რუსული ულტიმატუმი აფხაზეთს


                გასულ კვირას მოსკოვში, ფაქტიურად უშედეგოდ დასრულდა რუსულ-აფხაზური მოლაპარაკებები ე.წ. «საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თაობაზე». ბუნებრივია, თუკი რუსეთი აფხაზეთს «დამოუკიდებელ სახელმწიფოდ» აღიარებს, მაშინ ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის საზღვარი უნდა იყოს დოკუმენტურად დადასტურებული, ასე ვთქვათ ხელმოწერილი (დიპლომატები ამას «დელიმიტაციას» უწოდებენ) და ადგილზე სპეციალური ნიშნებით, სასაზღვრო ბოძებითა და მავთულხლართებით გამიჯნული, ესე იგი მარკირებული.
        საქართველოსთან ამგვარ მოლაპარაკებას რუსეთი 1992 წლიდან აწარმოებდა. ანუ იმ მომენტიდან, როგორც კი სცნო ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თუმცა მრავალწლიანი მოლაპარაკებები («წყლის ნაყვა») სრულიად უშედეგოდ დასრულდა. უფრო ზუსტად, დასრულდა იმით, რომ კრემლმა ჩვენი ქვეყნის ორი რეგიონი ფიზიკურად მიიტაცა. ჰოდა, რომელ «საზღვრის აღიარებაზეა» ლაპარაკი?
        სხვათა შორის, ის ფაქტი, რომ მოსკოვს 16 წლის განმავლობაში მხოლოდ დრო გაჰყავდა და საქართველოს საზღვრის ცნობა (დოკუმენტურად მისი დაფიქსირება) არაფრის დიდებით არ უნდოდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს: აგრესია დიდი ხნის წინ ჰქონდა ჩაფიქრებული და ადრე თუ გვიან აუცილებლად დაგვესხმებოდა თავს, თუკი საქართველო არ მოიშლიდა სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფოს შექმნის მცდელობას, რაც რუსეთს საშინლად აღიზიანებდა ყოველთვის და აღიზიანებს. ეს არის მთავარი მიზეზი გაუთავებელი მტრობისა და არა ის, თუ ვინ იქნება საქართველოს სათავეში ან უწოდა თუ არა სააკაშვილმა – პუტინს «ლილიპუტინი».
        მაგრამ რაც დღეს «საზღვრის» შესახებ რუსულ-აფხაზურ მოლაპარაკებებზე ხდება, ნამდვილად ადასტურებს, რომ რუსეთს არც აფხაზური სახელმწიფოს არსებობა ეპიტნავება და მისი მთლიანად გადასანსვლა აქვს გადაწყვეტილი.

ხელმოუწერელია!»

