საქართველო ორ მარტორქას შორის
   
ასე იწყებოდა მსოფლიო ომები

    თურქეთის სამხედრო–საჰაერო ძალთა კუთვნილი, ამერიკული «F—16» მიერ რუსულ ბომბდამშენ «სუ–24»–ის ჩამოგდება ზოგიერთმა დასავლელმა «კოლუმნისტმა» სარაევოს საბედისწერო ინციდენტს შეადარა: 1914 წლის 28 ივნისს, სერბმა ნაციონალისტმა გავრილო პრინციპმა, «პრინციპული» გასროლით, ავსტრია–უნგრეთის ტახტის მემკვიდრე, ფრანც–ფერდინანდი მოკლა. იმ მკვლელობას პირველი მსოფლიო ომი, «ნამდვილი მეოცე საუკუნის» დასაწყისი და ძველი სამყაროს ნგრევა მოჰყვა.
    ბოლო დროს რა სისულელეს არ მოისმენ ან წაიკითხავ «სარაევოს გასროლის» შესახებ: თურმე «ომი ევროპაში არავის უნდოდა», «სრული მოულოდნელობა იყო», «არაფერი მოასწავებდა» და სხვა ათასი აბსურდი! სინამდვილეში, ის გასროლა (და შემდგომი მსოფლიო ომი) ისეთივე «შემთხვევითობა» იყო, როგორი «უნებლიე შემთხვევითობაცაა» სირია–თურქეთის საზღვარზე, სირიის საჰაერო სივრცეში მომხდარი ბოლო ავია–ინციდენტი!
    «სარაევოსდროინდელ» ევროპაში მიმდინარეობდა ნაციონალურ სახელმწიფოთა მომწიფების პროცესი. აქედან გამომდინარე, იმპერიების დაშლა (მაშასადამე ომი!) აბსოლუტურად გარდაუვალი გახდა. გავრილო პრინციპის «ბრაუნინგ M1910»-მ მხოლოდ თრიგერის როლი შეასრულა.
    სხვა საქმეა, რამდენად გამოიწვეს ანალოგიურ შედეგს, ანუ მსოფლიო ომს ის, რაც ამჯერად აღსრულდა სირიის ცაში. რასაკვირველია, ჩამოგდებული თვითმფრინავიდან კატაპულტირებულ და თურქომანების მიერ ჰაერშივე დახვრეტილ რუს მფრინავ ოლეგ პეშკოვს, რბილად თუ ვიტყვით, «ბევრი უკლია» ავსტრია–უნგრეთის ტახტის მემკვიდრემდე, მაგრამ რაოდენ დიდიცაა სხვაობა მათ სოციალურ სტატუსს შორის, იმდენადვე დიდი უფსკრული აშორებს მაშინდელ და ამჟამინდელ გლობალურ წესრიგს, თამაშის წესებს, ასევე უახლეს კომუნიკაციებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ტექნოლოგიებს.
    იმ ვითარებაში, როდესაც არსებობს ინტერესთა შეურიგებელი კონფლიქტი რუსეთსა და თურქეთს შორის სირიის გამო, ადრე თუ გვიან რაღაც უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც. ინციდენტი ისევე გარდაუვალი იყო, როგორც გარდაუვალია ამ კონფლიქტში სხვა რეგიონული სახელმწიფოების ჩარევა ამა თუ იმ ფორმით. განსაკუთრებით, თუ ესკალაცია გაგრძელდა.
    სხვათა შორის, ბევრი ისტორიკოსი «პირობით პირველ მსოფლიო ომს» უწოდებს «ყირიმის ომს» (1853–1956), რომელიც სწორედ რუსეთსა და თურქეთს შორის დაიწყო, მაგრამ მაშინდელი ზესახელმწიფოებიც ჩაითრია. საოცარი მსგავსებაა: თუ ანკარამ მიიღო გადაწყვეტილება ჩაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისათვის («მონტრიოს კონვენციის» შესაბამისად, სამხედრო საფრთხისას მას აქვს ამის უფლება), მაშინ ანალოგია თითქმის აბსოლუტური გახდება. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ 1853 -1856 წწ საომარი მოქმედებები ყირიმის ნახევარკუნძულზე განვითარდა, რომელიც დღესაც «განხეთქილების ვაშლია» ევროპასა და რუსეთს შორის.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    მაგრამ ეს ყოველივე თეორიული მსჯელობაა მათთვის, ვისაც თავი «თეატრში» მყოფად მიაჩნია და ჰგონია, რომ შეუძლია მხოლოდ დატკბეს წარმტაცი სანახაობით, რაც ჩვენს თვალწინ ვითარდება. არადა, კონფუცის დაუწყევლია: «შენ გეცხოვროს საინტერესო დროშიო». საქართველო ასეთ კომფორტულ ვითარებაში (ანუ მხოლოდ «მაყურებლის» როლში) არც ყირიმის ომის დროს იმყოფებოდა (მაშინ კინაღამ ხელმეორედ დავკარგეთ სამცხე–ჯავახეთი) და არც დღეს. კიდევ უარესი: «რამე რომ იყოს», პირველ დარტყმას სწორედ საქართველო მიიღებს!
