GHN: როგორ გაგიყიდიან ბინას - რატომ უნდა გვეშინოდეს „კავკასიურ სინგაპურში“ ცხოვრება?

    „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიამ“, რომელსაც „სპეციალიზებული პროფესიონალიზმი“ არასდროს აკლდა და არც ახლა აკლია, ძალიან საინტერესო სიუჟეტი შესთავაზა საზოგადოებას P.S-ის ბოლო გამოშვებაში: თუ როგორ „მოატოვეს“ (ჟარგონით) ქართველმა თაღლითებმა არაბი ბიზნესმენი, ვინც საქართველოში ჩამოვიდა, მილიონობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა, კიდევ მეტს გეგმავდა, მიწა იყიდა, იქ მშენებლობის დაწყებას აპირებდა, თუმცა........ ერთ „მშვენიერ“ დღეს აღმოჩნდა, რომ მისი მიწა თაღლითების ჯგუფს ყალბი მინდობილობით გაუყიდია.
        თაღლითობის ორგანიზატორმა ქალბატონმა ქვეყნიდან „იშვლიპინა“, ანუ ფულით გაიქცა, მიწის ახალი მფლობელი კი, მოქმედი სამოქალაქო კოდექსით, „კეთილსინდისიერი მყიდველია“ და მიწას არ აბრუნებს. არც დააბრუნებს, რაკი კანონმდებლობა მის მხარესაა: მოქმედი კანონით „კეთილსინდისიერ მყიდველს არაფერი დაუშავებია“. ელემენტარული ლოგიკით გამოდის, იმას „დაუშავებია“, ვინც მოატყუეს! „ჰოდა, ვინც მოგატყუა იმას მოსთხოვე ფულის დაბრუნებაო“. მაგრამ თუ ის თაღლითი ქვეყნიდან გაიქცა, ფულიც წაიღო, ხოლო მის თანამზრახველებს „უღირთ“ რამდენიმე წელი ციხეში გაატარონ, ოღონდ მერე დიდი ფული დარჩეთ, მაშინ რა ვქნა?“
        - არც არაფერი, კისერი გიტეხია!“
        ახლა „საუდის არაბეთმა“ და „არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა“ ერთობლივადაც რომ გამოგვიცხადონ ომი, იმ არაბ ბიზნესმენს ის მიწის ნაკვეთი ვერაფრის დიდებით ვერ დაუბრუნდება, რაკი მოქმედი სამოქალაქო კოდექსით, ახალი მფლობელი „კეთილსინდისიერი მყიდველია“, მაშასადამე, ისევ და ისევ, გამოდის თურმე მოტყუებულმა დააშავა და არა იმან, ვინც ქონება იაფად (!) შეიძინა და არც იყო ვალდებული, რაიმე კითხვები გასჩენოდა.
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        ყველაზე ნიშანდობლივი მაინც საჯარი რეესტრის რეაქციაა მთავარ პრეტენზიაზე: „მინდობილობის ნამდვილობა რატომ არ შეამოწმეთო“. პასუხი (კანონმდებლობით სრულიად გამართული, ადეკვატური და რელევანტური) ასე ჟღერს: „საჯარო რეესტრს კანონით არ ევალება, ამოწმოს მინდობილობის ნამდვილობა!“
        ღმერთო ჩვენო, აბა ვის ევალება? თუ საჯარი რეესტრს, რომელიც აფორმებს უძრავ ქონებას, არ ევალება შეამოწმოს დოკუმენტის ნამდვილობა, მაშინ ვინ უნდა შეამოწმოს, რათა მასშტაბური თაღლითობა არ დაუშვას?...... არც არავინ. დიახ, დიახ, მოქმედი კანონმდებლობით, არავის არ ევალება!
        „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას“, რა თქმა უნდა, „დაავიწყდა“ ეთქვა, რომ კანონმდებლობა, რომელმაც ასეთი აბსურდი შესაძლებლად აქცია საქართველოში, სწორედ იმ „წარმატებული რეფორმების“, ყველაფრის „გამარტივების“ „ბიზნესის გაიოლების“, „ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნის“ ფილოსოფიის შედეგია, რაც „ახალგაზრდა რეფორმატორების გუნდმა“ განახორციელა 2004 წლიდან.
