დემოკრატიის ტრიუმფი
   

    როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს აკვირდები, არ შეიძლება არ შეამჩნიო, რომ რუსეთის გარშემო ერთგვარი «რკალი» იქმნება არასტაბილური, ეკონომიკურად დაქცეული და ზოგ შემთხვევაში სამოქალაქო თუ ეთნიკური ომების ქარცეცხლში გახვეული ქვეყნებისა.
    ის სახელმწიფოებიც კი, სადაც ჯერ-ჯერობით სისხლი არ იღვრება, დღენიადაგ შიშით ცახცახებენ უარესის მოლოდინში. ერთადერთი გამონაკლისი თავად რუსეთია. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ის სახელმწიფო, რომელიც 1917 წლიდან არსებობდა და მრავალი თვალსაზრისით დღესაც არსებობს (მიუხედავად ფორმალური დაშლისა), სწორედ რუსული სახელმწიფო იყო და ამიტომ, მხოლოდ და სწორედ რუსეთს, ერთადერთს, შერჩა მყარი სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, რაც სტაბილურების შენარჩუნების გარანტიაა.

    სხვა ქვეყნები კი, ანუ ახალშობილი სახელმწიფოები, ძალისხმევას არ იშურებენ თავიანთი სახელმწიფოებრივი სტრუქტურების ჩამოყალიბებისათვის. ცდილობენ, განამტკიცონ ეს სტრუქტურები, მაგრამ ძლიერი მეზობელი, რომელსაც უამრავი საშუალება აქვს ამ პროცესის ჩასაშლელად, არ აძლევს მათ ამის საშუალებას, ყოველნაირად არყევს მათ სახელმწიფოებრიობას, რათა არ მისცეს მეზობელ პატარა სახელმწიფოებს თვითდამკვიდრების შანსი. ეს ყოველივე ხდება «რუსული დემოკრატიის მამების» ფარისევლური განცხადებების ფონზე, რომ თითქოს რუსეთი დაინტერესებულია თავის გარშემო «სტაბილურობისა და სიმშვიდის რკალის შექმნით».
    რაოდენ სამწუხაროა, რომ ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილს სჯერა ამ ყალბი განცხადებისა.
    კრემლსა და მის სპეცსამსახურებს, რომელთა უმთავრესი დანიშნულება და მიზანი მეზობელ ქვეყნებში სიტუაციის მაქსიმალური დესტაბილიზაციაა, მრავალი სხვადასხვაგვარი საშუალება თუ ბერკეტი აქვს ამის მისაღწევად. ოღონდ, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სიტუაციაა და, აქედან გამომდინარე, «მრავალფეროვანია» კრემლის მეთოდიკაც.
    რუსეთის გეოპოლიტიკური სივრციდან თავის დაღწევის ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა და აქვს ლიტვის რესპუბლიკას. ამ ქვეყანაში არც ისე დიდია ე.წ. რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა. ამიტომ, რუსეთის სპეცსამსახურებმა ვერ შესძლეს «მეხუთე კოლონის» შექმნა - ძლიერი «ინტერფრონტის» სახით. ლიტვას აქვს საერთო საზღვარი პოლონეთთან, აქვს მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი, გავლენიანი დიასპორა დასავლეთში. რაც მთავარია, ლიტვაში ცხოვრობს ხალხი, რომელიც პოლიტიკური კულტურის განსაცვიფრებლად მაღალი დონით გამოირჩევა.
    დღეს ლიტვა უკვე ნორმალური ევროპული სახელმწიფოა საკუთარი არმიით, ვალუტით, ფაქტიური ორპარტიულობით, ავტორიტეტული და ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურით და ა.შ.
    გაცილებით მძიმე მდგომარეობაა ლატვიაში, სადაც კრემლის პოტენციური «მეხუთე კოლონა» მოსახლეობის ნახევარს შეადგენს. მაგრამ ლატვიელთა გონიერი ქცევისა და შემწყნარებლობის გამო, რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილი საკმაო ლოიალობას იჩენს თავისი ახალი სამშობლოს მიმართ.
