კავკასიური კვანძი
   

    ჩვენში ფართოდ გავრცელებულია აზრი, თითქოს რუსეთს არანაირი «კავკასიური დოქტრინა» არ გააჩნია და რომ მისი პოლიტიკა კავკასიაში სპონტანურად, საერთო სტრატეგიული ხაზის გარეშე ყალიბდება. ეს, რასაკვირველია, მცდარი აზრია. სინამდვილეში რუსეთს მკვეთრად ჩამოყალიბებული «კავკასიური დოქტრინა» აქვს და მას მტკიცედ, მიზანსწრაფულად ახორციელებს.
    სანამ ამ დოქტრინის დახასიათებას შევუდგებოდეთ, მცირე ისტორიული ექსკურსი ჩავატაროთ: ველიკორუსულ სახელმწიფოს, რომელიც XV-XVI საუკუნეებში ჩამოყალიბდა და რომელმაც თავისთავში გააერთიანა როგორც თურანულ-მონღოლური დესპოტიის გენეტიკური კოდი, ასევე სახელმწიფოებრიობის ბიზანტინისტურ-ქრისტიანული კონცეფცია, იმთავითვე სამი ძირითადი საგარეო პოლიტიკური ვექტორი ჰქონდა. პირველი ვექტორი მიმართული იყო ბალტიის ზღვისკენ და მიზნად ისახავდა რუსეთისთვის ევროპაში «ფანჯრის გაჭრას». ეს ამოცანა რუსულმა პოლიტიკამ შეასრულა პეტრე I-ის ეპოქაში ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად. ორი სხვა ვექტორი გამოხატავდა რუსეთის მარადიულ სწრაფვას «თბილი ზღვებისაკენ».
    პირველი მათგანი ასახავდა რუსეთის იმპერიის სურვილს - მოეპოვებინა გასასვლელი ინდოეთის ოკეანეზე. ამ სწრაფვის გამოხატულება იყო XX საუკუნეში იმპერიის მიერ განსაკუთრებით «თბილი და მეგობრული» ურთიერთობების დამყარება ინდოეთთან და აგრეთვე 80-იან წლებში განხორციელებული ავღანეთის ოკუპაცია. ავღანეთიდან რუსეთს ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა ოკეანემდე, მაგრამ რამდენიმე მძლავრი გლობალური ფაქტორის გამო, ეს ნაბიჯი ვეღარ გადადგა.
    კავკასიით რუსეთი ჯერ კიდევ XV საუკუნეში დაინტერესდა. ეს დაინტერესება გამოწვეული იყო როგორც გეოპოლიტიკური, ასევე იდეოლოგიური მიზეზებით, უპირველეს ყოვლისა, რუსული პოლიტიკის მესვეურთ მშვენივრად ესმოდათ, რომ ვერ უზრუნველყოფდნენ სამხრეთ საზღვრების უშიშროებას კავკასიაში მტკიცედ დამკვიდრების გარეშე. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო მეორე მიზეზი. საქმე ის არის, რომ 1453 წელს, თურქების მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ, რუსეთში წარმოიშვა «მესამე რომის» თეორია, რომლის თანახმად რუსეთს უნდა ეკისრა მართლმადიდებელი სამყაროს ლიდერის როლი - განადგურებული ბიზანტიის ნაცვლად.
    სწორედ ამიტომ, თურქთა მიერ დაპყრობილი კონსტანტინეპოლისა და ბოსფორის სრუტის «გათავისუფლება» და მისი საკუთარ კონტროლს დაქვემდებარება რუსული სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებდა იგი ზემოთხსენებული «მისიის» შესრულებას.
    კავკასია და, კერძოდ, საქართველო რუსეთს მცირე აზიასა და ბოსფორის სრუტეში მომავალი აგრესიის პლაცდარმად სჭირდებოდა. მაგრამ სულ მალე კავკასიამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა არა როგორც სამხედრო-პოლიტიკურმა პლაცდარმმა, არამედ როგორც განსაკუთრებულმა და მრავალი თვალსაზრისით უნიკალურმა მხარემ.