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        მდინარე იორდანეს, ტიგროსაა და ევფრატს, აგრეთვე ნილოსს წაუღია ის არაბი ბიზნესმენი, ვისაც ხსენებული სიუჟეტი ეძღვნებოდა. ბოლოს და ბოლოს, შიმშილით ნამდვილად არ მოკვდება და უსახლკაროდ არ დარჩება. უბედურება ისაა, რომ „დიადი რეფორმაციის“ ეპოქიდან მოყოლებული, შინაარსობრივად ასეთივე თაღლითობის მსხვერპლი საქართველოში გახდა ათასობით (!!!) ჩვენი უბედური, ღარიბი თანამემამულე.
        აბა წარმოიდგინეთ (რა, განა ძნელი წარმოსადგენია?), რომ მატერიალურად გაგიჭირდათ, გააქირავეთ ბინა, გადახვედით სხვა, უფრო მცირე, ასევე ნაქირავებ ბინაზე, ოღონდ გარეუბანში და ქირით აპირებთ არჩინოთ ოჯახი იმ იმედით, რომ სამუშაოს იშოვით და მერე თქვენს ბინას დაიბრუნებთ. შემდეგ, როცა „მდგმურმა“ მორიგი ქირა დაგიგვიანათ და ტელეფონიც გამორთული აქვს, მიადექით თქვენს სახლს, დააკაკუნეთ, ან ზარი დარეკეთ.......... კარს სრულიად უცხო ადამიანი გიღებთ და გეუბნებათ, რომ ეს ბინა 2-3 კვირის წინ შეიძინა და იქ კანონიერად ცხოვრობს! აღშფოთებული გავარდით საჯარო რეესტრში, სადაც ირკვევა, რომ თურმე დოკუმენტები, რომლითაც თაღლითმა თქვენი ბინა გაყიდა და ქვეყნიდან ფულიანად სამუდამოდ „იშვლიპინა“, ყალბი ყოფილა.
        „რატომ არ გადაამოწმეთ, რატომ დამღუპეთ?!!!“ - ბღავით, მოთქვამთ და ტირით სისხლიანი ცრემლებით. „კანონმდებლობით არ გვევალება დოკუმენტების და ბეჭდების ნამდვილობის შემოწმება“- გულგრილად იჩეჩს მხრებს საჯარო რეესტრის თანამშრომელი გოგონა და მართალიცაა: არ ევალება და რაც კანონით არ ევალება რატომ უნდა შეიწუხოს თავი?
        მერე სასოწარკვეთით გარბიხართ პროკურატურაში, სასამართლოში . . . . . . . . . . თუმცა ყველგან გეუბნებიან ერთსა და იგივეს: რაკი „გადაგაგდეს“ (ესე იგი გაგიჭირდა და ბინა გააქირავე), შენი დანაშაულია, თორემ „იმას“ არაფერი დაუშავებია, ვინც არ იცოდა (ყველა ამგვარ შემთხვევაში მართლა არ იცოდა), რომ სინამდვილეში შენს ბინას ყიდულობდა. ჰოდა მოქმედი სამოქალაქო კოდექსით, იმას ვეღარა ძალა თქვენი ყოფილი ბინიდან ვერ გამოასახლებს, რაკი „კეთილსინდისიერი მყიდველია“.
        რჩებით ასე - გაუბედურებული, უსახლკაროდ.
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        კი ბატონო, დავუშვათ ეს „კეთილსინდისიერი მყიდველის“ საკითხი მართლა არაერთმნიშვნელოვანი და საკამათოა. დავუშვათ. მაგრამ დავუბრუნდეთ მთავარს, ანუ საკვანძო საკითხს: რატომ არა აქვს, კანონმდებლობით, „საჯარო რეესტრს“ (და არც არავის) ვალდებულება, შეამოწმოს დოკუმენტების ნამდვილობა? რატომ მოუხსნეს მას ეს ვალდებულება „ლიბერტარიანული რეფორმების“ პროცესში ჩვენმა „ახალგაზრდა რეფორმატორებმა?“
        პასუხი: იმიტომ, რომ თუ ეს ვალდებულება იარსებებდა, შემოწმებას და კონტროლს ხომ აუცილებლად დასჭირდებოდა დრო?! შესაბამისად, ისე იოლად და „უცბად“ უძრავი ქონების გადაფორმება-გადმოფორმება ვერ მოხერხდებოდა და საქართველო (აი, ეს არის აქ მთავარი, სადაც მარხია „რეფორმატორული თავი“) ვეღარ მოიპოვებდა Doing Busines-ის რეიტინგებში მაღალ ადგილს, რომელიც ჰქონდა და დღემდე აქვს სწორედ ამ „ლიბერტარიანული კანონმდებლობის“ შესაბამისად.
