რუსეთმა თურქეთს სილა გააწნა

   

    ის, რაც თურქეთ–სირიის საზღვარზე, სირიის საჰაერო სივრცეში მოხდა, ადრე ომის მიზეზი (კაზუს ბელი) ხდებოდა ხოლმე: პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნატო–ს წევრი სახელმწიფოს ავიაგამანადგურებელმა F-16 ჩამოაგდო რუსული ბომბდამშენი სუ–24მ.

    ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ზუსტად ასეთი ბომბდამშენი, საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა, უკრაინელი მეგობრების მეშვეობით, ჩამოაგდეს 2008 წლის 10 აგვისტოს. ორივე მფრინავი გადარჩა, ისინი გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც სანდრა რულოვსმა მოინახულა, რითაც ქართულ მხარეს იმის დემონსტრირება სურდა, რომ ცივილიზებული ერი ვართ და ვიცავთ ომის კანონებს.

    რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებას წინაისტორია და მკაფიო მიზეზები აქვს. რუსული პროპაგანდა, როგორც ყოველთვის, ისტერიკაშია და ან საერთოდ არ ამბობს სიმართლეს, ან ამბობს მხოლოდ ნახევარსიმართლეს, ანუ მალავს მნიშვნელოვან დეტალებს.

    მაგალითად, არ ამბობენ იმას, რომ სუ–24 უბრალოდ კი არ დაფრინავდა ჩრდილო სირიის თავზე, თურქეთის საზღვართან, არამედ უმოწყალოდ ბომბავდა საზღვართან (სირიის ტერიტორიაზე) მცხოვრებ თურქმანებს (იგივე თურქმენებს), რომლებიც თურქეთს საკუთარ მოქალაქეებად მიაჩნია ისევე, როგორც რუსეთს მიაჩნდა თავის მოქალაქეებად სამხრეთელი ოსები, რომლებიც არა რუსეთის, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

    თურქმანები ბაშარ ასადის რეჟიმს ებრძვიან. ის, რომ თითქოს იქ ვინმე ისლამურ სახელმწიფოს მფარველობს, არის რუსული პროპაგანდის ტყუილი და აშკარა დეზინფორმაცია: თურქმანები და თვით თურქეთი ISIS–ის დაუძინებელი მტრები არიან: მარტო ბოლო ტერაქტი გავიხსენოთ – აღმოსავლეთ თურქეთში, რომელსაც ასეულობით მშვიდობიანი ადამიანი შეეწირა, ხოლო პასუხისმგებლობა სწორედ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო თავის თავზე.

    სხვა საქმეა, რომ თურქმანები თავშესაფარს აძლევენ ასადის სხვა მტრებს – თავისუფალი სირიის არმიის დაჯგუფებებს და თავადაც ებრძვიან ასადს.

    სწორედ ამიტომ ბომბავდა ამ ტერიტორიას რუსეთი. თურქეთმა არაერთხელ მიმართა მოსკოვს თხოვნით, ამას ნუ აკეთებდა, რადგან მშვიდობიანი თურქმანები (თურქეთის მოქალაქეები) იხოცებოდნენ; რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ მის ბომბდამშენები თურქეთის საჰაერო სივრცესაც არღვევდნენ, შემდეგ უპილოტო აპარატი ჩამოაგდო (რუსულმა გენერალიტეტმა, რასაკვირველია, უტიფრად იცრუა, ჩვენი არ იყოო); მერე როდესაც ერთ–ერთი უმოწყალო დაბომბვის შედეგად ათეულობით მშვიდობიანი თურქმენი დაიღუპა, თურქეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ამ სხდომის ჩატარება არა რუსეთმა, არამედ დასავლურმა სახელმწიფოებმა დაბლოკეს – აქაოდა, თქვენს გამო მოსკოვთან ურთიერთობათა კიდევ უფრო მეტად დაძაბვა არ გვაწყობსო.

    აქვე: თურქეთს რომ ასე უპასუხებდნენ, რა გასაკვირია, რომ საქართველოს გამო არ აიტკივეს მაინცდამაინც აუტკივარი თავი 2008 წელს და ძალზე კომფორტულად მიიჩნიეს ყველაფრის ისევ საქართველოსთვის გადაბრალება? მარტო ე.წ. ტალიავინის პროსტიტუირებული დასკვნა რად ღირს!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

    მაშინ თურქეთმა, რომელსაც დღეს ძალიან ძლიერი და ამბიციური პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიიპ ერდოღანი მართავს, მოაწყო ე.წ. საჰაერო ჩასაფრება: თურქეთის სამხედრო–საჰაერო ძალთა F-16 მუდმივად მორიგეობდა იმ რაიონის თავზე, სადაც თურქმანული ტომები ცოხვრობენ; და როდესაც რუსული სუ–24 გამოჩნდა მორიგი ავიადარტყმების განსახორციელებლად, ჰაერი–ჰაერის ტიპის რაკეტით ჩამოაგდო!

