პუტინის საპრეზიდენტო პროგრამა: საბჭოთა კავშირის აღდგენა!
       

როგორც იქნა გაცხადდა და ღიად ითქვა:
       

        რუსეთის მომავალმა, «12 წლიანმა» პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მმართველი პარტიის სკანდალური ყრილობიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მოსკოვურ გაზეთ «იზვესტიაში» გამოაქვეყნა საპროგრამო სტატია, რომლითაც თავისი მთავარი პოლიტიკური მიზანი დაასახელა: ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთიანი ფედერაციული სახელმწიფოს აღდგენა, რომელსაც «ევრაზიული კავშირი» დაერქმევა და ყოფილი სსრკ-სგან მხოლოდ იმით იქნება განსხვავებული, რომ საბაზრო ეკონომიკას და არა კომუნისტურ რეჟიმს დაეფუძნება! თუმცა, ამით «მოკავშირე რესპუბლიკებისათვის» ბევრი არაფერი იცვლება დამოუკიდებლობისა და სუვერენობის თვალსაზრისით.
        პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ოპოზიცია პუტინის ინიციტივას აშკარა დაბნეულობით ხვდება. მაგალითად ქალბატონი ბურჯანაძე, ბოლო ინტერვიუში, ყველანაირად ცდილობდა, პირდაპირი კომენტარისგან თავი დაეძვრინა. Gგასაგებია რატომაც: «ვლადიმირ ვლადიმიროვიჩის» წყენინება არ უნდა, მაგრამ არც იმის თქმა აწყობს, მის გეგმას მხარს ვუჭერო. მერე კი უკვირს, ხალხი ჩემს მიტინგებზე რატომ არ მოდის და რეიტინგი რატომ არ მაქვსო. ხალხს (მასას) არ უყვარს გაურკვევლობა: მიშა სააკაშვილისა და მმართველი პარტიის დამოკიდებულება პუტინის პროექტისადმი არავითარ ეჭვს არ იწვევს და ყველასთვის აბსოლუტურად ნათელია: არც თვით მიშა და არც «ნაციონალური მოძრაობა» ახალი «საკავშირო სახელმწიფოს» შექმნას არ დაეთანხმებიან. ანუ, მათ იციან და ხმამაღლა ამბობენ, რა უნდათ და რა – არა. ოპოზიცია კი არ ამბობს. ესე იგი, ან არ სურს თქვას, ან (კიდევ უარესი) თვითონაც არ იცის რა უნდა – გარდა ძალაუფლებისა, რასაკვირველია/
        «ჯერ ხელისუფლებაში მომიყვანეთ და რას ვაპირებ მერე ვიტყვიო» - პასუხი არ არის. სხვათა შორის, ამითაც აიხსნება, რომ ბოლო დროს არც პუტინი და არც მისი პარტია «ერთიანი რუსეთი» (სახელწოდებას დავაკვირდეთ) ბურჯანაძეს და ნოღაიდელს აღარ ხვდებიან: «ჯერ თქვით რა გინდათ, რას აპირებთ და მოსკოვში მერე ჩამოდით, - კმარა რაც ტყუილად ისეირნეთო».
        პუტიმა ამ სტატიით ისიც განაცხადა, რომ ყოფილ სსრკ სივრცეზე მხოლოდ იმ პოლიტიკოსებს (ოპოზიციას თუ ხელისუფლებას, არა აქვს მნიშვნელობა) დაუჭერს მხარს, რომლებიც მის პროგრამას გაიზიარებენ, ესე იგი მასთან ერთად იბრძოლებენ «ევრაზიული კავშირის» შესაქმნელად.
        თუმცა, დავუბრუნდეთ «იზვესტიაში» გამოქვეყნებულ პროგრამას: პუტინი «ევრაზიული კავშირის» შექმნის კონკრეტულ გეგმას სახავს. საერთოდ, ამ პოლიტიკოსს ვერ დაუწუნებ, რომ საკუთარ ზრახვებს ოდესმე მალავს და პირდაპირ არ აცხადებს. აკი თქვა რამდენიმე წლის წინ: «საბჭოთა კავშირის დაშლა გასული საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყოო». ანუ, არა პირველი და მეორე მსოფლიო ომები, რომელთა შედეგად 60 მილიონი ადამიანი დაიღუპა, არა რევოლუციური ტერორი და კიდევ 40 მილიონი ადამინის დახოცვა რუსეთიდან – კამპუჩიამდე, არა ებრაელთა დედა-წულიანად ჟლეტა, არამედ სწორედ მისთვის (პუტინისთვის) მშობლიური «დერჟავის» დაშლა ყოფილა ყველაზე დიდი ტრაგედია!