        ზუსტად იმავე „ლიბერტარიანული ფილოსოფიით“, გაუქმდა ავტომანქანების ტექდათვალიერება და ნებისმიერი სპეციალისტი გეტყვით, რომ ავტოავარიების საზარელი (ტრაგიკულად სამარცხვინო, ველური!!!) სასიკვდილო სტატისტიკის ნახევარი (მინიმუმ) სწორედ ამის შედეგია და არა მხოლოდ სიმთვრალის ან სიჩქარის გადაჭარბებისა; გაუქმდა სახანძრო ინსპექცია და ქობულეთის სასტუმროში ბავშვები დაიწვნენ; გაუქმდა შრომის ინსპექცია და საქართველო დღეს ასევე პირველ ადგილზეა მაღაროებში 350 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდნილი თუ მშენებლობებიდან გადმოვარდნილი საბრალო მუშების რაოდენობით; გაუქმდა სასურსათო ინსპექცია და გამეფდა ლოგიკა: „ბინძურ აბაზანაში დამზადებული სოსისით თუ რამდენიმე ადამიანი მოკვდება, რა მოხდა მერე - იმ ფირმის დამზადებულ სოსისს უბრალოდ აღარ იყიდიან ადამიანები და......“
        არადა, არც მთლად ასეა საქმე: „იმ ფირმის დამზადებულ სოსისს“ ადამიანები მხოლოდ იმ შემთხვევაში აღარ იყიდდა, თუ ეცოდინებოდა ამ ტრაგედიის შესახებ, მაგრამ.............თუ „ის ფირმა“ ჩვენს ეროვნულ ტელევიზიებს ძვირადღირებულ რეკლამებს უკვეთავს, მაშინ? ვითომ მაინც გააშუქებენ ტრაგედიას? ნეტარ არიან...............
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        ამგვარი „ლიბერტარიანული რიგის“ გაგრძელება კიდევ შეიძლება. მაგალითად: რობაქიძის, გამცემლიძის, ვაზაგაშვილის ტრაგედიები პირველ რიგში იმან გამოიწვია, რომ „წარმატებული საპოლიციო რეფორმის ფარგლებში“, პოლიციიდან გაყარეს კორუმპირებული პროფესიონალები და მოყარეს არაკორუმპირებული, უმწიკვლო, პატიოსანი ტლუ „ყანები“, რომელთაც თოხი და იარაღი ერთმანეთში ერეოდათ.
        ხოლო ის, რაც ამავე მიზეზით ე.წ. „სამშენებლო დეველოპმენტის“ მიმართულებით მოხდა საქართველოში, ხომ საერთოდ ჯოჯოხეთია, - საერთონაციონალური კატასტროფაა, „ტოტალური ჩერნობილია“, თანაც არა ერთეული ადამიანების, არამედ მთელი სოციალური კატეგორიის (უცხოეთში მშრომელთა) გაუბედურებით!
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        რასაკვირველია, „ლიბერტარიან-რეფორმატორებს“ პასუხიც მზად აქვთ: „ეს ყოველივე ანტიკორუფციული ზომები იყო. ბიზენსის კეთება იოლი უნდა იყოს, ბიზნესს სახელმწიფო არ უნდა აკონტროლებდეს! კი, ადამიანები თაღლითების და უპასუხისმგებლო ბიზნესმენების გამო დაზარალდნენ, ახლაც ზარალდებიან, მაგრამ, რას ვიზამთ, კაპიტალიზმია, ლიბერალურ ეკონომიკაა, „ვარდნი უეკლოდ ვის მოუკრეფავს“, ყველაფერს აქვს „გვერდითი ნეგატიური მოვლენები“ - იმ ერთი მოტყუებული და გაუბედურებული ადამიანის დასაცავად, სხვა 99 ადამიანს რატომ უნდა გაურთულდეს ბინის ყიდვა-გაყიდვა. ასიდან 99 შემთხვევაში ხომ არანაირი თაღლითობა არ არის?“.
