СНГ-ში შესვლა

საქართველოს СНГ-ში შესვლა მრავალი პოლიტიკური ძალისათვის კარიერის დასასრული და სრული მსოფლმხედველობრივი კრახია. თუმცა, მათ მიერ გამართულ პრეს-კონფერენციაზე იგრძნობოდა, რომ ისინი მხოლოდ ფორმალურად აფიქსირებდნენ თავიანთ უარყოფით პოზიციას, რადგან შინაგანად უკვე შეურიგდნენ მომხდარს.

СНГ-ში შესვლა

გასულ კვირას საქართველოს პოლიტიკურმა წრეებმა დიდი შოკი განიცადეს.
    საქართველოს СНГ-ში შესვლა მრავალი პოლიტიკური ძალისათვის კარიერის დასასრული და სრული მსოფლმხედველობრივი კრახია. თუმცა, მათ მიერ გამართულ პრეს-კონფერენციაზე იგრძნობოდა, რომ ისინი მხოლოდ ფორმალურად აფიქსირებდნენ თავიანთ უარყოფით პოზიციას, რადგან შინაგანად უკვე შეურიგდნენ მომხდარს.
    ყოველ შემთხვევაში, ამ პროტესტებში აღარ იგრძნობოდა ის გულმხურვალება, რომელიც ახასიათებდათ საქართველოს უახლესი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე.
    თუმცა, შეიძლება კიდეც იყოს ერთი-ორი გამონაკლისი, რომლებიც თავის ყოფილ თანამებრძოლებს იმით სჯობნიან, რომ, მათგან განსხვავებით, იოტისოდენადაც არ ეშინიათ ექსპრეზიდენტისა.
    კრემლმა შესანიშნავად გამოიყენა ეს კოზირი - მან საქართველოს პოლიტიკური ელიტა საკმაოდ მკაცრი ალტერნატივის წინაშე დააყენა: ან გამსახურდია (და აქედან გამომდინარე მძვინვარე შურისძიება დეკემბერ-იანვრის გადატრიალებისათვის,) ან СНГ-ში შესვლა და ბედის მორჩილება. მცირე გამონაკლისის გარდა, ჩვენმა პოლიტიკოსებმა მეორე აირჩიეს. თვით ქართული ეროვნული მოძრაობის „არწივიც“ კი (ირაკლი წერეთელი-ავტ.), რომლის შემორიგებაზე კრემლს, სულ ცოტა ხნის წინ, ოცნებაც კი არ შეეძლო, ამასწინანდელ პრესკონფერენციაზე აშკარად «ფრთამოტეხილი» ჩანდა.
   

     ოდესმე შეიქმნება სპეციალური სამეცნიერო დარგი, რომელიც რუსეთის იმპერიის ცხოველმყოფელობის წესებსა და მეთოდებს შეისწავლის.
    ქვეყნის გასატეხად და დასამორჩილებლად ამ ხერხების ბრწყინვალედ გამოყენების ქრესტომათიული მაგალითი საქართველო იქნება. ჩვენში მოქმედ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას ნუ ჰგონია, რომ იგი აქ გამონაკლისი გახდება. ამჟამინდელ ტრაგედიამდე საქართველო (კრემლის ფარული მონაწილეობით) მოიყვანა უკლებლივ ყველამ - რადიკალებმაც, რომელთაც არ სურდათ გაგება, რომ მეტისმეტი რადიკალიზმი უკვე თავისთავად კომპრომისია (რადგან ობიექტურად მტრის წისქვილზე ასხამს წყალს) და იმ საზოგადოებრივმა ელიტამაც, ახლადშობილი ბოჩოლასავით პირდაღებული რომ შესცქეროდა ე.წ. «რუსულ დემოკრატიას», რომელიც, სინამდვილეში, ველიკორუსული «დერჟიმორდობისა» და «დერჟავის» კვლავ აღდგენა-აღორძინების ანუ «ლიბერალური იმპერიალიზმის» ერთ-ერთი საშუალებაა და სხვა არაფერი..
    ასეა თუ ისე, მოსახდენი მოხდა.
    თვით საქართველოს რეალური ყოფისათვის კი არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ვინ რა წვლილი შეიტანა ასეთ დასასრულში. ამას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ თავად პოლიტიკური დაჯგუფებისათვის, მაგრამ არა ქვეყნისა და ერისათვის. ყოველ შემთხვევაში - დღეს.

