Urbi et Orbi (ქალაქსა და მსოფლიოს)

1 ოქტომბერი - მორიგი ქართული რუბიკონი

    ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 49 წელს, გალიიდან მობრუნებული რომაელი მხედართმთავარი გაი იული ცეზარი მდინარე რუბიკონს მოადგა. წინ იტალია და მტრული სენატი ელოდა. არც თუ ხანმოკლე ფიქრის შემდეგ გადალახა და ისტორიული ფრაზაც წარმოთქვა: „წილი ნაყარია!“. 21 საუკუნის შემდეგ, პოლიტოლოგებმა ამგვარ სიტუაციას ნაკლებად სხარტი, თუმცა შინაარსობრივად არანაკლებ ზუსტი მეტაფორა მოუძებნეს: „უკანმოუბრუნებლობის წერტულის გავლა“. ეს წერტილი საქართველომ 1 აგვისტოს განვლო, როდესაც პრეზიდენტმა მორიგი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ამით „რუბიკონიც გადაილახა“, ხოლო „კენჭისყრა“ 1 ოქტომბერს მოგვიწევს.
    რატომ 1 ოქტომბერი? უპირველესი საკითხი სწორედ ეს გახდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ბრძანებულება გამოქვეყნდა. კითხვა სრულიად ლოგიკურია: შემოდგომით ასე ადრე არჩევნები ჯერ საქართველოში არ დანიშნულა. თუმცა შემოდგომა ქართული დემოკრატიის დაბადებისთანავე განისაზღრა, როგორც საარჩევნოდ ყველაზე ხელსაყრელი და მოხერხებული. ამ თემაზე 1995 წელს პირველი კონსტიტუციის მიღების დროსაც კი არ კამათობდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ „გაზაფხული მშიერი დროა“, ხოლო შემოდგომა - „მაძღარი“. ამიტომ მთელი პოლიტიკური ელიტისთვის უმჯობესია, არჩევნები სწორედ შემოდგომით ჩატარდეს, როცა ხალხი ჯერ კიდევ არ დაზაფრულა წლის მომდევნო პერიოდის პრობლემებით.
    მიხეილ საააკშვილმა სწორედ ამ ლოგიკით იმოქმედა და ეს არგუმენტაცია გააგრძელა: 1 ოქტომბერი „თითქმის სეზონია“. არა მხოლოდ იმ გაგებით, რომ ბათუმში საზღვაო სეზონი გრძელდება, არამედ სწავლის განახლებისა და არდადაგებიდან ოჯახთა ქალაქებში დაბრუნების თვალსაზრისითაც: რაც უფრო ადრეა შემოდგომით არჩევნები, მით მეტია შანსი, რომ საარჩევნო ურნასთან მისულ ამომრჩეველს ზაფხულის მოშვებულობა და კეთილგანწყობა გამოჰყვეს. ხოლო თუ სწავლა საშუალო სკოლებსა და უმაღლესებში 1 სექტემბრის ნაცვლად 1 ოქტომბერს დაიწყება, საარჩევნო ურნებთან შეიძლება უმეტესად ხელისუფლების და მმართველი პარტიის მხარდამჭერები აღმოჩნდნენ: ამ გათვლას დამატებითი ახსნა სჭირდება: ქალაქებში ყველაზე ნაკლებია ე.წ. „მერყევი ამომრჩეველი“. აქ ადამიანები „არა პურითა ოდენ“ აკეთებენ არჩევანს, არამედ რწმენით და ღირებულებებით. ამიტომ „ქალაქელი ამომრჩევლების“ საერთო რიცხვის შემცირება „ნაციონალებს“ ვერაფერს დააკლებს. პირიქით, - შემატებს, რადგან თუ შეამჩნიეთ, ისინი სწორედ რეგიონებზე და სოფლის მოსახლეობაზე მუშაობენ. სწორედ იქ არის ე.წ. „მერყევი ამომრჩეველი“, რომელსაც მყარი და ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია, ამიტომ ვინც უფრო დამაჯერებლად დაელაპარაკება და მეტს შესთავაზებს, ხმასაც იმას მისცემს. სააკაშვილი, მერაბიშვილი და მათი მინისტრები კი სოფლად უფრო მეტ დროს ატარებენ დღეს, ვიდრე ქალაქად.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ საარჩევნო კამპანიისთვის პარტიებს 2 თვე დარჩათ, სინამდვილეში აგვისტო და სექტემბრის ნახევარი არ ითვლება: მოქმედებს იმავე „ზაფხულის სინდრომი“. ასეთია ამ ქვეყნის პოლიტიკური კულტურის და (უკვე) ტრადიციის ერთ-ერთი თავისებურება: თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, თუ სადმე რაიმე არ „აფეთქდა“, არჩევნებამდე „მოთენთილნი“ მივალთ. თუმცა, ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ თვით არჩევნები მშვიდი და მოსაწყენი იქნება. „მოსაწყენი არჩევნები“ საქათველოში ჯერ არ ჩატარებულა და ასეთი საშინელება, როგორიც საარჩევნო რუტინაა, უახლოეს ისტორიულ პერიოდში ალბათ არც გვემუქრება. განა რომელი არჩევნები იყო, „ისტორიული ბედისწერის“ ნიშნით რომ არ აღებეჭდათ ქართველ პოლიტიკოსებს? არც ერთი, 1990 წლის 28 ოქტომბრის უზენაესი საბჭოს არჩევნებიდან - დღემდე!
