ხშირად კანონს «პირველი კითხვითაც» ვერ იღებენ, რადგან «პირველი კითხვისას» სწორად კონცეპტუალური საკითხები განიხილება.
    იმ ქვეყნებში კი, სადაც საზოგადოებრივი შეთანხმება უკვე შემდგარი ფაქტია, საკანონმდებლო ორგანო ძირითადად «მეორე კითხვისას» მართავს ცხარე დისკუსიებს, - როდესაც კონკრეტული საკითხები იხილება.
    აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ მოქმედი რეგლამენტი თითქმის შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ კანონის მიღებას თუნდაც ერთი ფრაქციის მიერ მისი ჯიუტად ბლოკირების შემთხვევაში.
    ზემოთქმულის გათვალისწინებით უნდა დავასკვნათ: პარლამენტის თავმჯდომარის მცდელობა, ჩამოაყალიბოს ნორმალური საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა, შედეგს ვერ გამოიღებს. ერთადერთი გამოსავალია ნამდვილი პარლამენტის არჩევა (ყოველგვარი «პრეფერენციების გარეშე»). ოღონდ, მანამდე უნდა მოხდეეს საზოგადოებრივი შეთანხმება და უნდა დამთავრდეს სამოქალაქო ომი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია განმეორდება უარეს ვარიანტში - როდესაც პარლამენტს «გარე ოპოზიცია» ეყოლება არა მარტო ბარიკადის «იქითა», არამედ «აქეთა» მხარესაც. ეს კი უეჭველად მიგვიყვანს ახალ გადატრიალებამდე და «სისხლიანი წრეც» შეიკვრება.
    ამ წრის გარღვევა (ვიმეორებ) მხოლოდ სამოქალაქო ომის დამთავრებითა და «დიდი საზოგადოებრივი» შეთანხმების მიღწევით არის შესაძლებელი. ოღონდ აქ ყველამ გაითვალისწინოს ერთი რამ: პასუხისმგებლობა ამგვარი შეთანხმების შესრულებაზე თანაბრად უნდა იკისროს ორივე მხარემ. ესე იგი, არა მარტო რეალური ძალაუფლების მპყრობელმა ხელისუფლებამ, არამედ მისდამი ფუნდამენტურ საკითხებში დაპირისპირებულმა ოპოზიციამაც.
    თუ ამგვარი შეთანხმება ვერ მოხერხდა, მაშინ საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა პოლიტიკური პროცესის საერთო მიმართულებას ვერ შეცვლის. ამ პროცესის არსი კი ისაა, რომ ჩვენი «ჩრდილოელი მეზობელი» სულ უფრო და უფრო აძლიერებს თავის ექსპანსიას ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკების» წინააღმდეგ.
   
   

    რამდენიმე მათგანმა (უზბეკეთმა, ყაზახეთმა) დროებით უკვე დაკარგა დამოუკიდებლობა, რაკი აღიარა რუსული მანეთი ეროვნულ ვალუტად. თვით ისეთი გიგანტიც კი, როგორიცაა უკრაინა, ფაქტობრივად განადგურებისა და საბოლოო დამარცხების პირას იმყოფება: რუსეთმა შეუწყვიტა მას ბუნებრივი აირის მიწოდება და ეკონომიკური შანტაჟის გზით მიაღწია უდიდეს წარმატებას: მიიღო გარანტია შავი ზღვის ფლოტის დასაკუთრებისა.
    რამდენიმე ასეული ხომალდი და სევასტოპოლის უნიკალური სამხედრო პორტი რუსეთს უნდა გადაეცეს უკრაინის ვალის (60 მილიონი დოლარის) ანგარიშში! არადა, ეს ფლოტი 36 მილიარდი(!!!) დოლარი ღირს. უკრაინის პრეზიდენტს კი გასაქანი არა აქვს, რადგან მყიდველი მხოლოდ ერთია - თავად რუსეთი. სხვა, მისი შიშით, ვერავინ გაბედავს (რომც სურდეს) უკრაინისაგან ამ ქვეყნის კუთვნილი გემების ყიდვას. ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ამის «შნო და ძალა აქვს», არის ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ მას ისედაც მსოფლიოში უძლიერესი ფლოტი აქვს და მოძველებული საბჭოთა ხომალდები არაფერში სჭირდება.
    თუ რუსეთი შესძლებს შავი ზღვის ფლოტის სრულად დასაკუთრებას, ამას საბედისწერო მნიშვნელობა ექნება მთლიანად, კავკასიისა და, კერძოდ, საქართველოსათვის, რადგან სათუო გახდება საერთოდ, ჩვენი გამოსვლა რუსეთის გეოპოლიტიკური სივრციდან.
    ასე რომ, მოვლენები საქართველოს ირგვლივ კვლავ ავისმომასწავებლად ვითარდება და ამ ფონზე ქმედუნარიანი ხელისუფლების ჩამოყალიბება გადაუდებელი ამოცანა ხდება.

«ივერია-ექსპრესი», 5 სექტემბერი, 1993წ.

მთელ გვერდზე