    ისიც უნდა ითქვას, რომ უმთავრესი მიზეზი საქართველოს მარცხისა გახდა სამოქალაქო ომი.
    სწორედ სამოქალაქო ომმა და დესტაბილიზაციამ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, მისცა მოწინააღმდეგეს საშუალება, ფაქტობრივად განეხორციელებინა საქართველოს ხელახალი ანექსია.
    აბა სხვას რას ნიშნავს რუსეთის განცხადება ფოთი-სამტრედია-თბილისის სატრანსპორტო არტერიის გაკონტროლების შესახებ? ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის დასაპყრობად სულაც არ არის აუცილებელი ამ ქვეყანაში თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე შესაბამისი სამხედრო კონტინგენტის ჩაყენება. სავსებით საკმარისია უმთავრესი სატრანსპორტო არტერიების გაკონტროლება.
    თანაც, «ზვიადისტების», ბობოქრობის გამო ხელისუფლება თავად სთხოვს რუსეთს (აგრეთვე სომხეთსა და აზერბაიჯანს), ჯარი აამოქმედოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე.
    ეს კი ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ერთადერთი სიმდიდრე - მის ტერიტორიაზე გამავალი გეოპოლიტიკური ვექტორი, რომელიც სომხეთს, აზერბაიჯანსა და მთელს უზარმაზარ შუა აზიას აკავშირებს ცივილიზებულ მსოფლიოსთან - უკვე აღარ არის მხოლოდ საქართველოს საკუთრება. იგი ეკუთვნის სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს. უპირველეს ყოვლისა კი, რა თქმა უნდა, - რუსეთს.
    ჩვენ ბევრს ვლაპარაკობდით საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, მის ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარი გააკონტროლებს სარკინიგზო მაგისტრალს (ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი «ირიბად» აკონტროლებს ფოთს, ბათუმს, ქუთაისს და თბილისსაც კი) - საქართველო, დიდი ხნით, ყოველგვარ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას კარგავს.
    თუმცა, СНГ-ში შესვლის შემდეგ ეს ყოველივე სავსებით ლოგიკური იქნება. შემდეგი ნაბიჯი კი უეჭველად უნდა გახდეს ე.წ. «კუპონების» გაუქმება და კვლავ დაბრუნება რუსულ სამანეთო ზონაში.
    მართლაც: ჩვენს პირობებში სრული უაზრობა იქნება შევიდეთ СНГ-ში და არ შევიდეთ სამანეთო ზონაში. თანამეგობრობის პოლიტიკურ სისტემაში გაერთიანების შემდეგ, ეროვნული ვალუტისათვის ბრძოლა ყოველგვარ აზრს კარგავს.
    არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყოველივე ამაში მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურის დადანაშაულება. ბოლოს და ბოლოს იგი მოქმედებს იმ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოში დახვდა (უფრო სწორად დაახვედრეს). მას არც არასდროს დაუმალავს, რომ საქართველოს განვითარების (და თვით არსებობის) მთავარ გარანტად რუსეთი მიაჩნია.
    მისი პოზიცია გაცილებით უფრო გულწრფელია, ვიდრე იმ პოლიტიკური პარტიებისა, რომლებიც სიტყვით «ეროვნული სახელმწიფოებრიობისათვის» იბრძვიან, საქმით კი, დღენიადაგ იმას ფიქრობენ, საკუთარი ინტერესებისათვის როგორ გამოიყენონ თავიანთი საპარლამენტო ლობი.
    აი, ამაზე დავიდა მთელი მათი «ეროვნული აღტკინება». ამ მოვლენების შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში თავად შევარდნაძემაც თქვა: «მრავალი იმ პოლიტიკოსთაგანი, რომელიც ვითომ რუსეთს ებრძვის, სინამდვილეში სისხლ-ხორცეულად არის დაინტერესებული ამ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირ-ურთიერთობით. უფრო მეტიც - ისინი ვერც კი იფუნქციონირებენ რუსეთის გარეშე».
    მრავალმნიშვნელოვანი განცხადება.
    არის პოლიტიკურ ძალთა მეორე კატეგორიაც: ისინი გულწრფელნი არიან, როდესაც СНГ-ში შესვლის გამო აღშფოთებას გამოთქვამენ. თუმცა ავიწყდებათ, რომ ამ ორი წლის წინ ყველაფერი გააკეთეს საქართველოში სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად.
    ქვეყანაში დესტაბილიზაცია კი გახდა უმთავრესი ფაქტორი იმისა, რომ რუსეთმა დღეს საქართველოს დამორჩილება შეძლო.

«ივერია ექსპრესი», 26 ოქტომბერი, 1993წ.