ძველისძველი ისტორია „სომხურ ტრანზიტზე“

    სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია კარენ კარაპეტიანის ფრაზამ, რომ გიორგი კვირიკაშვილთან „ლარსის ალტერნატივაზე შეთანხმდნენ“ და უახლოეს მომავალში „ალტერნატივა აუცილებლად იქნება“.
    ბუნებრივია, საქართველოში ეს ფრაზები აღიქვეს, როგორც ან აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის ამოქმედების, ან გორი-ცხინვალი-ვლადიკავკაზ-ის საავტომობილო მარშრუტის „დაანონსება“.
    თუმცა, კარენ კარაპეტიანი ჭკვიანი სომეხია. ერევანში დაბრუნების შემდეგ, მან ადგილობრივ მედიას განუმარტა, რომ სულაც „ფოთი-ნოვოროსიისკის“ საბორნე გადასასვლელს გულისხმობდა, რაც სომხეთს ჯერ საქართველოს რკინიგზის, შემდეგ საპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით თითქოს ტვირთბრუნვისა და რუსეთთან უპრობლემოდ ვაჭრობის საშუალებას მისცემს.
    საუბარია არა იმდენად დამატებით ტვირთბრუნვაზე, რამდენადაც არსებული მარშრუტის ალტერნატივაზე, რადგან „საქართველოს სამხედრო გზა“ ზამთარ-ზაფხულ ხშირად იკეტება ან ზვავის, ან მეწყერის გამო. თანაც, ეს პრობლემები წლიდან-წლამდე ღრმავდება, რადგან დიდწონიანი მანქანების რეგულარულმა გადაადგილებამ ეკოლოგიური წონასწორობა ამ რეგიონში საბოლოოდ დაარღვია და მოძრაობა გაუსაძლისი გახადა.
    ამ საქმეს უკვე აღარაფერი ეშველება: ნებისმიერი სარემონტო სამუშაო ფუჭად ჩაივლის და „საცრით წყლის დაჭერას“ დაემსგავსება. ყველაფერს აქვს ლიმიტი და რესურსი: „საქართველოს სამხედრო გზამ“ თავისი რესურსი ისტორიულად ამოწურა! უახლოეს მომავალში მისი სატვირთო-საავტომობილო მოძრაობისთვის გამოყენება უკვე საერთოდ შეუძლებელი გახდება. საშუალოვადიან პერსპექტივაში კი, მცირე სამგზავრო მანქანებისთვისაც გაუვალი იქნება.
    ეს ყველამ იცის, ვინც ამ გზის ფუნქციონირებითაა დაინტერესებული. იციან სომეხმა მეზობლებმაც. ამიტომ მუდამ დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველო-რუსეთის კონსულტაციებს იმავე რკინიგზის თუ სხვა „ალტერნატივების“ თაობაზე.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    რასაკვირველია, პატივცემული ბატონი კარენი ეშმაკობს, როცა ამბობს „მხოლოდ საბორნე გადასასვლელს ვგულისხმობდიო“. დავხედოთ რუქას: სად ტვირთების ჯერ რკინიგზით გადატანა სომხეთიდან - ფოთამდე, მერე ბორანზე გადატვირთვა, ზღვით გადატანა ნოვოროსიისკამდე, ბორნიდან ისევ რკინიგზაზე გადმოტვირთვა და რუსეთის ცენტრალურ ან ცენტრალურ-აღმოსავლეთ რეგიონებამდე მიტანა (სადაც განსაკუთრებით კარგად იყიდება სამხრეთ კავკასიის სასოფლო პროდუქცია) და სად - სომხეთიდან დიდწონიანი „ტრაილერებით“ პირდაპირ ვლადიკავკაზზე გასვლა?!
    ვლადიკავკაზიდან - მოსკოვამდე ან იმავე ურალამდე ბევრად იოლი, იაფი, მოკლე გზაა, ვიდრე ნოვოროსიისკიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, დღემდე რატომ არ „გადაამისამართეს“ ეს ტვირთები ფოთი-ნოვოროსიისკის მარშრუტზე (რუსებთან ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ ექნებოდათ, ისევე, როგორც ქართველებთან) და რატომ „ეჭიდებიან“ ჯიუტად ისევ იმ მოფამფალებულ, დანგრეულ, სასიცოცხლოდ საშიშ „სამხედრო გზას“.
