„საოცნებო არჩევნები“: ბრძოლა მეორე ადგილისთვის

    21 ოქტომბერს საქართველოში მორიგი მუნიციპალური არჩევნები ტარდება. როგორც ყოველთვის, ამ არჩევნებზე ლამის „ყველაფერი წყდება“, ადგილობრივი პრობლემების გარდა, ანუ წყალგაყვანილობის, გზების, დაუსრულებელი მშენებლობების, ნარჩენების ქუჩიდან გატანის, ავარიული სახლების, განათების.............კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილი ვითარება და ამ კონტექსტში რუსეთ-ამერიკის გეოპოლიტიკური დაპირისპირების საქართველოზე „გავლენის“ შესახებ უფროა საუბარი, ვიდრე კანალიზაციაზე. იმიტომ, რომ ქართველი პოლიტიკოსებისთვის „მუნუციპალური არჩევნები“ სინამდვილეში „მოთელვაა“ „ნამდვილი არჩევნებისთვის“.
    „ბაღებთან“ დაკავშირებულმა სკანდალმა დაადასტურა: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ამ ქვეყანაში უკვდავია ისევე, როგორც ძალაუფლების მოპოვება-შენარჩუნების ვნება! ის, რომ ამას „წინა ხელისუფლებაც აკეთებდა“, არანაირი გამართლება და არგუმენტი არაა. თუმცა პრობლემა ნამდვილად არის: ადამიანთა მეტისმეტად დიდ ჯგუფს აღიზიანებს, როცა ის ხალხი გამოთქვამს პროტესტს, ვინც „თვითონ როცა იყვნენ ხელისუფლებაში.....“ და ა.შ სანამ ეს ნარატივი იარსებებს, ნორმალური არჩევითი დემოკრატია ქვეყანაში ვერ დამკვიდრდება, რადგან ადამიანებს ჯიუტად არ სურთ გაიგონ („არ შეუძლიათ“ კი არა, „არ სურთ“!) დემოკრატიული პლურალიზმის უმთავრესი კანონი: მთავარი ის კი არ არის, „ვინ ამბობს“, არამედ „რას ამბობს“. ზუსტად ისევე, როგორც სასამართლოზე, სადაც „შეჯიბრებითობის პრინციპია“: ადვოკატი იმის ადვოკატია, ნემსის ყუნწში გაძვრეს, რათა თავისი მოვალეობა შეასრულოს. დაზარალებულთა ან გარეშე დამკვიდრებელთა მხრიდან მისდამი ემოციური დამოკიდებულება კი სისულელეა. ასეთივე სისულელეა ოპოზიციის დამუნათება - „თქვენც ხომ იგივეს აკეთებდით......“ ოპოზიცია იმის ოპოზიციაა, „იყეფოს“ სანამ ოპოზიციაშია ოღონდ იმ დათქმით, რომ თუ ის მოვა (ან დაბრუნდება) ხელისუფლებაში, მასაც ასევე „უყეფებენ“ და ა.შ.
