პოლიტიკა არ ცნობს სტერეოტიპებს

    მოსკოვში, ორდღიანი გააფთრებული ბრძოლების შემდეგ, ელცინმა გაანადგურა თავისი მთავარი და ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე - რუსლან ხასბულატოვი, რომელიც ელცინის კურსისათვის წინააღმდეგობის გაწევას მოძველებულ იდეოლოგიურ, სახელმწიფოებრივ და სოციალურ სისტემაზე დაყრდნობით ცდილობდა.
    ხაზბულატოვი იმთავითვე განწირული იყო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ დიდხანს და ოსტატურად იბრძოლა. რამდენჯერმე შეძლო კიდეც ინიციატივის ხელში ჩაგდება. მისი უდიდესი წარმატება იყო «გარღვევა» რუსეთის ტელევიზიაში, როდესაც, უზენაესი საბჭოს დაჟინებული მოთხოვნით, ელცინი იძულებული გახდა დაეთმო და ორიოდე საათი გამოეყო თავისი შეურიგებელი მოწინააღმდეგისათვის ტელეეთერში.
    სავარაუდოა, რომ სწორედ ეს წარმატება გახდა შემდეგი მოვლენების კატალიზატორი, რადგან ტელევიზია თანამედროვე მსოფლიოში საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების უმძლავრესი იარაღი გახდა და ტელეეთერის «გახლეჩა» საზოგადოებრივი ცნობიერების გახლეჩას იწვევს, რაც რეფორმების ჩატარებისას ყოვლად დაუშვებელია.
    ელცინის გუნდი ვერ შეურიგდებოდა რუსეთში საბჭოთა სისტემის არსებობას. ეს სისტემა თავის დროზე ლენინმა შექმნა, რათა იგი კომუნისტური დიქტატურის შირმად ექცია. საბჭოები არასოდეს იყვნენ რეალური ძალაუფლების მქონენი. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციურად მათი ძალაუფლება შეუზღუდავი იყო. ფორმალური დებულებით, საბჭოები აერთიანებდნენ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას.
    ამ ცნების კლასიკური გაგებით, ეს არის სრული აბსურდი, მაგრამ კომუნისტებისათვის (ვიმეორებ) საბჭოთა სისტემა მხოლოდ შირმა იყო. რეალური ძალაუფლების კონცენტრაცია მათ პარტიულ სტრუქტურაში მოახდინეს.
    სამაგიეროდ, საბჭოთა იერარქიამ მისცა საშუალება სტალინს, საბჭოთა კავშირში ფორმალურად «სუვერენულ» მოკავშირე რესპუბლიკათა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოები ერთიანი ქვეყნის სახელმწიფოებრივი სტრუქტურის «საშუალედო რგოლებად» ექცია და სუვერენიტეტთა არაბუნებრივი ურთიერთდაქვემდებარება დაეპირისპირებინა რეალური პარლამენტარიზმისა და რეალური სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისათვის.
    საბჭოთა კავშირში საქართველოს სუვერენიტეტი თავის ტერიტორიაზე შეზღუდული იყო არა მარტო თვით საბჭოთა კავშირის სუვერენიტეტით მთელ თავის ტერიტორიაზე, არამედ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სუვერენიტეტით - აფხაზეთის ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელისა კი - მაგალითად, გალის რაიონული საბჭოს სუვერენიტეტით და ა.შ.
    რა თქმა უნდა, სუვერენიტეტთა ასეთი «იერარქია» არის ერთგვარი «იურიდიული დემაგოგია». სინამდვილეში, მთელს ამ ტერიტორიაზე სუვერენულ უფლებებს ახორციელებდა მხოლოდ კრემლი და «პარტიულ ელიტად» გაფორმებული ხელისუფლება, მაგრამ ამგვარი «მატრიოშკა» იმპერიას იმის საშუალებას აძლევდა, რომ მის მიერვე შექმნილ შინაგან წინააღმდეგობაზე ეთამაშა.
    მაგალითად: როდესაც საქართველოს უზენაესი საბჭო მეტისმეტად გაურჩდა და ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში, 1990 წლის ზაფხულში, კრემლისათვის არასასურველი რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო, «ცენტრმა» უმალვე მოახდინა რეაგირება და იმავე კონსტიტუციური აქტების საფუძველზე, «სამხრეთ ოსეთის საოლქო საბჭომ», მიიღო ანალოგიური გადაწყვეტილება.
    ამგვარი სქემის განხორციელება რუსეთში (რაც კომუნისტებმა სცადეს ხაზბულატოვის მეთაურობით) რუსეთს სრულ დეზინტეგრაციას უქადდა. მართლაც, ხომ არ შეიძლება ქვეყანაში ასობით პარლამენტი მოქმედებდეს (ოლქის, ქალაქის, რაიონის დონეზე) და თითოეული მათგანი თავის ტერიტორიაზე კონსტიტუციით «სრულ და განუყოფელ» ძალაუფლებას ფლობდეს?
