რუსული ფეხბურთი, გავეშებული დათვი და ქართული წკიპურტები

    ზეიმობს რუსეთი.
    ზეიმობს ისტორიულ გამარჯვებას.
    ლამის დააქციეს ორივე დედაქალაქი – სიხარულითა და სიამაყით კრემლის ქონგურებზე მიძვრებიან.
    «რა მოხდა ფეხბურთია და ბურთი მრგვალიაო» - არ არის «მხოლოდ» ფეხბურთი! საქმე არც ანგარიშშია, არამედ შედეგის სრულ, ეჭვმიუტანელ ლოგიკურობაში, - გამარჯვებული რუსეთის უპირატესობასა და დამარცხებული ჰოლანდიის უმწეობაში.
    ეს ისტორიული გამარჯვება იქცა გვირგვინად ასეთივე შთამბეჭდავ გამარჯვებათა მთელი წყებისა, რაც პუტინის რუსეთის აღორძინებისა და გაძლიერების სიმბოლური, თუმცა ძალზე მნიშვნელოვანი და შედეგიანი გამოხატულება გახდა.
    «გაზპრომის მილიონებიო» . . . . «გუს ჰიდინკის გენიალობაო» - ეს ყოველივე ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მტკნარი სისულელეა ამ საოცრების მხოლოდ ამით ახსნა.
    სინამდვილეში ნამდვილი, მთავარი მიზეზი და საფუძველი გახდა იმ «საერთონაციონალური პროექტის» წარმატება, რომელიც 90-იანი წლების მწარე დამარცხებებით დაკომპლექსებულ საზოგადოებას, ნულოვანი წლების დასაწყისში, პუტინმა და მისმა გუნდმა შესთავაზეს და პირველ რიგში ჩეჩნური სეპარატიზმი გაანადგურეს ანუ ომში გაიმარჯვეს, თვისებრივი პრობლემა გადაჭრეს, რითაც ერს საკუთარი ძალების რწმენა დაუბრუნეს!
    სწორედ ეს რწმენაა საფუძველთა-საფუძველი, წყაროთა-წყარო ეროვნული პასიონარობისა.
    ანუ, ვერავითარი «მილიონები», ვერავითარი «მწვრთნელის გენიალობა» ვერ გაამარჯვებინებს გუნდს, თუ იგი მომჩვარებული, დაგლახავებული, დამარცხებული, დაკომპლექსებული ეროვნული ცნობიერების წარმომადგენელია.
    ამას ვერაფერს უშველის ვერც ბავშვთა ფეხბურთის განვითარება, ვერც ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლება და ვერც საფეხბურთო მოედნების მომრავლება თუ საწვრთნელი ბაზების «ევროპულ დონეზე» კეთილმოწყობა.
    ფეხბურთში (ისევე, როგორც ყველა გუნდურ თამაშში) მთავარი პასიონარულობაა ანუ სულისკვეთება!
    ის სულისკვეთება, ის ატმოსფერო, რომელიც მეფობს საზოგადოებაში და უეჭველად «ტრანსლირდება» ამ საზოგადოების ყველა აქტიურ და აქტუალურ, «მენაპირე» სუბიექტზე – საფეხბურთო გუნდი იქნება თუ სამხედრო შენაერთი.
    ეს შესანიშნავად უწყიან კრემლში. სწორედ ამიტომ გამოიწვია იქ ესოდენი შეშფოთება ახალი საქართველოს პირველმა ნამდვილმა გამარჯვებამ – 2004 წლის აჭარის უსისხლო (!) «ძლევაი საკვირველმა», რაც ერისთვის საკუთარ ძალთა რწმენის დაბრუნების, პასიონარობის გაღვივება-გამოცოცხლების «საშიშროებას» ქმნიდა და ამიტომაც უპასუხეს მას (ახლადშობილი რწმენისა და იმედის ჩასაკლავად) იმავე წლის ზაფხულში, - ცხინვალის საზარელი, შემაძრწუნებელი სცენით, რაც სამუდამოდ ჩაიბეჭდა ეროვნულ ცნობიერებაში.
    - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - -
    ზეიმობს რუსეთი. ზეიმობს და ლაღობს. პუტინის საერთონაციონალური პროექტი იმარჯვებს, «დერჟავა» - «დერჟავნოსტ»-ს იბრუნებს - მასობრივი აღქმით სულ უფრო ძლიერი და ძლევამოსილი ხდება . . . . . . . ინგლისელებთან ასეთივე ტრიუმფალური მატჩის დროს, სტადიონის ტრიბუნებზე გავეშებული დათვის გიგანტური სურათი გადმოფინეს.
    აქ იმაზე კი ნუ ვიმსჯელებთ, ამ სურათმა რამდენად დააძაბუნა ფეხბურთის დამაარსებლები და რამდენად აუკანკალა მუხლები, თუმცა, ჩემი ღრმა რწმენით, არც მთლად უამისობა იყო.
    ამჯერად საგულისხმო ჩვენთვის ისაა, რომ ეს «ხატი» იმპერიული ერის სიამაყის, რწმენისა და საკუთარი ძლევამოსილების განცდის მორიგი გამოხატულება გახდა და . . . . . ამ დროს . . . . . ამ ტრიუმფალურ გამარჯვებათა ფონზე, მისთვის სრულიად მოულოდნელად, იგი ტელეეკრანზე თვალს ადევნებს, როგორ გადმოათრიეს «ღიპიანმა ქართველებმა» მისი ამაყი დერჟავის ჯარისკაცები მანქანიდან, როგორ დააგდეს ცხვირით მიწისკენ და როგორ სცემენ წიხლებით . . . . . .
    ეს წვრილმანი არავის ეგონოს. ისევე, როგორც ფეხბურთი არ არის წვრილმანი. ფეხბურთი დღეს არათუ პოლიტიკა, არამედ გეოპოლიტიკაა.
    ამ სცენის შემხედვარემ, წარსულში ერთმა ცნობილმა (დღეს «გადიპლომატებულმა») «მედიამოღვაწემ» ქართველ ჟურნალისტებს ბრძნული და მენტორული გამომეტყველებით უსაყვედურა კიდეც: «ამგვარი სცენების გაშუქებისას მეტი სიფრთხილე გმართებთო».
    თითქოსდა, სწორედ მან არ შექმნა 90-იან წლებში ის «ჟურნალისტური სტანდარტი», როდესაც ჟურნალისტებს ფეხებზე ეკიდათ, რა მოჰყვებოდა ქვეყნისთვის ამა თუ იმ სიუჟეტს (ვთქვათ, საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩნური რაზმის გადაადგილების შესახებ) – ოღონდ კი ეს და ამგვარი სიუჟეტები საინტერესო, სკანდალური, ყურებადი და რეკლამის მომზიდველი ყოფილიყო.
    რაც შეეხება თვით ხსენებულ სიუჟეტებს და რუსული საზოგადოების მიერ მის მწვავედ აღქმას:
    არა მგონია გავეშებული, წარმატებებით გალაღებული და საკუთარი ძლევამოსილებით გაამაყებული დათვისთვის საქვეყნოდ ცხვირზე წკიპურტების რტყმა დიდად გონიერი საქციელი იყოს.
    მით უმეტეს, რომ ეს უფრო ჩვეული ქართული უპასუხისმგებლობა-გულარხეინობის გამოვლინებაა, ვიდრე ვაჟკაცობის და ბრძოლისათვის რეალური მზადყოფნისა.

მთელ გვერდზე