რით დასრულდება დიპლომატიური ომი გაეროში?

        დღეს გამოქვეყნდება გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოში მისიის გაგრძელების შესახებ.
        გადაუჭარბებლად, ამ გადაწყვეტილებას ისტორიული მნიშვნელობა ექნება, რაკი საბოლოოდ გახდება ნათელი, გვყავს თუ არა მეგობრები (სინამდვილეში) და რამდენად არიან ისინი მზად «აიტკივონ თავი» საქართველოს პრობლემებით მაშინ, როდესაც სხვა უამრავი პრობლემა აქვთ მთელ მსოფლიოში.
        მაისში, გაეროს გეენრალურმა მდივანმა, პან გი მუნმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელიც მომავალი რეზოლუციის «შავ» ვარიანტად ითვლება.
        წინასწარ, ნიუ იორკში ჩავიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელიც პან გი მუნს დაემუქრა, რომ თუ რეზოლუციაში იქნებოდა ნახსენები საქართველო (და აფხაზეთი, როგორც მისი ნაწილი) მაშინ აფხაზები, თურმე ნუ იტყვით, უარს იტყოდნენ ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე და მათი უარი გაეროს დაბრალდებოდა.
        მუქარა საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: გაეროს ბიუროკრატიას (ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ბიუროკრატიას) საკუთარი «მუნდირის ღირსების» გარდა სხვა არაფერი აინტერესებს.
        ამ დროს, გაეროში საქართველოს საელჩო და ქართველი დიპლომატები, როგორც ჩანს «ხეზე იჯდნენ, ტყემალს ჭამდნენ და კურკებს ისროდნენ». როგორ დავიჯეროთ, რომ გიგა ბოკერია და ალექსანდრე ლომაია ერთმანეთს არ ელაპარაკებიან? რა უნდოდა იმის გაგებას, რისთვის იბრძოდა ლავროვი გაეროს შტაბ - ბინაში? რა უნდოდა პან გი მუნის სამდივნოსათვის იმ მუქარის გაგზავნას, რომ თუ საქართველო არ იქნებოდა ნახსენები რეზოლუციაში, უკვე სწორედ საქართველო (და არა აფხაზი სეპარატისტები) დატოვებდნენ ჟენევის მოლაპარაკებას პროტესტის ნიშნად?
        საამისოდ ხომ იდეალური ვითარება შეიქმნა მას შემდეგ, რაც აფხაზებმა, ოსებმა და რუსებმა მიატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა და მთელი მსოფლიოს მას-მედია სწორედ მათ აკისრებდა მორიგი რაუნდის ჩაშლას?
        მაგრამ როდესაც ტყემალზე ზიხარ, ბუნებრივია ადვილად მოგატყუებენ.
        ახლა ეს უკვე გვიანია, რადგან ნებისმიერი დემარშისათვის და ჟენევის მოლაპარაკებათა მიტოვებისათვის პასუხისმგებლობა უკვე საქართველოს დაეკისრება.
        ცალკე საკითხია რა უხარიათ ამ ჭკუამოკლე სეპარატისტებს? კარგით, საქართველო არ არის ნახსენები, მაგრამ ხომ არც აფხაზეთია არც ერთხელ ნახსენები?!@
        რაც შეეხება რეზოლუციას, წინა დღეებში განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი. მათ შორის პან გი მუნის მოხსენების «გაფორმება» რეზოლუციის სახით, რაც ჩვენთვის კატასტროფა იქნება და უეჭველად დაადასტურებს, რომ გაგვყიდეს ჩვენმა მეგობრებმა!!! – რაკი მათი თანხმობის (ან, ყოველ შემთხვევაში «კენჭისყრისას თავის შეკავების») გარეშე რეზოლუცია გაეროში ნამდვილად «ვერ გავა».
        ამ შემთხვევაში დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველო «გაიცვალა» ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის თაობაზე მიღებულ რეზოლუციაში.
        მეორე ვარიანტია მისიის ე.წ. «ტექნიკური გაგრძელება» რამდენიმე თვით, რაც საქართველოსათვის შედარებით ნაკლები ზიანის მომტანია, თუმცა რეალურად ბევრს ვერაფერს ცვლის.
        ცნობილმა რუსმა პოლიტოლოგმა, სტანისლავ ბელკოვსკიმ «პრაიმ ტაიმს» განუცხადა, რომ «რუსეთი ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ რამდენად უსუსურია გაერო, როდესაც საქმე ერთ-ერთ ზესახელმწიფოსა და უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს ეხება – რუსეთს ხომ ვეტოს უფლება აქვს გაეროში? მაშასადამე, მისი კეთილგანწყობა ყველას იმდენად სჭირდება, რომ მზად არიან საქართველო ადვილად «ჩააბარონ»
        ისიც გასათვალისწინებელია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი რამ არ მომხდარა: უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს დაეპყროს სხვა ქვეყნის ტერიტორია და ანექსირებული რეგიონების დამოუკიდებლობა ეღიარებინოს. თუმცა, როგორც კი შეიქმნა ასეთი პრეცედენტი, მაშინვე დადასტურდა, სინამდვილეში რას წარმოადგენს გაერო და რამდენად უსუსურია იგი, - დაიცვას პატარა წევრი ქვეყნის ინტერესები.

2009 წლის 15 ივნისი
       
        მთელ გვერდზე