    რეალური ბერკეტი „ადმინისტრაციული სახელისუფლებო რესურსის“ წინააღმდეგ არ არსებობს: „ბაღების სკანდალმა“ ეს მკაფიოდ დაადასტურა: ძალიან ძნელია რაიმეს იურიდიულად დამტკიცება, მით უმეტეს კრიმინალის პოვნა იმ ოდენობით და ხარისხით, ეს საკმარისი იყოს ლეგალური პროცედურების აღსაძრავად.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    წინა ხელისუფლების დროსაც და დღესაც „ადმინრესურსის“ მთავარი წყარო კონფორმიზმია, როდესაც ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს მუდმივად აშინებს სამსახურის დაკარგვა, შესაბამისად, იპოთეკური სესხის „დანგრევა“ და ა.შ. ასეთი კატეგორია „სიებს ადგენდეს“ გასაკვირია? ალბათ იგივე ხდება სკოლებში, სხვა სახელმწიფო უწყებებში............ერთადერთი გამოსავალი, სინამდვილეში, საზოგადოებრივი მენტალობის შეცვლაა.........მაგრამ მხოლოდ ამით არჩევნებს ვერ მოიგებ. დამარცხების „ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით“ ახსნა კიდევ უფრო დიდი ცრუპენტელობაა: „ბაღის დირექტორებმა“, „კორპუსის მამასახლისებმა“, „სკოლების დირექტორებმა“, გამგებლებმა და გამგეობების თანამშრომლებმა შეიძლება მხოლოდ „დასწრება“ უზრუნველჰყონ არჩევნებზე, ანუ ხელისუფლების პოტენციური ამომრჩეველი როგორმე „მიათრიონ“ საარჩევნო ყუთთან - მოლაპარაკებით, თხოვნით, ფარული მუქარით, დაპირებებით, „სიების შედგენით“ და ა.შ. მაგრამ მათ ნამდვილად არ შეუძლიათ უზრუნველჰყონ ამომრჩევლის კალმისტრის მოძრაობა საარჩევნო ჯიხურში! ეს ერთი. და რაც მთავარია, ხელისუფლება თუ იყენებს „ადმინისტრაციულ რესურსს“ და მუდამ ახერხებს ამგვარი უგვანი მეთოდით საკუთარი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე „მოიყვანოს“, ამის ერთადერთი „წამალი“ ისაა, ოპოზიციამაც მოახერხოს თავისი ამომრჩევლის „მისვლა“ იმავე უბანზე! ანუ მოიქცეს ისე, რომ ეს ამომრჩეველი არ იყოს გულგატეხილი ოპოზიციის შიდა დაპირისპირებით, არ იყოს დაბნეული ოპოზიციური ლიდერების გაუთავებელი ურთიერთლანძღვით, განხეთქილებით (როგორც მიშა-უგულავა-ბოკერიას შემთხვევაში) არ იყოს „ხელჩაქნეული“ და „სახლში დარჩენისთვის“ განწყობილი.
    თუ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი ნამდვილად უმრავლესობაა და იგი (რაც მთავარია) სახლში კი არ რჩება, არამედ მიდის არჩევნებზე, ხელისუფლებას ვერანაირი „ადმინრესურსი“ ვერ გადაარჩენს! 2012 წლის არჩევნებმა ეს ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა. ისევე, როგორც კახი კალაძის „იტალიური საფეხბურთო საძმო“ და თბილისში „ნახანძრალთა დასახმარებლად“ გამართული „საქველმოქმედო მატჩი“ ვერ უშველის მმართველ პარტიას, თუკი ოპოზიცია მოახერხებს საკუთარი ამომრჩევლის საარჩევნო უბანზე მიყვანას და თუ ეს ამომრჩეველი მართლა მეტია, ვიდრე ხელისუფლების მომხრეთა კონტინგენტი.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    მაგრამ როგორ შეიძლება ან ერთი, ან მეორე პირობა იყოს დაკმაყოფილებული, როდესაც ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რათა დამარცხდეს? ამომრჩეველი ხომ ხედავს: ერთმანეთს უფრო ებრძვიან, ვიდრე „ოცნებას“; ის უფრო აღელვებთ, ვინ გავა მეორე ადგილზე თბილისში!
    ყველაზე საინტერესო და ნიშანდობლივი მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, ზალიკო უდუმაშვილის წინააღმდეგობრივი კამპანიაა: მისი საარჩევნო ვიდეორგოლი, - „თბილისოს“ ერთ ერთი მოდიფიკაციის საუნდტრეკით, - აბსოლუტურად სხვა ელექტორალურ კატეგორიაზეა გათვლილი, ხოლო „ქართუ-ბანკთან“ და საკრებულოსთან გამართული აქციები - სულ სხვა ყაიდის და განწყობის, ე.წ. „პროტესტულ“ ამომრჩეველზე.
