რუსეთი შერიგების ხასიათზე მოვიდა?

        რამდენიმე დღის წინ, საერთაშორისო მედიაფორუმზე რუსეთის პრეზიდენტ მედვედევის მიერ გაკეთებული განცხადება ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესახებ «ექსპრომტი» ანუ მოულოდნელად და წინასწარ მოუმზადებლად ენაზე მომდგარი არ ყოფილა.
        ისევე, როგორც ბაბუა პრიმაკოვის დაბადების დღეზე პუტინის სადღეგრძელო – საქართველოს «ჯერ კიდევ შესაძლო» გაერთიანების შესახებ.
        ორივე შემთხვევაში, ეს წინასწარ მომზადებული აქცია იყო, ხოლო ქართველებმა (ჟურნალისტმა მალხაზ გულაშვილმა და მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ) «ტოპკის ამწევის» როლი შეასრულეს.
        რეალურად რა თქვა მედვედევმა? რომ ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და ბორჯომის დაბრუნებაში და რომ ქართველები ძველებურად უყვარს. არ უყვარს მხოლოდ ბოროტი სააკაშვილი.
        2004 წელს, როდესაც საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი ახლადარჩეული იყო, პუტინის (მაშინ პრეზიდენტის) მითითებით, თბილისში რუსმა ოლიგარქებმა დიდი ბიზნეს – კონფერენცია მოაწყვეს, რომელშიც ყველა ცნობილი მილიარდერი მონაწილეობდა აბრამოვიჩის გარდა.
        პუტინი (მისი სახით კი კრემლი) ამით გვეუბნებოდა იგივეს, რასაც ხშირად გვეუბნებიან ქართული კულტურით აღფრთოვანებული რუსი ინტელიგენტები: რად გინდათ ქართველებს პოლიტიკა (იგულისხმება, რად გინდათ სახელმწიფო) – იცეკვეთ, იმღერეთ, «კაი სვით და კაი ჭამეთ». . . .
        მაგრამ 2006 წელს, როდესაც ცხადი გახდა, რომ ქართველები თავისას არ იშლიან და სახელმწიფოს შექმნას ცდილობენ, რუსეთმა სანქციები შემოიღო, ქართული ღვინისა და ბორჯომის იმპორტი აკრძალა, რაც ერთი შეხედვით პარადოქსიც კი იყო იმ ვითარებაში, როცა ქართულ ბაზარზე რუსი ინვესტორები აქტიურობდნენ.