    მივაქციოთ ყურადღება კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალს: რუსები ასეთ თავხედობას არ ელოდნენ, თორემ ავიაგამანადგურებლები მათაც ჰყავთ და ბომბდამშენს აუცილებლად გააყოლებდნენ. თვით ბომბდამშენს კი არ გააჩია ისეთი შეიარაღება, ამერიკული F-16–ისათვის საჰაერო ბრძოლა გაემართა. იგი 6 კილომეტრის სიმაღლეზე დაფრინავდა და რუს მფრინავებს თავი დაცული ეგონათ, რადგან ხმელეთი–ჰაერის ტიპის რაკეტა ამ სიმაღლეს ვერ წვდება; თურქული ავიაცია კი (როგორც ეჩევნებოდათ) ვერაფერს გაბედავდა.

    თუმცა გაუბედეს და ლაზათიანი ტყლაშანით გააწნეს სილა მთელი მსოფლიოს წინაშე.

    მფრინავებმა კატაპულტირება მოახერხეს და სწორედ აქ მოხდა ინციდენტი, რომელიც ბევრად უარესია თვითმფრინავის ჩამოგდებაზე: თურქული დაჯგუფება ნაცრისფერი მგლების წევრებმა, რომლებიც თურქმანულ სოფლებს ხმელეთზე იცავენ, პარაშუტისტებს ცეცხლი გაუხსნეს და ერთ–ერთი მათგანი ჰაერშივე მოკლეს. ეს ომის კანონთა დარღვევაა, თუმცა ამ გზით ადრინდელი დაბომბვებისთვის იძიეს შური.

    მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, პილოტის მკვლელობისათვის, სწორედ თურქეთს დაეკისრება, რადგან ჯერ ერთი, მის მიერ კოტროლირებადმა ფორმირებებმა მოკლეს პილოტი და, რაც მთავარია, მოკლეს მას შემდეგ, რაც რუსული ბომბდამშენი თურქეთის თვითმფრინავმა ჩამოაგდო. თანაც, ჩამოაგდო სირიის და არა თურქეთის საჰაერო სივრცეში, რაც გაწნული სილის ხმას კიდევ უფრო აძლიერებს.

    ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ისეთი განცხადებები გააკეთა, ომის გარდა თითქოს არც აღარაფერი რჩება. ჯერ ერთი, მან თურქეთის მოქმედებას ზურგში დანის ვერაგული ჩაცემა უწოდა – აქაოდა ჩვენ ტერორისტებს ვებრძვით და ესენი დახმარების ნაცვლად რას გვიშვებიანო.

    გარდა ამისა, პუტინმა პირდაპირ დაადანაშაულა თურქეთი ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერაში, რაც (ვიმეორებ) მტკნარი სიცრუე და დემაგოგიაა: თურქეთი ბაშარ ასადს კი ებრძვის, მაგრამ ისლამური სახელმწიფოს დაუძინებელი მტერია ისევე, როგორც დაუძინებელი მტერია ქურთული სეპარატიზმისა, რომელიც ისევე ებრძვის ბაშარ ასადს, როგორც ISIL-ის ფანატიკოსები.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

    რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ინციდენტს? პუტინმა ძალიან სერიოზული სამხედრო–პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და სირიაში, ლატაკიის სამხედრო ბაზაზე С-400 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გადაისროლა. მოგვწონს თუ არა, ეს ამ კლასში საუკეთესო იარაღია და ზოგიერთი პარამეტრით ამერიკულ პეტრიოტსაც კი აღემატება.

    მათი განლაგება სირიაში იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი აპირებს გამოაცხადოს სირიის საჰაერო სივრცე და თვით თურქეთის მიმდებარე ტერიტორიებიც კი არასაფრენ ზონად ნატო–ს წევრი სახელმწიფოებისათვის. ყოველ შემთხვევაში, თუ, ამიერიდან, თურქული ავიაგამანადგურებლები შეეცდებიან ჩამოაგდონ რუსული ბომბდამშენები თუნდაც თურქეთის მიმდებარედ, რუსეთს, სამხედრო თვალსაზრისით აქვს შესაძლებლობა, ეს ავიაგამანადგურებლები ჩამოაგდოს.

    გარდა ამისა, ბომბდამშენებს დღეიდან აუცილებალდ გააყოლებენ რუსულ ავიაგამანადგურებლებსაც და თურქეთ–სირიის საჰაერო საზღავრთან შესაძლოა ნამდვილი საჰაერო ბრძოლები გაიმართოს.

