რკინის ხელი რბილ ხელთათმანში
   
   

    განვლილი კვირის უმნიშვნელოვანეს მოვლენად უდავოდ უნდა ჩაითვალოს რუსეთში 25 აპრილს გამართული საყოველთაო რეფერენდუმი და მისი შედეგები.
    ძალიან ბევრს საქართველოში აღიზიანებს მსჯელობა რუსეთში მიმდინარე პროცესებზე. ეს გაღიზიანება უფრო სასაცილოა, ვიდრე გასათვალისწინებელი, რადგან ჩვენ (მოგვწონს თუ არა) კვლავ ვრჩებით ამ ზემძლავრი სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ სივრცეში, ამიტომ ამ დიდ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ობიექტურად ზემოქმედებენ ჩვენზე და ამაში გასაკვირი თუ გასაღიზიანებელი არაფერია.
    საკვირველი ის იქნებოდა, სხვაგვარად რომ ყოფილიყო. ყოველ დიდ სახელმწიფოს თავის გარშემო ერთგვარი «ძალური ველი» აქვს შექმნილი და ამ ველში მოხვედრილმა სახელმწიფოებმა, აქედან გამომდინარე, უნდა გაითვალისწინონ დიდი პოლიტიკის კანონები, რომლებიც ფიზიკის კანონებზე ურყევნი არიან. წარმოვიდგინოთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთივე სასიცოცხლო საკითხზე რეფერენდუმი გაიმართა, განა ეს არ იმოქმედებს კანადის, მექსიკის ან კუბის შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე? - რა თქმა უნდა!
    რუსეთში რეფერენდუმზე ოთხი კითხვა იყო გამოტანილი. პირველი ორი კითხვა, რომელიც პრეზიდენტ ელცინისა და მისი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ მოსახლეობის «ნდობის ვოტუმის» გამოხატვას ისახავდა მიზნად, ხელოვნურად იქნა დაშორებული ერთმანეთისაგან დეპუტატთა ყრილობის მიერ.
    მართლაც, როგორ შეიძლება ენდობოდე პრეზიდენტს, მაგრამ არ ენდობოდე მის პოლიტიკას? (თუნდაც ეკონომიკურ სფეროში). მესამე და მეოთხე კითხვა კი, რომელთა არსი ხელისუფლების ყველა «შტოს» ვადამდელი არჩევისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების გარკვევაში მდგომარეობდა, იმთავითვე უპერსპექტივო ჩანდა ელცინის მომხრეთათვის, რადგან ამ ნაწილში ხმების დათვლა უნდა მომხდარიყო ამომრჩეველთა სიითი რაოდენობის მიხედვით.
    საინტერესოა, რომ რუსეთის კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარე რეფერენდუმზე თითქმის შინაურულად ჩაცმული გამოცხადდა, რითაც ზორკინმა ხაზი გაუსვა არცთუ სერიოზულ დამოკიდებულებას ამ რეფერენდუმისა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მისი შედეგებისადმი. როგორც ჩანს, იგივე მოტივით, მიხეილ გორბაჩოვმა საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში - იგი ამ დროს ამერიკაში ბრძანდებოდა.
    რეფერენდუმის შედეგებმა ცხადყო, რომ რუსეთის მოსახლეობამ ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი ელცინსა და მის გუნდს. განსაკუთრებით საოცარია დადებითი პასუხი მეორე კითხვაზე, - პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ (ეს არაერთგზის გვითქვამს) ტელევიზია ჩვენს ეპოქაში ფაქტობრივად ყოვლისშემძლე ძალად იქცა და ამ ძალის მხარდაჭერა თითქმის უეჭველად განაპირობებს ამა თუ იმ პოლიტიკოსის ან პოლიტიკური ძალის წარმატებას.
    მიუხედავად იმისა, რომ მე-3 და მე-4 კითხვებზე ელცინმა დადებითი პასუხი ვერ მიიღო, იგი უეჭველად შეეცდება საერთო წარმატებით ისარგებლოს და «ახალი კონსტიტუციის კოზირის» შემოგდებით მიაღწიოს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.
   