    უკვე ნათელია, რომ 1 ოქტომბრის არჩევნები (ისევე, როგორც ყველა არჩევნები წარსულში) ორსუბიექტიანი იქნება. ერთმანეთს ორი მთავარი ძალა დაუპირისპირდება: სააკაშვილ-მერაბიშვილ-უგულავას „ნაციონალური მოძრაობა“ და ივანიშვილის „ქართული ოცნება“. სოციოლოგიური გამოკითხვები სპეკულაციათა ასპარეზია, თუმცა ძირითადი ტენდენცია მკაფიოდ გამოიკვეთა - ივანიშვილი აშკარად „ეწევა“ მმართველ პარტიას: წლის დასაწყისში 11 პროცენტი ჰქონდა, ახლა უკვე ოცამდე. თუ ეს ტენდენცია გაგრძლდა, საბოლოოდ ორპარტიულ პარლამენტს მივიღებთ. დამკვირვებლები შფარდებას ასე პროგნოზირებენ: 60 პროცენტი - 40 პროცენტთან (მაჟორიტარების ჩათვლით) „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. სოციალური პროგრამები და ზაფხულის ინერცია თავისას გააკეთებენ. ნოემბრის ბოლოს ან დეკემბერში შესაძლოა სულ სხვა შეფარდება ყოფილიყო.
    მოხვდება თუ არა „მესამე ძალა“ პარლამენტში? ძალზე სათუოა: „ქრისტიან-დემოკრატები“ პრომოუშენული თვალსაზრისით დაუღალავად მუშაობენ და მმართველმა პარტიამაც აშკარად უწყალობათ საკუთარი მედია თუ ადმინისტრაციული რესურსის ნაწილი, მაგრამ რამდენად საკმარისი იქნება ეს 5 პროცენტიანი ბარიერის გადასალახად, ჯერ ცხადი არ არის.
    „,მესამე პარტიის“ რანკინგი ასეთ რიგს გვთავაზობს: ქრისტიან-დემოკრატები; ახალი მემარჯვენეები; ლეიბორისტები. ამ უკანასკნელთ საარჩევნო ბრძოლის უცნაური ტაქტიკა აქვთ: ამომრჩევლის ლანძღვა! შალვა ნათელაშვილის ბოლო განცხადება მსოფლიო პოლიტიკის ქრესტომათიაშია შესატანი: „ნაგავი ხართ და მოღალატეები, რომ ჩვენ არ მოგვეცით ხმა“ - შინაარსობრივად სწორედ ასე მიმართა მან ამომრჩევლებს - „მაგრამ კიდევ შეგიწყალებთ და მაინც მივიღებთ მონაწილეობას 1 ოქტომბრის არჩევნებში, რომელიც თქვენთვის გადარჩენის უკანასკნელი შანსი იქნება“.
    ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამომრჩევლისადმი ამგვარი დამოკიდებულება „მშრომელებს“ კარგს არაფერს უქადის: ვერაფერს იზამ, თუკი ამომრჩეველი იმდენად ჯიუტია, რომ არ უყვარს, როცა ლანძღავენ და თან ხმის მიცემას სთხოვენ. რაც შეეხება ქრისტიან-დემოკრატებსა და „ახალ მემარჯვენეებს“, მათი წარმატება დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა ოპოზიციური ამომრჩევლის მერყევი ნაწილის „წამოყვანას“. კვლავ ვიმეორებ: ამ საქმეში მმართველი პარტია აუცილებლად დაეხმარებათ, მაგრამ მომავალი პარლამენტის საერთო სურათს ეს ვერ შეცვლის: მიშა და ბიძინა საკანონმდებლო ორგანოს გაიყოფენ. საკითხავი და სათუო მხოლოდ პროპორციაა.
