Sine ira et studio (გარეშედ რისხვის და მიკერძოებისა)
   
   

სირცხვილი რუსეთს!
  
   

    სწორედ ასეთი სათაურით ჰედლაინში - სირცხვილი რუსეთს - გამოვიდა რამდენიმე დღის წინ ლონდონური Financial Times, რომელიც დასავლური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და გავლენიან გამოცემად ითვლება. თანაც ეს იყო არა უბრალოდ ჟურნალისტური მასალა, არამედ სარედაქციო კომენტარი, რაც იმას ნიშნავს, რომ FT და მისი მხარდამჭერი ან მასთან აფილირებული ფინანსური, მაშასადამე პოლიტიკური ძალები მთლიანად ეთანხმებიან კომენტარს სირიის საკითხში რუსეთის პოზიციაზე.
    სირცხვილი რუსეთს იმის გამო, რომ იგი მხარს უჭერს სირიის სისხლიან დიქტატორს, რომელმაც ათეულობით ათასი თავისი მოქალაქე მოკლა - ასეთია სტატიის საერთო აზრი. მართლაც, დასავლეთი შეძრულია იმ საზარელი სოსხლისღვრით, რაც სირიაში დაატრიალა ამ ქვეყნის მმართველი კლანის თავკაცმა - ბაშარ ალ ასადმა. იგი მამის, სირიის მრავალწლიანი დესპოტის, ბაშარ ალ ასადის ღირსეული მემკვიდრე აღმოჩნდა. რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ჰულაში მისმა ჯალათებმა ასეულობით ადამიანი, მათ შორის ათეულობით ბავშვი მოკლეს. ზოგიერთი ცნობით, ისინი საარტილერიო თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ, სხვა მონაცემებით კი, ასადის სპეცდანიშნულების რაზმებმა დახოცეს ოპოზიციის დასაშინებლად. თუმცა ეს მხოლოდ ეპიზოდი გახდა სამოქაალქო ომისა, რომელიც ქვეყანაში მძვინვარებს. ასადი შეშინებულია ლიბიის მაგალითით, სადაც მისმა კოლეგა-დიქტატორმა, მუამარ კადაფიმ საშინლად დაამთავრა 42 წლიანი მმართველობა. ამიტომ უსასტიკეს ზომებს მიმართავს, რათა როგორმე ფიზიკურად გაანადგუროს ოპოზიციური ჯგუფები.
    ლიბიისაგან სირია პირველ რიგში იმით განსხვავდება, რომ ამ ქვეყანაში განლაგებულია რუსული სამხედრო კონტინგენტი: პორტ ტარტუში დგანან რუსული სამხედრო ხომელდები ანუ ეს ქალაქი, ფაქტობრივად, სამხედრო-საზღვაო ბაზაა და შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ტარტუშია ყველაზე ძლიერი და მყარი ხელისუფლების პოზიციები. რამე რომ იყოს ბაშარ ასადი სწორედ ამ ქალაქს შეაფარებს თავს, რადგან რუსეთის რიდით იქ შესვლას ვერავინ გაბედავს. ყოველ შემთხვევაში, მას ამის იმედი ნამდვილად აქვს. თუმცა, ჯერ-ჯერობით, არც სირიის სხვა რეგიონებში გრძნობს თავს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით შეზღუდულად: ხოცვა-ჟლეტის მაშტაბებმა უკვე ლიბიის დონესაც კი გადააჭარბა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ბუნებრივია, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები იოლად ვერ შეეგუებიან საზარელ სისხლისღვრას, რადგან ეს დასცემს მათ რენომეს მსოფლიო თანამეგობრობის თვალში. კარგა ხანია ისტორიას ჩაბარდა დრო, როდესაც საკუთარი ხალხის ჟლეტა ქვეყნის შიდა საქმეებად ითვლებოდა, ხოლო ამის გამო პროტესტის გამოთქმა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად. აქ ხაზი სწორედ ამ გარემოებას უნდა გაესვას: როდესაც დასავლეთი მწვავედ რეაგირებს სირიისა და ლიბიის (მანამდე იუგოსლავიის) გენოციდებზე, მას მხოლოდ ჰუმანიტარული მოსაზრებები კი არ ამოძრავებს, არამედ საკუთარი ცივილიზაციური იდენტობის და მსოფლიო ლიდერობის შენარჩუნების პრაგმატული სურვილი: ანუ, იმდენად სირიის ნავთობი კი არა (ამ ქვეყანაში არც ისე დიდი მარაგია), რამდენადაც გლობალური პრესტიჟი.
