თურქეთსა და რუსეთს შორის ცივი ომი იწყება!

    სანამ ჩვენ საარჩევნო ბატალიებსა და ხელისუფლების გადაბარებაში ვართ ჩაფლულნი, საქართველოს მეზობლად უდიდესი მნიშვნელობის მოვლენები ვითარდება, რომელთა შედეგს ბევრად მეტი გავლენა ექნება ქვეყნის და ყოველი ჩვენგანის მომავალზე, ვიდრე თუნდაც 1 ოქტომბრის არჩევნებს. ზოგიერთს ეს დაუჯერებლად ეჩვენება - აკი „საბედისწერო“ არჩევნებიო? - მაგრამ პატარა ქვეყანა ვართ, ამიტომ სამეზობლოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს სინამდვილეში მეტი ყურადღებით უნდა დავაკვიდრეთ.
    რამდენიმე დღის წინ, თურქეთის ავიაციამ, თურქულ საჰაერო სივრცეში დააკავა სირიული ავიახაზების თვითმფრინავი რეისით „მოსკოვი-დამასკო“. F-16 ავიაგამანადგურებლებმა იგი აიძულეს დაშვებულიყო და ბორტი საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. სულ მალე მიაგნეს კიდეც რასაც ეძებდნენ და რაც აშკარად წინასწარ იცოდნენ დაზვერვის არხებით: თვითმფრინავს სხვადასხვა კლასის რაკეტათა სათადარიგო ნაწილები და დოკუმენტაცია გადაჰქონდა.
    ბუნებრივია, იგულისხმება რუსული წარმოების რაკეტები, რომლებიც მოსკოვმა თავის სირიელ მოკავშირეს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მიაწოდა, მაგრამ სათადარიგო ნაწილების გარეშე ეს იარაღი გამოუსადეგარია. რუსეთი, როგორც ცნობილია, სირიის სამოქალაქო ომში ამ ქვეყნის მრავალწლიან დიქტატორს, ბაშარ ალ ასადს უჭერს მხარს. თურქეთი პირიქით -შეიარაღებულ ოპოზიციას ემხრობა. რამდენიმე თვის წინ სირიის საჰაერო სივრცეში თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ზოგიერთი ცნობით, რაკეტა არა სირიელებმა, არამედ რუსმა სამხედრო სპეციალისტებმა გაუშვეს ტარტუსის სამხედრო ბაზიდან, სადაც რუსეთის სამხედრო გემებია დისლოცირებული.
    თურქები მაშინ დაიბოღმნენ, მაგრამ საბუთი არ ჰქონდათ და გაჩერდნენ. ისინი, როგორც ყოველთვის, დიდი ყურადღებით ამზადებდნენ საპასუხო დარტყმას და ინფორმაციას ელოდნენ. გამორიცხულია მათ გაებედათ რუსული სამოქალაქო (!) თვითმფრინავის დატყვევება (ასეთი რამ მსოფლიო ავიაციაში ძალიან იშვიათად ხდება - მხოლოდ ომების დროს), თუ წინასწარ არ ექნებოდათ ზუსტი ცნობა, რომ სწორედ ამ ბორტით ხდება იარაღის ან სათადარიგო მასალების გადატანა ბაშარ ალ ასადის რეჟიმისათვის.
    ეს კი იმას ნიშნავს, რომ მითი რუსული სპეცსამსახურების, მათ შორის კონტრდაზვერვის ყოვლისშემძლეობის შესახებ აშკარად გადაჭარბებულია: თურქეთს (ან მის რომელიმე „ნატო“- ელ მოკავშირეს, ვთქვათ ამერიკას) წინასწარ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა, თუ რის გადატანას აპირებდნენ სამოქალაქო რეისით. ესე იგი, თვითმფრინავის დაკავება მაშინვე გადაწყდა, როცა იგი „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან აფრინდა. თანაც, მივაქციოთ ყურადღება, რომ რუსეთს ამით არაფერი დაურღვევია: მას უბრალოდ პოლიტიკურად არ აწყობს სირიას ღიად მიაწოდოს იარაღი, თორემ არც ერთი საერთაშორისო ხელშეკრულება ამას არ უკრძალავს! „გაეროსაც“ არანაირი სანქციები დამასკოს წინააღმდეგ არ დაუწესებია.
    მეორეს მხრივ, სამოქალაქო თვითმფრინავის ძალით დასმა ორ სახელმწიფოს შორის სერიოზული კონფლიქტის გამოვლინებაა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრი განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარს ვერ უარყოფენ: რაკეტის სათადარიგო ნაწილები ბორტზე ნამდვილად იყო!