        ეს ბოლო არგუმენტი განსაკუთრებით საგულისხმოა: მართლაც და, როგორ შეიძლება ერთის დასაცავად 99 დაისაჯოს და გაურთულდეს საქმე, ანუ არა ერთ დღეში, არამედ მხოლოდ ერთ კვირაში ან ერთ თვეში (როგორც ევროპაშია) შეძლოს ბინის ან უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის დასრულება? განა ეს სწორი იქნება? არადა ხომ მართლაც გაურთულდება თუ „საჯარო რეესტრს“ კანონმდებლობა დაავალდებულებს შეამოწმოს, გადაამოწმოს, გააკონტროლოს და ა.შ. ამას ხომ დღეები და კვირეები დასჭირდება? რა თქმა უნდა დასჭირდება. თანაც „კორუფციის ბუდე გახდება.......“
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        დარწმუნებული ვარ, ამ საპასუხო ლოგიკას მკითხველთა დიდი ნაწილი დაეთანხმება. ოღონდ, რასაკვირველია, მხოლოდ ისინი (99 ბედნიერი), ვისაც ეს სიმწარე არ გამოუცდია და თავად არ გაუბედურებულა. ანუ „სხვისი ჭირი“, მაგრამ.......... არის აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი „მაგრამ“.
        რამდენადაც ცნობილი და დეკლარირებულია (ყურები ხომ გამოგვიჭედეს ბოლო მეოთხედი საუკუნე), საქართველო „პროდასავლური“ ქვეყანაა და ჩვენი მიზანი ევროკავშირში გაწევრებაა. განა ასე არ არის? ასეა. ჰოდა თუ ასეა, მოდით ავიღოთ მსოფლიო ბანკის იგივე Doing Busines რეიტინგი და ყურადღებით დავაკვირდეთ ერთ უცნაურობას: ამ რეიტინგში, საქართველო მსოფლიოში მხოლოდ 39-ე ადგილზეა ისეთი მაჩვენებლით, როგორიცაა ელექტროხაზებთან და სხვა ინფრასტრუქტურასთან მიერთების სიიოლე (ბევრმა არ იცის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია იმავე რანკინგში), 22-ე ადგილზეა საგადასახადო სისტემით, 54-ე ადგილზეა საერთაშორისო ვაჭრობით, მე-16 ადგილზეა კონტრაქტთა აღსრულებით, მხოლოდ 106-ე ადგილზეა ვალაუვალობით (გადახდისუუნარობის ინსტიტუტით) და...........მესამე ადგილზეა უძრავი ქონების რეგისტრაციის სიიოლით! ხოლო მშენებლობის ნებართვით (ამის შედეგი იხილეთ ზემოთ) მეორე ადგილზე ვართ მთელ მსოფლიოში! აი, მხოლოდ ამის წყალობით ვიყავით საშუალო ჯამური მაჩვენებლით მერვე ადგილზე! ნახეთ და თავად დარწმუნდებით.
        ანუ, დააკვირდით: სადაც „რისკი“, ესე იგი დანაკარგი „უღირდათ“ და არ ენაღვლებოდათ, სწორედ იქ გააიოლეს!
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        აქედან გამომდინარე, რაოდენ ლოგიკურიც არ უნდა სჩანდეს თითქოს „ლიბერტარიანული კონტრარგუმენტები“, არანაკლებ ლოგიკური და რელევანტურია კითხვა: როგორ მოახერხა საქართველომ, რომ სწორედ ამ ორი მაჩვენებლით, ესე იგი ქონების რეგისტრაციის სიიოლით და მშენებლობის ნებართვით შეუდარებლად უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა, ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი?!
        სწორედ ანგლოსაქსურ სახელმწიფოებს ვასახელებ და არა საფრანგეთ-გერმანიას, რაკი ჩვენს „დიდ რეფორმატორ-ლიბერტარიანელებს“ სხვა დასავლური სახელმწიფოები პირდაპირ „სოციალიზმში ჩაფლულად“ მიაჩნდათ.
        გავიმეოროთ ეს აბეზარი კითხვა: რატომ და როგორ მოხერხდა, ამ მხრივ თვით ინგლის-ამერიკას ვუსწრებდეთ?