    თუკი დასავლეთი საკაცობრიო ლიდერად თვლის თავს, იგი ვალდებულია ჰქონდეს პასუხი ნებისმიერ საერთაშორისო კრიზისზე. თუნდაც სახის შესანარჩუნებლად, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც რუსეთის საწინააღმდეგოდ ბევრი ვერაფერი გაბედეს, მაგრამ სიმბოლური განცხადებები მაინც გააკეთეს. მაგრამ თუკი საქართველოს, ასე თუ ისე, რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების ზონად ცნობს (ანუ ჩვენთან მეტს ვერც გაბედავდა), სირია და ახლო აღმოსავლეთი ევროპულ ზესახელმწიფოთა გავლენის ტრადიციული სფეროა, სადაც რუსეთი მხოლოდ ნაწილობრივ ინარჩუნებდა პოზიციებს ყოველთვის. მით უმეტეს, საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ, როცა კრემლი მნიშვნელოვნად დასუსტდა. თუმცა, პუტინის რუსეთი უკვე ათ წელზე მეტია იკრებს ძალებს და მთელს მსოფლიოში ძველი დიდების დაბრუნებას ცდილობს.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ტრადიციულად, მისი ინტერესის ობიექტი სამხრეთით კონსტანტინეპოლი და წმინდა მიწა იყო. აგრეთვე ის რეგიონი, რომელიც პალესტინას აკრავს გარს. ოღონდ აქვე უნდა ითქვას, რომ მოსკოვის პრიორიტეტები დროთა განმავლობაში იცვლება. ამჯერად მისი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ისაა, რომ მუდმივად შეინარჩუნოს დაძაბულობა ნავთობით მდიდარ რეგიონში, არ მისცეს დასაველთს იქ პრობლემების ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტის საშუალება, შესაბამისად შეინარჩუნოს მაღალი ფასები ნავთობზე, რომელიც, თავის მხრივ განსაზღვრავს ბუნებრივი აირის ფასსაც.
    ამიტომ მოსკოვი, მიუხედავად დასავლეთის კრიტიკისა, ჯიუტად აგრძელებს საკუთარ ხაზს: მხარს უჭერს გაეროში ჰომსის სასაკლაოს დაგმობას, აკრიტიკებს ბაშარ ალ ასადის მთავრობას, მაგრამ როგორც კი საქმე მიდგება უშიშროების საბჭოში კონკრეტული რეზოლუციის განხილვაზე, მაშინვე იყენებს ვეტოს უფლებას.
    თანაც, ამ სიტუაციას რუსეთის შიდაპოლიტიკური განზომილებაც აქვს: როდესაც გაეროში განიხილებოდა რეზოლუცია ლიბიის შესახებ, პრეზიდენტმა მედვედევმა ლავროვის უწყებას უბრძანა, ვეტო არ გამოეყენებინა; კენჭისყრისას მოსკოვმა თავი შეიკავა, რამაც ნატო-ს ლეგიტიმური უფლება მისცა, ამოქმედებულიყო და საბოლოოდ ლიბიის დიქტატორი რევოლუციონერთა ხელით დაემხო კიდეც. მაშინ პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა მედვედევის გადაწყვეტილება ღიად გააკრიტიკა. დღეს იგი თავად არის პრეზიდენტი და რასაკვირველია ვერ დაუშვებს, რომ უკვე თვითონ გამოიჩინოს ისეთი სისუსტე, რომლისთვისაც ადგილმონაცვლეს აკრიტიკებდა სულ რამდენიმე თვის წინ. ამდენად, თუ დასავლეთი მოსკოვზე რაიმე ქმედით ზეწოლას არ განახორციელებს, რუსეთი გააგრძელებს იგივე თამაშს: ცალყბად გააკრიტიკებს სირიის დიქტატორს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მისცემს საშაულებას ევროპასა და ამერიკას, ლეგიტიმურად გამოიუენონ ძალა ასადის წინააღმდეგ, როგორც ეს ლიბიაში მოხდა.
