„შკლიაროვის აჩრდილი“ საქართველოში

        თითქოსდა, რა კავშირი შეიძლება იყოს ირაკლი ოქრუაშვილთან გრიგოლ ვაშაძის შეხვედრასა და ოპოზიციური კანდიდატის მთავარი PR-კონსულტანტის, ვიტალი შკლიაროვის განცხადებას შორის დეკემბერში „რევოლუციის“ შესახებ? მხოლოდ ერთი - ორივე პოლიტტექნოლოგის მოფიქრებულია და მოფიქრებულია ძალიან ჭკვიანურად.
        ორთავე შემთხვევაში აქცენტია „მიზნობრივ აუდიტორიაზე“, ვისაც ჯერ ერთი, სულ არ აინტერესებს, რას აკეთებდა ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობისას სხვას, გარდა „ჩინოვნიკების დაჭერისა“, რაც ხალხს „ტკბილად ახსოვს“, რაკი უყვარს, „გაზულუქებულ ჩინოვნიკებს“ როცა იჭერენ და არც ის აინტერესებს ხსენებულ „მიზნობრივ აუდიტორიას“, რა მამხილებელი ტონით წაიკითხავს პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე ვიტალი შკლიაროვის განცხადებას „დეკემბერში ნამდვილი რევოლუციის“ თაობაზე.
        იმიტომ, რომ რაც მეტად წაიკითხავს, რაც მეტად გააკეთებს აქცენტს შკლიაროვის რუსულ წარმომავლობაზე, მით მეტი „გაბრაზებული ხალხი“ გაიგონებს იმას, რაც ძალიან სურს გაიგონოს: ქვეყანაში „რევოლუცია იქნება“ და „მიშა ბრუნდება“ ამ რევოლუციის ტალღაზე.
        ანუ, ვიტალი შკლიაროვის მიზანი, ამ შემთხვევაში ისაა, ილაპარაკოს იმ ხალხის „ენაზე“, ვინც გრიგოლ ვაშაძის ამომრჩეველია და ვინც სიხარულით მივა არჩევნებზე, რათა მისი „გამამწარებელი ხელისუფლება“ გაამწაროს რევოლუციით!
        თორემ სალომე ზურაბიშვილის, ესე იგი „ოცნების“ ამომრჩევლისთვის აბსოლუტურად სულერთია „კიდევ რას დააბრალებენ“ ვაშაძესა და შკლიაროვს - მათთვის ხმის მიცემას ისინი მაინც არ აპირებენ და არც დააპირებენ.
        სწორედ ეს გათვლა „მიზნობრივ აუდიტორიაზე“ და ამგვარი „საინფორმაციო დივერსიების“ მოწყობა ამხელს ვიტალი შკლიაროვში უმაღლესი კვალიფიკაციის „ელექტორალურ ტექნოლოგს“.
        ასეთივე მწყობრი და მიზანმიმართულია მის მიერ დაგეგმილი და ორკესტრირებული საარჩევნო კამპანიაც. თავად ბატონი შკლიარიოვი აცხადებს, რომ აპრილიდან იმყოფება საქართველოში, რაც საკმაოდ დიდი დროა გეგმის მოსამზადებლად, რომელიც სექტემბრიდან ბრწყინვალედ ხორციელდება.
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        უნდა ითქვას, რომ არავითარი „კრემლის აგენტი“ შკლიაროვი არ არის. წარმოშობით ბელორუსია, პროფესიით - პოლიტკონსულტანტი და საარჩევნო ტექნოლოგიათა სპეციალისტი. ცხოვრობს ვაშინგტონში, მონაწილეობს ნებისმიერი ქვეყნის საარჩევნო კამპანიაში, სადაც მიიწვევენ და ფულს გადაუხდიან.
        „აქ“ ვინ უხდის ფულს - საინტერესო საკითხია, თუმცა მაინც მეორეხარისხოვანი. 20-30-40 ან თუნდაც 50 ათასი დოლარი როგორმე „აგროვდებოდა“........თუნდაც მოკავშირე ბიზნესმენების (ნაყოფიას ან ბეჟუაშვილის) მეშვეობით.
        მთავარი და ყველაზე საინტერესო სხვაა: ჩვენში ჯერ კიდევ გულუბრყვილოდ ჰგონიათ, თითქოს საარჩევნო „ფიარისა“ და ელექტორალურ ტექნოლოგიათა არსი პოზიტიური პროგრამის შემუშავებაა. ანუ, იმაზე ფიქრი, რა მომხიბვლელი პროგრამა უნდა შესთავაზოს კანდიდატმა თავის ამომრჩეველს, რა „მესიჯები“ჩადოს გამოსვლებში ქვეყნის განვითარების, სოციალური პრობლემების მოგვარების, ჯანდაცვის, პენსიების და სხვა მიმართულებით.