        იგივე კითხვა შეძლება შევატრიალოთ კიდეც: ნუთუ ჯონ ლოკის „თანაეთნოსელებმა“ და „საკაცობრიო ლიბერალიზმის აკვნის მრწეველებმა“ არ იციან, ვერ ხვდებიან, ვერ თვლიან, ვერ „ტვინავენ“, რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს ქვეყნის ეკონომიკისთვის, მისი სწრაფი განვითარებისა და მჩქეფარე ზრდისთვის ეს „სიიოლე“ ეს „სიმარტივე“, ეს „გაუკონტროლებლობა“, ეს „ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნა“ და ა.შ? ნუთუ, ჩვენი რეფორმატორები „ტვინავდნენ“და ისინი იქ ვერა?
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        ამის პასუხად:
        რამდენიმე წლის წინ, თბილისში ერთი ინგლისელი კოლეგა ჟურნალისტი მესტუმრა. აღფრთოვანებული იყო ჩვენი „საჯარო რეესტრით“: „რა დაუჯერებლად ადვილია ბინის გაფორმება, მიხვალ, მიიტან ქაღალდს, მოაწერ ხელს და დღის ბოლომდე დაგირეგისტრირებენ...........ზოგჯერ წუთებიც ყოფნისო“. მერე დაიჩივლა: „აი ჩვენთან კი...... ინგლისში..... უჰ, ამოწმებენ, ამოწმებენ, დღეების, კვირეების განმავლობაში გატარებენ........“
        აქ უკვე ფრთხილად შევაპარე „არაკომფორტული“ კითხვა: „ძვირფასო სემ, მერედა რატომ ხდება ასე, ნუთუ თქვენს მთავრობას არ უნდა, ადამიანებს ცხოვრება გაუიოლოს მეთქი“. დაფიქრდა და ვერაფერი მიპასუხა. ანუ ქართულად თუ გადმოვთარგმნით მისი პასუხი ასეთი იყო: „რავი აბა........ასეა“.
        ნიშანდობლივია, რომ აზრად არ მოსვლია ჩვენი რეფორმატორების უსაყვარლესი (სინამდვილეში პირწმინდად დემაგოგიური!) არგუმენტი „კორუფციის“ შესახებ, რადგან მაშინ სწორედაც „წმინდად“ ქართული ნარატივი უნდა გაემეორებინა „კორუფციის პირამიდულობის“ შესახებ და ისიც უნდა ეთქვა, რომ ბინის რეგისტრაციის გართულებით მიღებული ქრთამებიდან პირდაპირ პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ითბობდა ხელს. მაგრამ რაკი ეს სრული იდიოტიზმია, ანგლოსაქსურმა Common sense-მა შეუშალა ხელი.
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        არადა, იმავე ბრიტანეთში (ამერიკაში, საფრანგეთში, გერმანიაში) მუდამ ასე როდი იყო! იქაც სრული თავისუფლება სუფევდა რეგისტრაციის სფეროში მანამ, სანამ საზოგადოება ვერ მიხვდა იმას, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან ჩვენი რეფორმატორები: რომ იმ „ერთი“ სრულიად უდანაშაულო, ყოველმხრივ მართალი ადამიანის უბედურება, მისი აშკარა დაუცველობა და მისი შვილების მწარე ცრემლი საზოგადოებას, მის ღირებულებებს და პიროვნების მხრიდან საზოგადოებრივ იდეალთა პატივისცემას, შესაბამისად სახელმწიფოს ავტორიტეტს იმაზე ბევრად დიდ ზიანს აყენებს, ვიდრე დანარჩენი 99 ადამიანის დისკომფორტი და Doing Busines-ის დაბალი რეიტინგი!
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        ზუსტად ვიცით რასაც იტყვიან პასუხად „ჩვენებურები“. აუცილებლად იტყვიან: „ხომ მაინც იქნებოდა თაღლითობა და მაშინაც ხომ იყოო“: „განა ჩვენამდე არ ატყუებდნენ ადამიანებს ყალბი მინდობილობებით? განა ტექდათვალიერების დროს ავარიები არ იყო? განა მუშები არ იღუპებოდნენ? განა ხანძრები არ ხდებოდა?“
        კი ბატონო, როგორ არა, მაგრამ შეუდარებლად ნაკლები! ესეც ფაქტია, ხოლო ფაქტს (ანუ, სტატისტიკას: დაღუპული მუშების რაოდენობიდან, - ავტოავარიის მსხვერპლთა ოდენობამდე) ვერსად წაუვლენ ეს ჩვენი შინნაზარდი ცრუპენტელა „ლიბერტარიანელები“, მთელი მათი გაიძვერობის მიუხედავად.
