რუსული მესიჯები
       

        ბევრს შეუნიშნავს, რომ რუსული პოლიტიკის ყველაზე ზუსტი ინდიკატორი არის რუსული ტელევიზია. ბოლო დროს ეს ტელევიზია საქართველოს თუ არ დაუტკბა, ყოველ შემთხვევაში საინფორმაციო დივერსიები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ნამდვილად შემცირდა.
        ამავე დროს, მოსკოვმა რამდენიმე თითქოსდა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. «უცნაური» მისი ბოლოდროინდელი აგრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით. მაგალითად, რუსულმა «როსავიაციამ» ნება დართო რუსულ კომპანია «სიბირს» და ქართულ «აირზენას» შეასრულოს ფრენები თბილისის მიმართულებით. ლაპარაკია აგრეთვე რეისებზე ბათუმში. თანაც, «სიბირის» ავიაბილეთები შედარებით იაფია. განსაკუთრებით შესამჩნევია სხვაობა ბიზნეს-კლასში.
        სულ რამდენიმე თვის წინ კი, მოსკოვში ავიამიმოსვლაზე ლაპარაკიც არ სურდათ. ეს იმ სანქციების ნაწილი იყო, რომელიც მოსკოვმა ჯერ კიდევ 2006 წელს შემოიღო. რუსებს აშკარად ეგონათ, ეს სანქციები საქართველოს დაღუპავდა, ხოლო მოსკოვსა თუ «პიტერში» იოლად გადაფრენა-გადმოფრენის მოყვარულები ხელისუფლებას ასევე იოლად დაამხობდნენ.
        თუმცა, ემბარგომ ის შედეგი ნამდვილად ვერ გამოიღო, რასაც ელოდნენ. ამავდროულად, მიმოსვლის შეწყვეტა მოსკოვს სხვა პრობლემებს უქმნიდა: ამოდენა აგენტურას, რაც საქართველოში (პირველ რიგში ბათუმში) ჰყავთ შექმნილი, რჩენა და ურთიერთობა ხომ უნდა? გარდა ამისა, საქართველოსა და რუსეთს შორის გაუცხოებაც იზრდება. ესე იგი, გაუცხოება უბრალო ხალხს შორის.
        მათ, ვინც ათწლეულების განმავლობაში მიეჩვია ყველა პრობლემის (განათლებიდან – ჯანმრთელობამდე) რუსეთში გადაწყვეტას, აღმოაჩინეს, რომ საქართველოს მეზობელია თურქეთი, რომელიც ყველა თვალსაზრისით რუსეთზე არანაკლებ (თუ მეტად არა) განვითარებული ქვეყანაა და სადაც ყოველგვარი ზედმეტი პრობლემების გარეშე, უწვალებლად (ესე იგი პირდაპირ) შეიძლება გადაფრინდე დაახლოებით იმავე ფასად და უფრო იაფადაც კი, ვიდრე მოსკოვში - კიევის ან მინსკის გავლით.
        ამგვარი გაუცხოება კი ნამდვილად არ შედის რუსეთის ინტერესებში. საქართველო ხომ პუტინს მომავალი ახალი კავშირის წევრ რესპუბლიკად ესახება და თუ ხალხის გაუცხოება დაიწყო (ხელისუფლებათა გაუცხოების პარალელურად), მაშინ ამის მიღწევა ბევრად რთული იქნება.
        ამიტომ, მოსკოვმა თავისი სანქციებიდან ნელ ნელა გამოსვლა გადაწყვიტა და თბილისს შესთავაზა, გაემართათ მოლაპარაკება რეგულარული ფრენების შესახებ. ამით უნდოდათ საქმე ისე წარმოეჩინათ, რომ ინიციატივა თითქოს საქართველოდან მოდიოდა. გარდა ამისა, თუ ჩვენი ხელისუფლება დღევანდელ ვითარებაში რეგულარული ფრენების აღდგენას დათანხმდება, მას უბრალოდ აღარ დარჩება არგუმენტი მოსკოვი-სოხუმის რეისთა საწინააღმდეგოდ.