    კავკასიის ბუნებრივ-გეოგრაფიული თავისებურებებისა და აქ მცხოვრებ ხალხთა თავისუფლებისმოყვარეობის გამო, ვეებერთელა რუსეთს მთელი სამი საუკუნე დასჭირდა მის დასაპყრობად და საბოლოოდ ასათვისებლად. იმპერიას თვით თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაშიც კი არ დაუკარგავს იმდენი ჯარისკაცი, რამდენიც დაკარგა მცირერიცხოვან კავკასიელ მთიელთა წინააღმდეგ წარმოებულ «კავკასიის ომში». ამ ომის სისხლიანი რომანტიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო გახდა ველიკორუსული პატრიოტული სულისკვეთებისა. სწორედ ამ რომანტიზმით იყო გაჟღენთილი, გენიალური რუსი პოეტის, მიხეილ ლერმონტოვის ტრაგიკული ფენომენი.
    რუსეთის კავკასიური პოლიტიკა სავსებით თავსდება «დაჰყავი და იბატონეს» ძველ რომაულ დოქტრინაში, მაგრამ მას თავისებურებანიც ახასიათებს. ამ პოლიტიკის დასახასიათებლად საჭიროა ცალ-ცალკე განვიხილოთ «კავკასიური კვანძის» ოთხივე ნასკვი.
    პირველი: სომხურ-აზერბაიჯანული ანტაგონიზმი.
    ეს პრობლემა იმ საკითხთა რიგს განეკუთვნება, რომლებიც ობიექტურად (რელიგიური მომენტების გამო) არსებობდნენ რუსეთის კავკასიაში გაბატონებამდეც, მაგრამ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა ეს ანტაგონიზმი, თვით კომუნისტური დიქტატურის პირობებშიც კი, «მინავლებულ» მდგომარეობაში არსებულიყო. ხოლო როდესაც გორბაჩოვმა დაიწყო იმპერიის მეორედ მოდერნიზების გეგმის განხორციელება,  იმპერიამ ყველაფერი იღონა, რათა ამ ანტაგონიზმს ახალი ძალით ეფეთქა და კავკასიაში რუსულ-იმპერიული ზეგავლენის შენარჩუნების ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად ქცეულიყო.
    დღეს რუსეთი უკვე აღარ მალავს, რომ იარაღით ამარაგებს ორივე მებრძოლ მხარეს. სწორედ ის გარემოება, რომ მებრძოლი მხარეებისთვის იარაღის ერთადერთ მიმწოდებლად რუსეთი რჩება, არის იმპერიული პოლიტიკის უმთავრესი «კოზირი», რადგან მებრძოლმა მხარეებმა შესანიშნავად იციან, რომ თუ «პატივს არ მიაგებენ» რუსეთის იმპერიულ ინტერესებს რეგიონში, რუსეთი ერთ-ერთ მხარეს (რომელიც უფრო მეტ «უპატივცემულობას» გამოიჩენს), შეუწყვეტს იარაღის მიწოდებას და ეს მხარე სრულიად დაუცველი აღმოჩნდება - მეორე მხარის წინაშე.
    რუსული პროპაგანდა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ოსტატურად იყენებენ ამ მომენტს და საჭიროების შემთხვევაში ქარაგმულად აგრძნობინებენ ერთ-ერთ მხარეს, რომ რუსეთი უკმაყოფილოა მისი არასაკმარისად ლოიალური პოზიციით «უფროსი ძმის» მიმართ. ამავე დროს, განჯაში დისოცირებული რუსეთის სადესანტო დივიზია ათმაგად აღემატება თავისი საბრძოლო პოტენციალით ორივე მებრძოლ არმიას და ყოველთვის შეუძლია რუსეთისათვის სასურველად მართოს საომარ მოქმედებათა მიმდინარეობა ხან ერთი, ხან მეორე მხარისთვის ფარული დახმარების გაწევით.
    სომხურ-აზერბაიჯანული ანტაგონიზმი «მარადიულ ანტაგონიზმთა» რიგს განეკუთვნება (როგორც, მაგალითად, ებრაულ-არაბული) და იარსებებს მანამ, სანამ რუსეთს გეოპოლიტიკური ინტერესები გააჩნია კავკასიაში, ანუ მუდმივად. იმპერია არაფრის დიდებით არ დაუშვებს ერთ-ერთი მხარის საბოლოო გამარჯვებას ამ ომში.
