რუსეთი-აფხაზეთი. ვინ ვის აჭმევს?

        უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. პირველი სისხლიც დაიღვარა: რუსულმა სპეცსამსახურებმა გუდაუთაში რამდენიმე აფხაზი «მოჰაჯირი» მოკლეს! ესე იგი იმ აფხაზთა შთამომავლები, რომლებიც მე 19 საუკუნეში გაასახლა სამშობლოდან იმპერიამ და ახლა დაბრუნდნენ, რაკი რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა სცნო.
        მაგრამ მათი დაბრუნება მოსკოვში სულაც არ უხარიათ, რადგან ეს ხალხი შთამომავლობით ანტირუსული განწყობის მატარებელია და ამგვარი განწყობა შეიძლება ჩრდილო კავკასიასაც გადასდონ.
        გუდაუთის ტერაქტი თავხედურად იყო ორგანიზებული: რუსეთის სამხედრო ბაზაზე წინასწარ, სამხედრო თვითმფრინავით ჩამოიყვანეს მანქანა, რომელსაც უკანა სკამები შეტრიალებული ჰქონდა ისე, რომ საბარგულის მხრიდან ყოფილიყო შესაძლებელი სროლა მაყუჩიანი იარაღით. მოჰაჯირთა დახვრეტის შემდეგ მანქანა რუსულ სამხედრო ბაზასთან დაწვეს, ხოლო მკვლელები თვით ამ ბაზაზე მიიმალნენ. ახლა უკვე აფხაზეთში აღარც იმყოფებიან, რადგან იმ ბაზიდან ვინ როდის სად გაფრინდება – ბაღაფშებსა და შამბებს ამას აბა ვინ ჰკითხავს?
        ანუ, საქართველოსთან პათოლოგიური დაპირისპირების შედეგად, აფხაზებმა მიიღეს ის, რაც თვითონ უნდოდათ, როცა დღისით, მზისით, ნამდვილი დედაქალაქის ცენტრში (აფხაზეთის რეალური დედაქალაქი კი სწორედ გუდაუთაა და არა სოხუმი) უხოცავენ ხალხს და პასუხად ვერც ვერაფერს ბედავენ. თუმცა, ასეთი აქციები აფხაზურ საზოგადოებაში ყრუ, დაფარულ, ძლივს შეკავებულ ბოღმასა და სიძულვილს იწვევს რუსეთისა და რუსების მიმართ. იმდენად, რომ ყოფით დონეზე მჟღავნდება და წელს საკურორტო სეზონი «კავკასიის მარგალიტში» ფაქტობრივად ჩაიშალა კიდეც. ერთი რუსი ჟურნალისტი წერდა: ტურისტები ჩივიან, რომ აფხაზები აგრესიულები გახდნენ. თითქოს რაღაც აწყენინა მათ ჩვენმა ქვეყანამ, მაგრამ რა ვაწყენინეთ, - არაფრით არ ამბობენო.
        ის «აწყენინეს», რომ იმგვარ თავხედურ ტერაქტებს ახორციელებენ, როგორიცაა მოჰაჯირთა დახვრეტა გუდაუთის ცენტრში და მეხუთე თავდასხმა ალექსანდრე ანქვაბზე, რომელსაც ამჟამად აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი უკავია. ეს ტერაქტი პირდაპირ პრეზიდენტ ბაღაფშის გაფრთხილება იყო: თუ ჭკუით არ მოიქცევი და ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებ, შენც მოგწვდებითო. პუტინის სტილია: «დაშაქრული ენა», განცხადებები «ძმობის» შესახებ და ტერორისტის ტყვია ან «მზარეულის» შხამი საჭმელში.

