სააკაშვილის სამშვიდობო მესიჯები

        სტრასბურგში პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა ნამდვილად ისტორიული იყო. ჯერ ერთი, სტრასბურგის ან ბრიუსელის «ევროპული სასახლეები» არც ისე ხშირად ეთმობათ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ლიდერებს. უფრო მეტიც: ევროკავშირის სახელმწიფოთა პრეზიდენტები და პრემიერებიც კი იშვიათად სარგებლობენ ასეთი პატივით თუ შესაძლებლობით.
        სტრასბურგში გამოსვლა «ისტორიულად» მიიჩნია თვით საფრანგეთის დიდმა პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმაც კი, ხოლო მისმა წინამორბედმა, ვალერი ჟისკარ დე ესტენმა სწორედ ევროპარლამენტში წარადგინა საერთოევროპული კონსტიტუციის პროექტი. ესე იგი, ევროპის სასახლეში გამოსვლა ნებიემიერი პოლიტიკოსისთვის დაახლოებით ისეთივე პატივი და ისეთივე განსაკუთრებული იშვიათობაა, როგორც მაგალითად, ნობელის პრემიის მიღება.
        ბუნებრივია, სააკაშვილს თარჯიმანი არ დასჭირვებია. ტყუილად ჰგონია ზოგიერთს, რომ ეს წვრილმანია: ევროპელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გამომსვლელი თავისუფლად საუბრობს ინგლისურად და ფრანგულად. თუმცა პრეზიდენტი საააკშვილი მათ ენაზე ლაპარაკობდა არ მხოლოდ იმიტომ, რომ შექსპირისა და ჰიუგოს ენაზე მეტყველებდა, არამედ ლაპარაკობდა «ევროპულად» შინაარსის თვალსაზირისითაც.
        მაგალითად, ანაკლიაზე მოყოლისას მან თქვა, რომ იქ რუსებმა და მარიონეტებმა «დისკოტეკები და კინოთეატრი დაწვეს, მაგრამ მაინც აღვადგინეთ». არადა, რუსებმა ხომ ბევრი სხვა რამეც დაწვეს – მაგალითად, სენაკის ან გორის სამხედრო ბაზები. მაგრამ ევროპელისთვის დისკოთეკა, კაფე, კინოთეატრი უფრო გასაგები და მისაღებია – ეს არის სიმბოლო ადამიანის, პიროვნების თავისუფლების, ანუ იმ ღირებულების, რომელსაც ეფუძნება დასავლური, ევროპული ცივილიზაცია. ამიტომ, ევროდეპუტატებისათვის ეს მაგალითი ბევრად უფრო გასაგები იქნებოდა, ვიდრე თუნდაც გორის ცენტრში «ისკანდერის» რაკეტის ჩამოგდება.
        სააკაშვილის «სპიჩმა» კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსწონს ვინმეს თუ არა, ეთანხმება ვინმე თუ არა, მაგრამ საქართველომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მაინც მოახერხა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეალობის დაფიქსირება დასავლეთში: რომ აგვისტოს ომი იყო არა ქართულ-აფხაზური ან ქართულ-ოსური, არამედ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი!!!
        რუსებისთვის კი, რა თქმა უნდა, ბევრად კომფორტული იქნებოდა 90-იანი წლების ვითარების განმეორება, როდესაც თვითონ ვითომ «არაფერ შუაში იყვნენ და მხოლოდ მოჩხუბრებს «აშველებდნენ». ის, რომ ევროპელებისთვის სავსებით მისაღები და ბუნებრივი აღმოჩნდა სააკაშვილის პარალელები პრაღაში რუსული ტანკების შეყვანასთან, - ნამდვილად ადასტურებს, რომ ქართულმა პოლიტიკამ ამ ძალზე მნიშვნელოვან მიზანს აშკარად მიაღწია.
        სწორედ ამიტომ, მოსკოვის მოწოდება «აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების» შესახებ უკვე აბსურდულად აღიქმება. თუ ეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტია და ევროპელი დეპუტატები სააკაშვილს ტაშს უკრავენ ალექსანდრე გალიჩის ციტატის მოყვანისას (ჩეხეთში საბჭოთა არმიის შეყვანის შესახებ), მაშინ რა შუაშია «სამშვიდობო ხელშეკრულება თბილისსა და ცხინვალს» ან «თბილისსა და სოხუმს» შორის? ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს თბილისსა და მოსკოვს შორის! საქართევლო ამაზე თანახმაა. რაც შეეხება ძალის გამოუყენებლობას, სააკაშვილმა სტრასბურგში საზეიმოდ განაცხადა, რომ არ გამოიყენებს ძალას «მარიონეტული ხელისუფლებების და რუსული საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ».
        ამ განცხადებას ძალიან საინტერესო რეაქცია მოჰყვა ევროპაშიც და რუსეთშიც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვლავ გაიმეორა სისულელე, რომლისაც დასავლეთში აღარავის სჯერა: «კონფლიქტი საქართველოსთან ჩვენ კი არ გვქონია – ეს იყო კონფლიქტი საქართველოსა და მის ეროვნულ უმცირესობებს შორისო».
        მაგრამ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სულ რამდენიმე საათში, რაც სააკაშვილი ტრიბუნიდან ჩამოვიდა, მოსკოვს მოუწოდა «თავის მხრივ აიღოს ასეთივე პასუხისმგებლობა ძალის არგამოყენებაზე». ანუ, პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივამ კიდევ ერთხელ ჩააყენა მოსკოვი საკმაოდ არასასიამოვნო მდგომარეობაში: ევროპიდან ეს ყოველივე ასე გამოიყურება: «2 წლის წინ იყო რუსეთ-საქართევლოს კონფლიქტი. საქართველო მზადაა ხელი მოაწეროს რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას, მაგრამ რუსეთი უარს აცხადებს; მაშინ საქართველომ ცალმხრივად განაცხადა, რომ კისრულობს სამშვიდობო ვალდებულებებს, მაგრამ რუსეთი, თავის მხრივ, ასეთ ვალდებულებას არ კისრულობს. მაშ ვინ არის აგრესორი?»
        გარდა ამისა, მივაქციოთ ყურადღება ძალიან მნიშვნელოვან ნიუანსს, რომელიც წითელ ხაზად გასდევდა სააკაშვილის გამოსვლას. მას აბსოლუტურად არაფერი უთქვამს, არც ერთი სიტყვით არ უხსენებია მოლაპარაკება «სტატუსის» შესახებ აფხაზ და ოს სეპარატისტებთან.
        იგულისხმება, რომ ამგვარი მოლაპარაკება შეიძლება გაიმართოს და აუცილებლად გაიმართება კიდეც მხოლოდ დეოკუპაციის ანუ რეგიონებიდან რუსეთის ჯარების გასვლის შემდეგ. ეს არის აბსოლუტურად სწორი პოზიცია, რომელიც სამუდამოდ გვაშორებს შევარდნაძისეული «წყლის უაზროდ ნაყვის» მრავალწლიანი პოლიტიკისგან, როდესაც შეურიგებელ სეპარატისტებთან სრულიად უაზრო და არაფრისმომცემ მოლაპარაკებას ვაწარმოებდით მაშინ, როდესაც აფხაზეთშიც და «სამხრეთ ოსეთშიც» ყვეალაფერს მოსკოვი აკონტროლებდა. თუმცა, თავი ისე ეჭირა, თითქოს მხოლოდ «შუამავალი» და «მშვიდობის მტრედი» იყო.

მთელ გვერდზე