    არადა, სწორედ ამას ნიშნავს კონსტიტუციური ჰიპოთეზა საბჭოების «სრულუფლებიანობის» (პოლნოვლასტიე) შესახებ. სწორედ ეს გარემოება იყო სიღრმისეული მიზეზი დაპირისპირებისა ელცინსა და ხასბულატოვს შორის.
    დღევანდელ პირობებში, როდესაც ჩვენში ამ დაპირისპირებას საკმაოდ ზედაპირულად აფასებენ, ეს, რა თქმა უნდა, დისონანსურად გაიჟღერებს, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხასბულატოვის სახით რუსეთის იმპერიამ თავისი ყველაზე ჭკვიანი მტერი მოიშორა. მტერი, რომელსაც ფანატიკურად სძულდა იმპერია და მისი თანდათანობითი დაშლა-დანაწევრება, იმპერიული ძალაუფლების დადამბლავება ჰქონდა განზრახული.
    ზემოთთქმული, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ რუსლან ხასბულატოვი საქართველოს მეგობარი იყო - დავაკვირდეთ მის ალიანსს არძინბასთან, დავაკვირდეთ იმასაც, რომ ხასბულატოვი ჩეჩენია და მისი მოწინააღმდეგე რუსი «დემოკრატები», ამ ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად სდებდნენ მას ბრალს რუსეთისადმი სიძულვილსა თუ ე.წ. «კავკასიის კონფედერაციის» ფარულ მხარდაჭერაში – რუსეთის წინააღმდეგ.
    სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევიცანით ამ იდეის ჭეშმარიტი არსი: «კონფედერაცია» და ჩრდილოეთ კავკასიის (აგრეთვე აფხაზეთის) გაერთიანების მცდელობა თანაბრად უპირისპირდება როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ინტერესებს. მაგრამ ამ დიდი შეთქმულების მონაწილეებმა შეძლეს რუსეთ-საქართველოს წინააღმდეგობაზე ოსტატურად ეთამაშათ და აფხაზეთის საქართველოსაგან მოგლეჯით დიდ წარმატებასაც მიაღწიეს.
    წარმატება იმანაც განაპირობა, რომ რუსეთის მიმართ საქართველოს უკომპრომისო პოზიციის გამო, აფხაზეთის საკითხში ხასბულატოვისა და ელცინის ინტერესების ერთგვარი თანხვედრა მოხდა.
    იმპერიას ხელს არ აძლევდა (სტრატეგიული ინტერესების გამო) აფხაზეთის სრული დექართველიზაცია და ამ ტერიტორიაზე ფაქტობრივად დამოუკიდებელ სახელმწიფოს შექმნა. მაგრამ ეს მაინც ნაკლებ საშიშროებად მოეჩვენა - თვით საქართველოს ერთიან და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებასთან შედარებით.
    აქვე უნდა ითქვას კიდევ ერთ სტერეოტიპზე, რომელიც ჩვენში დამკვიდრდა: რუსეთი, რა თქმა უნდა, იმპერიაა, მაგრამ ეს ყოველთვის იმას როდი ნიშნავს რომ მისი ინტერესები არასდროს ემთხვეოდა და არ შეიძლება დაემთხვეს ქართულ ეროვნულ ინტერესებს.
    რაც უფრო სწრაფად გავთავისუფლდებით ამგვარი შეუვალი სტერეოტიპისაგან, მით უფრო სწრაფად შევძლებთ ნამდვილი, დიდი პოლიტიკა ვაწარმოოთ.
    ეს არის ურთულესი თამაში, რომლის მონაწილეთა გონებამახვილობა ზოგჯერ განცვიფრებასაც კი იწვევს. ამ თამაშში ძალა არაფერს, ან თითქმის არაფერს წყვეტს. გადამწყვეტი მნიშვნელობა, პოლიტიკურ ალღოს, პროცესების სიღრმისეული არსის წვდომას და ფარული ინტრიგის ხელოვნებას ენიჭება.
    სულ სხვა საფუძველი ჰქონდა დაპირისპირებას ელცინსა და რუცკოის შორის. თავისი შინაარსით, ეს გაცილებით მარტივი და იოლად ასახსნელი ანტაგონიზმია. რუცკოი მხოლოდ საშუალება, მხოლოდ იარაღი იყო ხასბულატოვის და მის ფარულ მხარდამჭერთა ხელში. რუცკოის დამარცხებით ჭკვიანმა იმპერიალისტებმა, რომლებიც ელცინის გარშემო არიან თავმოყრილნი, დაამარცხეს გულუბრყვილო იმპერიალისტები; ელცინის გუნდმა, რომელსაც «დერჟავის» აღდგენა სურს გონივრული, ფრთხილი, მოქნილი, შორსმჭვრეტელი პოლიტიკის მეშვეობით, დაამარცხა გუნდი, რომელსაც იმავე მიზნის მიღწევა სურდა უხეში, ემოციური, პირდაპირი ქმედებით.
    ელცინის ტრიუმფი გარკვეულ შანსს უტოვებს საქართველოს, რათა მან შეინარჩუნოს (უფრო სწორად, აღადგინოს) ტერიტორიული მთლიანობა და ეთნიკური განსახლების ისტორიული არეალი. მაგრამ ამის მიღწევას შევძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკუვაგდებთ სტერეოტიპებს, პრიმიტიულ აზროვნებას და ფეხს ავუწყობთ ნამდვილ, დიდ პოლიტიკას, რომელიც სტერეოტიპულობას არ ურიგდება.

«ივერია-ექსპრესი», 12 ოქტომბერი, 1993წ.
   

მთელ გვერდზე