        მის აღსადგენად კი რუსი პრემიერი და მომავალი პრეზიდენტი მეზობლებს ასეთ «საგზაო რუკას» უსახავს: პირველ რიგში იქმნება «საბაჟო კავშირი». Uუკვე შეიქმნა კიდეც – რუსეთის, ბელორუსეთისა და ყაზახეთის შემადგენლობით. მისი შექმნა მოსკოვმა იმით მოახერხა, რომ მეზობლებს დაემუქრა: ან შემოხვალთ ამ გაერთიანებაში, ან საზღვრებს ჩაგიკეტავთ და სავიზო რეჟიმს შემოვიღებთო. ესე იგი «მოახერხა» მუქარითა და შანტაჟით.
        თანაც, თუ «საბაჟო კავშირის» წესდებას წავიკითხავთ, დავრწმუნდებით, რომ გაერთიანების «საკონტროლო პაკეტი» რუსეთმა დაისაკუთრა: «საერთო» საბაჟო შემოსავლების 89 პროცენტს თვითონ იტოვებს და გადაწყვეტილების მიღების დროსაც ხმების აბსოლუტური უმრავლესობა აქვს.
        ანუ, ე.წ. «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისგან» განსხვავებით, სადაც გადაწყვეტილებები მხოლოდ ყველა წევრი სახელმწიფოს პრეზიდენტთა თანხმობით მიიღებოდა, «საბაჟო კავშირში» გადაწყვეტილების მისაღებად რუსეთის სურვილია საკმარისი. სამაგიეროდ, რუსეთ-ბელორუსეთისა და რუსეთ-ყაზახეთის საზღვრები საერთოდ აღარ არსებობს: მოსკოვი საზღვრებს ყაზახეთის სამხრეთით და ბელორუსის ჩრდილოეთით აკონტროლებს. ცდებოდა ის, ვისაც ეგონა, «ამით ხომ ჩვენც ვისარგებლებთ და რუსეთში ბორჯომს ბელორუსეთიდან შევიტანთო»: გენადი ონიშჩენკო ყველა პატარა გასტრონომს დაემუქრა, რომ თუ ბორჯომს გაყიდდნენ, უბრალოდ გაანადგურებდა!
        2012 წლის 1 იანვრიდან კი «საბაჟო კავშირი» გარდაიქმნება «ერთიან ეკონომიკურ სივრცედ». ეს იმას ნიშნავს, რომ «საბაჟო კავშირსა» და «დსთ»-ს სხვა ქვეყნებს შორის დამყარდება დაახლოებით ისეთივე სავაჭრო რეჟიმი, როგორიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებობს 2006 წლიდან, როდესაც მოსკოვმა ემბარგო შემოიღო. ამით პუტინი მეზობლებს (მათ შორის უპირველესად უკრაინას) ეუბნება: ან შემოხვალთ «ერთიან ეკონომიკურ სივრცეში», ან უბრალოდ დაგახრჩობთ ისევე, როგორც საქართველოს ვახრჩობ! მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ კიევია ანუ, სულ მალე, ამ ორ ქევყანას შორის ისეთი ომი ატყდება, «დედა შვილს არ აიყვანს ხელში!» პირველი რეალური კანდიდატები ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და სომხეთი არიან. სამივე ქვეყანა რუსული სამხედრო ბაზებითაა სავსე, თუმცა სომხები იხვეწებიან: «ჯერ საქართველო ჩაითრიეთ ამ გაერთიანებაში და მერე ჩვენც შემოვალთ, თორემ ასე სრულ ჩიხში აღმოვჩნდებითო».
        შემდეგ ეტაპზე, პუტინის გეგმით, «ერთიანი ეკონომიკური სივრცე» - «ეკონომიკურ კავშირად» გარდაიქმნება. იგულისმება, რომ ამ ეტაპზე ჩამოყალიბდება «საკავშირო» სასამართლო, «საკავშირო არბიტრაჟი», რომლებშიც საკონტროლო პაკეტი (ესე იგი ხმათა უმრავლესობა) ისევ მოსკოვს ექნება და ეკონომიკურ დავებსაც ის გადაწყვეტს.