        გარდა ამისა, როგორც „ჯიუტი“ სტატისტიკა უტყუარად ადასტურებს, საქართველოს საავტომობილო გზებზე სიკვდილიანობის კატასტროფული ზრდა ზუსტად მას შემდეგ დაიწყო, რაც „რეფორმატორებმა“ გარეკეს კორუმპირებული ავტოინსპექცია და გზებზე წესრიგის დაცვა ახლადშემქნილი „პატრულის“ ერთ-ერთ (არა ერთადერთ და არც თუ მთავარ) მოვალეობად იქცა. არაპოლიტკორექტული ფაქტია, მაგრამ ფაქტია და რა ვქნათ?
        რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც კაცობრიობის ისტორია გვასწავლის, კორუფციის დამარცხება შესაძლებელია არა მხოლოდ კორუფციით მოცული სახელმწიფო ინსტიტუტის სრული გაუქმებით, არამედ ამ ინსტიტუტში კორუფციის აღმოფხვრით.
        - „აბა ის ჯობდა?!“ „აბა კორუფცია ყოფილიყო?“ „არ ღირდა ამად?“
        ჯერ ერთი (ვიმეორებ), კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სხვა მეთოდებითაც შეიძლება: კორუფციას ტექდათვალიერების სფეროში შეიძლება ევრძოლო არა ტექდათვალიერების სრული გაქუმებით, არამედ თვით კორუფცისი აღმოფხრვრით, კორუფციას სახანძრო თუ სასურსათო სფეროში ნორმალური, არაპარანოიდული ხელისუფლება ებრძვის არა ამ ინსტიტუტთა სრული გაუქმებით, არაედ იქ კორუფცისი აღმოფხვრით და ა.შ და ა.შ. გარდა ამისა, „ღირდა თუ არა ამად“ იმ ათიათასობით დაღუპულისა და დასახიჩრებულის ჭირისუფალს უნდა ვკითხოთ, ვინც შეიძლება გადარჩენილიყო. ისინი გაგვცემენ მკაფიო პასუხს.
        ან კიდევ, ნეტავ იმავე ინგლისში რატომ ამოწმებენ თვეობით ყოველ დეველოპერულ პროექტს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას ეხება და „კოოპერატიული“ პრინციპით ფინანსდება? ნეტავ რატომ?
        . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
        ყველაფერს ამქვეყნად აქვს ფასი. „ლიბერტარიანელ რეფორმატორთა“ მთავარი მანკიერება ისაა, რომ მათთვისაც (ისევე, როგორც ბოლშევიკებისთვის) შედეგია არსებითი და არა „ფასი“, რაც ამ „შედეგში“ სხვა ადამიანებმა, მაშასადამე საზოგადოებამ გადაიხადა. ანუ, „Лес рубят, Щепки летят“.
        მეორეს მხრივ, დიდწილად საზოგადოების ბრალიცაა ეს ყოველივე. ქართულ საზოგადოებას რომ „პოპულიზმის ჭირი“ არ ახრჩობდეს და ოდნავ უფრო „რთულად აზროვნების“ უნარი გააჩნდეს, გაიძვერა პოპულისტები ვერასდროს გაიხარებდნენ ამ ქვეყანაში.
        ბოლო დღეებში რომ „განათლების სისტემაზეა“ ლაპარაკი, ალბათ ერთ-ერთი მთავარი დისციპლინა, მომავლის სკოლაში, სწორედაც „რთულად აზროვნების“ უნართა გამომუშავება უნდა იყოს, რაც ამ მრავალტანჯულ ქვეყანაში პოპულიზმის უსაზიზღრესი ჭირისგან დამცავ იმუნიტეტად იქცევა.

        „ლიბერტარიანობა“ არის კაცთმოძულე იდეოლოგია.
        „ლიბერტარიანობა“ არის კაცთმოძულეობა!!!