    სავაჭრო–ეკონომიკური საკითხები ქვემოთ იყოს. მთავარი საფრთხე და სათუთი «მზის წნული» აჭარაა! 2008 წელს, როდესაც რუსული ჯარები ფოთს გასცდნენ (ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე «საქართველოს შეიარაღებული ძალების» მხრიდან) და ჩოლოქს მიუახლოვდნენ, პრემიერ–მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი სასწრაფოდ გაფრინდა მოსკოვში და პუტინი გააფრთხილა: თურქეთი არ დაუშვებდა რუსული ჯარის შესვლას აჭარაში, რომელიც, 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით, სარგებლობს ავტონომიით! აჭარის სანაპიროსთან გამოჩნდნენ თურქული სადესანტო ხომალდები (ბარემ აქვე ვთქვათ, რომ თურქეთის ფლოტი სამჯერ ძლიერია რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე) და თურქ მედესანტეთა ათასეული ყოველ წამს მზად იყო დესანტირება განეხორციელებინა ბათუმის მისადგომებთან, ანუ აჭარის ანექსია მოეხდინა იმ საბაბით (!), რომ ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობას საფრთხე ემუქრებოდა.
    როგორ განვითარდება მოვლენები, თუ რუსეთსა და თურქეთს შორის მართლა დაიწყო ომი, რაც აუცილებლად გადაიზრდება დიდ რეგიონულ კონფლიქტში? ამის ალბათობა თითქოს მცირეა, მაგრამ გამორიცხული ნამდვილად არ არის. ერთმა დასავლურმა გაზეთმა ეს კონფლიქტი ასე დაახასიათა: «ცარი – სულთანის წინააღმდეგ».
    მართლაც, პუტინი და ერდოღანი ტიპოლოგიურად ძალიან ჰგვანან ერთმანეთს: ორივე ცდილობს ძლივსშობილი «ნაციის» კვლავ «იმპერიად» ქცევას, რითაც ადასტურებს იმ ისტორიულ კანონზომიერებას (იგი ჯერ კიდევ ნაპოლეონის ომებიდან იღებს სათავეს), რომ ნაცია ან უნდა გაერთიანდეს სხვა ნაციებთან და «ევროკავშირის» მსგავსი თანასწორუფლებიანი კონფედერაცია შექმნას, ან საზღვრების გარეთ გავლენის ექსტრაპოლირება, შესაბამისად «ინტერესთა ჯახი», ესე იგი სამხედრო კონფლიქტები გარდაუვალი გახდება.
    თანაც, მივაქცით ყურადღება, რომ ეს ყოველივე იწყება მაშინ, როდესაც ამერიკას ჰყავს ძალიან სუსტი პრეზიდენტი, ესე იგი ამერიკა ვეღარ ასრულებს «გამშველებელი არბიტრის» იმ როლს, რაც ისტორიამ დააკისრა მისი უდიდესი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალის გამო.
    «ნატო» კი, «კონსენსუსის პრინციპისა» და გერმანიის სახელმწიფოებრივი დავრდომილობის წყალობით (ეს ქვეყანა «ეკონომიკური ზესახელმწიფო» და «პოლიტიკური ჯუჯაა»), ნამდვილად ვერ შეძლებს ორ რეგიონულ ზესახელმწოფოს შორის ომის თავიდან აცილებას მიუხედავად იმისა, რომ ერთ – ერთი მათგანი ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსის წევრია.
    მათ შერიგებას კი შეეცდებიან, მაგრამ თუ საქმე რუსეთ–თურქეთის სამხედრო «კლინჩამდე» მივიდა, დაბეჯითებით შეიძლება ვთქვათ, როგორ მოიქცევიან ამერიკა და «ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი»: როგორც ჩრდილოამერიკული ჰოკეის ლიგის არბიტრები იქცევიან ხოლმე, როცა აცლიან ჰოკეისტებს ჩხუბსა და ერთმანეთის დასისხლიანებას, სანამ ერთ – ერთი მათგანი ძირს არ დაეცემა.