    ფაქტობრივად, წაუგებელი თამაშია, რომელიც რუსული დიპლომატიის ოსტატობაზე მეტყველებს. თავად განსაჯეთ: თუ ამერიკა და ევროპული ზესახელმიწფოები შეასრულებენ თავიანთ მუქარას (რაც საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ოლანდამ გააჟღერა ბევრის გასაკვირად), მაშინ მოსკოვი არაკეთილგანწყობილი ნეიტრალიტეტის პოზიციას დაიკავებს და აუცილებლად (აუცილებლად!!!) იტყვის: თუკი ნატოს აქვს უფლება, სირიაში იმოქმედოს გაეროს მანდატის გარეშე, მაშინ რუსეთსაც აქვს უფლება იმოქმედოს, მაგალითად საქართველოში ისე, რომ გაეროს რეზოლუციები არ მოითხოვოს. საბაბი კი იოლად მოიძებნება.
    ხოლო თუ დასავლეთი ვერ გაბედავს გაეროს გვერდის ავლით მოქმედებას (მით უმეტს, რომ როგორც მოგახსენეთ, ტარტუში რუსული არმადა დგას), მაშინ სისხლისღვრა სირიაში შეიძლება წლობით გაგრძელდეს. ეს კი, ერთის მხრივ, დასავლეთის პრესტიჟს დასცემს, ხოლო მეორეს მხრივ შეინარჩუნებს ნავთობზე მაღალ ფასს. ორივე ხელს აძლევს რუსეთს.
    ჯერ-ჯერობით, როგორც ვხედავთ, დასავლეთი უმწეოდ ირჯება და გაზეთებში გამოქვეყნებული თუნდაც სარედაქციო კომენტარებით იფარგლება, რაც პუტინსა და მის გუნდს სასაცილოდ არ ჰყოფნით. რუსეთის პრეზიდენტი უკვე შეხვდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, თუმცა ამ უკანასკნელმა, როგორც ყოველთვის, თვალების ჟუჟუნისა და ნაზი ღიმილის მეტი ვერაფერი მოახერხა. არც ერთი კრიტიკული სიტყვა არ დასცდენია. მაშ თუ ასეა, რატომ უნდა შეცვალოს პოზიცია პუტინმა? რა რჯის საამისოდ და რა აუცილებლობა აქვს?
    კაცმა რომ თქვას, FT-ს სარედაქციო კომენტარი უფრო დასავლეთის დედალმაშო პოზიციას შეესაბამება. მართლაც რომ სირცხვილი დასავლეთს, რომელიც მზადაა უკრაინა მოიკვეთოს და რუსეთს ჩააბაროს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო (თითქოსდა ევრაზიულ კავშირში თუ გაწევრიანდა უკრაინა, მერე უფრო დემოკრატიული გახდება), მაგრამ კრინტს არ სძრავს ტერორზე თვით რუსეთში. ისევე, როგორც მოსკოვის მხრიდან ყველა პირსისხლიანი დიქტატორის მხარდაჭერაზე.
