ვაღიაროთ თუ არა სეპარატისტული პასპორტები?

    ევროკავშირის პროგრამა „აღმოსავლური პარტნიორობის“ კოორდინატორებმა მკაცრად გააკრიტიკეს საქართველოს კანონი „ოკუპაციის შესახებ“ და ხელისუფლებას ურჩიეს, „უფრო მოქნილი და პრაგმატული“ იყოს სეპარატისტულ რეჟიმებთან ურთიერთობისას. კერძოდ, ისინი არ იწონებენ კანონის იმ პუნქტებს, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში მაცხოვრებლებს საქართველოს სხვა ტერიტორიაზე და მთელს მსოფლიოში გადაადგილების საშუალებას აძლევს მხოლოდ იმ პირობით, თუ ისინი ე.წ. „ნეიტრალურ პასპორტებს“ მიიღებენ. როგორც ცნობილია, ამგვარი პასპორტების აღება მათ საქართველოს ხელისუფლებამ შესთავაზა, როგორც ერთგვარი კომპრომისი: „ჩვენთვის მიუღებელია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსული პასპორტიზაცია, მათთვის კი ჯერ-ჯერობით მიუღებელია საქართველოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის აღება“.
    სხვათა შორის, ოპოზიციონერებს ზოგჯერ ასეთი არგუმენტიც კი მოჰყავთ, რომ 1990-იან წლებში აფხაზები თურმე „თვითონ ითხოვდნენ ასეთ პასპორტებს და ხელისუფლებამ უარი უთრათ“. არადა, სამართიანობა მოითხოვს ითქვას, რომ იმ დროს ლაპარაკი იყო არა საქართველოს ნეიტრალურ პასპორტებზე (ღერბის და ქვეყნის დასახელების გარეშე, თუმცა საქართველოს საერთაშორისო საპასპორტო კოდით), არამედ გაეროს ე.წ. „სტატუს-ნეიტრალურ პასპორტებზე“ რაც ორი აბსოლუტურად განსხვავებული რამაა. ედუარდ შევარდნაძეს რომ მათთვის საქართველოს ნეიტრალური პასპორტები შეეთავაზებინა (რასაც ახლა ვთავაზობთ), უეჭველად უარს იტყოდნენ. ხოლო გაეროს ნეიტრალურ პასპორტებზე, რამე რომ იყოს, არც ახლა იტყვიან უარს, თუმცა ქართული მხარის თანხმობის გარეშე ეს შეუძლებელია.
    კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა წამოაყენა ორიგინალური იდეა: ვაღიაროთ აფხაზური და ოსური პასპორტები! ანუ, არა რუსული პასპორტები, არამედ ის დოკუმენტები, რომლებიც აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა თავიანთი მოქალაქეობის დასადასტურებლად შექმნეს. ზაქარეიშვილის წინადადებით, აფხაზური და ოსური პასორტების მფლობელებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, თავისუფლად იმოძრაონ საქართველოს ტერიტორიაზე, მიიღონ პენსია, იმკურნალონ საუკეთესო კლინიკებში (მართლაც: ხომ მაინც ვკურნალობთ უფასოდ?), ისწავლონ ყველზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში და, რაც მთავარია, ამ პასპორტების საფუძველზე თბილისში ევროპული ქვეყნების საელჩოებმა გასცენ შენგენის ვიზები: „ვუთხრათ მთელს მსოფლიოს, რომ აფხაზური და ოსური პასპორტები - ეს ჩვენი პასპორტებია და ჩვენ მათ ვუთანაბრებთ საქართველოს მოქალაქის პასპორტებს“ - აცხადებს ბატონი ზაქარეიშვილი.
    თუმცა, ხელისუფლება არ ჩქარობს ამ გადაწყვეტილების მიღებას, რასაც თავისი მიზეზები აქვს. დავაკვირდეთ და ვისმჯელოთ ლოგიკურად: თუკი აფხაზები და ოსები მაინც თავისუფლად დადიან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე (საკუთარი ხელისუფლება რომ ბარიერებს უქმნით, ჩვენი ბრალი არ არის), მაშინ რა გვიშლის ხელს მათი პასპორტები „ჩვენად“ ვაღიაროთ? კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: არა რუსული პასპორტები, არამედ აფხაზური და ოსური პასპორტები.
