СНГ-ში შესვლა: უაზრო მსხვერპლი

СНГ-ში შესვლა: უაზრო მსხვერპლი

ბოლო დღეებში დიდი რეზონანსი და საზოგადოებრივი მღელვარება გამოიწვია საქართველოს პარლამენტის სპიკერის,  ვახტანგ გოგუაძის განცხადებამ «სნგ»-ში შესვლის აუცილებლობის თაობაზე. შემდგომ მან განმარტა, რომ შექმნილ ვითარებაში, როდესაც საქართველო სრული კრახის წინაშე დგას, იგი უბრალოდ ვერ ხედავს სხვა გამოსავალს.
    დღეს საქართველოში მართლაც უმძიმესი მდგომარეობაა. აფხაზეთში მიმდინარეობს სამკვდრო-სასიცოცხლო ომი, რომელიც ანგრევს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ეს ომი თანდათან სულ უფრო უპერსპექტივო ხდება, რადგან სავსებით აშკარაა, თუ ვინ უჭერს მხარს აფხაზ სეპარატისტებს, ვინ ამარაგებს მათ იარაღით, ტექნიკით, აღჭურვილობით, ტრანსპორტით, საწვავით და ა.შ.
    ამავე დროს, სულ უფრო უარესდება ეკონომიკური სიტუაცია. კუპონის კურსი კატასტროფულად ეცემა, ხალხი შიმშილობს. მრეწველობა გაჩერებულია, სოფლის მეურნეობა ნადგურდება.
    ქვეყანა კრიმინალურ ანარქიას მოუცავს. ეკონომიკას, განსაკუთრებით კომერციულ სფეროს, ფაქტიურად დამნაშავეთა სამყარო აკონტროლებს. ამის გამო ათასობით ნიჭიერი ბიზნესმენი ტოვებს საქართველოს და რუსეთში მიემგზავრება. ესე იგი ქვეყნიდან გაედინება არა მარტო კაპიტალი, არამედ ინტელექტუალური სიმდიდრეც.
    რა თქმა უნდა, პარლამენტის სპიკერის განცხადება სწორედ ამ მდგომარეობამ გამოიწვია. მას, როგორც ჩანს, აქვს იმედი, რომ «სნგ»-ში შესვლა გადაწყვეტს ყველა ამ პრობლემას. ან, ყოველ შემთხვევაში, შეაჩერებს მათ განვითარებას.
    სწორედ ამ კუთხით უნდა განვიხილოთ ეს წინადადება. ანუ, საუბარი უნდა იყოს არა იმაზე თუ რამდენად არის სნგ-ში შესვლა საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობა, არამედ იმაზე, რამდენად გაამართლებს ეს მსხვერპლი და რამდენად ეშველება ამით საქმეს.
    მე მიმაჩნია, რომ ეს იქნება სრულიად უაზრო მსხვერპლი, რომელიც თავისთავად ვერც ერთ პრობლემას ვერ მოხსნის. უფრო მეტიც, «სნგ»-ში შესვლა მხოლოდ გაართულებს ჩვენს მდგომარეობას, რადგან საქართველოს გამოაცლის ერთადერთ საყრდენს, რომელიც კიდევ იცავს მას სრული დამხობისაგან. უფრო სწორად, ეს დააჩქარებს ამ მომაკვდინებელ პროცესს.
    ამის გასააზრებლად საჭიროა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა მიზანს ისახავდა რუსეთი, როცა საბჭოთა კავშირის ფორმალურ დაშლას უწყობდა ხელს და «სოდრუჟესტვოს» ქმნიდა.
    თანამეგობრობა იმპერიის გეოპოლიტიკური სივრცის კვლავ არსებობის გაფორმება იყო. ამით მან მოიპოვა საშუალება, ერთის მხრივ არ დაეშვა თავისი «გავლენის სფეროში» რომელიმე სხვა ზესახელმწიფო. ამავე დროს ეკონომიკური, და სამხედრო ბერკეტის მეშვეობით შეექმნა გარშემო ერთგვარი «არასტაბილურობის რკალი», რათა თანდათანობით დაესუსტებინა ყოფილი საბჭოთა მოკავშირე რესპუბლიკები, შემდეგ კი დაეშალა ისინი და პირდაპირ მიეერთებინა ახალ ფედერაციულ კავშირთან, რომელიც «სნგ»-ს ბაზაზე სულ მალე შეიქმნება.
    მომავალი «ახალი კავშირი», რომლის კონტურები უკვე ნათლად იკვეთება, იქნება ერთიანი, ფედერაციული, დემოკრატიული სახელმწიფო უნიტარული არმიით, საერთო ფინანსური სისტემით, საბაჟო სივრცით და ა.შ., მაგრამ ჯერჯერობით კრემლი არ ახდენს ამ პროცესის ფორსირებას. ეს თუნდაც იქიდან ჩანს, რომ მოსკოვში გამართულ უამრავ შეკრებას, მიტინგს, კონფერენციას თუ კონგრესს, რომელზედაც საბჭოთა კავშირის აღდგენას მოითხოვენ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ან არავითარ კომენტარს არ უკეთებენ, ან აშკარად წარმოაჩენენ როგორც კომუნისტური იდეოლოგიის აღდგენის ცდას.
    თითქოს პარადოქსალურად ჟღერს, მაგრამ საბჭოთა კავშირის აღდგენა, იმ სახელმწიფო სტრუქტურებითა და სისტემებით, რომელიც ითვალისწინებდა მოსკოვში ე.წ. «ორი ცენტრის» არსებობას, - ელცინის გუნდს ხელს არ აძლევს. მათ სურთ, მოსკოვი გახდეს ერთიანი, ფედერაციული სახელმწიფოს დედაქალაქი, რომელშიც ერთნაირად «განეფინება» როგორც ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები, ასევე თავად რუსეთის ფედერაციაც.
