იგი წავა და სხვა მოვა  ტურფასა საბაღნაროსა . . .

 

შევარდნაძის შეუძლებელი

            გასულ საუკუნეში ფართოდ გავრცელებული დებულების შესაბამისად, პოლიტიკოსის მოღვაწეობა საბოლოოდ მთავრდება მხოლოდ მემუარების გამოქვეყნებით. თუმცა, ედუარდ შევარდნაძის მემუარების გამოსვლით, მისი ეპოქა საქართველოში მაინც არ დასრულებულა.
           არა მხოლოდ იმ აზრით, რომ «დასრულდა 2003 წლის გიორგობას», არამედ იმ თვალსაზრისითაც, რომ შევარდნაძემ მეტისმეტად დიდი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში და, ძალაუფლების მოპოვება-შენარჩუნებისათვის განუწყვეტელი ბრძოლის პროცესში მის მიერ გამოძერწილი რეალობა, პოლიტიკური და სოციალური სისტემები, კიდევ ძალიან დიდხანს მოახდენენ ქმედით გავლენას ქართული საზოგადოების ცხოველმოქმედებასა და არსობაზე.
        ამ მრავალწახნაგოვანი ფენომენის თაობაზე უკვე უამრავი რამ ითქვა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენში დამკვიდრებული ერთი უცნაური ჩვევა-თვისების მიხედვით, «ისტორიზმი» სულაც არ განსაზღვრავს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პიროვნების «შეფასებით პარადიგმას». ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ის ხალხიც კი, ვისაც თითქოს ჭკუა უნდა მოეკითხებოდეს და მეტადრე ისინი, ვინც 90-იანი წლების დასაწყისში ტვინს «გვი....ჭედავდნენ» «შევარდნაძის გენიალურობაზე», მის «დიდ პოლიტიკოსობაზე», «ალღოსა და ნიჭზე» ქადაგით, 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ უსირცხვილოდ მსჯელობდა თამამად «შევარდნაძის პრიმიტიულობასა» და «შეზღუდულობაზე».
        ამ კატეგორიას რომ საერთოდ არაფრის რცხვენოდა და არ რცხვენია – სიახლე როდია, მაგრამ მაინც ბუნებრივად ისმის კითხვა: კი, მაგრამ, თუ 30 წლის განმავლობაში «შეზღუდული პრიმიტივი» გვხელმძღვანელობდა, მაშინ ჩვენ რას წარმოვადგენთ, როგორც ერი და საზოგადოება? ეს განსაკუთრებით ე.წ. «ელიტარულ ინტელიგენციაზე» ითქმის. ოდესღაც ძლევამოსილი «სოციალური პლეადა» საბოლოოდ და სამუდამოდ ჩაბარდა წარსულ მე-20 საუკუნეს - მის შემოქმედ შევარდნაძესთან ერთად.
        და მაინც, ერთობ სახალისოა ერთი და იმავე «ცნობადი» პერსონაჟების მიერ ედუარდ შევარდნაძის შესახებ 1992 და 2003 წლებში «ჩაწერილი» და «მიცემული» ინტერვიუების მოსმენა – გადაკითხვა.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