        ესე იგი, რუსები ჩვეული ეშმაკობით მოქმედებენ: თვითონ სჭირდებოდათ მიმოსვლის აღდგენა, მაგრამ, ამავე დროს, მაქსიმალური მოგების მიღებაც უნდოდათ. მაგრამ ამჯერად ქართული მხარე არ მოტყუვდა: არავითარი ოფიციალური მოლაპარაკება მიმოსვლის აღდგენაზე არ გამართულა. გარდა ამისა, რუსებმა ვერ მიაღწიეს, რომ ჩარტერული (დროებითი) ფრენები მხოლოდ «სიბირს» შეესრულებინა და არა ქართულ «აირზენას».
        მათი გათვლა ასეთი იყო: ქართველებს ეს ფრენები ძალიან სჭირდებათ და დისკრიმინაციულ პირობებზეც დათანხმდებიანო. თუმცა, ნურას უკაცრავად: «აირზენამ» თანაბარი უფლება მიიღო, რადგან თბილისიდან – მოსკოვში ერთმნიშვნელოვანი პასუხი გაიგზავნა: ან საერთოდ არ შესრულდება ფრენები, ან «აირზენაც» იფრენსო. დღეს რუსებმა უკვე ვეღარც გაბედეს ე.წ. «დავალიანების» თემის წამოწევა. Eესე იგი ვალისა, რომელიც 1992-1995 წლებში დაუგროვდათ უკვე არარსებულ კერძო კომპანიებს. 2008 წლის გაზაფხულზე საქართველომ ეს ვალი ნაწილობრივ მაინც გადაიხადა, ფრენები დროებით აღდგა, მაგრამ მალევე (აგვისტოს აგრესიის დროს) ისევ შეწყდა.
        რუსებმა როგორც კი დაინახეს, ქართველები ფსევდო ვალების დაფარვას აღარ აპირებდნენ და ფრენების აღდგენა ნებისმიერ ფასად სულაც არ უნდოდათ, ეს ულტიმატუმი მოხსნეს და ფრენები მაინც აღადგინეს. ისევ და ისევ ხაზი უნდა გაესვას, რომ ინიციატივა მოსკოვიდან მოდიოდა. Oოფიციალური თბილისი კი მხოლოდ პასუხობდა. მაშასადამე, მთავარი კითხვაა: რატომ დასჭირდა რუსეთს «კომპრომისულობის» დემონსტრირება? ჯერ ერთი იმიტომ, რომ მოსკოვში გაცოფებულნი არიან აფხაზ სეპარატისტთა უარით, დააბრუნონ აფხაზეთში ეთნიკური რუსები და დაუბრუნონ მათ ბინები. ესე იგი, სოხუმს მიანიშნებენ, რომ ზოგი რამ კიდევ შეიძლება შეიცვალოს. მაგრამ, რაც მთავარია, ახლოვდება სექტემბერი, როდესაც, ამერიკასთან შეთანხმების შესაბამისად, უნდა გადაწყდეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის საკითხი.
        მთავარი პრობლემა ამ პროცესში საქართველოს თანხმობაა. რუსებს იმედი აქვთ, ამერიკელები სააკაშვილზე ზეწოლას განახორციელებენ და სათქმელსაც აძლევენ: «ხომ ხედავთ, რუსეთმა ზოგიერთი სანქცია გააუქმა, მაგალითად ფრენები აღადგინა და რაღას ჯიუტობთო».
        თუმცა, საეჭვოა, ამ არგუმენტმა გაჭრას: დღევანდელ პირობებში WTO ჩვენი ქვეყნის უკანასკნელი ძალიან სერიოზული ბერკეტია და თუ იგი «გაიყიდება», მხოლოდ ძალიან დიდი ფასად უნდა გაიყიდოს. ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ ფრენების აღდგენა (ისიც პუტინის აგენტურული და პროვოკაციული მიზნებით) «ის ფასი» ნამდვილად არ არის.

მთელ გვერდზე