პუტინის ულტიმატუმი

        რას მოითხოვს რუსეთი აფხაზეთისგან და რას არ თანხმდება ბაღაფში? პუტინის ულტიმატუმები ძირითადად ეკონომიკურ სფეროს ეხება. პირველ რიგში, მოსკოვი აფხაზეთისგან მოითხოვს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ კანონის მიღებას. დღეს, აფხაზური კანონმდებლობით, უძრავი ქონება (საცხოვრებელი ბინები) მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქემ შეიძლება შეიძინოს და გაყიდოს, ხოლო მიწა საერთოდ არ იყიდება.
        მოსკოვი მოითხოვს კანონის შეცვლას, რასაც აფხაზეთის ხელისუფლება არ თანხმდება. ცნობილმა აფხაზმა ჟურნალისტმა დაწერა კიდეც: ამ შემთხვევაში აფხაზეთს იგივე ბედი ეწევა, როგორც კუნძულ მანჰეტენს, რომელიც თავის დროზე ინდიელებმა კოლონისტებს 27 დოლარად მიჰყიდეს, ახლა იქ დიდი ქალაქი ნიუ იორკია გაშენებული, ხოლო ძველ ბინადართა შესახებ არავინ აღარაფერი იცისო.
        Bბუნებრივია, აფხაზები ამაში არც ცდებიან: საკმარისია მიწა ან თუნდაც მხოლოდ ბინები თავისუფლად გაიყიდოს, რომ აფხაზეთი სოჭის უბრალო დანამატად იქცევა. ანუ, ასეთი დათმობა აფხაზების მხრიდან უბრალოდ გამორიცხულია. ამას ნებაყოფლობით ისევე არ დათანხმდებიან, როგორც ნებაყოფლობით არასდროს დათანხმდებიან ქართველი ლტოლვილების დაბრუნებას – რომელი აფხაზური დაჯგუფებაც არ უნდა მოვიდეს აფხაზეთის სათავეში.
        თითქოსდა, რუსებს ზეწოლის ძლიერი ბერკეტი აქვთ აფხაზური ბიუჯეტის ყოველთვიური დოტაციის სახით. მართლაც, აფხაზეთში რუსული პენსიები რიგდება და ამ თანხას რუსეთის ფინანსთა სამინისტრო რეგულარულად რიცხავს. რუსი ჟურნალისტები კი ნაწყენი ტონით წერენ: ჩვენ ვაჭმევთ, ბიუჯეტს ჩვენ ვუვსებთ და ისინი კი მიწის ყიდვა-გაყიდვას არ თანხმდებიანო. მაგრამ ამ «ყოველთვიურ გადმორიცხვებთან» დაკავშირებითაც საოცარი რამ ირკვევა: თითქოსდა, ეს თანხები რუსეთს კრედიტებად უნდა ჰქონდეს გაფორმებული. თუნდაც გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი კრედიტი იყოს, მაგრამ მაინც კრედიტი. არადა, როცა მოსკოვმა ასეთი საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა ბაღაფშს, ცივი უარი მიიღო: «თუ არ გინდათ, ფულს ნუღარ გადმოგვირიცხავთ, მაგრამ კრედიტად არ გაგაფორმებინებთო».
        გასაგებია რატომ: ვალის გადამხდელი ხომ აფხაზეთი არც დღესაა და არც 20 წლის შემდეგ? ვალის ანგარიშში კი მოსკოვი იმავე უძრავ ქონებას – მიწებსა და სხვა ობიექტებს მოითხოვდა. თითქოსდა, იმაზე ადვილი რა იყო – ფინანსთა მინისტრ კუდრინის ერთი ხელმოწერა სჭირდებოდა და აფხაზი პენსიონერები რუსულ პენსიას ვეღარ მიიღებდნენ, მაგრამ მოსკოვი ფულს მაინც ურიცხავთ. რატომ? იმიტომ, რომ აფხაზურ სეაპარტიზმს იგი «ლამაზი თვალებისთვის» კი არ ეხმარებოდა და ეხმარება, არამედ საქართველოს წინააღმდეგ! ეს არის «ფასი», რომელსაც კრემლი აფხაზეთის პლაცდარმში იხდის.
        გარდა ამისა, იმედი აქვთ, რომ ადრე თუ გვიან ბაღაფშს ხელს მაინც მოაწერინებენ – შვილს დაუპატიმრებენ მოსკოვში «ნარკოტიკების ტარებისთვის», სხვა მეთოდებით დააშინებენ და ასე შემდეგ. პუტინი ამგვარ მეთოდებს აქტიურად იყენებს თავისი ავტონომიების წინააღმდეგ. მაგალითად, ბაშკირეთის პრეზიდენტი მურთაზა რახიმოვი რომ არაფრით გადადგა ნებაყოფლობით თანამდებობიდან და მიტინგებით იმუქრებოდა, შვილები უხსენეს და ისიც გატყდა.
        გარდა ამისა, მოსკოვში აფიქრებთ, რომ თუ პენსიას აღარ გადაუხდიან ან ბლოკადას მოუწყობენ და სოჭის მხრიდან გზას ჩაუკეტავენ, აფხაზებმა «უსარგებლო» რუსულ პასპორტებზე შეიძლება უარიც თქვან და ევროკავშირ-საქართველოს მიერ შეთავაზებული პროექტები უფრო სერიოზულად განიხილონ.
        აბა თუ ფსოუს საზღვარი ჩაიკეტება და აღარც პენიას მიიღებენ – იმ რუსულ პასპორტებს რა თავში იხლიან?

