პრეზიდენტის ანტიბიუროკრატიული მესიჯები

        მთავრობის ბოლო სხდომა პრეზიდენტის ხელმძღვანელობით და მასზე გაკეთებული განცხადებები იმის მაჩვენებელია, რომ ზაფხულის მიუხედავად, ხელისუფლებაში საინეტრესო პროცესები მწიფდება. სააკაშვილს არაერთგზის უთქვამს, რომ თუ რამეს ვერ იტანს და რაიმესი ეშინია – «უძრაობა და დაჭაობებაა». საინტერესო მაგალითიც მოიტანა: «ყველაზე მეტად ახალი წლის შემდგომი დღეები მძულდა ბავშვობიდან, რაკი სრული უძრაობა და უსაქმურობა იყოო». მართლაც ასეა – 3, 4, 5 იანვარი სრულიად «მკვდარი სეზონია» ყველა თვალსაზრისით. თუმცა საქართველოში ნამდვილად არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად სწორედ უსაქმურობა, სიმშვიდე და უძრაობა, ესე იგი ახალი წლის შემდგომი დღეები უყვართ. ეს მათი დანაშაული კი არ არის – უბრალოდ, ამგვარი მენტალიტეტი აქვთ.
        სააკაშვილის გამოსვლის აზრი კი ის იყო, რომ ამ კატეგორიის ადამიანთა ხელისუფლებაში (მთავრობაში) ყოფნას იგი არ დაუშვებს. მიხეილ საააკშვილს უნდა, მინისტრები და მათი მოადგილეები ისეთი ხალხი იყოს, რომელსაც მასსავით სძულდა ახალი წლის შემდგომი დღეები, ესე იგი მასსავით სძულს უსაქმურობა. იგი არ შეურიგდება იმ «მოადგილეებს» (ვინმე გობეჯიშვილის მაგვართ), ვისაც ყველაზე მეტად სიმშვიდე, სიწყნარე, მყუდროება და «არაფრის კეთება» ენატრება.
        საერთოდ, ამ ყაიდის ხალხი ქვეყანაში (ნებისმიერ ქვეყანაში) უმრავლესობაა - კაი ასვი, კაი აჭამე, ძმაკაცებთან აქეიფე და მეტი სინამდვილეში არც არაფერი აინტერესებს. მაგრამ რაკი პრეზიდენტი სულ სხვა ფსიქოლოგიური წყობის ადამიანია და ახალი წლის შემდგომი დღეები ჭირის დღესავით სძულს, იგი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ «ტკბილი და მშვიდი ცხოვრების მოსიყვარულენი» ხელისუფლებაში არ იყონ. აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ თვით მიხეილ საააკშვილს არ უყვარს კაი ცხოვრება, კაი სმა, კაის ჭამა ან ამის ფასი არ იცის. მაშინ იტყოდა «ახალი წელი მძულსო». მაგრამ მისთვის ეს მაინც მეორეხარისხოვანია და არ თვითმიზანი. «გობეჯიშვილებისთვის» კი საქმეა მეორეხარისხოვანი.
        თანაც, გობეჯიშვილი ხელისუფლებაში გამონაკლისი არ არის. პრეზიდენტმა ძალიან ზუსტი ილუსტრაცია მოიტანა, თუ რას ნიშნავს ხელისუფლებაში «გობეჯიშვილობა»: ინვესტორი იხვეწებოდა 9 მილიონი დოლარი ჩამადებინეო და გობეჯიშვილმა «ინსტრუქციის შესაბამისად» იმოქმედა – ინვესტორს წერილი მისწრა, რომ ეს საკითხი მას არ ეხება და ფოთის მერიისთვის უნდა მიემართა. არადა, იმ ინვესტორმა ძალიან კარგად იცოდა: საკითხი მიწის ნაკვეთის გაყიდვის შესახებ არა ეკონომიკის სამინისტროს, არამედ ქალაქის მერიას და გამგეობას ეკითხება. სამინისტროს მხოლოდ იმიტომ მიმართა, რათა საქმის დაძვრაში და დაჩქარებაში მოხმარებოდა.
        როგორ მოიქცეოდა ამ შემთხვევაში შევარდანძისდროინდელი კორუმპირებული მინისტრი და მინისტრის მოადგილე? – იმ ინვესტორს «თან გადაყვებოდა», რათა მისგან შემდეგ «ატკატი» მიეღო.
        დარწმუნებული ვარ, გობეჯიშვილი ქრთამს არ იღებდა და არ იღებს, მაგრამ შევარდნაძისდროინდელი მინისტრისგან განსხავვებით, რაკი პირდაპირ არ ეხება, ინსტრუქცია არ ავალებს და «აუტკივარი თავის ატკივებაა» (ხომ შეიძლება მერე ვინმემ ცილი დასწამოს – «ატკატს» ელოდაო?) - ის ინვესტორი ფეხებზე ჰკიდია. ისევე, როგორც მისი ინვესტიცია.
        სწორედ ამას გულისხმობდა სააკაშვილი, როცა ამბობდა, რომ «ხორცის ნაჭრები» არ სჭირდება სამინისტროებში. ანუ, არ სჭირდება ისეთი მინისტრები თუ მოადგილეები, რომლებიც ქრთამს არ აიღებენ, მაგრამ საქმეც ფეხებზე ეკიდებათ. ესაა ჩვენი ქვეყნის უბედურება: ძალიან ბევრია ადამიანი, რომელიც ინვესტორს თან გადაყვებოდა, თავს შეიწუხებდა, არავის მოასვენებდა, ოღონდ თუ პირადი «ვიგოდა» ექნებოდა, მაგრამ ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც ამას ქრთამის გარეშეც გააკეთებდა – უბრალოდ საქმის გულშემატკივრობით.
        სააკაშვილის მესიჯი კი იმაში მდგომარეობდა, რომ სამინისტროებში მხოლოდ ისინი უნდა იყონ, ვისაც უქმე დღეები სძულს. ოღონდ სძულს არა იმიტომ, რომ ამ დღეებში «მაყუთს ვერ ღუნავს», არამედ იმიტომ, რომ უსაქმურადაა და საქმეს ვერ აკეთებს.
        როგორც ჩანს, საქართველოში ამ «ოქროს შუალედის» პოვნა და ასეთი ადამიანების აღმოჩენა საკმაოდ რთული საქმეა. Bბევრად რთული, ვიდრე ჩანდა «ვარდების რევოლუციის დროს», რომელიც იმ ადამიანებმა მოაწყევს, ვისაც ახალი წლის შემდგომი დღეები ბავშვობიდან სძულდა – იმ ხალხის ჯინაზე, ვისაც სწორედ ის ერთი კვირა უყვარდა და უყვარს წელიწადში ყველაზე მეტად. მათ შორის ამ სტრიქონების ავტორის. ახია ჩემზე!
       
       მთელ გვერდზე