        მოსკოვის შეხვედრამდე რამდენიმე კვირით ადრე, აფხაზურ «პარლამენტში» მიიღეს ხელმოუწერელი (!) დოკუმენტი პუტინის მთავრობის ბლანკზე, რომელიც მომავალ «სასაზღვრო» მოლაპარაკებებზე რუსული მხარის პოზიციას ასახავდა. სეპარატისტთა ლიდერებმა ვერაფრით გაარკვიეს, ვინ იყო ამ დოკუმენტის ავტორი. ყველგან პასუხობდნენ: «რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაწერა – ეს რუსეთის მთავრობის პოზიციაა და ამით იხელმძღვანელეთო».
        მით უარესი, თუკი რუსეთის მთავრობის ოფიციალური პოზიციაა: წერილში რუსული პირდაპირობითაა ნათქვამი, რომ მოსკოვი აფხაზეთისგან მოითხოვს გაგრის რაიონის 160 კვადრატული კილომეტრის გადაცემას. ეს იმ რაიონის ტერიტორიის თითქმის ნახევარია. თანაც ყველაზე ლამაზი ადგილები – მდინარე ფსოუს ზედა წელი კავკასიონის ქედთან.
        ბუნებრივია, აფხაზებმა სასტიკად «იწყინეს»: საქართველოს იმისთვის ხომ არ ვეომეთ, ახლა ტერიტორიები რუსეთს დავუთმოთო. «არც ერთი გოჯი მიწა – რუსეთს!!!» - ამ დევიზით ტარდება სეპარატისტულ რეგიონში სხვადასხვა შეკრებები, ქვეყნდება სტატიები და გულმხურვალე გამოსვლები ტელე თუ რადიო ეთერში.
        სასაცილოა, რომ მტკიცებულებად რუსეთ-საქართველოს 1918-1921 წლების ხელშეკრულებები მოჰყავთ, რომლითაც საზღვარი რუსეთსა და საქართველოს (და არა რუსეთსა და აფხაზეთს) შორის სწორედ ფსოუზე გადიოდა, ხოლო სოფელი აიბგა და მთლიანად, ხსენებული 160 კვადრატული კილომეტრიც მოსკოვის მიერ საქართველოს განუყოფელ ნაწილად იყო ცნობილი.
        მთელი ამ ტრაგიკომიკური ისტერიის განმავლობაში, აფხაზი ჩინოვნიკები მრავალმნიშვნელოვნად დუმან: კომენტარს თითქმის არავინ აკეთებს. Oოფიციალური ცნობაც არ ვრცელდება, - რა ხდებოდა და რა ხდება იმ მოლაპარაკებებზე: რას თმობენ მხარეები და რაში ვერ თანხმდებიან.
        თუმცა, მთავარი მაინც ცნობილია: აფხაზურმა დელეგაციამ რუსებს ცივი უარი სტკიცა და მოლაპარაკებების გაგრძელება მოითხოვა. რუსებიც ვითომ დაეთანხმნენ, მაგრამ ამ დროს რუსულმა სააგენტოებმა საოცარი ცნობა გაავრცელეს: თურმე, საკურორტო სეზონის წინ, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ და საბაჟო სამსახურმა, რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის «კეთილმოწყობა» გადაწყვიტეს. ესე იგი, მდინარე ფსოუზე არსებული ხიდის შეკეთება და რამდენიმე ახალი ხიდის მშენებლობის დაიწყება.
        მერედა, სანამ ეს მშენებლობა დამთავრდება, როგორ იმოძრავებენ ფსოუზე «მოკავშირე სახელმწიფოთა» (ესე იგი, ორივე მხრიდან რუსეთის) მოქალაქეები? «ძალზე შეზღუდულად» - პასუხობენ მოსკოვში.

პუტინის მეთოდი

            ხიდებისა და საკონტროლო-გამშვები პუნქტების «კეთილმოწყობა» ცნობილი ხრიკია, რომლითაც კრემლი ურჩ მეზობლებს სჯის. მაგალითად, როდესაც 2006 წელს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, «ზემო ლარსში» საზღვრის ჩაკეტვის საბაბი სწორედ სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები გახდა. ამით მოსკოვი მის მიერ «აღიარებულ» აფხაზეთს აფრთხილებს, რომ თუ გაჯიუტდება და 160 კვადრატულ კილომეტერს არ დაუთმობს, - ზაფხულში აფხაზური კურორტები დაცარიელდება. აბა ვინ იდგება მთელი დღე მზის გულზე «საზღვრის გადასაკვეთად», რათა შემდეგ აფხაზური «სტუმართმოყვარეობა» იწვნიოს?
        შემოდგომა-ზამთრის პერიოდშიც, რუსეთის მთავარი სანიტარი ონიშჩენკო აფხაზურ მანდარინზე შავი ჭირის ჩხირებს აღმოაჩენს. სხვათა შორის, ქართულ მედიას თითქმის არ გაუშუქებია, რომ იმავე «სანიტარმა» აფხაზურ ღვინოსა და აფხაზურ ყვავილებში (მიმოზაში) უკევ აღმოაჩინა ეს ჭირი და რუსეთში შეტანაც აკრძალა. მაგრამ ე.წ. «აფხაზეთის მთავრობას» პირში წყალი აქვს ჩაგუბებული და ხმამაღლა პოროტესტის გამოთქმას ვერ ბედავს.
        პრეზიდენტი ბაღაფში ორ ცეცხლს შუა მოექცა: ერთის მხრივ, არ შეუძლია გაგრის ნახევარი რუსეთს გადააბაროს, რადგან სეპარატისტები სახლს გადაუწვავენ, «მოღალატედ» გამოაცხადებენ და ოჯახიანად ამოწყვიტავენ. მაგრამ მეორეს მხრივ, თუ დათმობაზე არ წავა, მოსკოვი ისე «მიაწვება», ისე მოახრჩობს ეკონომიკურად და ფინანსურად, რომ მაინც იძულებული გახდება გადადგეს.