    რუსეთმა ბირთვული იარაღის გამოყენება თუ გაბედა – სხვა საქმეა. თურქეთში ამერიკის ასეულობთ ბირთვული მუხტია განლაგებული და მიუხედავად იმისა, რომ ეს არსენალი თურქეთს არ ეკუთვნის, მოსკოვი ამას მაინც ითვალისწინებს.
    თუმცა, ჩვეულებრივი შეიარაღების თვალსაზრისითაც, თურქეთის არმია რუსულს აღემატება იმ უმთავრეს კომპონენტებში, რომელიც საბრძოლო მოქმედებათა ამ «თეატრზე» გადამწყვეტი იქნება: ესე იგი საზღვაო–სამხედრო ძალებში, ავიაციასა და სახმელეთო შენაერთთა ბრძოლისუნარიანობით.
    «არაბირთვული ომი» თურქეთსა და რუსეთს შორის აუცილებლად შეეხება საქართველოს, როგორც ყოველთვის ეხებოდა ბოლო 300 წლის განმავლობაში. ისტორიკოსმა გიორგი ანჩაბაძემ PNG განუცხადა, რომ ასე მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როდესაც საქართველო ან რუსეთის მოკავშირე იყო, ან უშუალოდ შედიოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. თუმცა საეჭვოა, ეს ორი რეგიონული ზესახელმწიფო ჩვენი ქვეყნის დღევანდელ «დამოუკიდებელ სტატუსს» განსაკუთრებული პიიტეტით მოეპყრას.
    მით უმეტეს, რომ საქართველო არ არის რეგიონული უსაფრთხოების არც ერთი სისტემის წევრი! ანუ, არც «ნატო»–ში გვიღებენ და არც მოსკოვის «ანტინატოში» (რუსეთ–ბელორუს–სომხეთ–ყაზახეთ–ყირგიზეთ–ტაჯიკეთის «კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება») შევდივართ. მაშასადამე, ქვეყანა, ამ თვალსაზრისით, სრულიად დაუცველი და უპატრონოა.
    ჩვენს ტერიტორიაზე ან საჰაერო სივრცეში საბრძოლო მოქმედებები თუ გაიმართა, რუსეთმა სამცხე–ჯავახეთისკენ ჯარი დაძრა ცხინვალიდან, ხოლო თურქეთმა აჭარაში შეიყვანა და ეს სამხედრო მოქმედებათა ლოგიკით ახსნან (არსებობს ასეთი ლეგიტიმური ცნება), ვის მივმართოთ საშველად – «გაეროს სალაყბოს?»
    სამწუხაროდ, ქართველ პოლიტიკოსებს დღემდე ვერ შეაგნებინებ, რომ ასე უპატრონოდ, ასე ყოველგვარი სამხედრო ალიანსის გარეშე (როცა არც «აქეთ» არის და არც «იქით» არც «ამაშია» არც «იმაში» და არც ერთ სახელმწიფოსთან რეალური სამხედრო ხელშეკრულება არ გააჩნია) ეს ქვეყანა უბრალოდ დაიღუპება. ახლა თუ არა, უახლოეს მომავალში მაინც.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ეს რაც შეეხებოდა სამხედრო სფეროს. ეკონომიკური რისკები უკვე ვიგრძენით: საქართველოს სამხედრო გზა, ფაქტიურად, პარალიზებულია მას შემდეგ, რაც რუსმა მესაზღვრეებმა შეაჩერეს თურქული ტრაილერები, მათ კი ჩახერგეს ნეიტრალური ზოლი საკონტროლო–გამშვებ პუნქტ (სგპ) «ზემო ლარსსა» და რუსულ სგპ «ყაზბეგს» შორის. «ამ პუნქტის გამტარუნარიანობა ისედაც სულ 500–600 მანქანაა და ნახევარსაც კი ვერ ვატარებთ საქართველოდან და სომხეთიდან» – განუცხადა PNG «შემოსავლების სამსახურის» საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის გამგემ, ხატია მოისწარფიშვილმა.
    ეს კი არა, თურქი მძღოლები ჩივიან, რომ რუსები მათ სცემენ და აგინებენ. გასაკვირი ნამდვილად არ არის, ოღონდ, ქალბატონ მოისწარფიშვილის თქმით, ასეთი რამ თუ ხდება კიდეც, ხდება მხოლოდ რუსულ სგპ–თან და არა საქართველოს ტერიტორიაზე, ან თუნდაც ნეიტრალურ ზოლში.
    საქართველო, კონფლიქტის მიუხედავად, დაინტერესებულია შეინარჩუნოს სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან, თუნდაც იმიტომ, რომ თურქეთში ჩვენი ხილ–ბოსტნეული, ღვინო და ბორჯომი არავის სჭირდება.