    მილიარდერ ივანიშვილის დანაქადნები „საკონსტიტუციო უმრავლესობის“ შესახებ უკვე აღარავის ახოვს. თავადაც აღარ ახსენებს თუ მიაქციეთ ყურადღება. მაგრამ არც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება ისეთი კომფორტული უმრავლესობა, როგორიც ამჟამინდელ და წინა პარლამენტში ჰქონდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა და კონსტიტიციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლის წინ საკანონმდებლო ორგანოში გააფთრებული ბრძოლა გაიმართება. ამ ბრძოლის ეპიცენტრში კი მაჟორიტარები იქნებიან. ორივე იბრძოლებს, რათა 2013 წლამდე რაც შეიძლება მეტი მაჟორიტარი „გადმოიტყუოს“ თავის მხარეს. და, სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მაჟორიტართა კორპუსი მართლაც იქცა ქართულ პოლიტიკაში რაღაც უცნაურ ფენომენად, რომელიც, ერთი ძველი ქართული გამონათქვამისა არ იყოს „ირწევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“, ანუ იმ მხარეს გადაიხრებიან, საითაც ქარი დაუბერავს.
    ეჭვი არ შეეპაროს მკითხველს, ისევე, როგორც ნებისმიერ პარტიას, რომ მაჟორიტარები ყოველთვის, ყველა სიტუაციაში საბოლოოდ „ძლიერს“ დაუჭერენ მხარს. თუ 2012 წლის განმავლობაში „ძლიერად“ ბიძინა ივანიშვილი მოეჩვენებათ, მის მხარეს გადავლენ უეჭველად. მაგრამ პირიქითაც შეიძლება მოხდეს: თუ „ნაციონალები“ საკმარისად მყარ უმრავლესობას მოიპოვებენ მომავალ პარლამენტში, მაშინ იმ მაჟორიტართა უმეტესობა, რომელთაც ახლა ივანიშვილი ასახელებს რეგიონებში, პარტიას იოლად შეიცვლიან. ამიტომ, ოქტომბრის არჩევნებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სწორედ პირველ ანგარიშს, რომელიც 2 ოქტომბრისათვის დაფიქსირდება. რაც უფრო მცირე იქნება სხვაობა პირველ და მეორე ადგილებს შორის, მით უფრო მერყევი და „პერვერსიული“ აღმოჩნდება საბოლოო ანგარიშით ახალი დეპუტატთა კორპუსი.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    თუმცა ეს მომავლის გათვლებია, აქტუალური თემა კი ჯერ-ჯერობით ისაა, მოჰყვება თუ არა ოქტომბრის არჩევნებს მასობრივი პროტესტი. პროტესტები და გამოსვლები ნამდვილად მოჰყვება. მაგრამ რევოლუცია - არა. არც ერთ სერიოზულ პოლიტიკურ ძალას, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, რევიოლუცია ხელს არ აძლევს, რასაც საქართველოს ახალი კონსტიტუციური ჩარჩოც განაპირობებს: ერთი წლის შემდეგ ქვეყანაში ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები და ორივე მხარეს ექნება ცდუნება, ამ არჩევნებამდე სისტემა უკლებლივ მიიტანოს, რათა უნებლიედ „გარესისტემური ჯგუფი“ არ გააძლიეროს.
    ვგულისხმობს ნინო ბურჯანაძეს, რომელსაც ნორმალური არჩევნებით ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არა აქვს, მაგრამ აქვს იმის რესურსი, რომ თუ ქვეყანაში რევოლუცია მოხდა, შემდეგ ძალაუფლება პოსტფაქტუმ გაიფორმოს. მოსწონს ვინემს თუ არა, ნინო ბურჯანაძე, მისი არაპოპულარობის მიუხედავად, სერიოზულ აქტორად რჩება და მისი იგნორირება ნებისმიერ სცენარში დიდი შეცდომა იქნებოდა.
    „უბრალო ხალხსა“ და საქართველოს მოსახლეობას რაც შეგვეხება, უნდა შევეჩვიოთ აზრს, რომ რყევებისა და ცვლილებების გარეშე თანამედროვე სახელმწიფო არ არსებობს. ამიტომ კომფორტი და სიმშვიდე გამორიცხულია: იწყება ხანგრძლივი ტურბულენტობის, რისკების (მათ შორის საგარეო რისკების) და გაურკვევლობის პერიოდი, რომელიც ბევრად უფრო ხანგრძლივი იქნება, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილი 16 თვე.
    სწორედ ამითაა მნიშვნელოვანი 1 ოქტომბრის საპარალმენტო არჩევნები, რადგან იგი „ეპოქალურ მიჯნას“ უქმნის მიხეილ სააკაშვილის 10 წლიან მმართველობას განურჩევლად და მიუხედავად იმისა, რას აპირებს მიშა 2013 წლის შემდეგ.
    რასაც არ უნდა აპირებდეს, ეს უკვე მაინც სხვა მიშა და სხვა საქართველო იქნება.

მთელ გვერდზე