Sine ira et studio (გარეშედ რისხვის და მიკერძოებისა)
   
               რუსული პოლიტიკის სირიული ილუსტრაცია

    გასულ კვირას ჟენევაში შეიკრიბენ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებსაც სირიის საკითხზე უნდა ემსჯელათ. მრავალსაათიანი სხდომის შემდეგ მიიღეს არაფრისმთქმელი და არაფრისმომცემი დეკლარაცია, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა (სხვათა შორის, უმაღლესი რანგის პროფესიონალმა და ბრწყინველა დიპლომატმა) უბრალოდ, მოურიდებლად დასცინა თავის ამერიკელ კოლეგას, - ჰილარი კლინტონს: ჟენევის მოლაპარაკებათა შედეგ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, თითქოს დაითანხმა მოსკოვი სირიის დიქტატორ ბაშარ ალ ასადის წასვლაზე, რაკი კომუნიკეში ჩაიწერა, რომ გამოსავალი კრიზისიდან კოალიციური მთავრობის შექმნაა.
    ეს იმას ნიშნავს, რომ ასადი უნდა წავიდეს და რუსი კოლეგები ამას დაეთანხმნენ - განაცხადა კლინტონმა.
    ნურას უკაცრავად, დოკუმენტში მსგავსი არაფერი წერია - უმალ უპასუხა სერგეი ლავროვმა - კოალიციური მთავრობა იმას ნიშნავს, რომ მის შექმნაში ყველა მხარე უნდა მონაწილეობდეს, რაც სულაც არ გულისხმობს პრეზიდენტ ასადის გადადგომას.
    ნამდვილად არ გულისხმობს! ანუ ჟენევის დეკლარაცია რუსული დიპლომატიის კიდევ ერთ გამარჯვებად იქცა: მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი იყო პრობლემის დალაქლაქება (Забалтывание), რათა სინამდვილეში არაფერი შეიცვალოს და ომი უსასრულოდ გაგრძელდეს. თუ რატომ აქვს მოსკოვს ასეთი სურვილი - ამის თაობაზე ქვემოთ. ახლა კი შევნიშნოთ, რომ ზოგადად, პოლიტიკურ დოკუმენტში ორგვარი წაკითხვის შესაძლებლობის მქონე ფორმულირებების გატანა დიპლომატიური ხელოვნების განუყოფელი შემადგენელია და რუსული დიპლომატია (ვაღიაროთ) ამას მართლაც ბრწყინვალედ ახერხებს.
    ჟენევის მოლაპარაკებათა დაწყებამდე ამერიკელები და ევროპელები ხამამღლა (ალბათ მეტისმეტად ხმამაღლა) აცხადებდნენ, რომ საერთოდ არ წავიდოდნენ ჟენევაში, თუ წინასწარ მომზადებულ დოკუმენტში, - რომელშიც ასადის წასვლა პირდაპირ იყო გაწერილი, - თუნდაც ერთი მძიმე გადაადგილდებოდა. მაგრამ, საბოლოოდ, წავიდნენ კი არა, ლავროვს დააცინინეს თავი, რაკი არ სურთ და არ ძალუძთ კონფრონტაცია რუსეთთან. ხოლო როდესაც გინდა მიზანს მიაღწიო ისე რომ რისკზე არ წახვიდე და აუტკივარი თავი არ აიტკივო, აუცილებლად დამარცხდები დიპლომატიურად. მაშასადამე პოლიტიკურადაც.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ჰილარი კლინტონის სიმპატიზანტთა (მათ შორის ამ სტრიქონების ავტორის) დიდი მოლოდინის მიუხედავად, იგი ძალიან სუსტი დიპლომატი და სახელმწიფო მინისტრი გამოდგა. ძლიერი სენატორი იყო და თავის დროზე ამერიკაში უმნიშვნელოვანეს როლს - პირველი ლედისას - შესანიშნავად ართმევდა თავს, მაგრამ როგორც კი კარდინალურ გადაწყვეტილებათა მიღებაზე მიდგა საქმე, უმალ გამომჟღავნდა მისი სისუსტე.
    არავინ ამბობს, რომ დღეს, - ცივი ომის დამთავრებიდან 22 წლის შემდეგ, - ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰენრი კისინჯერის მსგავსი რკინის და ქვის მონოლითი უნდა იყოს, რომელზეც თვით ანდრეი გრომიკომ მოიტეხა კბილები, მაგრამ კლინტონის, როგორც დიპლომატის უნიჭობა უკვე იმდენად თვალსაჩინოა, რომ როგორ სიმპატიასაც არ უნდა იწვევდეს (კინაღამ ამერიკის პრეზიდენტი გახდა ქალი), მის დაბნეულობასა და გაუბედავობას უკვე ვერავინ უარყოფს. აქ მის გადატვირთვის პოლიტიკაზე საუბარი საერთოდ არ ღირს. ამ პოლიტიკამ რუსეთს მისცა ყველაფერი, ამერიკას კი, როგორც ვხედავთ - არაფერი! თუ ეს არის ზესახლმწიფოს საგარეო პოლიტიკა, მაშინ ბევრად უარესად ყოფილა მისი (და ჩვენი) საქმე, ვიდრე გვეგონა.