    არც ის დაგვავიწყდეს, რომ სომხეთს იმდენად ენერგომატარებლების იმპორტი არ აღელვებს (ბუნებრივია, სწორედ ამისთვის გამოიყენება, პირველ რიგში, ნოვოროსიისკ-ფოთის მარშრუტი), რამდენადაც სასოფლო-სამეურნეო, ანუ მალფუჭებადი პროდუქტის ექსპორტი, რისთვისაც საავტომობილო ტრანსპორტი უფრო მოხერხებულია ვიდრე საზღვაო. ხოლო სარკინიგზო - კიდევ უფრო „კომფორტული“ ყოველ მხრივ, ვიდრე საავტომობილო. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროდუქციის ისევ ფოთში ბორანზე გადატვირთვა არ ხდება საჭირო.
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, ეს ყოველივე არა სომხეთში იმპორტის, არამედ სომხეთიდან ექსპორტის თემაა. რაც შეეხება რუსულ სამხედრო ბაზებს, მოსკოვი მათ, არასაბრძოლო ტვირთებით, იმავე ბორნის მეშვეობით ამარაგებს, ხოლო საბრძოლო ტვირთებით - საჰაერო ხიდის მეშვეობით. ანუ, აქაც, „სტრატეგიულ პარტნიორებს“ განსაკუთრებული პრობლემა არა აქვთ.
    2006 წლამდე, ჩვენი ჭკვიანი და გონებამახვილი მეზობლები (ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე) აზერბაიჯანის მარშრუტსაც კი ოსტატურად იყენებდნენ: რუსეთში ტვირთები ფორმდებოდა, როგორც საქართველოში მიმავალი, საქართველოდან კი „უხვევდა“ სომხეთისკენ.
    მაგრამ ბაქოში გაიგეს, მიხვდნენ, პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი დაიბარეს, გვარიანად (თუმცა დიპლომატიურად) „გაკიცხეს“ და ეს გაიძვერული მარშრუტიც დაიხურა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    გარდა ამისა, შეგახსენებთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, რაც რატომღაც მივიწყებულია: 2006-2013 წლებში, ანუ მთელი შვიდი წლის განმავლობაში, ლარსის გადასასვლელი საერთოდ ჩაკეტილი იყო (მოსკოვის მხრიდან შემოღებული ანტიქართული სანქციების გამო), მაგრამ სომხეთი ამით არ დაღუპულა. შესაბამისად, დღეს ერევანი არა სიკვდილ-სიცოცხლეს შორის არჩევანის, არამედ „უკეთესის“ ძიებაშია. ეს არის და ეს. მაგრამ თუ მოხერხდება „ალტერნატივების“ ამოქმედება, უარს რატომ იტყვიან? მით უმეტეს, თუკი ამ „ალტერნატივებში“ აფხაზეთის რკინიგზა და „გორი-ცხინვალი-ვლადიკავკაზის“ საავტომობილო მარშრუტი იგულისხმება.
    რაც მთავარია, მოსკოვი არ აპირებს სომხეთის წინააღმდეგ რაიმე სანქცია შემოიღოს. აი პროდასავლურ საქართველოს კი, მუდამ აშანტაჟებს ემბარგოს განახლებით და თუ ვინმეს ჰგონია, პუტინს ამაში WTO წესდება შეუშლის ხელს, სიბრიყვემდე გულუბრყვილოა.
    როგორც ჩანს, სწორედ აქ და ამაში უნდა ვეძიოთ გაუთავებელი „ჟღალი საუბრის“ მიზეზი „აფხაზეთის რკინიგზაზეც“ და „ოსურ ტრანზიტზეც“. კვირიკაშვილის თავს, მით უმეტეს დღევანდელი კრიზისისა და ლარის დევალვაციის ფონზე „დამოკლეს მახვილივით“ ჰკიდია რუსეთში ექსპორტის აკრძალვა. ამიტომ, იგი ყველანაირად ცდილობს საქმე ისე მოეწყოს, რომ მაინცდამაინც თბილისი არ გამოვიდეს „ჩამშლელი“ და ორივე პროექტი არა საქართველოს, არამედ სეპარატისტთა წინააღმდეგობის გამო ჩაიშალოს!
    არც ისე უჭკუო ტაქტიკაა როგორც ზოგიერთს ჰგონია: „სოხუმმაც“ და „ცხინვალმაც“ უკვე გააკეთეს განცხადებები, რომ არანაირ „სატრანზიტო დერეფნებს“ არ დაუშვებენ. ბუნებრივია, მოსკოვს აქვს მათზე ზეწოლის ზემძლავრი ბერკეტები, მაგრამ ამ თემის მეტისმეტი გაპიარება-გამწვავება, უკრაინასთან ომის და ბელორუსთან მზარდი პრობლემების გამო, პუტინს ახლა ნამდვილად არ აწყობს. „სასიცოცხლოდ“ რომ სჭირდებოდეს სომხეთს, ან სომხეთში რუსულ არმიას, კიდევ ჰო, მაგრამ მხოლოდ სომხური „უკეთესისა და კომფორტისთვის“, კრემლი მკვეთრ მოძრაობებს მოერიდება.