ტერიტორიული გაუმაძღრობა

        თუმცა, სანამ მორიგ «აფხაზურ ხაფანგზე» ვიმსჯელებთ, დავსვათ კითხვა: რა ოხრად უნდა, ბოლოს და ბოლოს, რუსეთს ის 160 კვადრატული კილომეტრი? Gგანა სასაცილო არ არის? მსოფლიოში ტერიტორიით ყველაზე დიდი ქვეყანა რაღაც «კვადრატულ კილომეტრებზე» ედავება პატარა აფხაზეთს! ამ დროს კი, მის მიერ დაპყრობილი «კურილიის კუნძულების» შესახებ მოლაპარაკებეზე უარს ამბობს.
        ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება გრჩება ადამიანს, რომ იმ ქვეყანას მართლა იდიოტები ან მანიაკები მართავენ. მაგრამ სინამდვილეში, თუ დავაკვირდებით, საქმე არც ასე იოლადაა. მოსკოვში კარგად იციან, რას აკეთებენ, ხოლო «ტერიტორიული დავა» მხოლოდ საბაბია.
        «სოჭის ოლიმპიადის ჩასატარებლად ის 160 კვადრატული კილომეტრი ძალიან სასარგებლო იქნებაო» - მტკნარი სისულელეა! რა, ოფიციალურად «გადმოფორმების» გარეშე რუსეთი ვერ გამოიყენებს და ვერ იყენებს აფხაზეთის თუნდაც მთელ ტერიტორიას სოჭის ოლიმპიადისთვის? რაღაში სჭირდება მას ღარიბ-ღატაკი აფხაზური სოფელი აიბგა, რომელსაც დღეს საზღვარი ზუსტად შუაზე ჰყოფს? ამ სოფლის გარეშე დაიღუპება რუსეთი?!
        როგორც ჩანს, სასაზღვრო დავა მოსკოვისთვის მხოლოდ საბაბია, რათა ერთის მხრივ არ სცნოს აფხეზეთის საზღვრები და აფხაზური სახელმწიფოს რეალურობა (როგორც საქართველოს საზღვრებს და საქართველოს სახელმწიფოს რეალურობას არ სცნობდა 16 წლის მანძილზე) და, მეორეს მხრივ, მოიპოვოს საბაბი, აფხაზეთის «მოსახრჩობად».
        მოსკოვში არა პირდაპირ, მაგრამ ირიბად ეუბნებიან «აფხაზ მეგობრებს»: «თქვენი დამოუკიდებლობა იმისთვის კი არ ვცანით, რომ მართლა დამოუკიდებლები იყოთ და სეპარატისტული ჩრდილო კავკასიის მეზობლად მათი მონათესავე ხალხის (აფსუების) სრულფასოვანი სახელმწიფო მივიღოთ. თქვენი დამოუკიდებლობა მხოლოდ იმისთვის ვცანით, რომ რუსეთის შემადგენლოაბში შემოხვიდეთ. ეს მომავალში გაფორმდება. მანამდე კი, აფხაზეთში ყველაფერს რუსეთი უნდა აკონტროლებდეს: საზღვრებს, რკინიგზას, კურორტებს, ფულის მოძრაობას, სამოქალქაო სივრცეს და ა.შ.»
        საქმეც ისაა, რომ ბაღაფშმა ჯერ ყველაფერი არ დაუთმო კრემლს: პუტინის მოთხოვნაზე, გაგრასა და ბიჭვინთაში მისთვის საუკეთესო სანატორიუმები (ყოფილი ბერიას, სტალინისა და ხრუშჩოვის აგარაკები) გადაეცა ერთ რუბლად(!), უარი სტკიცა; რკინიგზა არ მისცა; სამხედრო ბაზები განალაგა, მაგრამ (საინტერესო ფაქტია) აფხაზურ პარლამენტს ჯერ იმ ხელშეკრულების რატიფიცირება არ გაუკეთებია; აფხაზეთის საზღვრებს რუსი მესაზღვრეები იცავენ, თუმცა რუსები მოითხოვდნენ, არა მხოლოდ საზღვარი, არამედ სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტებიც მათ გაეკონტროლებინათ, რაზეც აგრეთვე უარი მიიღეს და ასე შემდეგ.