    მეორე: ქართულ აფხაზური კონფლიქტი შესანიშნავი ბერკეტია რუსეთისათვის, რათა ერთდროულად მართოს სიტუაცია როგორც საქართველოში, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში.
    საქმე ის არის, რომ რუსეთისათვის სერიოზული პრობლემაა არა მარტო ქართული, არამედ ე.წ. «ჩრდილოეთ კავკასიური» ნაციონალიზმი. «ჩერქეზული» მოდგმის ხალხები (ყაბარდოელები, ადიღეველები, ჩერქეზები) ისწრაფვიან რუსეთისაგან გამოყოფისაკენ, რაც ამას წინათ ნალჩიკში განვითარებულ მოვლენებში ნათლად წარმოჩნდა. მაგრამ მოვლენათა ანტირუსული მიმართულება უმალვე მინავლდა, რადგან რუსეთმა მაშინვე აგრძნობინა «ჩერქეზი ხალხის კონგრესის» ლიდერებს, რომ მოვლენათა ასეთივე განვითარების შემთხვევაში იგი შეწყვეტდა დახმარების გაწევას მათი მონათესავე აფხაზი ხალხისადმი.
    მეორეს მხრივ, იგივე ბერკეტი შესანიშნავი იარაღია საქართველოს წინააღმდეგ - იმავე მიზეზის გამო. არსებობს იმის დიდი საშიშროებაც, რომ სომხურ-აზერბაიჯანული ანტაგონიზმის მსგავსად, ქართულ-ჩერქეზული ანტაგონიზმიც «მარადიულ კოზირად» იქცეს იმპერიის ხელში.
    ამ პრობლემის გარშემო რუსეთში ამტყდარი აჟიოტაჟი და თეატრალური დაპირისპირება საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის მხოლოდ წინასწარ დადგმული სპექტაკლია და უკვე არსებულ წინააღმდეგობაზე «რუსული პოლიტიკის» ბალანსირების ფუნქციას ასრულებს.
    მესამე: ოსურ-ინგუშური ანტაგონიზმი:
    ბევრს, ჰგონია, რომ ოსთა და ინგუშთა ამასწინანდელ შეტაკებაში რუსეთმა მკვეთრად გამოხატული პროოსური პოზიცია დაიკავა და განუზომლად გააძლიერა ამ ხალხის პოზიციები ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგრამ დაკვირვებული ანალიზის შედეგად უეჭველად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ მომხდარის შედეგად რუსეთმა სწორედ ჩრდილოეთ ოსეთში განიმტკიცა თავისი ჰეგემონია.
    საქმე ის არის, რომ ოსებმა ძალიან კარგად იციან: თუ მათი პოლიტიკა «ზელოიალური» არ იქნება მოსკოვის მიმართ, კრემლი უმალვე გაიყვანს (რა თქმა უნდა დროებით) თავის ჯარებს ვლადიკავკაზის მიმდებარე «პრიგოროდნის» რაიონიდან და შურისძიების ფანატიკური სურვილით ანთებულ ინგუშებს მისცემს საშუალებას, ეს წყურვილი მოიკლან.
    ოსებმა შესანიშნავად იციან ისიც, რომ ვაინახთა (ინგუშთა და ჩეჩენთა) ერთობლივ შეტევას ისინი მარტონი ვერ გაუძლებენ ამიტომ «ოსური პოლიტიკა» ამიერიდან სამარადჟამოდ განწირულია იაროს «ველიკორუსული პოლიტიკის ფარვატერში.
    მეოთხე: ჩვენთვის კარგად ცნობილი ქართულ-ოსური წინააღმდეგობა.
   

    ზემოთთქმულიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ ველიკორუსულ იმპერიას დღესაც უმძლავრესი «ბერკეტები» გააჩნია კავკასიაში თავისი ძალმოსილების შესანარჩუნებლად და თუ კავკასიელი ხალხები ვერ შეძლებენ საერთო ენის გამონახვასა და გაერთიანებას, ეს ძალმოსილება მარადიული გახდება.

«ივერია ექსპრესი» 9 თებერვალი 1993წ.

მთელ გვერდზე