    მაშ ასე: რუსეთმა დაბლოკა ყველა მცდელობა, ჟენევაში რადიკალური განცხადების მიღებისა, რაკი ზუსტად გათვალა (და ამაში არც შემცდარა), რომ სირიის ოპოზიცია აუცილებლად უარს იტყოდა ყოფილი გენერალური მდივნის, კოფი ანანის მიერ მოსკოვის რჩევათა საფუძველზე მომზადებულ ახალ სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მოლაპარაკებას ითვალისწინებს. ბუნებრივია, ოპოზიციამ განაცხადა, რომ ბაშარ ალ ასადის მთავრობასთან არანაირ მოლაპარაკებაზე არ წავა. აბა როგორ წარმოგიდგენიათ, მაგალითად, რომ რუმინეთის აჯანყების მონაწილეებს მოლაპარაკება გაემართათ დიქტატორ ჩაუშესკუსთან მას შემდეგ, რაც მისმა სეკურიტატემ ათასობით რუმენილი დახოცა ბუქარესტისა და სხვა ქალაქების ქუჩებში?!
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    მაგრამ რატომ არის რუსეთი ასე დაინტერესებული, რომ სისხლისღვრა და უბედურება სირიაში კიდევ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს? მივაქციოთ ყურადღება: იმ წინადადების განხილვაც კი არ სურთ, რომ ბაშარ ალ ასადი მოსკოვში გადასახლდეს და თავშესაფარი მიიღოს, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავს სამოქალაქო ომის შეწყვეტას და სიტუაციის სტაბილიზებას.
    ამავდროულად, რუსები ყოველნაირად ბლოკავენ გაეროს ახალ რეზოლუციას, თუ იგი არა ჟენევის ფარატინა ქაღალდის მაგვარი ბლა, ბლა, ბლა, არამედ რეალური სანქციების შემცველი დოკუმენტი იქნება. თანაც, მოსკოვი ასადის რეჟიმს უახლეს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს აწვდის და, ზოგიერთი ცნობით, სპეციალისტებითაც ეხმარება. სწორედ ასეთი საზენიტო დანადგარით ჩამოაგდეს ამას წინათ სირიელებმა (შესაძლოა რუსი ინსტრუქტორების მონაწილეობით) თურქული თვითმფრინავი. ნატო შეშფოთდა, მაგრამ ვერც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ვერც თვით თურქეთმა ბევრი ვერაფერი გაბედეს, რაკი ეს, ისევ და ისევ, რუსეთთან კონფრონტაციას ნიშნავს, რისიც ძალიან ეშინიათ და ძალიან არ უნდათ.
    შეგახსენებთ, რომ სირიის პორტ ტარტუში დისლოცირებულია რუსეთის საზღვაო ფლოტის რამდენიმე ხომალდი, ხოლო მასშტაბური ჩარევა გარედან აუცილებლად გამოიწვევს რისკებს ამ კონტინგენტთან დაკავშირებით, ანუ, ისევ და ისევ, რუსეთთან კონფრონტაციას.
    რაც შეეხება რუსეთის ინტერესს, დიდხანს ვეძებე პასუხი კითხვაზე, მაინც რატომ არის მოსკოვი მუდმივ ომში დაინტერესებული და არსებობს თუ არა აქ რაიმე პრაგმატული ინტერესი, გარდა დასავლეთთან მუდმივი დაპირისპირების და მისთვის პრობლემათა შექმნის პარანოიდული სურვილისა, რაც რუს ნაციონალისტებს ზოგადად ახასიათებთ?
    ამ კითხვას პასუხი გასცა არაბული ტელეკომპანია ალ-ჯაზირას ერთმა სიუჟეტმა. თურმე, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ევროპამ ნაბუკოს პროექტი (ესე იგი კონტინენტის ალტერნატიული გაზით მომარაგების სტრატეგია) გამოაცხადა, ევროპული ენერგეტიკული კომპანიები აწარმოებდნენ მოლაპარაკებას სირიის მთავრობასთან, რათა მას გაეტარებინა ახალი დიდი გაზსადენი ყატარიდან - თურქეთისაკენ. ბუნებრივია, თურქეთიდან ეს გაზი ევროპაში მოხვდებოდა. თანაც, ყატარის გაზს ის უპირატესობა აქვს, რომ მისი თვითღირებულება ბევრად ნაკლებია, ვიდრე რუსული გაზისა. ანუ ყატარის გაზი, თუ ევროპულ ბაზარზე მოხვდებოდა, სერიოზულ კონკურენციას გაუწევდა გაზპრომს და შეამცირებდა ევროპის რუსეთზე დამოკიდებულებას.