    აი, აქ კი მივუახლოვდით ჩვენს «საშინაო პრობლემებს» ანუ აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარების საკითხს. საქმე ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩემი აზრით, მეტის-მეტად დიდ იმედებს ამყარებს რეფერენდუმის შემდგომ დროინდელ პერიოდზე, როდესაც ელცინს თითქოსდა «ხელფეხი გაეხსნება» და «შეძლებს რეაქციონერთა წინააღმდეგობის დაძლევას». სინამდვილეში კი, სიტუაცია ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო გართულდა, რადგან ბოლო ორ კითხვაზე რუსეთის პრეზიდენტმა დადებითი პასუხი (როგორც ზემოთ აღვნიშნე) ვერ მიიღო, ამიტომ იგი იძულებულია ახალ კონსტიტუციაზე დაყრდნობით დანიშნოს არჩევნები.
    თავის მხრივ, ახალი კონსტიტუცია მას სურს განსახილველად გაიტანოს არა დეპუტატთა ყრილობაზე, არამედ ე.წ. «ფედერაციის საბჭოზე», რომელიც რუსეთის ავტონომიათა ხელმძღვანელთაგან შედგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყრილობა უბრალოდ არ მიიღებს (ან ძლიერ შეცვლის) მომავალი ძირითადი კანონის «საპრეზიდენტო პროექტს». ესე იგი, იქმნება ისეთი სიტუაცია (ესეც ბედის ირონიაა) როდესაც ელცინის «სული ხელში უჭირავთ» ადიღეველებს, ჩერქეზებს, ყაბარდოელებსა და დაღესტნელებს.
    ახლა როგორ გგონიათ, პატივცემულო მკითხველო, ელცინი «გაანაწყენებს» მათ იმით, რომ «მოძმე აფხაზ ხალხს» მიატოვებს «ქართველ ფაშისტთა» ანაბარა? არავითარ შემთხვევაში! სწორედ ამიტომ მოგახსენებთ, რომ სამწუხაროდ აფხაზეთში არავითარი წარმატებული «დიდი შეტევის» იმედი არ უნდა გვქონდეს, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ელცინის «სული» ჯარიმოვის, შანიბოვისა და აქედან გამომდინარე, არძინბას ხელშია.
    გასულ კვირას მკვეთრად გაუარესდა სიტუაცია ქვეყნის მმართველ ეშელონში. ამის გამოხატულება იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და სახელმწიფოს მეთაურის რამდენიმე მეტისმეტად «მკვეთრი» გამონათქვამი, რომელიც მათ შორის მიმდინარე ფარული ბრძოლის «საერთო სიმხურვალის» გამოხატულებაა.
    აქვე უნდა ითქვას, რომ ედუარდ შევარდნაძე კვლავ ერთგული რჩება თავისი პრინციპისა და კონფლიქტის მოგვარებას რბილი, წინდახედული, თანდათანობითი მოქმედების გზით ცდილობს. თუმცა ამ «რბილი ხელთათმანის» მიღმა მაინც იგრძნობა «რკინის ხელი» და ვაი მას, ვისაც ეს «ხავერდის მარწუხი» თანდათან უჭერს მაჯაზე.
    ამ კვირაში საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა კუპონის უეცარი (თუმცა არც თუ მთლად მოულოდნელი) გაუფასურების გამო. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ «მაფიის ხრიკებზე» და «მთავრობის მიერ დაშვებულ შეცდომებზე», არ ვიქნებით ბოლომდე გულწრფელი თუ არ ვიტყვით უმთავრესს ჩვენ მხოლოდ ახლა ვაშენებთ სახელმწიფოს, სახელმწიფოს ორი უმთავრესი ინსტიტუტი კი არმია და დამოუკიდებელი ფინანსური სისტემაა. სახელმწიფოს საერთო სისუსტე იწვევს ორივე ამ ინსტიტუტის სისუსტესა და ამორფულობას. არმიაში ეს გამოიხატება უდისციპლინობასა და თვითნებობაში, ხოლო ფინანსურ სფეროში  - ფულის ნიშნის გაუფასურებაში.
    გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს: კუპონი ჯერ კიდევ არ არის ეროვნული ვალუტა - იგი მხოლოდ სუროგატია. ჭეშმარიტი ვალუტის შემოღების შემდეგ კი უნდა აიკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სხვა ვალუტის თავისუფალი მიმოქცევა. რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ «ესტონური კრონა 50 მანეთი ღირს», არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ყოვლისშემძლე გერმანული მარკა უდგას მხარში!
    28 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში განახლდა «ყვარლის ტყის საქმესთან» დაკავშირებული სასამართლო პროცესი. გამოვხატავ რა პატივისცემას სასამართლოს (როგორც ასეთის) მიმართ, აქვე ვიტყვი, რომ ჩემი აზრით, პროცესი მხოლოდ გაართულებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციას საქართველოში.
    უკვე ვწერდი (სათანადო არგუმენტაციის მოტანით), რომ ის რაც დეკემბერ-იანვარში მოხდა, არ ყოფილა არც «კრიმინალური გადატრიალება» და არც «დემოკრატიული რევოლუცია» - ეს, იყო სამოქალაქო ომი. სამოქალაქო ომში გამარჯვებულის მიერ - დამარცხებულის გასამართლება ისტორიული და პოლიტიკური თვალსაზრისით ყოველთვის წამგებიანია თვით გამარჯვებულისათვის და თუ არ გსურს,  «ყვარლის ინციდენტის» მონაწილენი «საერთაშორისო ამნისტიამ» პოლიტპატიმრებად გამოგვიცხადოს, საზოგადოებამ რაიმე ფორმა უნდა იპოვოს ამ «იურიდიული ჩიხიდან» გამოსასვლელად.
    აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ზემოთქმული არ ეხებათ ჩიქოვანის ქუჩაზე განხორციელებული ტერორისტული აქტის ჩამდენთ. ტერორიზმს არავითარი გამართლება არა აქვს! გარდა ამისა, ჩვენი ეთნოფსიქოლოგიიდან გამომდინარე, თუ ერთხელ აგორდა ტერორიზმის ტალღა საქართველოში, მას უკვე ვერაფრის დიდებით შევაჩერებთ. ამიტომ «ტერორიზმის კიბო» მხურვალე შანთით უნდა ამოიწვას.
    რაღა თქმა უნდა, არ მოვუწოდებ, სიკვდილით დასაჯონ ტერორისტები (ასეთი მოწოდება ნებისმიერ შემთხვევაში უკეთურობა იქნებოდა), მაგრამ ამ საკითხში საზოგადოების თუნდაც იდეურად დაპირისპირებული ორივე ნაწილი, ვალდებულია, ერთ პოზიციაზე დადგეს.
   
   

«ივერია ექსპრესი» 1 მაისი, 1993 წ.

მთელ გვერდზე