    როგორც ჩანს, ამ ნაბიჯის გადადგმას ხელს ის უშლის, რომ ხელისუფლებას ეშინია, ვაითუ ამ პასპორტების აღიარება (მით უმეტეს მათში შენგენის ვიზების ჩარტყმა) ევროკავშირში სეპარატისტული რეგიონების ცნობის წინაპირობად იქცეს. და ამ შიშს ნამდვილად აქვს გარკვეული საფუძველი: ევროკავშირი დიდი ბიუროკრატიული მანქანაა, სადაც ერთმა უწყებამ ხშირად არ იცის, რას აკეთებს მეორე. ეს ზოგადად დამახასიათბელია ბიუროკრატიული სისტემისათვის. თუკი ჩვენ მოვითხოვთ და მივაღწევთ იმას, რომ თბილისში ევროკავშირის საელჩოებმა შენგენის ვიზები აფხაზურ და ოსურ პასპორტებში ჩაარტყან, ეს აუცილებლად გულისხმობს ამ პასპორტების აღიარებას სრულფასოვან დოკუმენტებად ევროპის მთელს ტერიტორიაზე. როდესაც, ვთქვათ, ვენის აეროპორტში ავსტრიელი მესაზღვრე ხელში აიღებს ამ პასორტს და მფლობელს ჰკითვას: „რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარ?“ ეს უკანასკნელი უეჭველად უპასუხებს: „აფხაზეთის!“ ან “სამხრეთ ოსეთის!“. მაშ საქართველო რა შუაშია აქ საერთოდ?
    შენგენის ვიზა ხომ იმას ნიშნავს, რომ ევროპა ამ პასპორტს აღიარებს, ანიჭებს მათ განსაკუთრებულ საერთაშორისო კოდს, რომელიც ქართული საპასპორტო კოდისგან განსხვავებული იქნება (აი, როგორც სატელეფონო კოდები მიანიჭა რუსეთმა ცალმხრივად) და მასთან ერთად აღიარებს იმ სახელმწიფოებსაც, რომლის მოქალაქეებს აქვთ ეს დოკუმენტები.
    მაშინ საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ, როდესაც ვაცხადებთ მთელს ევროპაში, რომ „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია?“ ეს არ ნიშნავს, თითქოს ევროპული სახელმწიფოები უკვე ხვალ სცნობენ მათ დამოუკიდებლობას, მაგრამ უეჭველად ნიშნავს ამ თემის მეტად სახიფათო „გაბუნდოვანებას“: ევროპელი ჩინოსნები „მხრებს აიჩეჩენ“ და დასვამენ ელემენტარულ კითხვას: „როგორ შეიძლება განსაკუთრებული საერთაშორისო კოდი ჰქონდეთ იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჯერ არავის უცვნია?“. ბუნებრივი და ლოგიკურია დასკვნა: „მაშინ ან ეს კოდი არ უნდა იყოს აღიარებული, ან ის სახელმწიფო უნდა ვაღიაროთ, რომლის მოქალაქეებს განსაკუთრებული საერთაშორისი კოდი აქვთ“.
    მაგრამ იქნებ ევროპული პროგრამის საკოორდინაციო ჯგუფი ამას არ გულისხმობდა და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებას, ან მკურნალობა-სწავლას გვთავაზობდა ოკუპირებულ ტერიტორიათა მაცხოვრებელთათვის? თუ ყურადღებით წავიკითხავთ დოკუმენტს, ასე არ არის. იქ ნათქვმია, რომ „ნეიტრალური დოკუმენტები არ უნდა იყოს ერთადერთი საშუალება თავისუფალი გადაადგილებისთვის“.
    ასე რომ, აქ ძალიან დიდი სიფრთილე გვმართებს და რთული პრობლემების იოლად გადაწყვეტის მოსურნენიც უნდა დაფიქრდენენ, რა შედეგს გამოიღებს ესა თუ ის „იოლი გადაწყვეტილება“. თორემ აბა ამაზე იოლი რა არის? ჩვენი პარლამენტი ერთ დღეში შეიკრიბება და თუნდაც ხვალ მიიღებს კანონს ან კონსტიტუციურ შესწორებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პასორტების აღიარების შესახებ. მაგრამ ხომ არ შეუწყობს ეს ხელს ამ სახელმწიფოთა საერთაშორისო აღიარებას უკვე ჩვენი მონაწილეობის გარეშე?

მთელ გვერდზე