    აქვე: ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევნიშნოთ და გავიგოთ - აფხაზები და ოსები ყოველმხრივ რუსეთზე დამოკიდებულნი კი არიან, მაგრამ გარკვეულ „ავტონომიას“, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, მაინც ინარჩუნებენ და ზოგჯერ, როცა არ აწყობთ, წინააღმდეგობასაც უწევენ ხოლმე იმ გათვლით, რომ მოსკოვს არ უღირს „ამის გამო“ კონფლიქტის „გაპიარება“. მაგალითად: აშკარად უნდოდა მოსკოვს, აფხაზებს მიეღოთ კანონი მიწის და ბინების თავისუფალი ყიდვა-გაყიდვის შესახებ, რათა ეს უძრავი ქონება რუსებს ეყიდათ და აფხაზეთი „სოჭის გაგრძელებად“ ქცეულიყო. მერედა, მიაღწია? ვერ მიაღწია. ამ თემაზე რუსეთის „საელჩოს“ ვიცე-კონსული მოკლეს სოხუმში და ამის გამოც კი არ აუტკივებიათ ლავროვის უწყებაში ან იმავე კრემლში თავი მაინც და მაინც. რაღა სომხეთში ტრანზიტის გამო დაიგლეჯენ თმებს?
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ვიმეორებ: უარს კი არ იტყვიან ან ერთნი (სომხები) ან მეორენი (რუსები) მაგრამ გააჩნია, რა „ღირს“ ან „რა ეღირება“ ეს მათთვის. კვირიკაშვილი კი ყველანაირად ცდილობს, ხელისშემშლელი თვითონ არ გახდეს და ყბადაღებული „ტრანზიტის“ თემა არა თვითონ, არამედ სეპარატისტებმა ჩაშალონ. ყოველ შემთხვევში, ასეთია მისი ტაქტიკა და თუ საქმე-საქმეზე მიდგა, მერე ვნახოთ რა იქნება და როგორ.
    აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა საერთოდ ზღაპარია: კაცმა რომ თქვას, არანაირ „აღდგენაზე“ არაა საუბარი. ფაქტიურად, ეს გზა რომ გამოსადეგი გახდეს, ახალი რკინიგზის აშენებაა საჭირო. მარტო ენგურზე სარკინიგზო ხიდის აგებას რამდენი დრო და ხარჯი სჭირდება? აფხაზეთის რკინიგზა მთლიანად გაძარცვულია.
    რაც შეეხება გორი-თბილისი-ვლადიკავკაზის საავტომობილო გზას, ტექნიკურად ხვალვე შეიძლება ამოქმედდეს, მაგრამ პოლიტიკური პრობლემები რჩება: ცხინვალი სასტიკ უარზეა. თან იმდენად უარზე, რომ გასულ კვირას მოსკოვმა მცირე ხნით როკის გვირაბში მოძრაობაც კი შეაჩერა. შედეგად, ცხინვალთან დისლოცირებული რუსული ბაზის 4 000 სამხედრო მოსამსახურე მომარაგების გარეშე დარჩა და საიდან მოამარაგებდა? საქართველოს ტერიტორიის გავლით? ეს ხომ შეუძლებელია! როკის გვირაბიც სულ მალე გაიხსნა.
    ამდენად, ოსი და აფხაზი სეპარატისტები მოსკოვს მკვეთრი არჩევანის წინაშე აყენებენ: „ან ღია კონფლიქტი ჩვენთან, ან არავითარი ტრანზიტი არ იქნება!“ საქართველოს ხელისუფლება კი მოვლენების განვითარებას ელის: „სატრანზიტო დერეფნების“ შესახებ 2011 წლის შეთანხმების დაბლოკვა თბილისს არ უნდა დაბრალდეს - ასეთია კვირიკაშვილის ტაქტიკა. სხვა ყველაფერი კი უკვე „დიპლომატიური თამაშებია“ მეტი არაფერი.
    ოღონდ, თუ ამ თემაზე მოსკოვსა და სოხუმს, მოსკოვსა და ცხინვალს შორის ღია დაპირისპირება დაიწყო, ნამდვილად დიდებული საქმე იქნება!

        მთელ გვერდზე