    პუტინი ძალიან ცინიკურ, თუმცა პრაგმატულ და ჭკვიანურ პოლიტიკას ატარებს ამ შემთხვევაშიც. იგი ქარაგმულად მიანიშნებს დასავლეთს, რომ ერთადერთი გზა, მიიღონ მისი მხარდაჭერა დასავლეთისთვის მნიშვნელოვან რეგიონში (ესე იგი სირიისა და ირანის საკითხში) არის რუსეთის ინტერესთა გათვალისწინება პოსტიმპერიულ სივრცეზე და ევრაზიული კავშირის პროექტისათვის ხელის არშეშლა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    მარტივად თუ ვიტყვით, პუტინის რუსეთი დასავლეთს სთავაზობს ვაჭრობასა და გაცვლას: სირიისა-უკრაინაში, ირანისა-საქართველოში და ა.შ. არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ ირანის ატომური პროგრამის გარშემო ვითარების დაძაბვის შემდეგ, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ იწყებს უპრეცედენტოდ მაშტაბურ წვრთნებს კავკასია-2012, რომელიც მთელ რეგიონს მოიცავს. სწორედ ამიტომ ჯიუტობს რუსეთი. უფრო ზუსტად, კი არ ჯიუტობს, არამედ დასავლეთს ცდის.
    სამწუხაროდ (არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ იმავე დასავლეთისთვისაც) ანგელა მერკელისა და ბარაკ ობამას მსგავსი პოლიტიკოსები პუტინს ბევრს ვერც ვერაფერს უპირისპირებენ. რატომღაც იმედი აქვთ, რომ პუტინი შეწყვეტს ვაჭრობას და არაფერს მოითხოვს ირანისა და სირიის საკითხებში დათმობის სანაცვლოდ. არადა ეს უბრალოდ გამორიცსულია: პუტინმა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არცევნებამდე გამოაქვეყნა პროგრამული სტატია, რომელშიც თავისი 12 წლიანი პრეზიდენტობის მთავარ მიზნად ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე ევრაზიული კავშირის აღდგენა დაასახელა.
    კითვა ჩვენ რა ვქნათ და რა გვეშველება ამ დისკურსში აბსოლუტურად უადგილო და არარელევანტურია. ვიყოთ გულწრფელნი: თუ დასაველთმა მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება და კრემლს საბოლოოდ დაუწვა, რუსეთის მეზობლებს არც არაფერი ეშველებათ. იმედი ვიქონით, საქმე აქამდე არ მივა.
    დასავლეთს ამჟამად სუსტი და მერყევი პოლიტიკოსები ხელმღვანელობენ, რომლებიც რონალდ რეიგანს ან მარგარეტ ტეტჩერს ვერც კი შეედრებიან. მაგრამ ზოგადად, ეს ციცვილიზაცია ჯერ ისე არ დაჩაჩანაკებულა, საკუთარი შესაძლებლობები ვერ გააცნობიეროს. მაგალითად, გაარკვიოს, რას ეფუძნება დღეს რუსეთის ყინჩი თავხედობა და უკომპრომისობა? რას და მხოლოდ და მხოლოდ ნავთობზე მაღალ ფასს! მაგრამ საკმარისია ბარელი ნავთობის ფასი ისევე დაეცეს, როგორც 1990-იან წლებში და მოსკოვი კვლავ მათხოვრის როლში აღმოჩნდება.
    ნავთბზე ფასის შემცირება იოლი არ არის, მაგრამ არც შეუძლებელია: საამისოდ საკმარისი იქნება ამერიკის შეტანხმება საუდის არაბეთთან, რათა მან გაზარდოს თავისი ზეიაფი (თვითღირებულებით) ნავთობის მოპოვება, ხოლო ევროკავშირმა მიღოს გადაწყვეტილებები სლანცის გაზის დამუშავებისა და ელექტრომობილებზე გადასახადების გაუქმების შესახებ. სხვათა შორის, ამ მხრივ არის კიდეც სასიკეთო სიმპტომები: ბოლო რამდენიმე დღეა, ნავთობზე ფასი მცირდება, - 100 დოლარზე ქვემოთაც კი დაეშვა გასულ შაბათს. და ეს ხდება იმის მიუხედავად, რომ სირიაში სისხლისღვრა გრძელდება. მთავარი მიზეზი საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვების ზრდაა. იმედი ვიქონიოთ (სხვა რაღა დაგვრჩენია იმედის გარდა?) ეს დასავლეთის ნანატრი გამოფხიზლების შედეგია და არა უბრალო შემთხვევითობა, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე კონიუნქტურულ რყევას უკავშირდება.

მთელ გვერდზე