რაც მოგივა აფსუაო . . . .

        ერთი სიტყვით, აფხაზებს თავი მართლა დამოუკიდებელი სახელმწიფო ეგონათ და რუსებმა გადაწყვიტეს, ჭკუა ასწავლონ. ოღონდ საამისოდ საბაბი სჭირდებათ. ზეწოლის და მუდმივი დაძაბულობის ერთ-ერთი ასეთი საგანი სწორედ გაუთავებელი ტერიტორიული კინკლაობა იქნება. ამით რუსეთი მთელი მსოფლიოს, მათ შორის ევროპის წინაშე აფხაზეთის სახელმწიფოებრივი არასრულფასოვნების დემონსტრირებას ახდენს ისევე, როგორც იმავე მიზეზით გაუთავებლად ეკამათებოდა ქართველ დიპლომატებს თუშეთში საზღვრის ნაკლებმნიშვნელოვან თუ საერთოდ უმნიშვნელო მონაკვეთებზე, რათა საქართველოს დამოუკიდებლობა რეალურად არ ეცნო:
        სახელმწიფო საზღვრით იწყება და თუ მეზობელი სახელმწიფო შენს საზღვრებს არ სცნობს, ხელშეკრულებას არ გიფორმებს და ტერიტორიებს გედავება, მაშასადამე, ასი საელჩოც რომ გახსნას დედაქალაქში – შენს დამოუკიდებლობას სინამდვილეში პატივს არ სცემს. ამასვე მოითხოვს სხვებისგანაც. ანუ მოსკოვი ევროპასაც ეუბნება: «აფხაზეთი მართლა სახელმწიფო არ გეგონოთ – ჩემი ყმა და ვასალიაო»
        გარდა ამისა, ტერიტორიული დავა შესანიშნავი საბაბია აფხაზეთის «მოხრჩობის» ოპერაციის დასაწყებად. რუსული პრესა უკვე იმასაც ამტკიცებს (ჩვეული ურცხვობით), რომ თურმე რუსეთს კი არა აქვს პრეტენზიები აფხაზეთთან, არამედ «უმადურ აფხაზებს» მოულოდნელად გაუჩნდათ ტერიტორიული პერტენზიები მათი «მხსნელი, გადამრჩენელი, მამა და მარჩენალი რუსეთის მიმართ». ჰოდა, განა სამართლიანი არ იქნება, ასეთ უმადურ არსებებს საზღვარი ჩავუკეტოთ და ბლოკადა მოვუწყოთ?
        რაც შეეხება სეპარატისტებს, საქართველოსადმი ჩლუნგი სუძულვილით და შეურიგებლობით მათ თვითონ შეიყვანეს თავი ჩიხში, საიდანაც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დახმარებით თუ იპოვიან გამოსავალს.
        მოუწევთ თხოვნა! საქართველოს ხელისუფლება ამას მშვიდად უნდა დაელოდოს და ევროპის მეშვეობით ისეთი მოდელი შესთავაზოს, რომელიც მაქსიმალურად წაადგება საქართველოს ინტერესებს.
        პირველად, 1991 წლის შემდეგ, საქართველო იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, როდესაც სეპარატისტები უბრალოდ იძულებულნი იქნებიან, თბილისისკენ მიმავალი გზები ეძიონ.
        თუნდაც ბრიუსელისა და ვაშინგტონის გავლით.

მთელ გვერდზე