        აქვე უნდა ითქვას, რომ მისი «პრიმიტიულობის» და «შეზღუდულობის» მთავარი არგუმენტი შევარდნაძემ თავად მისცა ოდინდელ მაქებართ - თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის სამარცხვინო დასასრულით 2003 წლის 23 ნოემბერს, როდესაც, მთელი მსოფლიოს თვალწინ, ასეულობით ათასი ადამიანი, გერმანიის გაერთიანების ზეიმის მსგავსი ფეირვერკის ნათელსა და ქუხილში დღესასწაულობდა წარსული ეპოქის დასასრულს ანუ იმ პოლიტიკოსის დამარცხებას, რომელმაც ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა თავისი ბრწყინვალე პოლიტიკური კარიერის განმავლობაში და, ბოლოს, დროის დამარცხებაც (მოტყუებაც) განიზრახა.
        დროის დამარცხების ილუზიის(!) შექმნას ხეოფსის პირამიდის მახლობლად განრთხმული ქვის სფინქსი თუ ახერხებს. უსულო ქვაში ჩაკირული ილუზიის წინაშე შეჩერებულ პირდაღებულ მოკვდავთ კი, ამასობაში, იგივე დრო დასცინის.
        და მაინც, რაკი შევარდნაძის «პრიმიტიულობის» მთავარი არგუმენტი «სამარცხვინო დასასრულია» და ამ არგუმენტის თავად პრიმიტიულ ავტორებს «რეალური» და «ლოგიკურად გარდაუვალი» ერთმანეთისაგან ვერ განუსხვავებიათ, ალბათ უპრიანია სწორედ ეს საკვანძო მოვლენა განვიხილოთ კიდევ ერთხელ და ვუჩვენოთ, რამ განაპირობა 2003 წლის 23 ნოემბერს მოვლენათა განვითარება სწორედ ისე და არა სხვაგვარად. მართლა იმის შედეგი იყო ყოველივე, რომ «შევარდნაძე დაბერდა», «გამოტვინდა», «ვეღარ აზროვნებდა», «ვეღარ თვლიდა», «საფრთხეებს ვეღარ ამჩნევდა», «რეალობას მოწყდა» თუ მიზეზი სინამდვილეში სხვაა.
        ამჯერად თვით რევოლუციის მიზეზებზე კი არ მოგახსენებთ, რის თაობაზე სხვა სტატიებში გვქონდა საუბარი (მაგ. «ანტინომენკლატურული რევოლუციები» – პოსტსაბჭოურ ელიტათა ლეგიტიმურობის კრიზისი», «24 საათი», 27-28 მაისი 2005 წელი) არამედ, პიროვნულად, საქართველოს ექსპრეზიდენტის მოქმედების მოტივაციაზე და იმაზე, თუ რატომ უღალატა (თუ საერთოდ უღალატა) ალღომ, რეალიზმმა, სახელისუფლებო და ძალაუფლებრივმა ოსტატობამ, ჩემი აზრით, პოლიტიკური ტექნოლოგიის უბადლო დიდოსტატს, რომელსაც, სწორედ ამ მხრივ (პოლიტიკური ინტრიგისა და სახელისუფლებო ტექნოლოგიის თვალსაზრისით), საქართველოში ბადალი არ ჰყავდა და არც ამჟამად ჰყავს.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