მავნე მინარევები

        სარწმუნო წყაროთა ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილი მაშინ ბევრს ბობოქრობდა: ასეთივე ზომები მივიღოთ და რუსული ბიზნესი ქვეყნიდან გავაძევოთო, მაგრამ სააკაშვილმა ეს გეგმა არ გაიზიარა (რაც მათ შორის განხეთქილების ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი მიზეზი გახდა), რადგან რუსეთის სანიტარული ექიმის, გენადი ონიშჩენკოს მაგვარი «ფრუქტი» საქართველოში ვერ გამოიზრდებოდა, რუსულ პროდუქციას «მავნე მინარევების» დაბრალებით ვერ აკრძალავდა, რუსეთს კი საშუალება მიეცემოდა მთელს მსოფლიოში აეტეხა გნიასი «საქართველოში ინვესტორების შევიწროების» შესახებ.
        ეს გათვლა საბოლოოდ სწორი აღმოჩნდა: დღეს რუსეთი უკვე თვითონ გვთავაზობს პროდუქციის დაბრუნებას მის ბაზარზე. ოღონდ არა უპირობოდ, არამედ გარკვეული პირობებით, რაც ორ მნიშვნელოვან საკითხს: «ზემო ლარსის» სასაზღვრო პუნქტის გახსნასა და რუსეთის «მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში» შესვლას უკავშირდება.
        რუსული მედია დერჟავის ამაყ მოქალაქეებს დღემდე უმალავს, რომ აგვისტოს ომში მათი ძლევამოსილი არმიის მიერ დამარცხებული საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც სხივმოსილ რუსეთს «მსო»-ს გზაზე წინ ეღობება.
        გარდა ამისა, «ზემო ლარსი» თუ დროულად არ გაიხსნა, სომხეთში საშიში პროცესები განვითარდება და რუსული პოზიციები ამ ქვეყანაშიც შესუსტდება.
        შესაბამისად, ახლა მოსკოვში თავს იმაზე იმტვრევენ, როგორ გადაწყვიტონ ეს ორი პრობლემა ისე, რომ საქართველოს საწინააღმდეგო ემბარგო სერიოზულად არ შეარბილონ. Aამ პროცესში კი, რუსული კაპიტალის არსებობა საქართველოში მხოლოდ აძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციებს:
        ნებისმიერ მომენტში ხელისუფლებას შეუძლია დასაბუთებულად მოიმიზეზოს აგვისტოს აგრესია და ან საერთოდ გააძევოს ქვეყნიდან, ან სერიოზული სანქციები დაუწესოს რუსულ სახელმწიფო ბიზნესს, რომელიც ენერგეტიკის სფეროსა და საბანკო სექტორშია ფესვგადგმული.
        არ გიკვირთ, რომ «თელასი» უკვე დიდი ხანია აღარ აყენებს საკითხს ელექტროენერგიაზე ფასის მომატების შესახებ? ომამდე წელიწადში ორჯერ ზრდიდა ფასს. მაგრამ დედიმისის შვილია და დასვამს საკითხს: მაშინ საერთოდ დაკარგავს ბიზნესს.
        მაშასადამე, პუტინის 2004 წლის გათვლის საპირისპიროდ, რუსული ბიზნესი საქართველოში მძევლად იქცა. თანაც, საქართველოს ხელისუფლებას სულაც არ სჭირდება ობიექტების ნაციონალიზაცია – საკმარისია ფინანსური სანქციების დაწესება, გადასახადების გაზრდა ამ კომპანიებისათვის თუ სხვა ბერკეტების გამოყენება, რომელსაც სახელმწიფო, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ფლობს, რაკი პუტინს ჩვენი ქვეყნის ფინანსთა და შემოსავლების მინისტრის დანიშვნის საშუალება დღეს არა აქვს.
        1994 წელს მოსკოვმა შევარდნაძის მეშვეობით რამდენიმე მინისტრი დანიშნა, თუმცა ეკონომიკური ბლოკის მინისტრები მაშინაც არ იგულისხმებოდა და დღეს მით უმეტეს.