    2008 წელს ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი რამდენჯერმე შეხვდნენ (მათ შორის სოჭში) ბაშარ ალ ასადს და მიაღწიეს შეთანხმებას, რომ თუ ასადი უარს იტყოდა ყატარიდან გაზსადენის გატარებაზე, მაშინ რუსეთი მას მიაწვდიდა უახლეს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს და ყოველნაირად დაეხმარებოდა ძალაუფლების განმტკიცებაში.
    მართლაც, მიუხედავად კომერციული მომხიბვლელობისა, ასადმა ყატარსა და დასავლეთს უარი უთხრა გაზსადენის გატარებაზე. სამაგიეროდ, მოსკოვის მტკიცე მხარდაჭერა მიიღო. თუ ოპოზიცია ხელისუფლების სათავეში მოვა, რუსეთს სირიიდან ისევე გააპანღურებენ, როგორც ლიბიიდან და მანამდე ერაყიდან; ესე იგი რუსული კომპანიები ყველა კონტრაქტს დაკარგავენ, ხოლო ნაბუკო აუცილებლად განხორციელდება. ამიტომ, მოსკოვის პროგრამა-მაქსიმუმია ასადის რეჟიმის შენარჩუნება, პროგრამა-მინიმუმი კი, ისეთი ვითარების შექმნა, რომ სირია მუდმივად სისხლიან ქაოსში იყოს ჩაფლული და ვერც ერთი საკომუნიკაციო პროექტი ვერ განხორციელდეს.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ჯერ-ჯერობით მოსკოვი წარმატებას აღწევს და, თუ არ ჩავთვლით ჰილარი კლინტონის სრულიად უკბილო განცხადებებს, არავითარ რეალურ წინააღმდეგობას არ აწყდება. მაგრამ ბოლო დღეებში მაინც გაჩნდა იმის სიმპტომები, რომ დასავლეთის ზოგიერთ დედაქალაქში, ბოლოს და ბოლოს, ელემენტარული ღირსების გრძნობამ გაიღვიძა და ფრთხილად იწყებენ იმ ბერკეტების ამოქმედებას, რომლებიც ძალიან მტკივნეული იქნება პუტინისთვის:
    დიდი ბრიტანეთის მთავრობამ (რომელსაც სირიის მიმართ ისტორიული პასუხისმგებლობა აქვს) აუკრძალა რუს მაღალჩინოსნებს ინგლისში ჩასვლა ფარნბოროს საერთაშორისო ავია-ფესტივალზე დასასწრებად. ეს ავიასალონი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და ძალზე პრესტიჟულია. რუსებს იქ წასვლა ძალიან უნდოდათ, რათა სამხედრო კონტრაქტები გაეფორმებინათ იარაღის იმპორტიორებთან. თუმცა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ფარნბოროთი დასავლეთმა პირველად გაბედა რეალურად დაეჭირა პუტინის სუსტ წერტილზე, - რაკი რუსული ისტებლიშმენტის გავლენიან წარმომადგენლებს არ მისცა ვიზები საყვარელ და სათაყვანებელ ლონდონში სასეირნოდ, სადაც ბევრ მათგანს ფინანსური ავუარები თუ მდიდრული ვილები აქვთ და სადაც მათი შვილიკოები სწავლობენ. შემდეგი ნაბიჯი იქნება ამ ავუარბის გაყინვა და სრული უარი ვიზების გაცემაზე. მერე წაბრძანდეს პუტინი დამასკოში და გადაეხვიოს ასადს.
    მართლაც ძალიან სერიოზული პრეცედენტია, რომელმაც მოსკოვის რეჟიმი ძალიან გაანერვიულა. იქ ხომ ყველაზე უკეთ უწყიან, რომ ეს მათი სუსტი წერტილია: მათი შვილები სწავლობენ ლონდონდსა და პარიზში და არა იმათი შვილები - მოსკოვსა და პეტერბურგში. ჯერ-ჯერობით ძნელი სათქმელია, რამდენად ეყოფა დასავლეთს სიმტკიცე, რათა ეს მძლავრი (გარწმუნებთ, ძალზე მძლავრი!) ბერკეტი უფრო აქტიურად გამოიყენოს, მაგრამ პრეცედენტი რომ შეიქმნა - უკვე მნიშვნელოვანია!
    სირიის საკითხში დამარცხება კი (ესე იგი, ასადის დამხობა და სირიაში სამოქალაქო ომის დასრულება) პუტინის პირველ სერიოზულ მარცხად ჩაითვლება მისი 12 წლიანი მმართველობის დასაწყისში, რაც აუცილებლად დაასუსტებს მის პოზიციებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე პოსტსაბჭოურ სივრცეზე.

მთელ გვერდზე