    მეორეს მხრივ, თურქეთი საქართველოს «ნომერ პირველი» ეკონომიკური, ენერგეტიკული და საკომუნიკაციო პარტნიორია: თურქეთისაკენ მიმავალი მილსადენებით ვიღებთ ენერგიას, თურქეთიდან შემოდის ყველანაირი საქონელი – ნემსით დაწყებული და წინდით დამთავრებული; თურქული ავიაკომპანიები, მათ შორის ლოუკოსტერები აძლევენ საშუალებას საქართველოს მოქალაქეებს, შედარებით იაფად იმოგზაურონ ევროპაში. ამ მხრივ თურქეთი ჩვენთვის მთავარი სატრანსპიორტო «ჰაბია».
    კიდევ ერთი განზომილებაა აფხაზური: ანკარა ფორმალურად კი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ რეალურად ისე იქცევა აფხაზეთში, როგორც რუსეთი იქცეოდა 2008 წლამდე, ანუ თბილისს ბევრს არაფერს ეკითხება.
    აფხაზური დისპორა, ესე იგი XIX საუკუნეში რუსეთის მიერ განდევნილ მუჰაჯირთა შთამომავლები, სტამბულ–ადლერის ავიახიდით მოძრაობენ თურქეთსა და აფხაზეთს შორის. ამ ხიდის ამოქმედებას ჩვეული ეშმაკობით მიაღწიეს: რუსებს უთხრეს, რომ თუ არ დათანხმდებოდნენ, მაშინ «პაატა ზაქარეიშვილი გვთავაზობს საქართველოს ტერიტორიით ვისარგებლოთო». მოსკოვს კი ამ ექსკლუზივის ხელიდან გაშვება არ უნდოდა.
    ახლა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რუსეთ–აფხაზური წინააღმდეგობის ფონზე (რაც ბოლო დროს გამწვავდა) შეეხება თუ არა ანტითურქული სანქციები «სტამბულ –ადლერის» ავიახიდს. თუ არ შეეხება, უდავოდ საქართველოს ხელისუფლების «დამსახურება» იქნება, რომელიც მუდამ აძლევს საშუალებას აფხაზ სეპარატისტებს, ეს კარტი ეშმაკურად გაითამაშონ და მოსკოვი «დააშანტაჟონ».
    სულ სხვა ვითარება შეიქმნება, თუ ერთმნიშვნელოვნად ვიტყვით, რომ არც ერთ მოჰაჯირს ჩვენს ტერიტორიაზე არ გავატარებთ მანამ, სანამ აფხაზეთი არ დაიბრუნებს პოლიტიკური ავტონომიის სტატუსს საქართველოს შემადგენლობაში და ქართველი ლტოლვილებიც არ დაბრუნდებიან სამშობლოში.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    სწორედ «აფხაზეთის ფაქტორის» გათვალიწინებით, სრულებითაც არ არის მოკლებული საღ აზრს მოსაზრება, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის «შეხმატკბილება» ჩვენთვის ბევრად საშიშია, ვიდრე მათ შორის დაპირისპირება. თუ, რასაკვირველია, ომამდე არ მივიდა საქმე, ხოლო საქართველო ამ ომის ასპარეზად არ იქცა.
    ასეთ ვითარებაში, ბევრი რამ ქართული დიპლომატიის «ხარისხზე», ესე იგი ქართველ დიპლომატთა პროფესიულ დონეზე ხდება დამოკიდებული. ანუ, შეძლებს თუ არა პატარა ქვეყანა, ისე გაიაროს «ბეწვის ხიდზე», რომ პირველ რიგში თვითონ არ დაზარალდეს, დასაველთთან და თურქეთთან ურთიერთობები არ გაიფუჭოს, მაგრამ არც რუსეთს მისცეს თბილისიდან 35–იოდე კილომეტრში განლაგებული ჯარების ამოქმედებისა და სავაჭრო ბლოკადის განახლების საბაბი.
    აი, დიპლომატიის თვალსაზრისით კი ტრადიციულად გვიჭირს, ძალიან გვიჭირს ქართველებს . . . და არც რაიმე უკეთესობა ჩანს. ამაზე «პროფილური სამინისტროს» ხანგრძლივი დუმილიც მეტყველებს. როგორც ჩანს, ჰგონიათ, რომ ამგვარ ვითარებაში ეს დუმილი «მრავალმნიშვნელოვანია» და არა «არაფრისმთქმელი».
    ანდა, მეორე ახსნა: ახალ მინისტრს იმდენი გონიერება მაინც ჰყოფნის, მისმა უწყებამ ისეთი განცხადება არ გააკეთოს, რასაც ისევ დუმილი სჯობდა.

    მთელ გვერდზე