    ესტონეთში კი, სადაც რუსული მოსახლეობა კომპაქტურად სახლობს, რეფერენდუმიც კი ჩაატარეს ავტონომიის მოთხოვნით, რაც ააშკარავებდა იმპერიის სურვილს, აქ მოვლენები დნესტრისპირეთისა და აფხაზეთის სცენარით განვითარებულიყო, მაგრამ ევროპამ დაიცვა თავისი პატარა «შვილები». მან მკაცრად გააფრთხილა რუსეთი, რომ შეუწყვეტდა ეკონომიკურ დახმარებას, თუ იგი ხელს არ აიღებდა ფარულ აგრესიაზე.
    მიუხედავად ამისა, ბალტიის ქვეყნებს მაინც ძალიან გაუჭირდებათ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის მოპოვება, რადგან ჯერ ერთი, ისინი ძლიერ არიან დამოკიდებულნი რუსეთიდან მოწოდებულ ენერგომატარებელზე. მეორე (კიდევ უფრო მნიშვნელოვანი) ფაქტორი კი ის გახლავთ, რომ ბალტიის ქვეყნებიდან ჯარი რუსეთს კალინინგრადის ოლქში (ყოფილი აღმოსავლეთ პრუსია - კიონიგსბერგი) გაჰყავს, ანუ იგი კვლავ მტკიცედ აკონტროლებს ბალტიის ზღვის აუზს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი გარემოებაა თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოს დიდი სახელმწიფოები ყოველთვის პატივს სცემენ ერთმანეთის გეოპოლიტიკურ სივრცეს და ცდილობენ, არ გაამწვავონ ურთიერთობა ამ სივრცეში «ჩარევით».
    და მაინც, ბალტიის ქვეყნები ნელ-ნელა ალბათ მოახერხებენ, «დაუძვრნენ» კრემლის «ძალურ ველს», თუმცა ამას წლები დასჭირდება.
    უკრაინაში რუსეთი წარმატებით იცავს თავის პოზიციებს - ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის «კოზირების» გამოყენებით.
    საინტერესოა, რომ უკრაინელ პოლიტიკოსებს, როგორც ჩანს, მათ ტერიტორიაზე განლაგებული ატომური იარაღის იმედი ჰქონდათ. მათ სურდათ ამ ფაქტორით დაეშინებინათ, ზეწოლა მოეხდინათ რუსეთზე, მაგრამ ასეთმა მცდელობამ საპირისპირო შედეგი გამოიღო - დასავლეთს მართლაც შეეშინდა უკრაინული ბირთვული იარაღისა და ამ საფრთხის გასანეიტრალებლად ისევ და ისევ რუსეთს დაუჭირა მხარი - უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ფარულ ბრძოლაში.
    ბელორუსიაში თითქოს რუსეთს არ გააჩნია ამგვარი ნაღმები, მაგრამ ბელორუსი ხალხის ასიმილირების დონე იმდენად მაღალი აღმოჩნდა. რომ აქ ლაპარაკიც კი ზედმეტია რაიმე ეროვნულ თვითშეგნებაზე, რაც ნებისმიერი სახელმწიფოს საფუძველთა-საფუძველია.
    პატარა მოლდოვას თავისი სისხლისმიერი ნათესავის (რუმინეთის) იმედი ჰქონდა, მაგრამ კრემლმა დაუყოვნებლივ აუჯანყა დნესტრისპირეთი და კაციჭამია ლებედის მე-14 არმიის მეშვეობით მტკიცედ «მიაბა» იგი კრემლის ტახტს. რუმინეთთან შეერთება ალბათ მოლდოველთა აუხდენელ ოცნებად დარჩება.
    ნურსულთან ნაზარბაევი დიდ პატივშია რუსეთში, მას ძალზე ხშირად უთმობს ტელეეთერს რუსეთის ტელევიზია და ხოტბასაც ასხამს, ოღონდ მხოლოდ მანამ, სანამ «ჭკვიანად» იქცევა და ელცინსაც კი ასწრებს «ახალი კავშირის» შექმნისაკენ ნაბიჯების გადადგმაში. მაგრამ საკმარისია ოდნავ გაჯიუტდეს, რომ რუსულენოვანი ჩრდილოეთ ყაზახეთი უმალ გაიხსენებს დიდი რუსი «დემოკრატის», სოლჟენიცინის სიტყვებს: «ამ ოხერ ყაზახებს, სადაც მათი აქლემი გაივლიდა, ყველგან ყაზახეთი ჰგონიათო».