    მაგრამ ეს ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან ახალშობილი დამოუკიდებელი სახელმწიფოები კიდევ არ მისულან განადგურების იმ ზღვრამდე, როდესაც ისინი იძულებულნი გახდებიან ახალი «ევროაზიული კავშირის» შემადგენლობაში შევიდნენ.
    აქ მთავარი ალბათ ის არის, რომ რუსეთი უკვე აღარ დათანხმდება რაიმე კონფედერაციის შექმნას. მას ეს უკვე აღარ აკმაყოფილებს.
    თუ, მაგალითად, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები განაცხადებენ სურვილს შექმნან რუსეთთან ერთად კონფედერაცია, ელცინი უეჭველად უარს განაცხადებს და «ფედერაციული კავშირის» შექმნას მოითხოვს.
    უნდა ვაღიაროთ, რომ მისი პოლიტიკიდან გამომდინარე, იგი სავსებით სწორადაც მოიქცევა. მართლაც, რას ნიშნავს კონფედერაცია? - ეს არის სუვერენული სახელმწიფოების ამორფული (ხშირ შემთხვევაში დროებითი) კავშირი, რომლის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნები აერთიანებენ სახელმწიფოებრიობის მხოლოდ ზოგიერთ კომპონენტს - ფინანსურ სისტემას, საერთო თავდაცვით კონცეფციას (არმიების გაერთიანების გარეშე) საბაჟო სისტემას და ა.შ. ასეთი გაერთიანება რუსეთს (ვიმეორებ) აღარ აკმაყოფილებს. მას სურს შექმნას ჭეშმარიტად ერთიანი სახელმწიფო, სახელმწიფოებრიობის ყველა კომპონენტით: ერთიანი არმიით, ერთიანი ფინანსური სისტემით, მოქალაქეობით, საერთო კონსტიტუციითა და ა.შ.
    ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ზოგიერთ ყოფილ რესპუბლიკას კრემლი დაშლას უპირებს, რათა ნაწილ-ნაწილ მიუერთოს ახალ სახელმწიფოს. ამ გეგმის განხორციელებას კრემლის სპეცსამსახურები ახერხებენ დაპყრობილ ქვეყნებში შინაგანი დესტაბილიზაციის გაღვივებით, ეთნიკური ომების პროვოცირებით, ფინანსურ-ეკონომიკური მარწუხის გამოყენებით და ა.შ.
    უკვე თვალნათელია: ეს სცენარი წარმატებით ხორციელდება საქართველოში, მოლდოვაში, ტაჯიკეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში. ის ქვეყნები კი, რომლებიც გრძნობენ მოახლოებული კატასტროფის სუნთქვას, ნებაყოფლობით მიექანებიან ახალი, ერთიანი სახელმწიფოსაკენ.
    ყოველივე ამის აღწერა საჭიროა, რათა გავიაზროთ: საქართველოს «სნგ»-ში შესვლით არცერთი ის პრობლემა არ მოიხსნება რომელიც ესოდენ გვაწუხებს ყველას, რადგან ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგის მიზანი არ გახლავთ მარტოოდენ საქართველოს თავის გეოპოლიტიკურ სივრცეში, ანუ გავლენის სფეროში დარჩენის დაფიქსირება - მას ჩვენი ქვეყნის დაშლა და ნაწილ-ნაწილ ანექსია სურს.
    სწორედ ამიტომ, «სნგ»-ში საქართველოს შესვლის შემდეგაც გაგრძელდება სისხლისღვრა აფხაზეთში. უფრო მეტიც - ეს სისხლისღვრა მაშინ უკვე უეჭველად დასრულდება ამ ტერიტორიის მოგლეჯით ქვეყნის სხეულიდან, რადგან დასავლეთი ყოველგვარ ინტერესს დაკარგავს საქართველოს მიმართ.
    დღეს ეს ინტერესი ჯერ კიდევ არსებობს, ვინაიდან საქართველო ერთადერთია ყოფილ რესპუბლიკებს შორის (ბალტიის ქვეყნების გარდა), რომელიც არ შევიდა იმპერიულ სივრცეში და ევროპულ სივრცეში შესვლა სურს.
    რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას: საქართველოს ეკონომიკას ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი არ ამოასუნთქებს მანამ, სანამ ეკონომიკური ინტეგრაციის დონით საქართველო რუსეთში შემავალ ავტონომიას არ გაუთანაბრდება და უარს არ იტყვის ამ სფეროში ყოველგვარ სუვერენიტეტზე. ანუ «სნგ»-ში შესვლის მიუხედავად, კვლავ მოგვიწევს რუსეთისაგან ენერგომატარებლებისა და ნედლეულის შეძენა მსოფლიო ფასებით.
    რაც შეეხება კრიმინოგენულ სიტუაციასა და შეიარაღებული ბანდების თარეშს - აქაც მახეა დაგებული: კრემლს სურს მიგვიყვანოს იმ დასკვნამდე, რომ ქართულ სახელმწიფოს თავად არ შესწევს ძალა მოაგვაროს ეს პრობლემა და ამისათვის რუსეთის ყოვლისშემძლე შინაგანი ჯარია საჭირო.
    ასე რომ, «სნგ»-ში შესვლით ეს პრობლემები ვერ მოიხსნება. შედეგად კი საქართველო დამოუკიდებელი განვითარების ყოველგვარ პერსპექტივას დაკარგავს.

«ივერია-ექსპრესი», 23 სექტემბერი, 1993 .