        ამ თემას არ მოვეშვები......... სანამ სული მიდგას არ მოვეშვები, რადგან ძალიან ბევრ (როგორც დასმულ, ასევე დაუსმელ) კითხვაზე პასუხი სწორედ აქ არის. ბევრი არ მეთანხმება, თუმცა არგუმენტები არ გააჩნიათ თუ არ ჩავთვლით.... „კირილიცათი რატომ დარეგისტრირდი?“. მეტი არგუმენტი არ გაქვთ? იმიტომ, რომ რუსულენოვანი ჟურნალისტი ვარ და ეს ექვსიწლისწინადელი გადაწყვეტილება „ფუნქციონალური“ იყო მეტი არაფერი. თუ კიდევ მოიტანენ ამ „არგუმენტს“ აღარ ავუხსნი. უბრალოდ ვეტყვი: არ არის თქვენი .... საქმე! მორჩა და გათავდა
    ახლა თემის შესახებ. რატომ მიმაჩნია იგი ასე მნიშვნელოვნად? იმიტომ, რომ საზოგადოებრივ ღირებულებებს ეხება და არა ეკონომიკას. ანუ იმ „გულანს“, რომელზეც უნდა აიგოს ყოველივე დანარჩენი - იგივე ეკონომიკა, სახელმწიფო სერვისები და ა.შ. სხვაგვარად თუ ვიტყვით, იმას, რითაც განსხვავდება ბელგია - სინგაპურისგან, თანამედროვე ევროპა - მოდერნიზებული და წარმატებული აზიისაგან.
    „განა თაღლითები ჩვენამდე არ იყვნენ ან ჩვენს შემდეგ არ იქნებიან?“. კი, იყვნენ, არიან და იქნებიან, მაგრამ სახელმწიფოს ფუნქცია არ არის საზოგადოებრივი მანკის სრული აღმოფხვრა. იგი ამას ვერ შეძლებს. ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მოახერხებს. სინამდვილეში, სახელმწიფოს ფუნქცია სოციალური მანკისა და თანამდევი რისკის შეძლებისდაგვარად მინიმიზება (!) და უსამართლობის წინააღმდეგ მუდმივი ბრძოლისთვის მზადყოფნის დემონსტრირებაა. ამიტომ, „მეტ-ნაკლებობა“ (ამგვარ შემთხვევათა სტატისტიკა)სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ინტენციას, მის იმმანენტურ მისწრაფებას განასახიერებს; ხოლო თუ მეორე ნორმალურად მიიჩნევს ამგვარ „მსხვერპლს“ მოდერნიზებისთვის, ის „ფურთხის ღირსია“ და ვერასდროს ადამიანის თავისუფლებას (იგივე ღირსებას) ვერ უზრუნველჰყოფს! მით უმეტეს, პიროვნების პატივისცემასა და თავდადებას ვერ დაიმსახურებს. ვერც დაიმსახურა, როგორც 2008 წელს დავრწმუნდით. თავდადება ინდივიდუალური აქტია. გარკვეული აზრით ინტიმურიც კი, რომელიც საზოგადოებისა და ქვეყნისადმი პასუხისმგებლობას ეფუძნება. მაგრამ, უკაცრავად, პასუხისმგებლობა არ შეიძლება ცალმხრივი იყოს! როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ ქვეყანა მას „იკიდებს“ ე.წ. „ხალხის“ (და ეკონომიკის)ინტერესებიდან გამომდინარე, მაშინ, კრიტიკულ მომენტში ისიც „იკიდებს“ ხალხსაც და ქვეყანასაც!
    რაც შეეხება „კეთილსინდისიერი მყიდველის“ ინსტიტუტს, რომელიც „ლიბერტარიანელებმა“ დააფუძნეს ამ ქვეყანაში: განსახილველი თაღლითობის შემთხვევაში ეს ინსტიტუტი იგივე „ლიბერტარიანული“, ანუ შინაარსობრივად კაცთმოძულე „ფილოსოფიის“ მატარებელია.
    დავაკვირდეთ: განა ელემენტარული სამართლიანობა არ მოითხოვს, „თუ მაინცდამაინც“ ზარალი თანაბრად გაიყოს „კეთილსინდისიერ მყიდველსა“ და „კეთილსინდისიერ ბინათმფლობელს“ შორის? მაგრამ არა: „ბინის მყიდველს არ უნდა ეშინოდეს ბინის ყიდვა იმაზე ფიქრით, რომ გამყიდველი შეიძლება თაღლითი აღმოჩნდეს, რადგან ეს შეაფერხებს უძრავი ქონების ბაზარს, რაც ეკონომიკის ლოკომოტივია“.
