შავი ზღვის მეკობრეები

        უკვე რამდენიმე დღეა, შავი ზღვის თავზე პოლიტიკური ღრუბლები ავისმომსასწავებლად იქუფრება. სანამ ქართული ოპოზიცია კურორტებზე ისვენებს «მძიმე» ზაფხულის შემდეგ, ხოლო პარლამენტი «ლუსტრაციის შესახებ» კანონზე მუშაობს, კრემლი აფხაზი სეპარატისტების მეშვეობით მორიგ მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებს საქართველოს საზღვაო აკვატორიაში, რომელიც შესაძლოა კიდევ უფრო გამანადგურებელი აღმოჩნდეს, ვიდრე აგვისტოს ომი (ანუ პროექტი «08 08 08») თუკი ევროკავშირი და ზოგადად დასავლეთი კვლავინდებურად მხოლოდ «დამკვირვებლის» პოზიციაზე დარჩება.
            და ეს იმ დროს, როდესაც თვით დასავლეთი ამ დღეებში აღნიშნავს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის 70 წლისთავს, რომელმაც ტოტალიტარულ რეჟიმებს გზა გაუხსნა პატარა მეზობელი ქვეყნების დაპყრობისკენ.

აფხაზთა მეკობრული ისტორია
           

            აფხაზეთის პრეზიდენტმა, სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ მან «რესპუბლიკის სამხედრო საზღვაო ძალებს» უბრძანა, ჩაძიროს ქართული სამხედრო გემები, თუკი ისინი მიუახლოვდებიან აფხაზეთის საზღვაო აკვატორიას ან სოხუმისა და გაგრის პორტებისაკენ მცურავი სატვირთო თბომავლების დაკავებას შეეცდებიან.
            სეპარატისტთა საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი შამბა კიდევ უფრო შორს წავიდა. .»პრაიმ-ტაიმთან» საუბარში თავისი პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას შამბამ სიტყვა-სიტყვით განაცხადა შემდეგი: «თურქული გემების დაკავებით, საქართველომ ფაქტობრივად განაახლა საბრძოლო მოქმედებები ზღვაზე. ჩვენც ვიტოვებთ უფლებას, დავაკავოთ გემები, რომლებიც საქართველოს პორტებისკენ – ფოთისა და ბათუმისკენ მიემართებიან. Aამას ჩვენ აქტიურად ვაკეთებდით 1992-1993 წლების ომის დროს, როდესაც იყო იმის საშიშროება, რომ საქართველოში ზღვით იარაღი შეეტანათ».
            აქვე უნდა ითქვას, რომ აფხაზებს ისტორიულად საზღვაო მეკობრეობის დიდი გამოცდილება აქვთ. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, აფხაზი მეკობრეები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ მონებით ვაჭრობაში (რასაც ქართველები «ტყვის სყიდვას» ვუწოდებდით), შიშის ზარს სცემდნენ რუსულ, თურქულ თუ ევროპულ გემებს. ისინი თავს ესხმოდნენ მათ ღია ზღვაში, ძარცვავდნენ, იტაცებდნენ საქონელს, აჰყავდათ ტყვედ ეკიპაჟი, მონები და შემდეგ გამოსასყიდს იღებდნენ. მეკობრეობაში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ თვით აფხაზები, არამედ მათი მონათესავე ადიღეველებიც, რომლებიც სპეციალურად ჩამოდიოდნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან. ამ მხრივ აფხაზთა ისტორიული გამოცდილება კარიბის ზღვის მეკობრეებისას არ ჩამოუვარდება.
            1992 წელს, აფხაზეთში კონფლიქტის დაწყებისთანავე, სეპარატისტებმა, წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, სოხუმისა და ოჩამჩირის, აგრეთვე გაგრის პორტებში მყოფი ყველა სათევზაო გემი თუ სხვა მცურავი საშუალება გუდაუთაში და ბიჭვინთაში გადაიყვანეს (რომელთაც საქართველოს შეიარაღებული ნაწილები ვერ აკონტროლებდნენ) და სამხედრო საჭიროებისათვის გადააკეთეს. ამ მცურავი საშუალებებით მათ არა მხოლოდ რამდენიმე სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს სოხუმის აკვატორიასთან და ორჯერ დესანტი გადმოსხეს ტამიშთან, არამედ, როგორც შამბამ გაიხსენა, შავ ზღვაში იმ გემებსაც აკავებდნენ, რომლებიც საქართველოს პორტებისკენ მოემართებოდნენ.
            1996 წელს კი, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს, აფხაზი ჰამზათ გიცბას მეთაურობით, ჩეჩნებმა და აფხაზებმა სამგზავრო თბომავალი «ავრასია» დააკავეს, ჩეჩნეთში ომის შეწყვეტის მოთხოვნით მძევლებად მხოლოდ ქართველები და რუსები აიყვანეს (!) უკრაინელებისთვის, თურქებისთვის, სომხებისა და აზერბაიჯანელებისთვის ხელი არ უხლიათ და ბოლოს თურქეთის ხელისუფლებას ჩაბარდნენ.
            რამდენიმე წლის შემდეგ გიცბა თურქული ციხიდან სასწაულებრივად გაიქცა და გუდაუთაში ამოჰყო თავი, სადაც ალბათ დღემდე ხელმძღვანელობს აფხაზთა საბრძოლო ოპერაციებს.

რუსულ-თურქული საჭადრაკო პარტია საქართველოს აკვატორიაში

            1993 წელს, აფხაზეთის ომში დამარცხების შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც აფხაზეთის პორტებისაკენ მიმავალი ყველა გემი ჯერ უნდა შესულიყო ფოთის პორტში, გადაეხადა ტვირთზე საბაჟო გადასახადი, შემოწმებულიყო ქართველი მესაზღვრეების მიერ და მხოლოდ ამის შემდეგ გაეგრძელებინა გზა აფხაზეთის პორტებისკენ.
            ბუნებრივია, ასეთი წინაპირობა მიუღებელი იყო სეპარატისტებისა და მათი გულშემატკივრებისათვის რუსეთსა და თურქეთში. Pპირველ რიგში იგულისხმება თურქეთში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ადიღური დიასპორა, რომელიც რუსეთს (ვინც გენოციდი მოუწყო მე-19 საუკუნეში) ბევრს ვერაფერს უბედავს, მაგრამ საქართველოსთან თამამია; აგრეთვე თურქეთის ხელისუფლება, რომელიც ამ საკითხში ძალიან ფრთხილ და ეშმაკურ თამაშს ეწევა.
            სერგეი შამბას თქმით «თურქეთი არც ერთხელ ოფიციალურად არ გამოხმაურებია თურქული გემების დაპატიმრების ფაქტებს, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, მას არ აუკრძალავს საზღვაო ვაჭრობა აფხაზეთთან, თუმცა კი თავისუფლად შეეძლო, ეს გაეკეთებინა.»
            მართლაც, თურქეთი არასდროს უცხადებს პროტესტს საქართველოს ხელისუფლებას გემების დაკავებისა და ჩამორთმევის გამო, მაგრამ არც კრძალავს საზღვაო მიმოსვლას თურქეთის სანაპიროსა და აფხაზეთის პორტებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ეს გემები პორტებიდან გამოსვლისას დანიშნულების წერტილებად სწორედ სოხუმსა და გაგრას ასახელებენ – არა ფოთსა და ბათუმს.
            იმავდროულად, რუსეთიც ძალიან ეშმაკურ «საზღვაო თამაშს» აწარმოებს:
            17 აგვისტოს, საქართველოს სანაპირო დაცვის კატარღებმა დააკავეს თურქული ტვირთმზიდი «ბაკეტი», რომელსაც სოხუმში ბენზინი და მაზუთი გადაქონდა. Gგემი ფოთში შემოიყვანეს, კაპიტანს 24 წელი (!) მიუსაჯეს, თვით გემი და ტვირთი კი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩამორთმეულია.
            სწორედ ამ მოქმედებამ გაამწარა სეპარატისტთა ლიდერები ისე, რომ ევროპულ ხომალდთა დაპატიმრებითაც კი იმუქრებიან.
            თუმცა ბუნებრივად ისმის ორი კითხვა: ჯერ ერთი, თუკი რუსეთი აფხაზეთის ასეთი «ძმა და მეგობარია», რაღა ცხრა მთას იქედან მოაქვთ ბენზინი – სოჭიდან ვერ შემოიტანენ?
            გარდა ამისა, რაკი აფხაზეთის შავი ზღვის აკვატორიას რუსული ფლოტი აკონტროლებს, ხოლო აფხაზეთსა და რუსეთს შორის ახლახან გაფორმდა შეთანხმება «სამხედრო დახმარების შესახებ» – რატომ არ ერევა საქმეში რუსული ფლოტი და რატომ არ უშლის ხელს ქართულ კატარღებს თურქული გემები დააკავონ? O
            ორივე კითხვაზე პასუხი ნათელია: პირველ რიგში, სოჭიდან ბენზინის აფხაზეთში შეტანას მოსკოვი არ დაუშვებს, რაკი მას ჭირდება სერგეი ბაღაფშს პრობლემები შეუქმნას მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ (დეკემბრისთვის) და აიძულოს იგი რუსი ვიცე-პრეზიდენტით გავიდეს არჩევნებზე ან რუსი პრემიერ-მინისტრი დანიშნოს – კოკოითის მსგავსად. Gთუ ბაღაფში კარგად მოიქცევა, მაშინ სოჭიდან ბენზინს შემოიტანენ, თუ არა და – ფეხით ივლიან აფხაზეთის წალკოტში. იქ ფეხით სიარულს რა სჯობია?
            გარდა ამისა, რუსებს სულაც არ ეპიტნავებათ დაახლოება აფხაზეთსა და თურქეთს შორის. სწორედ ამიტომ არ ერეოდა დღემდე რუსეთი საზღვაო დაპირისპირებაში. თუმცა კი, რუსმა სამხედრო ჩინოსანმა ამას წინათ განაცხადა, რომ «რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური დაიცავს სხვა ქვეყნების გემებს აფხაზეთის აკვატორიაში».
            მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს: რუსეთს არაფრის დიდებით არ აწყობს დაუკავშირდეს იმ მოქმედებას, რომლის განხორციელებასაც აფხაზები აპირებენ ანუ ნეიტრალურ წყლებში საქართველოსკენ მცურავი გემების დაკავებასთან ასოცირება მას ნამდვილად არ უნდა.
            არადა, მოსკოვში ძალიან კარგად იციან, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო საზოგადოებრიობა პასუხისმგებლობას ამისთვის სწორედ მას დააკისრებს და არა ბაღაფშსა და შამბას.
            რაც შეეხება მხარეთა სამხედრო შესაძლებლობებს, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვალერიან იმნაიშვილმა «პრაიმ ტაიმს» განუცხადა, რომ «ფოთისა და ბათუმისკენ მომავალი გემები მოძრაობენ ისეთი მარშრუტით, რომელიც ძალიან შორსაა აფხაზეთის სანაპიროდან. მათ დასაკავებლად აფხაზებს ღია ზღვაში გასვლა დაჭირდებათ, საამისო მცურავი საშუალებები კი არ გააჩნიათ».

ჩაერევა თუ არა რუსეთი?

            ბუნებრივია, დღეს საქართველოს ბევრად ძლიერი ფლოტი ჰყავს, ვიდრე სეპარატისტულ აფხაზეთს და ეს, სხვათა შორის, იმავე თურქეთის დამსახურებაა: 2008 წლის აგვისტოში, რუსული აგრესიის დროს, ქართული სამხედრო ხომალდების უმეტესობა ბათუმის პორტში გადავიდა; რუსები იქაც აპირებდნენ შესვლას, რათა ეს გემები ისევე აეფეთქებინათ, როგორც ფოთში ჩარჩენილი რამდენიმე კატარღა გაანადგურეს, მაგრამ თურქეთის პრემიერ მინისტრი ერდოღანი მოსკოვში ჩაფრინდა და რუსეთის ხელმძღვანელობა გააფრთხილა, რომ ყარსის ხელშეკრულების შესაბამისად, თურქეთი არ დაუშვებდა რუსული ძალების შესვლას აჭარაში.
            ბათუმის აკვატორიაში თურქეთის სამხედრო გემებიც კი გამოჩნდნენ.
            სწორედ ამის შედეგად გადარჩა ქართული ფლოტი სრულ განადგურებას და დღეს კიდევ აქვს საშაულება ზღვაში საკმაოდ სერიოზული ოპერაციები განახორციელოს.
            როგორც სარწმუნო წყარომ სანაპირო დაცვის სამსახურიდან» პრაიმ-ტაიმს» აცნობა, იმავე «ბაკეტის» დაკავება ძალიან სერიოზული ოპერაცია იყო – იგი ღია ზღვაში, დაახლოებით სამასი მილის სიშორეში განხორციელდა, რადგან «ბაკეტის» კაპიტანი შორიდან უვლიდა აფხაზეთში შესასვლელად და საფრთხეს ითვალისწინებდა.
            ამის მიუხედავად, თუ რუსეთის ფლოტი საქმეში უშუალოდ ჩაერევა, მაშინ იგი, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს თურქეთსა და აფხაზეთს შორის საზღვაო მიმოსვლას. ისევე, როგორც დაეხმარება აფხაზებს მეკობრეობაში, ესე იგი უცხოური გემების დაკავებაში; აი მაშინ კი გაიხსენებენ ევროპელი ინტელექტუალები აფხაზურ მეკობრეობას და ჰოლივუდსაც ახალი მასალა ექნება სერიალის გასაგრძელებლად – შავი ზღვის სიღრმიდან ამოსული ურჩხულების, შავი დროშისა და პირატთა ვნებიანი ხორხოცის თანხლებით.
            მაგრამ სჭირდება კი ეს რუსეთს? როგორც ითქვა, აფხაზეთსა და თურქეთს შორის საზღვაო მიმოსვლა და დაახლოება მას არ ეპიტნავება, მაგრამ თუკი საქართველოს წინააღმდეგ მორიგი აგრესიის განხორციელებას გეგმავს, მაშინ ასეთი საბაბი შეიძლება სწორედ ზღვაზე მოიძებნოს – საქართველოს კანონიერ და სავსებით გამართლებულ ქმედებებში ძალისმიერი ჩარევის სახით.

მთელ გვერდზე