ბინები მოჰაჯირებისთვის და «როსნეფტის» ბლეფი

        ასევე უარი სტკიცეს მოსკოვს რუსებისათვის ბინების დაბრუნების თემაზე. საქმე ეხება ბინებს, რომლებიც რუსებმა 90-იან წლებში მიატოვეს და ახლა აფხაზები ფლობენ. ბაღაფშის წინადადება ასეთია: «კი ბატონო, რუსეთის მთავრობამ აუშენოს ახალი სახლები გაქცეულ რუსებს, ოღონდ იმ პირობით, რომ იმ სახლებში ბინების ნახევარი აფხაზეთის სახელმწიფოს საკუთრება უნდა იყოს – თურქეთიდან მოჰაჯირები გვყავს ჩამოსასახლებელიო». ანუ, «ჩამოსასახლებელი ჰყავთ» ზუსტად ის ხალხი, ვისაც რუსული სპეცსამსახურები ხოცავენ აფხაზეთში გამოჩენისთანავე. ეს რომ პუტინმა გაიგო, კინაღამ გაგიჟდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ბოღმას ყლაპავს.
        ამას წინათ, პრეზიდენტმა მედვედევმა მთავრობას დაავალა ერთ რუბლად მიიღოს აფხაზეთისგან იჯარით საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელთა – ხრუშჩოვის, ბრეჟნევის და გორბაჩოვის მეფური აგარაკები გუდაუთის რაიონში. მათი ღირებულება ათეულობით მილიონი დოლარია და როგორია ერთ რუბლად მიღება თითქმის უვადო იჯარით მაშინ, როდესაც დოლარი 30 რუბლი ღირს?
        ომის ვეტარანთა ასოციაცია «არუააა»-მ მკაცრი პროტესტი გამოთქვა: «უფასოდ რუსებს არაფერიც არ უნდა მივცეთო». აფხაზეთის მთავრობა ნამდვილად არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას, ხოლო მოსკოველ ჩინოვნიკთა საყვედურს: «კი მაგრამ, პენსიების დასარიგებლად რამდენი ათეული მილიონი დოლარი გადმოგირიცხეთ თქვე უსინდისოებოო» – აფხაზები ძველებურად პასუხობენ: ის ფული უკვე შეჭმულია, არავინ გეხვეწებოდათ გადმორიცხვას, ვალადაც არ აგვიღია და თუ არ გინდათ, ნუ გადმორიცხავთო.
        სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ ეს «დაჩების» საკითხი ბევრად პრინციპულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. რაკი მედვედევის ბრძანებულება გახმაურდა, ახლა თუ ბაღაფშმა თავზე გადაახია – ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება პრეზიდენტის ავტორიტეტზე მოახლოებული არჩევნების წინ. Bბოლოს და ბოლოს, რუსებიც დაფიქრდებიან: ამ ჩვენს ქევყანას მართლა იდიოტები ხომ არ ხელმძღვანელობენო.
        ზოგიერთ ობიექტს აფხაზები თვითონ სთავაზობენ იჯარით რუსეთს. მაგალითად სოხუმის აეროპორტს ან აფხაზეთის რკინიგზას. მაგრამ რუსები მათ საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ, რაც სეპარატისტებისთვის მიუღებელია. ანუ ეს პროექტიც, ფაქტობრივად, ჩაიშალა. ისევე, როგორც გზების რეაბილიტაცია და სხვა მრავალი.
        ერთადერთი «წარმატებული პროექტი» შეიძლება აფხაზეთის საზღვაო შელფში «როსნეფტის» შესვლა გახდეს. თუმცა აფხაზეთის მთავრობამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ საძიებო სამუშაოებზე გასცა ნებართვა. ბაღაფშისა და მისი გუნდის გათვლა აქაც ეშმაკურია: დასავლეთ აფხაზეთში «როსნეფტი» რეალურად ნავთობის მოპოვებას ვერ შეძლებს, რადგან ეს აუცილებლად გამოიწვევს სოჭის დაბინძურებას, რასაც რუსეთის ეკოლოგიური ორგანიზაციები და ამ რეგიონში ჩადებულ მრავალმილიარდიან კაპიტალთა მფლობელები უბრალოდ არ დაუშვებენ.
        რაც შეეხება აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილს, «როსნეფტმა» ნავთობი რომც იპოვოს შორეულ ზღვაში (ესეც სათუოა) – აფხაზეთის მთავრობა ისეთ პირობებს წაუყენებს მოპოვებული ნედლეულის გაყოფის თაობაზე, რომ იმ ფულით აფხაზეთმა პენსიები შეიძლება იქით გადაუხადოს.
        ყოველ შემთხვევაში, კრასნოდარელ რუსებს მაინც.
        «როსნეფტი» იმავე დანამუსებით შემოდის: «აფხაზები ჩვენ დავიცავით საქართველოს აგრესიისგან, ჩვენ ვაღიარეთ და ასეთი უმადურები ხომ არ იქნებიანო». აფხაზებს კი მიაჩნიათ, რომ რუსების «დასამადლებელი» არაფერი სჭირთ.
        მაგრამ აფხაზეთი იმდენად «გემრიელი ლუკმაა» რუსული კაპიტალისთვის, რომ ადრე თუ გვიან იგი აუცილებლად აიძულებს კრემლს, ბრჭყალები გამოაჩინოს და სოხუმზე ღია(!) ზეწოლაც განახორციელოს. მით უმეტეს, თუ მოჰაჯირთა ჩამოსახლება და აფხაზეთიდან რუსების გაძევება გაგრძელდა. სწორედ ამ მომენტს უნდა დაელოდოს ქართული პოლიტიკა და მზად ჰქონდეს კომპრომისული პროექტი, რომელსაც სეპარატისტებს შესთავაზებს.

მთელ გვერდზე