    კი მაგრამ, ბინას თუ აქირავებს ადამიანი, იმას სასიკვდილოდ უნდა ეშინოდეს, რომ მდგმური გაყალბებული საბუთებით ამ ბინას გაუყიდის, ხოლო „კეთილსინდისიერ მყიდველს“ ვეღარ გამოასახლებს?
    კაცთმოძულე „ლიბერტარიანელთა“ პასუხი ასეთია: „ეგ არა უშავს, იმიტომ, რომ „ქირავნობის“ ინსტიტუტი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის უძრავი ქონების ბაზრისთვის (მაშასადამე ეკონომიკისთვის), როგორც ყიდვა-გაყიდვისა“!
    აი, ასე
    ახლა რაც შეეხება, როგორც ჟურნალისტები ვამბობთ ხოლმე, „საინფორმაციო წინაპირობას“: ისევ ქობულეთის საზარელი ტრაგედიის გამო, სადაც ბავშვები დაიწვენ. სასტუმროს მფლობელმა რამდენიმე დღის წინ თავი მოიკლა.................როგორც „ჯიუტი“ სტატისტიკა უტყუარად ადასტურებს, საქართველოს საავტომობილო გზებზე სიკვდილიანობის კატასტროფული ზრდა ზუსტად მას შემდეგ დაიწყო, რაც „რეფორმატორებმა“ გარეკეს კორუმპირებული ავტოინსპექცია და გზებზე წესრიგის დაცვა ახლადშემქნილი „პატრულის“ ერთ-ერთ (არა ერთადერთ და არც თუ მთავარ) მოვალეობად იქცა. არაპოლიტკორექტული ფაქტია, მაგრამ ფაქტია და რა ვქნათ?
    რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც კაცობრიობის ისტორია გვასწავლის, კორუფციის დამარცხება შესაძლებელია არა მხოლოდ მექრთამეობით მოცული სახელმწიფო ინსტიტუტის სრული გაუქმებით, არამედ ამ ინსტიტუტში კორუფციის აღმოფხვრით.
    - „აბა ის ჯობდა?!“ „აბა კორუფცია ყოფილიყო?“ „არ ღირდა ამად?“
    ჯერ ერთი (ვიმეორებ), კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სხვა მეთოდებითაც შეიძლება: კორუფციას „ტექდათვალიერების“ სფეროში უნდა ებრძოლო არა ტექდათვალიერების სრული გაუქმებით, არამედ თვით კორუფციის აღმოფხვრით; კორუფციას სახანძრო თუ სასურსათო სფეროში ნორმალური, არაპარანოიდული ხელისუფლება ებრძვის არა ამ ინსტიტუტთა სრული გაუქმებით, არამედ იქ კორუფციის აღმოფხვრით და ა.შ და ა.შ.
    გარდა ამისა, „ღირდა თუ არა ამად“ იმ ათიათასობით დაღუპულისა და დასახიჩრებულის ჭირისუფალს უნდა ვკითხოთ, ვინც შეიძლება გადარჩენილიყო საქართველოს საავტომობილო გზებზე. ისინი გაგვცემენ მკაფიო პასუხს.
    ან კიდევ: ნეტავ გერმანიაში რატომ უნდებიან კვირეობით მინდობილობების შემოწმებას ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებისას? აბა „რა სახელმწიფოს საქმეა იმის შემოწმება, ნამდვილია თუ არა სადღაც სხვა ქვეყანაში გაცემული მინდობილობა?“ ....... იმავე ინგლისში რატომ ამოწმებენ თვეობით ყოველ დეველოპერულ სამშენებლო პროექტს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას ეხება და „კოოპერატიული“ პრინციპით ფინანსდება? ნეტავ რატომ?
    ქვეყანას, რომელმაც საკუთარ მოდერნიზაციას შესწირა ადამიანი ამ ადამიანის შეგნებული, „მომწიფებული“ და გაცნობიერებული არჩევანის გარეშე (9 აპრილიდან დაწყებული!) მომავალი არა აქვს.
    ორფეხა ცხოველების ჯოგი ადამიანთა საზოგადოებად ე.წ. „წარმოების საშუალებათა განვითარებამ“ (იგივე „მოდერნიზაციამ“) კი არ აქცია, არამედ სამართლიანობისა და ადამიანური ღირსების პირუთვნელობის უზენაესმა, ღვთიურმა ღირებულებამ!

GHN
       

        მთელ გვერდზე