    ამ ორი კატეგორიის შეთავსება და ერთდროული მობილიზება აბსოლუტურად გამორიცხულია: არჩევნების პროცესში ან ერთი დაიკარგება, ან მეორე. უფრო პირველი, ვიდრე მეორე. არადა, გავიხსენოთ: ზალიკო უდუმაშვილი თავის დროზე წარმოადგინეს, როგორც „გაწონასწორებული“, „მშვიდი“, „სოლიდური“, „დინჯი“, მთლიანობაში არააგრესიული იმიჯის მატარებელი. ანუ კონსტრუქციული მენტალობის ადამიანთა „მომზიდველი“ არჩევნებზე. რეალურად კი გამოვიდა......... „ზალიკო მოვაააა!!!“. არადა, ზალიკო - გუგავას ნამდვილად ვერ აჯობებს ამ საქმეში: მისი „გაბრაზებები“ და ყელზე ძარღვების ბერვა არაბუნებრივად, არადამაჯერებლად, ცოტა კომიკურადაც გამოიყურება.
    ამგვარი „გაორება“ კიდევ ერთხელ ადასტურებს (ისევე, როგორც ნიკა მელიას სკანდალური, თუმცა შინაარსობრივად აბსოლუტურად ზუსტი განცხადება კეზერაშვილზე), რომ არავითარი შეთანხმებული, გააზრებული, რაციონალური სტრატეგია მთავარ ოპოზიციურ ძალას არ გააჩნია - როგორც ჩანს, შეგუებულია დამარცხებას - იბრძვის იმისათვის, რათა ალეკო ელისაშვილი არ „გაეპაროს“ მეორე ადგილზე და, რაც მთავარია, „ევროპელი ქართველი“ ელენე ხოშტარია დაამარცხოს.
    მეორე ამოცანა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო მიშას გუნდისთვის, ვიდრე პირველი: ამ არჩევნებზე უგულავა-ბაქრაძე-ბოკერიას ჯგუფთან დამარცხება მისთვის უკვე სრული კატასტროფა იქნებოდა. მაგრამ ეს ამოცანა შესრულებულია: ბოლო გამოკითხვებით, ელენე ხოშტარია ბევრად ჩამოუვარდება ზალიკოს. ალეკოსთან დამარცხება კი ცუდი იქნება, თუმცა მაინც ასატანი.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ოღონდ, თითქმის არავინ საუბრობს იმაზე, რომ სწორედ ქართული საზოგადოების „მენტალური მაქსიმალიზმიდან“ გამომდინარე, „ოცნებაც“ საკმაოდ ცუდ დღეშია და ძალიან რთული ამოცანა აქვს გადასაწყვეტი: კალაძე მოიგებს, რასაკვირველია, მაგრამ მოიგებს კი პირველივე ტურში? ვერც ნარმანიამ მოიგო პირველივე ტურში, მაგრამ ის სხვა დრო იყო: ახლა 2017 წელია, „ოცნება“ უკვე 5 წელია ქვეყანას მართავს, ხოლო კახი კალაძე არ არის დავით ნარმანია იმ აზრით, რომ ბევრად მნიშვნელოვანი ფიგურაა „ბიძინას გუნდში“. ალბათ იმ ორ-სამ ადამიანთა რიცხვშია, ვინც რეალურად იღებს ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ბიძინას „თამადობით“.
    კალაძის ამ არჩევნებში დამარცხებაზე ლაპარაკი ზედმეტია, რაკი ოპოზიციამ რეალური ალტერნატივა ვერ შექმნა, მაგრამ „არადამაჯერებელი“ გამარჯვება, მით უმეტეს თუ მეორე ტური შედგა და კიდევ უმეტეს, მეორე რაუნდში არა ზალიკოსთან, არამედ ალეკოსთან მოუწია შერკინება, მმართველი პარტიის სერიოზული პოლიტიკური მარცხი გახდება.
    ამგვარი დამარცხებებით კი „მწიფდება“ ვითარება „ნამდვილი“ დაპირისპირებისთვის, რომელიც მომავალ წელს დაიწყება ჯერ საპრეზიდენტო, შემდეგ ისევ საპარლამენტო არჩევნების გამო.

    მთელ გვერდზე