        ესეცაა, თუმცა ბევრად მეტი ყურადღება, სინამდვილეში, ოპონენტთან ბრძოლას ეთმობა. ანუ შკლიაროვის თუ „შკლიაროვების“ საქმე ის კი არ არის (ამერიკაში, საქართველოში, ისრაელში, თუ ნებისმიერ სხვა თანამედროვე ქვეყანაში), ნათელი, კეთილი და პოზიტიური სურათი დაუხატონ ამომრჩეველს თავისი კანდიდატის სასარგებლოდ, არამედ ის, რომ მაქსიმალურად „გააშავონ“ მოწინააღმდეგე, უპოვონ მას „სუსტი წერტილები“, „შავი ლაქები“ დღევანდელობასა თუ ბიოგრაფიაში, გამოიყენონ მისი შეცდომები (მით უმეტეს, როცა ამგვარ შეცდომებს უხვად უშვებს ინტელექტის სიმწირისდა გამო), ყურადღება მიაქციოს ყოველ დეტალს დგომის, ჩაცმის, ვარცხნილობის თუ სუნამოს ჩათვლით - ოჯახურ წარსულამდე.
        ოღონდ ყველა შემთხვევაში, ადგილობრივი სპეციფიკისა და საზოგადოებრივი ფსიქოლოგიის გათვალისწინებით.
        რამდენიმე ასეთი „შკლიაროვი“ მუშაობდა, მაგალითად, 2016 წელს, დონალდ ტრამპისა და ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბებში.
        ის ამერიკული არჩევნები, ამ მხრივ, სიბინძურის ნთხევისა და „შავი ფიარის“ მიუწვდომელ მწვერვალად იქცა, ბწრყინვალედ გამოიყენა კიდეც პუტინმა, რაც ისევ და ისევ იმას არ ნიშნავს, თითქოს „შკლიაროვები“ მაინცდამაინც ФСБ ან ГРУ-ს აგენტები არიან. უბრალოდ, მათი ამჟამინდელი „პროფესია“ ისევე ამაზრზენია, როგორც ჯალათისა!
        თუმცა, თვით „შკლიაროვობა“ ადასტურებს, რომ დემოკრატიული სისტემა, ზოგადად, ნეგატივისკენ უფრო მიექანება, ვიდრე პოზიტივისკენ და, სამწუხაროდ, ეს, როგორც ჩანს, მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, ანუ არჩევნებისას მთავარი ის ხდება (ყველგან), რა სიბინძურეს დაანთხევ თავზე შენს ოპონენტს და არა ის, რა პოზიტივს მოიფიქრებ ამომრჩეველთა მისამხრობად.
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        უძლიერესი კამპანია, რაც გრიგოლ ვაშაძის შტაბმა აწარმოა აბსოლუტურად „მერიდიანს მოწყვეტილი“, „ასტრალში გადასული“ სალომე ზურაბიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ამის მკაფიო დადასტურებაა.
        ახლა რამდენიც არ უნდა იძახონ „კრემლის პოლიტტექნოლოგია, პუტინმა გამოაგზავნაო“, მხოლოდ საკუთარ თავს დააზიანებენ, რადგან მათი უმწეობა კიდევ უფრო მეტად წარმოჩინდება:
        აბა, დალოცვილებო, თუ „კრემლის აგენტი“ ქვეყანაში რევოლუციას გიწყობთ და თქვენ უმწეო ყიყინის გარდა ვერაფერს ახერხებთ, მაშინ მართლა მოსაშორებელი ხართ უნიათობის გამო აბა რა ხართ?
        როგორც ჩანს, გაქნილ შკლიაროვსა და მის ჩამოყვანილ იმ რუს გოგონებს, ნაზად რომ ნაბავენ თვალებს „ერთადერთი ოპოზიციური ძალის“ შტაბ....ბინაში, ესეც კი გათვლილი ჰქონდათ, თორემ საერთოდ არ მისცემდნენ არავის ინტერვიუს და არანაირ განცხადებებს არ გააკეთებდნენ
        მაშასადამე, განცხადება „დეკემბრის რევოლუციაზე“ მათი PR-სტრატეგიის ნაწილია და.......2008 ან 2012 წელს ვინმეს ასეთი „შკლიაროვი“ ჩამოეყვანა, ასეთი კლიპები გაეკეთებინა, ამგვარი განცხადებები გაეჟღერებინა ........ ვანო და ერეკლე, უკეთეს შემთხვევაში ვაშინგტონამდე, მოსკოვამდე ან ბრიუსელამდე მიაყოლებდნენ წიხლს, უარეს შემთხვევაში კი „ამნისტიით“ თუ გამოვიდოდა - უცხო ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობისათვის.

            მთელ გვერდზე