    უზბეკეთში ჯერ-ჯერობით სიმშვიდეა, თუმცა ფერღანის ოლქს ჯერ არ მოუშუშებია მძვინვარე ეთნიკური შეჯახებით გამოწვეული ტკივილი. გარდა ამისა, რუსი დემოკრატები მეტად «შეწუხებულნი არიან» კარიმოვის მმართველობის «ტოტალიტარულ-კომუნისტური» ხასიათით. გაზეთი «მოსკოვსკიე ნოვოსტი» ისე წუხს: «უზბეკეთის პრეზიდენტი ყოფილი ცკ-ს მდივანიაო», თითქოს მათ სათაყვანებელ ბორის ელცინს მთელი სიცოცხლე დისიდენტური ბრძოლის ქარცეცხლში ჰქონდეს გატარებული და არათუ ცკ-ს მდივანი, არამედ პოლიტბიუროს წევრიც არ ყოფილიყოს.
    ყირგიზეთში კი - პირიქით - პრეზიდენტად ანტიკომუნისტი მეცნიერი ასკარ აკაევი აურჩევიათ, მაგრამ არც ეს მოსწონთ რუს «დემოკრატებს» და ახლა იმას ჩივიან, ყირგიზეთიდან რუსული მოსახლეობა მოდისო. არადა, ეს ემიგრაცია რომ ყირგიზეთის წინააღმდეგ ფარული ბლოკადისა და ეკონომიკური აგრესიის შედეგია, ამას თითქოს ვერ ამჩნევენ. გარდა ამისა, ყირგიზეთისათვის კრემლს კიდევ ერთი სისხლიანი «ნაჯახი» აქვს, როგორც იტყვიან, ზურგს უკან გადამალული - ოშის ოლქში, ამ სამიოდე წლის წინ, ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ნამდვილ ომში ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
    ტაჯიკეთი უკვე სისხლიან სასაკლაოდაა ქცეული. ასეულობით ათასი ადამიანი ავღანეთშია გაქცეული და რუსეთი იქით დებს ბრალს ავღანეთს - ჩემს საქმეებში რატომ ერევიო.
    ერთი შეხედვით, თურქმენეთი მეტად ამაყად» ირჯება. მის პრეზიდენტს ნიაზოვს ჰარამხანაღა აკლია და ნამდვილი «დამოუკიდებელი» ფაშა იქნება, მაგრამ ერთ გარემოებას დააკვირდით: თურქმენეთში დისლოცირებულ რუსულ ჯარს ეს ქვეყანა ისე უფრთხილდება, რომ საკუთარი ხარჯით ინახავს.
    რამდენიმე დღის წინ საშუალება მქონდა, თვალ-ყური მედევნებინა აზერბაიჯანის მორიგი პრეზიდენტის - ჰეიდარ ალიევის პრესკონფერენციისათვის მოსკოვში. ალიევმა ისეთი სიყვარულით, ისეთი რუდუნებით, ისეთი გულმხურვალებით ისაუბრა რუსეთ-აზერბაიჯანის მომავალ «საუკუნო ძმობაზე», რომ ძალაუნებურად ბრეჟნევის ეპოქა გამახსენდა. რაღა თქმა უნდა: თუ ომი გაგრძელდებოდა, სომხები ბაქოსაც ადვილად აიღებდნენ და იქ კომენდანტის საათსაც გამოაცხადებდნენ.
    რუსეთის მიმართ ამ უკანასკნელთა ლოიალობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია - სომხებს ალბათ კოშმარულ სიზმარში თუ დაესიზმრებათ, რომ «დიდმა ძმამ» მიატოვა და მარტონი აღმოჩნდნენ თურქეთისა და აზერბაიჯანის პირისპირ.
    ერთი სიტყვით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რუს «დემოკრატებს» და მათ ელიტას - ელცინის გუნდს - დიდი ბრძოლა აქვთ გაჩაღებული დემოკრატიის გამარჯვებისათვის.
    უნდა ვაღიაროთ: იმდენად ნიჭიერად და ოსტატურად იბრძვიან, რომ «დემოკრატიის ტრიუმფიც» აღარ დააყოვნებს.
    რაც შეეხება საქართველოს, ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ ისიც ებმება ამ «დემოკრატიულ ფერხულში».

«ივერია-ექსპრესი», 14 სექტემბერი, 1993წ.
   

მთელ გვერდზე