სად გაქრა კონდი?
       

        ლამის დეტექტიური სერიალივით ვითარდება საქართველოში ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდოვნის, კონდოლიზა რაისისა და სსრკ ექსპრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვის ვიზიტის ისტორია. როგორც ცნობილია, შავ ზღვაზე თბომავალი «ვერცხლისფერი ქარი» კრუიზს აწყობს პოლიტიკური პენსიონერებისა და პოლიტიკით ავადმყოფურად დაინტერესებული ხანდაზმული ქალბატონებისთვის.
        მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირობებში ეს მიღებული პრაქტიკაა: გამოაცხადებ კრუიზს, მოიწვევ (რეკლამისთვის) რომელიმე პოლიტიკურ პენსიონერს, ცნობად სახეებს და კალიფორნიელი «კუპონების მჭრელები» (ასე უწოდებენ ამერიკელ ბებრუხანებს, რომლებმაც არ იციან რით გაერთონ და ბანკში ჩადებულ დეპოზიტთა პროცენტები როგორ დახარჯონ) – გარანტირებულად გყავს.
        ბუნებრივია, მიხელ გორბაჩოვსაც და კონდოლიზა რაისსაც იმ კრუიზში მონაწილეობისთვის კაპიკი არ გადაუხდიათ. ეგღა აკლიათ: თვით მათი თბომავალზე ყოფნა ხომ რეკლამა იყო და შეიძლება ფული იქითაც კი გადაუხადეს.
        გორბაჩოვი, საერთოდ, რეკლამის დიდი სპეციალისტია:, 1992 წელს, პოსტიდან გაპანღურების შემდეგ, ზესახელმწიფოს დამაქცევარმა იტალიური პიცის რეკლამაში ასტრონომიული თანხა აიღო და რუსმა კომუნისტებმა ლამის ტრიბუნალი შექმნეს - სასიკვდილო განაჩენის გამოსატანად: რა გვიქნა, რას გაგვათახსირა ეს დიდი ერი და დიდი ქვეყანაო.
        თვით გორბაჩოვი კი, რომელსაც სტავროპოლის მხარეში მუშაობის პერიოდიდან ძალიან უყვარს ფული, თავის საქციელს (მართლაც სამარცხვინო და თავსლაფისდამსხმელ საქციელს) იმით ხსნიდა, - «ცივი ომი დამთვარდა და რა მოხდა, თუ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ გემრიელ საჭმელს რეკლამა გავუწიეო». არადა, ოდესმე თუ გაგიგიათ, გადადგომის შემდეგ რონალდ რეიგანს, მარგარეტ ტეტჩერს ან ჰელმუტ კოლს რეკლამაში მიეღოთ მოანწილეობა?
        თუმცა, კონდი რაისმა silver wind-ზე მოწვევა არ იუკადრისა, რადგან ფორმალურად სოლიდური საერთაშორისო სიმპოზიუმი ტარდება: სხედან კალიფორნიელი ბებიები და ბაბუები ხუთვარსკვლავიანი ლაინერის კონფერენც-დარბაზში და ბრძნული გამომეტყველებით ისმენენ «ცნობადი სახეების» ფილოსოფიურ საუბრებს გლობალურ პოლიტიკასა თუ «თანამედროვე გამოწვევებზე».
        ამგრამ ამჯერად პოლიტიკური კრუიზი ნამდვილ სკანდალში გადაიზარდა: მოულოდნელად, გორბაჩოვმა უარი განაცხადა ბათუმში სტუმრობაზე და ორგანიზატორებს შეუთვალა - სოჭში შემოგიერთდებითო. არა მგონია მიზეზი ის ყოფილიყო, რომ ნოდარ ნათაძის მიერ მოწყობილი დემონსტრაციის ან 9 აპრილის აჩრდილების შეეშინდა. ამის რომ შეგეშინდეს, ელემენტარული ნამუსი უნდა გქონდეს, ხოლო გორბაჩოვს შუბლის ძარღვი დიდი ხანია გაწყვეტილი აქვს როგორც ადამიანს და როგორც კომუნისტს:
        სტავროპოლის «ობკომის» მდივნობისას ხელგაშლილად მეგობრობდა იმდროინდელ ქართველ «ცეხავიკებთან» და ცივ ნიავს არ აკარებდა. ალბათ გვარიანი «საჩუქრებიც» მიჰქონდათ ცხონებული რაისა მაქსიმოვნასათვის. საეჭვოა, აგრეთვე, შევარდნაძე გავარდნილიყო ბათუმში - «ძველი მეგობრის» დასახვედრად.
        უფრო მეტად სავარაუდოა, რომ გორბაჩოვს კრემლიდან სთხოვეს, საქართველოში არ ჩასულიყო, რაკი «პერესტროიკის» ავტორის სტუმრობა «მტრულ ქვეყანაში» და მის მიერ გაკეთებული თუნდაც ერთი განცხადება დასავლეთში გარკვეულ «მესიჯს» გააგზავნიდა.
        აი, კონდი რაისთან დაკავშირებით კი საქმე უფრო რთულადაა: ეს ქალბატონი, ტრაპიდან ჩამოსვლის შემდეგ, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ – არავინ იცის. თანაც, ჩემი ინფორმაციით, მან ჯერ კიდევ ბათუმის სანაპიროსთან თბომავლის ჩამოდგომამდე კატეგორიულად გააფრთხილა ამერიკის ელჩი ბაასი, ქართველი ჟურნალისტებისგან დაეცვა. Mმაგრამ მალევე მიხვდა, რომ თუ ჩვენს ქვეყანაში გადაადგილებას განაგრძობდა, ეს უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომაც გადაწყვიტა ნავსადგურიდან პირდაპირ აეროპორტში გამგზავრებულიყო, საიდანაც ევროპაში გაფრინდა.
        თბომავალს იგი მოგვიანებით ისევ შეუერთდება, ოღონდ უკვე არა ქართულ პორტში.
        მაგრამ რატომ? საეჭვოა თეთრი სახლიდან ვინმემ კონდის დაურეკოს და რაიმე რჩევა გაუბედოს. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში საკმაოდ დიდი როლი შეასრულა, ამერიკის «დაუწერელი კანონის» დარღვევას მოერიდა. ამ დაუწერელი კანონით კი, ამერიკის ყოფილი თანამდებობის პირი არასდროს, არც ერთ შემთხვევაში არ ერევა მისი შემცვლელის კომპეტენციაში:
        ახლახანს საქართველოში იმყოფებოდა ჰილარი კლინტონი, რომელიც 2008 წლის შემდეგ ამერიკის ახალი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ავტორია (ქმართან ერთად). კონდოლიზა რაისს კი მის პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. უფრო პირიქით: კონდის და ბუშის პოლიტიკა პოსტსაბჭოურ სივრცეში სხვა ტაქტიკური მონახაზისა იყო. ამიტომ, როგორც არ უნდა «შეფუთულიყო» კონდოლიზას ვოიაჟი საქართველოში (იძახა საწყალმა ამერიკის ელჩმა «მხოლოდ და მხოლოდ კერძო ვიზიტიაო», მაგრამ ვინ დაუჯერა?), თეთრ სახლში და სახელმწიფო დეპარტამენტში მაინც აღიქმებოდა დიდ უტაქტობად და თავხედობად რაისის მხრიდან. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა კონდიმ უბრალოდ მიმალულიყო და თავს გაქცევით უშველა.

მთელ გვერდზე