        ისტორიული მოვლენის მთავარი ცდუნება ისაა, რომ აწმყოში-ნამყო ერთადერთ რეალობად აღიქმება. აიზეკ აზიმოვის ერთ-ერთ რომანში მეცნიერები «დროის მანქანის» მეშვეობით წარსულში მოგზაურობენ, უმნიშვნელო დეტალს ცვლიან (ვთქვათ, საფერფლეს გადაადგილებენ თაროზე) და რამდენიმე საუკუნის შემდეგ, ამის შედეგად, სამოქალაქო ომებსა და რევოლუციებს თავიდან იცილებენ.
        ბუნებრივია, ეს პრობლემის მწერლური ჰიპერბოლიზებაა. თუმცა, იმის უარყოფაც შეუძლებელია, რომ ისტორიული რეალობა უამრავი თითქოსდა წვრილმანი ფაქტორ-მოვლენის ურთიერთმოქმედების შედეგია. ძალიან ძნელია იმის განსაზღვრა, როგორი რეალობა ჩამოყალიბდებოდა თუ თვალსაჩინო მიზეზ-ფაქტორის მრავალწლიანი ჩამოყალიბება-მომწიფების განმაპირობებელი, ვითომდაც «წვრილმან» მოვლენათა რიგი წლების განმავლობაში სხვაგვარად «დალაგდებოდა» და არა იმგვარად, როგორც დალაგდა და «შედგა» საბოლოოდ.
        ამთავითვე უნდა ითქვას, რომ 22-23 ნოემბრის რევოლუციის წარმატება სულაც არ იყო ისე «გარდაუვალი», როგორც «მეცნიერული კომუნიზმის» სკოლაგავლილი «ინტელიგენტები» გვიმტკიცებდნენ უკვე მას შემდეგ, რაც ყველაფერი დამთავრდა და რეალობა შედგა ისე, როგორც შედგა.
        თუმცა, მოდით ჩვენც აზიმოვის მეთოდს მივმართოთ და «უკან გადავახვიოთ» მოვლენათა რიგი. იქნებ მაინც მივაგნოთ იმ საკვანძო ფაქტორს, რომლის «ამოღება» წყებიდან - თვით წყების განვითარება-ზრდის ვექტორს შეცვლიდა.
        ხაზს ვუსვამ: აქ შევარდნაძის «მოღვაწეობის» მთელი 50 წლიანი პერიოდის (ან თუნდაც უკანასკნელი 11 წლის) შესწავლა-შეფასების არც დრო-ადგილი და არც სურვილი არა მაქვს. ვგულისხმობ მხოლოდ მისი მოქმედების მოკლე მონაკვეთს დაახლოებით 2001-2003 წლებში, რაც, საბოლოოდ, პოლიტიკოსისათვის სავალალო (სამარცხვინო) შედეგით დასრულდა.
        აქვე: მისდა საბედნიეროდ, უკანასკნელი წლების განმავლობაში (დამხობის შემდეგ) შევარდნაძე აშკარად უკვე ისეთ სულიერ და ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფება, რომ თავისი ბრწყინვალე და, მრავალი თვალსაზრისით, მართლაც სასახელო პოლიტიკური კარიერის ასეთი აღსასრულის სამარცხვინობას ვეღარც აცნობიერებს. ეს მისთვის იმდენად მტანჯველი იქნებოდა, რომ როგორც ჩანს, მისმა ორგანიზმმა და ფსიქიკამ «დამცველი» ზომები მიიღო.