        ოღონდ აქ გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის ეკონომიკა ბევრად ძლიერია, ვიდრე ყაზახეთის, ბელორუსის ან ნებისმიერი სხვა ყოფილი სსრკ რესპუბლიკისა – ბალტიის ქვეყნების გარდა, რომელთაც ზურგს ევროკავშირი უმაგრებს. ამიტომ, ნებისმიერი «ეკონომიკური კავშირი» იმას გამოიწვევს, რომ საზღვრების არარსებობის პირობებში სამუშაო ძალა, რესურსები, წარმოება, ბიზნესი და ყველაფერი სხვა, უბრალოდ «გაიწოვება» რუსეთში – როგორც ეს ბელორუსს დაემართა მაშინვე, როგორც კი საბაჟო კავშირში შევიდა. თუმცა მოსკოვი გაჭირვებაში მყოფ «თანამოძმეებს» გამოსავალსაც მაშინვე შესთავაზებს, როგორც მინსკს შესთავაზა: საერთო ვალუტა! »ეკონომიკურ კავშირს» უნდა ჰქონდეს საერთო ვალუტა – არა აქვს მნიშვნელობა, ამ ვალუტას «ევრაზი» ერქმევა თუ «რუბლი». მთავარია, რომ ეს ვალუტა მოსკოვში მოიჭრება და ფინანსურ პროცესებზე კონტროლსაც რუსეთი შეინარჩუნებს.
        ამგვარი გეგმა ელცინის რუსეთს ჯერ კიდევ 1994 წელს ჰქონდა. მაშინ საქართველოშიც სერიოზულად მსჯელობდნენ «რუბლის ზონაში» შესვლის შესახებ, მაგრამ მოსკოვიდან მიიღეს პასუხი: «კი ბატონო, შემოდით თუ გინდათ, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ვინც შემოდის რუბლის ზოანში, ამით შემოდის რუსეთის შემადგენლობაში!!!» მთლად ასეთ «ნაგლობაზე» კი ედუარდ შევარდნაძე და ჯაბა იოსელიანიც ვერ წავიდოდნენ იმ დროს.
        ბოლო ეტაპზე (ალბათ პუტინის 12 წლიანი მმართველობის დასასრულისთვის) «ეკონომიკური კავშირი» - «ევრაზიულ კავშირად» გარდაიქმნება, რაც იმას ნიშნავს, რომ «ცენტრალური ეკონომიკური ორგანოების» და საერთო ვალუტის გარდა, ჩამოყალიბდება «საკავშირო პარლამენტი», «საკავშირო პრეზიდენტი» (ალბათ პუტინი 2024 წელს უკვე ამ პოსტის დაკავებას მოინდომებს) და სხვა «ცენტრალური ორგანოები» - ერთიანი არმიისა და ერთიანი სასაზღვრო ჯარების ჩათვლით.
        »ამას არც უკრაინა დაეთანხმება და არც იგივე ყაზახეთიო» - კი ბატონო, ნებით ნამდვილად არ დაეთანხმებიან, მაგრამ განა პუტინმა ბოლო 11 წლის განმავლობაში, სანამ რუსეთს ხელმძღვანელობს, მთელ მსოფლიოს არ აჩვენა, რომ ყველაფერზე წამსვლელია «ოცნების აღსასრულებლად», ესე იგი მშობლიური «დერჟავის» აღსადგენად? ჩეჩნეთში 250 ათასი მშვიდობიანი ადამიანი, მათ შორის 50 ათასი ბავშვი დახოცა, საქართველოს ტერიტორიები დაიპყრო, მეზობლების მიმართ ტერორისა და სამოქალაქო ომის პროვოცირების (ყირგიზეთი) პოლიტიკას ატარებს და ა.შ.
        ჩვენთან მისი მიზანი ის კი არ იქნება, რომელიმე პოლიტიკური ძალა პირდაპირ დაითანხმოს «ევრაზიულ კავშირზე» (იცის, რომ ეს შეუძლებელია), არამედ მაქსიმალური არეულობის და ქაოსის პროვოცირება, რათა ქაოსსა და ახალ სამოქალაქო ომში ჩაფლული ქვეყანა «მომწიფდეს» და კვლავ ჩვეულებრივ «მოკავშირე რესპუბლიკად» იქცეს. ოღონდ, ამჯერად, საბჭოთა კავშირისაგან განსხვავებით, უკვე აფხაზეთისა და შიდა ქართლის გარეშე, რადგან ამ ტერიტორიების საქართველოსთვის დაბრუნებას პუტინი არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს.
        ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა იცის, რომ უნდა იჩქაროს, სანამ ევროპა და მთელი დასავლეთი კრიზისის ჭაობშია ჩაფლული და ნავთობზე მოთხოვნაც მაღალი რჩება. მაგრამ თუ ევროპა გონს მოეგო, თუ ტრანსკასპიური გაზსადენი გაიყვანა, თუ ნატოსა და ევროკავშირის გაფართოება გაგრძელდა, პუტინის გეგმა გაზეთ «იზვესტიას» ფურცლებზე დარჩება.

მთელ გვერდზე