    მერე და რა, ამით? მოსკოვს ხომ (ვიმეორებ) ფორმალურად არაფერი დაურღვევია? რატომ ვერ ბედავს პუტინი ანკარას „დაუცაცხანოს“, დაემუქროს, სანქციები შემოიღოს, თურქულ შოკოლადში ჩხირები აღმოაჩინოს და ა.შ? იმიტომ, რომ ჯერ ერთი, თურქეთის მიღმა ამ შემთხვევაშიც ამერიკა დგას. არ არის გამორიცხული, თურქულ მხარეს სწორედ ამერიკის დაზვერვამ მიაწოდა ინფორმაცია. საყურადღებოა, რომ ვაშინგტონმა სულ რამდენიმე საათის შემდეგ განაცხადა, რომ ინციდენტში მთლიანად თურქეთს ემხრობა და გმობს რუსეთის მცდელობას, მიაწოდოს სირიის რეჟიმს იარაღი იმის მიუხედავადაც კი, რომ ეს არც ერთ საერთაშორისო ნორმას არ არღვევს. ანალოგიური განცხადებები გააკეტეს „ნატო“ - ს წევრმა სხვა სახელმწიფოებმაც.
    და მეორე მიზეზი (რაც უფრო მნიშვნელოვანია) - მოსკოვი ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: თურქეთის მეტისმეტად გაღიზიანება იმას გამოიწვევს, რომ ანკარა დაბლოკავს შავი ზღის ფსკერზე გაზსადენის აგებისა და ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების პროექტს, რაც პუტინს უკრაინის საბოლოოდ მოსახრჩობად და მის ევრაზიულ კავშირში შესათრევად სჭირდება. თუმცა, ამავდროულად, კრემლისთვის ასადის რეჟიმის დამხობაც კატასტროფა იქნება, რადგან თუ სირიის სათავეში პროდასავლური ჯგუფი მოვიდა, იგი მაშინვე გააფორმებს ხელშეკრულებას გაზსადენის მშენებლობის შესახებ ყატარიდან - სირიისა და თურქეთის გავლით - ევროპისკენ. ყატარის გაზი კი რუსულ გაზზე სამჯერ იაფია და „გაზპრომიც“ ხახამშრალი დარჩება!
    ამიტომ, მოსკოვი ახლა ყველანაირად ცდილობს, ერთის მხრივ არც თურქეთს აწყენინოს და, იმავდროულად, სირიის რეჟიმსაც დაეხმაროს. მაგრამ ორი კურდღლის დაჭერა უკვე შეუძლებელი ხდება. ამიტომ, რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობის და წინააღმდეგობების ზრდა აბსოლუტურად გარდაუვალია. ფაქტიურად, ეს ორი რეგიონული ზესახელმწიფო, ბოლო 20 წლის ფარული და „რბილი“ გეოპოლიტიკური კონკურენციის სტადიიდან - მწვავე დაპირისპირების სტადიაზე გადადიან, რაც საქართველოსთვის მრავლის მომასწავებელია, რაკი შეუძლებელია თურქეთი უფრო მეტად არ დაინტერესდეს კავკასიით, რათა სწორედ აქ გასცეს პასუხი მოსკოვის გეოპოლიტიკურ ამბიციებს და მის უცერემონიო ჩარევას იმ რეგიონის საქმეებში (ახლო აღმოსავლეთში), რომელიც დღემდე თურქეთის გეოპოლიტიკური პასუხისმგებლობის ზონად ითვლებოდა. რუსეთი რომ კვლავ გლობალური ზესახელმწიფო იყოს (როგორც საბჭოთა ეპოქაში) თურქეთი ამდენს ვერ გაბედავდა!
    ჩვენთვის რას ნიშნავს ეს კონკრეტულად? იმას, რომ ანკარა კიდევ უფრო აქტიურად დაგვიჭერს მხარს „ნატოს“-თან დაახლოების და უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიების მიღებაში. ხოლო სარკოზი-მედვედევის შეთანხმება საბოლოოდ იქცევა იმ „წითელ ხაზად“, რომლის „გადმოლახვას“ კრემლი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს. ეს არც თუ ისე ცოტაა არსებული ვითარების გათვალისწიენებით.
    ოღონდ ამ პოტენციური შესაძლებლობის გამოყენებას შევძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის შიგნით შევინარჩუნებთ სტაბილურობას და ზოგიერთ პოლიტიკანს (აჭარაში) თითიდან გამოწოვილი საბაბით საქართველო-თურქეთის ურთიერთობათა გაფუჭების საშუალებას არ მივცემთ.
   

მთელ გვერდზე