        არავინ დავობს, რომ 2001-2003 წლებში ედუარდ შევარდნაძე «ის აღარ იყო» რაც – ადრე, რომ «დაჭკნა მისი ყვავილი», რომ «მოჭამა თავისი». და მაინც, სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სინამდვილეში, საბოლოო მარცხის მიუხედავად, 2001-2003 წლებში შევარდნაძეს არც ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა არ დაუშვია. მარცხი კი იმან განაპირობა, რომ პირველად თავისი კარიერის განმავლობაში, ედუარდ შევარდნაძემ დაარღვია პოლიტიკის ძირითადი კანონი («პოლიტიკა – შესაძლებლის ხელოვნებაა») და მოინდომა ის, რაც უკვე შეუძლებელი იყო – შეენარჩუნებინა ძალაუფლება 2005 წლის შემდეგაც!!!
        აი, ეს გახლავთ მიზეზთა-მიზეზი ყველა იმ ნაბიჯისა, ყველა იმ გადაწყვეტილებისა, რომელთაც (თუ ამ მოტივს გამოვრიცხავთ) არც ერთი გონიერი პოლიტიკოსი არ გადადგამდა 2001-2003 წლებში, თუკი არ სურდა საქმე რევოლუციამდე მიეყვანა.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
        მაგალითად, ხშირად გაიგონებ: «ბოლოს და ბოლოს ეღიარებინა, რომ «ნაციონალურმა მოძრაობამ» 26 პროცენტი მოაგროვა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში და პირველი ადგილი აიღო - განა ამით რევოლუციას თავიდან არ აიცილებდა»?
        კი ბატონო, თუ შევარდნაძის მთავარი მიზანი რევოლუციის თავიდან აცილება და 2005 წლამდე «მშვიდობიანად მიღწევა» იყო, მაშინ სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო და კომიკურია ის, ვინც ფიქრობს, თითქოს ამ შესაძლებლობას იგი მიხვდა, ხოლო შევარდნაძე – ვერა. მაგრამ სინამდვილეში, ეს «აღიარება» იმის აღიარებაც იქნებოდა, რომ ქვეყანას ჰყავს საპრეზიდენტო ალტერნატივა. აი, ამის აღიარება კი შევარდნაძეს არაფრის დიდებით არ სურდა!
        - «რატომ შექმნა ის სამარცხვინო ბლოკი «ახალი საქართველო» (2003 წლის ზაფხულში), რატომ გაიერთიანა ესოდენ ოდიოზური ფიგურები, ნუთუ ვერ მიხვდა, რომ ყულფს იკიდებდა ყელზე, განა არ სჯობდა, 2 ნოემბრის არჩევნებისას განზე გამდგარიყო, თავად ყველა პოლიტიკურ ძალას გამიჯვნოდა და ჩვეული ოსტატობით ეთამაშა «ნაციონალურ მოძრაობასა» და «ბურჯანაძე-დემოკრატებს» შორის იმ დროს აშკარად არსებულ წინააღმდეგობებზე?».
        კი ბატონო, აბსოლუტურად ლოგიკური შენიშვნაა; ერთობ ჭკვიანურია, მაგრამ ამ «ჭკვიან» კრიტიკოსებს ისევ და ისევ იგივე გარემოება ეპარებათ მაღალი ინტელექტის თვალსაწიერიდან: ამ შესაძლებლობას შევარდნაძეც ხედავდა და ასეც მოიქცეოდა, მისი მიზანი რომ 2005 წელს «დამსახურებულ პენსიაზე» მშვიდობიანად წასვლა და არა ძალაუფლების გახანგრძლივება ყოფილიყო. ამისთვის კი «მყარად შემომტკიცებული» და ადვილად მართვადი საპარლამენტო დასაყრდენი აუცილებელი გახლდათ. ამ აუცილებლობას შევარდნაძე შესანიშნავად აცნობიერებდა. სინამდვილეში იგი მაშინ არც ისე «გამოპენტერებული» იყო, როგორც ზოგიერთ თავად ყეყეჩს ეჩვენებოდა და ეჩვენება.
        - «ამერიკის ელჩი რიჩარდ მაილსი და «ბურჯანაძე-დემოკრატები» 2003 წლის 20 ნოემბერს (ანუ რევოლუციამდე რამდენიმე დღით ადრე) შევარდნაძეს სთავაზობდნენ, გაეუქმებინა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგი და დაენიშნა ხელახალი არჩევნები - ისევე, როგორც ეს გააკეთა ლეონიდ კუჩმამ. მართალია, «ნაციონალური მოძრაობა» ამით უკმაყოფილო იქნებოდა, დაფარული წინააღმდეგობებიც გამოაშკარავდებოდა, მაგრამ თვით შევარდნაძე ხომ აიცილებდა თავიდან სამარცხვინო დამხობას?»
        დიახ, აიცილებდა. მაგრამ ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ იგი ამ შესაძლებლობას ვერ ხედავდა? ოღონდ რიჩარდ მაილსის შეთავაზება (2003 წლის 20 ნოემბერს), კვლავ და კვლავ, იმასაც უეჭველად ნიშნავდა, რომ 2005 წელს მისი პრეზიდენტობა დასრულდებოდა და ძალაუფლება ან მიხეილ სააკაშვილისთვის, ან ნინო ბურჯანაძისთვის უნდა დაეთმო, რომლებიც, ორივე ერთნაირად, სწორედ ამიტომ, ავადმყოფურად, «აცახცახებამდე» სძულდა.

 

მთელ ეკრანზე

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა