შავი ღრუბლები ლურჯი ზღვის თავზე

    სანამ საახალწლო–საშობაო სუფრითა და რუსკა მაყაშვილის მორიგი საცეკვაო შედევრით ვტკბებით, ჩვენს სამეზობლოსა და მთელ რეგიონში მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება, რომელთაც საქართველოსთვის ბევრად უფრო საბედისწერო შედეგი შეიძლება ჰქონდეთ, ვიდრე ე.წ. «ცოცხების» ბნელი და სულ უფრო ჩახლართული საქმის ხვეულებში გარკვევის უნაყოფო მცდელობაა. თუმცა, ამ საქმეს ადრე თუ გვიან ნათელი მაინც მოეფინება, რაკი «არა არს დაფარული რომელი არ გაცხადდეს», ამიტომ, ბევრად უფრო პროდუქტიული და სასარგებლოა იმას დავაკვირდეთ, რა ხდება ახალი წლის დღეებში ჩვენი საზღვრებიდან სულ ახლოს.
    რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ხმელთაშუა ზღვაში უპრეცედენტო სამხედრო მანევრების გეგმა. მოსკოვს ასეთი მაშტაბის საზღვაო სწავლებები აქ არა თუ ბოლო 20 წლის განმავლობაში, არამედ საერთოდ არ ჩაუტარებია – საბჭოთა ეპოქაშიც კი. გეგმის თანახმად, მანევრებში მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ შავი, არამედ ბალტიის ზღვისა და წყნარი ოკეანის ფლოტები. აგრეთვე სტრატეგიული წყალქვეშა ნავები. გათვალისწინებული სარაკეტო სროლები. მათ შორის, არ არის გამორიცხული, უახლესი «ბულავას» ტიპის საკონტინენტთაშორისო რაკეტებითაც. ატომური ბომბების მატარებელი თვითმფრინავებიც კი გადაუფრენენ ხმელთაშუა ზღვას. ამავდროულად, მანევრები იწყება კასპიის ზღავში, სადაც კრემლმა ბოლო წლებში უძლიერესი დაჯგუფება შექმნა.
    დასავლეთი ამ მანევრებს პასუხობს არანაკლებ მაშტაბური საჰაერო სწავლებებით ისრაელის, ამერიკისა და «ნატო»–ს წევრ სახელმწიფოთა ასეულობით თვითმფრინავის გამოყენებით. ხმელთაშუა ზღვას თავი რომც დავანებოთ, მსგავსი დაპირისპირება პლანეტის არც ერთ წერტილში, თვით ევროპაშიც კი, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ არ ყოფილა.
    ვითომ მიზეზი მხოლოდ სირია ან ირანია? მაინც რა ხდება? რა ხდება და თუ მარტივად ვიტყვით, ვლადიმერ პუტინს აქვს ძალიან ცუდად საქმე როგორც პოლიტიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ისე გავერთეთ შიდა ქართული გარჩევებით, რომ გამოგვრჩა სერიოზული კრიზისი რუსეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის მხარდამჭერ ელიტაში, რის «გადაფარვასაც» ამჟამად კრემლის ბინადარი ცდილობს:
    არა მხოლოდ მსოფლიო, არამედ თვით რუსეთიც კი შეძრა პუტინის ინიციატივით მიღებულმა კანონმა, რომელიც ნაციონალისტური სიჩლუნგისა და არასრულფასოვნების კომპლექსთა ყოველგვარ წარმოსახვას სცილდება: ადვოკატ სერგეი მაგნიცკის მკვლელი კორუმპირებული რუსი ჩინოვნიკების დასასჯელად ამერიკის კონგრესის მიერ მიღებულ «მაგნიცკის აქტს» (იგი მკვლელებისათვის ამერიკული ვიზის გაცემას კრძალავს) პუტინმა უპასუხა კანონით, რომელიც ამერიკელებს უკრძალავს . . . . . . . . იშვილონ რუსი ბავშვები! მაშინაც კი, როდესაც საქმე უპატრონო ბავშვთა სახლებში ტანჯულ ხეიბარ და ავადმყოდ მოზარდებს ეხებათ.
    ისე, ამერიკულ და რუსულ საზოგადოებათა შესადარებლად ერთი შტრიხიც დავამატოთ ფართო პალიტრას: თურმე ამერიკაში ბავშვთა სახლები საერთოდ არ არის! არ არის იმიტომ, რომ ამის საჭიროება არ არსებობს: უპატრონო ბავშვს აუცილებლად იშვილებს ვინმე იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე ავადმყოფსა და ხეიბარს ეხება. პუტინმა კი, «მაგნიცკის აქტის» საპასუხოდ, სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ეს საცოდავი ღვთისშვილები დასაჯა! თითქოს ამერიკას დააკლდება ამით რაიმე. თან ამაყად განაცხადა სიტყვა სიტყვით შემდეგი: «თუ რუსები ხეიბარ ბავშვთა აყვანაზე უარს ამბობენ, ეს იმიტომ კი არა, რომ არ ეცოდებათ, უბრალოდ, რუსები დიდი ერი ვართ და ასეთ საკითხებს დიდი ერი (Великий народ) სხვაგვარად უყურებსო»
    კი მაგრამ, როგორ სხვაგვარად? მიდი და გაიგე რაშია აქ ღირსება და რატომ არის «კნინი ერი» ის, რომელსაც ხეიბარი ბავშვები აჰყავს სხვა ქვეყნიდან, რაკი საკუთარ ქვეყანაში მათ უპატრონოდ არავინ დატოვებს? ჭეშმარიტად უნდა შეგეცოდოს ეს მართლა დიდი ერი, რომელსაც ასეთი სამარცხვონო პრეზიდენტი ჰყავს!
    ანუ, რუს ჩინოვნიკებს ვიზების გაუქმებით დაემუქრა ამერიკა და რუსეთის პრეზიდენტმა შური საბრალო რუს ხეიბარ ბავშვებზე იძია!!! მე არ ვიცი, რას ფიქრობს ის ხალხი, ამას წინათ პუშკინის სკვერში გენიალური პოეტის ბიუსტს ყვავილებით რომ ამკობდა «ჩრდილოური ორიენტაციის» აღორძინების ნიშნად, მაგრამ სანამ იმ ქვეყანას ასეთი თავსლაფდამსხმელი ლიდერი ჰყავს, ეს ორიენტაცია შესანიშნავი რუსული პოეზიის ფარგლებს მართლა არ უნდა გასცდეს! ამ უტყუარ დებულებას ვერაფერს დააკლებს ის, თუ საკუთარ ლიდერებს როგორ ვაფასებთ ქართველები.
    პუტინის სრულიად იდიოტურ გადაწყვეტილებას ის შედეგი მოჰყვა, რომ თვით ყმადნაფიც რუსულ ელიტაშიც დაიწყო ყრუ ბუზღუნი: «ბავშვებმა რა დააშავესო». მაშინვე გამოცოცხლდა მისიკვდილებული ოპოზიცია, რომელიც ახალი აქციებით იმუქრება, ხოლო ამ აქციებს უკვე ის კატეგორიაც შეიძლება შეუერთდეს, რომელიც მანამდე «სტაბილურობას» არჩევდა. თუმცა ხსენებული ელიტა უფრო სხვა «ნესტრითაა» ნაჩხვლეტი: დასავლეთი როგორც იქნა შეეხო რეჟიმის ყველაზე სუსტ წერტილს და პუტინს მიანიშნა, რომ დიდხანს ვეღარ გაგრძელდება ვითარება, როდესაც რუსული ისტებლიშმენტი მთელს მსოფლიოში ანტიდასავლურ კურსს ატარებს, სირიაში საშინელ სასაკლაოს ხელს უწყობს და ამ დროს მათი შვილები პარიზში, ლონდონსა და ნიუ იორკში ცხოვრობენ. ის რუსი დეპუტატებიც არ თაკილობენ «წყეულ დასავლეთში» მოგზაურობას, ვინც «ანტიმაგნიცკის აქტსა» და სირიის თაობაზე შეურიგებელ კურსს აძლევს ხმას.
    პუტინის არაადეკვატური რეაქცია ადასტურებს რომ დარტყმა პირდაპირ «ათიანში» მოხვდა: დღეს, როცა ბარელი ნავთობი 100 დოლარზე მეტი ღირს, რუსეთი არაფრითაა დამოკიდებული დასავლეთზე გარდა ერთისა: ამერიკელ კონგრესმენთა თუ ბიზნესმენთა შვილები კი არ ოცნებობენ, ისწავლონ და იცხოვრონ მოსკოვსა თუ ხაბაროვსკში, არამედ რუსი დეპუატეტებისა და ოლიგარქების შვილები ოცნებობენ, ისწავლონ და იცხოვრონ კალიფორნიასა თუ კემბრიჯში, ზამთრის არდადეგები კი კურშაველში გაატარონ.
    ხმელთაშუა ზღვის მანევრები და პირსისხლიანი ბაშარ ალ ასადის ტახტზე ჩაჭიდება სწორედ ამ უსარგებლო რისხვის გამოვლინებაა. მით უმეტეს, რომ პრეზიდენტობის პირველი ვადის დასასრულს, ესე იგი 2018 წლისათვის, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს არანაკლები უსიამოვნება ელის: ე.წ. «სლანცის გაზის» მოპოვებით ამერიკამ «გაზპრომს» უკვე გადაასწრო, იწყება «სლანცის ნავთობის» მოპოვება თვით ამერიკაში, რის შედეგადაც, 2017–2018 წლებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები, პირველად ისტორიაში, სრულად უზრუნველყოფს საკუთარ ეკონომიკას ნავთობით და უარს იტყვის იმპორტზე. 2020 წლიდან კი საუდის არაბეთსაც კი გადააჭარბებს ექსპორტით. დღეს 1000 კუბურ მეტრ გაზს მოსკოვი 400 დოლარად ყიდის, მაშინ როცა ამერიკაში უკვე სულ რაღაც 9 დოლარი ღირს! ყველა პროგნოზით, ბარელი ნავთობი 100 დოლარიდან – 8 დოლარამდე დაეცემა და, საინტერესოა, მაშინ ვისზე იძიებს შურს პუტინი?
    ჩვენ, რასაკვირველია, არ უნდა მოვხვდეთ ხელში «ცხელ გულზე», თუმცა კარასინ–აბაშიძის შეხვედრებისას ყველა ამ მომენტს ქართული დიპლომატია თუ პრაგმატულად გაითვალისწინებს, სერიოზულ (თანაც გამოუსწორებელ) შეცდომებს თავიდან ნამდვილად ავიცილებთ.

მთელ გვერდზე