რამ გააღიზიანა სერგეი ლავროვი
       

        უცხოელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბოლო პრეს-კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ჟურნალისტმა ჰკითხა: როგორ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ჰააგაში და რას აპირებს რუსეთი საქართველოს სარჩელის მოსაგერიებლად?
        რუსული დიპლომატიის მამამთავარმა ჩვეული დემაგოგიით და აშკარა გაღიზიანებით უპასუხა: ქართველები რასობრივი უთანასწორობის ლიკვიდაციის შესახებ საერთაშორისო კონვენციის საფუძველზე გვიჩივიან. თუმცა, ვერ გავიგე, რა შუაშია რასობრივი დისკრიმინაცია 2008 წლის მოვლენებთან და თბილისში ეს კონვენცია რაღა 2008 წლის შემდეგ გაახსენდათო.
        არადა, «მხოლოდ ახლა» არ გახსენებიათ: ჯერ კიდევ 2006 წელს, როდესაც რუსულმა სპეცსამსახურებმა მოსკოვში ქართველების ეთნოწმენდა ჩაატარეს (7 ადამიანი დაიღუპა!) «არალეგალური ემიგრაციის» საბაბით, თბილისმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში იჩივლა და რუსეთს სწორედ ამ კონვენციის დარღვევა დასდო ბრალად. არსებობს რეალური შანსი, რომ საქართევლომ ეს საქმეც მოიგოს, ხოლო დაზარალებულებმა კომპენსაცია მიიღონ.
        რაც შეეხება რასობრივ დისკრიმინაციას, ვინ-ვინ და ლავროვმა კი უნდა იცოდეს, რომ «რასობრივი უთანასწორობის დარღვევა» მხოლოდ კანის ფერის მიხედვით ჩაგვრა არ არის. და არც ის მხოლოდ, მოსკოვში რომ ქართველებსა და კავკასიელებს «შავებს» უწოდებენ. სინამდვილეში, «რასობრივი დისკრიმინაცია» გარკვეული ჯგუფის უფლებათა ნებისმიერი ნიშნით დარღვევაა. ამიტომ, საქართველოს სრული უფლება ჰქონდა ეჩივლა საერთაშორისო სისხლის სამართლის ორგანოში, რომელიც, გაეროს გადაწყვეტილებით, ჰააგაში შეიქმნა.
        ეს სასამართლო გაეროს კონვენციით ჩამოყალიბდა და დაახლოებით 2000 წლიდან ამოქმედდა. სხვათა შორის, რუსეთს მისი იურისდიქცია ჯერაც არ უღიარებია. ამიტომ, რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს მხოლოდ იმ კონვენციების შესაბამისად შეუძლია საქმის წარმოება, რომელსაც მოსკოვი მიუერთდა. ერთ-ერთი ასეთი კონვენციაა 1965 წლის საერთაშორისო შეთანხმება «რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის» შესახებ.
        გარდა ამისა, ჰააგის სასამართლო მხოლოდ იმ საქმეებს განიხილავს, რომელიც 2000 წლის შემდეგ (ესე იგი სასამართლოს ამოქმედების დღიდან) მომხდარ მოვლენებს ეხება. ამიტომაცაა შეუძლებელი 1992-1993 წლების აფხაზეთის თემების განხილვა. გარდა იმ გამონაკლისისა, როდესაც მაშინ დაწყებული დანაშაული დღემდე გრძელდება და მეორდება. აქედან გამომდინარე, ქართველი იურისტები რუსეთს ბრალად სდებენ დისკრიმინაციას, დაწყებული 1990 წლიდან, რაკი მოსკოვის მიერ პროვოცირებული ყველა კონფლიქტი ქართველების ეთნიკური წმენდით დასრულდა.
        მიუხედავად 2000 წელს ამოქმედებისა, ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, ჰააგის სასამართლოს განეხილა სარჩელი სახელმწიფო-სახელმწიფოს წინააღმდეგ. რუსეთისთვის კი ნამდვილად არაკომფორტული და სამარცხვინოა, რომ ამგვარი განხილვის პირველი ობიქტი თავად აღმოჩნდა.
        სწორედ ამიტომ გაღიზიანდა სერგეი ლავროვი: მოსკოვმა, მისდაუნებურად, თვითონ შექმნა პრეცედენტი, რომ მთელი სახელმწიფო განსასჯელის სკამზე იყოს. თანაც, ისეთი ბინძური დანაშაულისთვის, როგორიცაა ეთნოწმენდა. ამიტომაც ცდილობენ საუკეთესო რუსი ადვოკატები, საქმის არსზე კი არ იმსჯელონ, არამედ თვით მისი განხილვა დააყენონ ეჭვქვეშ. ესე იგი, კრემლისთვის იდეალური იქნება ვითარება, როდესაც ჰააგა საერთოდ აღარ განიხილავს საქმეს. თუმცა, ეს შესაძლებლობა ხელიდან გაშვებულია: განხილვა უკვე დაიწყო და ლავროვს მისთვის სამარცხვინო კითხვა უკვე დაუსვეს.
        თითქოსდა, რა აზრი აქვს ჰააგის სასამართლოში ჩივილს? მართლაც, ჰააგის სასამართლოს უბრალოდ არ შეუძლია, რაიმე სერიოზული განაჩენი გამოიტანოს რუსეთის წინააღმდეგ, რაკი ეს სასამართლო გაეროს ორგანოა, ხოლო გაეროს უშიშროების საბჭოში მოსკოვს ვეტოს უფლება აქვს.
        ამის მიუხედავად, ქართული მხარე სწორად მოიქცა, რომ ჰააგაში სარჩელი შეიტანა: აქ მთავარი შედეგი კი არ არის, არამედ პროცესი – სასამართლო განხილვა შეიძლება თვეობით და წლობით გაგრძელდეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში კი მოსკოვი თავის მმართლებლის როლში იქნება და არა მხოლოდ ლავროვს, არამედ პუტინსა და მედვედევსაც დაუსვამენ გამაღიზიანებელ კითხვებს. ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ რუსეთი, სინამდვილეში, არ არის ზესახელმწიფო: თანამედროვე მსოფლიოში არ შეიძლება ზესახელმწიფოს ეთნოწმენდაში ადანაშაულებდნენ. ხომ არც ერთი ქვეყანა არ ადანაშაულებს ამაში ამერიკას, დიდ ბრიტანეთს თუ გერმანიას ან იაპონიას? რუსეთი კი დღეს, 21 საუკუნეში, იძულებულია თავი იმართლოს ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ბრალდების გამო.
        ამიტომ, ჰააგის სასამართლომ საბოლოოდ ვერც ვერაფერი რომ ვერ გადაწყვიტოს, ჰოლანდიაში მიმდინარე პროცესი მაინც სერიოზული პოლიტიკური ბერკეტია და ლავროვმა ეს ძალიან კარგად იცის.
        ამიტომაცაა დაბოღმილი.

მთელ გვერდზე