უსარგებლო კაპიტალი

დავაკვირდეთ: რას ფლობს დღეს რუსეთი საქართველოში? – «ვნეშტორგბანკი» (ვთბ) ფლობს «გაერთიანებულ ქართულ ბანკს», რომელიც ვანო ჩხარტიშვილმა და ზაზა სიორიძემ 2004 წლის დაუვიწყარი «ბიზნეს ფორუმის» მსვლელობისას გაყიდეს.
        მერედა რა - ამით? Gრა გავლენა აქვს «ვთბ»-ს ქართულ პოლიტიკაზე? განა ეროვნულ ბანკს ნებისმიერ დროს არ შეუძლია «ვთბ»-ს სანქციები დაუწესოს და კაპიტალი ამოაცალოს? სხვა საქმე იქნებოდა, «ვნეშტორგბანკს» რომ ისე «გაეჯეჯილა», შემდეგ ფული მედია პროექტებში ჩაედო, რომელიმე მსხვილი ტელეკომპანია ეყიდა (სხვათა შორის მცდელობა ჰქონდა – «იმედთან» დაკავშირებით, მაგრამ ბადრი მაშინ სხვა ჭკუაზე იყო) ან რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტია დაეფინანსებინა.
        თუმცა რუსულ კაპიტალს ვანო ასე არ «გააბლატავებდა».
        დღეს კი რაში არგიათ ეს ბანკი? კაცმა რომ თქვას არაფერში! ანუ იქ თავმოყრილი რუსული კაპიტალის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე მიზერულიც არ არის – ნულის ტოლია.
        «მთელი ენერგეტიკა იყიდეს რუსებმაო». მერედა, რაში არგიათ პოლიტიკური თვალსაზრისით? რაო «ეეს»-ი ნამდვილად ფლობს ქართული გენერაციის დიდ ნაწილს, ელექტროგადამცემ ხაზებს, გამანაწილებელ ქსელს და ა.შ. მერედა რა, – ამით? რაში გამოადგათ «ბერკეტად?» თბილისს შეუწყვიტეს ელექტროენერგიის მიწოდება? დღესვე შეუძლიათ შეუწყვიტონ, მაგრამ ხვალვე ისეთი სანქციები დაეკისრებათ, საერთაშორისი არბიტრაჟის ხარჯებს ევრ აუვლენ.
        მოიკიდებს ჩუბაისი ზურგზე «თბილსრესს» და რუსეთში წაიღებს? სხვათა შორის, რუსული «გენშტაბის» გეგმებს ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის შესახებ პირველი სწორედ ჩუბაისი შეეწინააღმდეგა – «ხომ არ გაგიჟებულხართ, - ქონებას მიწვავთო?!!!»

ჩუბაისი – საქართველოს მძევალი

        ასევე სწორი და ჭკვიანური იქნებოდა «გაზპრომისათვის» ყბადაღებული «სტრატეგიული მილსადენის» მიყიდვა (გაზის გარანტირებული მოწოდების სანაცვლოდ), რაც «გაზპრომს» ასევე «დააბავდა», რაკი «სტრატეგიული» ეს გაზსადენი მხოლოდ სომხეთისთვისაა, მაგრამ ამ პროექტის პირველი მტერი ქალბატონი ბურჯანაძე იყო, რომელიც დღეს ხელისუფლებას ადანაშაულებს «რუსეთთან შეურიგებლობით საქმე ომამდე მიიყვანეთო».
        ამ ლოგიკით ჩუბაისისათვის იმ გადამცემი ხაზის მიყიდვაც მავნებლობა იყო, რომლითაც მისი კომპანია ელექტროენერგიის ტრანზიტს აწარმოებს თურქეთში.
        რაც შეეხება «ლუკოილს», კაცმა რომ თქვას, ეს უფრო აზერბაიჯანული კომპანიაა ვიდრე რუსული.
        რჩება «ბი-ლაინი». მერედა, რაში არგია რუსეთს? ლაპარაკს მოუსმენს? და «ჯეოსელს» თუ «მაგთის» ვერ მოუსმენს?
        დასკვნა კი უდავოა: რუსული კაპიტალი ან რუსული სახელმწიფო (თუ «ნახევრადსახელმწიფო») ბიზნესი საქართველოში რეალურად საშიში მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუკი მას მიეცემა საშუალება ქართულ პოლიტიკაში «აფათუროს ხელი» – შეიძინოს მედია საშუალებები ან დააფინანსოს შესაბამისი პოლიტიკური პარტიები.
        სხვა შემთხვევაში, რუსული კაპიტალი არათუ ვერაფერს დაგვაკლებს, არამედ პირიქით, - საქართველოს სახელმწიფო ინტერესების მძევალი ხდება!
        ჩუბაისსაც და სხვა ოლიგარქებსაც დღეს იქნებ ძალიანაც უნდოდეთ, მაგრამ თავის კაპიტალს საქართველოდან ასე ადვილად ვეღარ წაიღებენ, თუმცა კი ეს კაპიტალი თავდაპირველი მიზნით არაფერში გამოადგათ.

მთელ გვერდზე