    არადა, ამ რეგიონს რუსეთი არ მოეშვება, რადგან ის უეჭველად შეეცდება შური იძიოს თურქმანებზე, (რომლებმაც მფრინავი ჰაერში დაუხვრიტეს) და მთლიანად გაანადგუროს მათი სოფლები. თუმცა, ამის გაკეთება რუსულ არმიას ბომბდამშენების გარეშეც შეუძლია: სარაკეტო დარტყმებით.

    სულაც არ გამიკვირდება, ჩრდილოური მურმანსკიდან რუსულმა წყალქვეშა ნავმა, ათასობით კილომეტრის მანძილზე ისროლოს ბულავას ტიპის სტატეგიული რაკეტა, რომელიც გადაუფრენს თურქეთის ტერიტორიას და თურქმანთა სოფლებს აღგვის პირისაგან მიწისა.

    ატომური ჭურვის გამოყენება არ არის საჭირო – საკმარისია დიდი სიმძლავრის ე.წ. თერმული, ანუ ვაკუუმური ბომბი. ამით თურქეთს მიანიშნებენ, რომ შემდეგი რაკეტა შეიძლება სტამბოლს დაეცეს, თანაც ატუმური საბრძოლო მუხტით.

    ყველაზე შავ დღეში მაინც ნატო–ს ლიდერები აღმოჩნდნენ. პრეზიდენტმა ერდოღანმა ისინი ფაქტის წინაშე დააყენა და აღარ იციან რა იღონონ: საქართველოს «დაკიდება» 2008 წელს იოლი იყო, მაგრამ თურქეთი ნატო–ს წევრი სახელმწიფოა და აქვს უფლება, მოითხოვოს დაცვა რუსული აგრესიისგან – ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მეხუთე მუხლის გამოყენებით.

    ანუ, უნდათ თუ არ უნდათ აუტკივარი თავის ატკივება და მშვიდი ცხოვრება, წყნარ ბულვარებზე ცივი ლუდის წრუპვით ან და კოქტეილ «ალექსანდერით» ხელში მეგობარ გოგონებთან საუბარი, იძულებულნი იქნებიან უფრო აქტიურად ჩაერთონ ომში, რომელიც, ფაქტიურად უკვე დაიწყო, უბრალოდ დაბალი ინტენსივობისაა. მით უმეტეს, რომ ის ბულვარებიც აღარ არის ისეთი მშვიდი, როგორც ადრე.

    რუსეთი ეკონომიკურ სანქციებზეც ფიქრობს, რასაკვირველია, მაგრამ ეკონომიკურად თურქეთი მასზე ბევრად ძლიერი და განვითარებული ქვეყანაა. «ჩვენს ტურისტებს თურქეთის საზღვაო კურორტებზე აღარ გავუშვებთო». აბა სად ჯანდაბაში წავლენ დასასვენებლად? ეგვიპტეში – არა (თვითმფრინავის აფეთქების შემდეგ), თურქეთში არა – აფხაზეთში ჩადიან და რუსი ქალი მშვიდად ვერ გაივლის. სოჭში რუსი ოლიგარქები ისვენებენ, ყირიმში ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისია, ესპანეთის ან საფრანგეთის ლაჟვარდოვანი სანაპიროს ფული კი არა აქვთ. ჰოდა ჩამოვიდნენ ბათუმში!

    ყველაზე არსებითი კი მაინც ისა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა, ბოლო წლებში, გაანადგურა თურქეთის ვესტერნიზებული («ვესტ–პოინტიზებული») გენერალიტეტი, რომელიც ბევრად უფრო ინტეგრირებული იყო ნატო–ს და ამერიკის ისტებლიშმენტთან და მათი ნებართვის გარეშე რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას ვერ გაბედავდა. ოპერაცია ერგენიკონის ფარგლებში ერდოღანმა ასეულობით უმაღლესი რანგის ოფიცერი დააპატიმრა და ისინი ლოიალური სამხედროებით ჩაანაცვლა.

    სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი ის, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო: თურქეთმა იმოქმედა დამოუკიდებლად და რადიკალურად ისე, რომ პარტნიორები ფაქტის წინაშე დააყენა და წითელი ხაზის გადაკვეთაც გაბედა.

    თუ რუსეთმა ამ გაწნულ სილას ადეკვატურად ვერ უპასუხა, პუტინის პოლიტიკური მომავალი, თვით რუსეთში, ეჭვქვეშ დადგება: პატარა საქართველოზე გამარჯვების, უკრაინისთვის ყირიმის წაგლეჯისა და დონბასის დაპყრობის შემდეგ, რუსებს თავიანთი დერჟავა უძლეველი ეგონათ და თურქული სილის გალაწუნებაც, სწორედ ამიტომ, მეტისმეტად ემწვავათ

 

        მთელ გვერდზე