რატომ დაიშალა «რუსთავი 2?»

        «რუსთავი – ორიდან» - «ძველი გვარდია» წავიდა!
        მერედა, რა სახეები - ირმა ნადირაშვილი, ნათია ზამბახიძე, ეკა ხოფერია, ნანა ლეჟავა, ნათია ლაზაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, თამარ ღვინიანიძე.
        ბანალურობაზე მეტია, თუ ვიტყვით, რომ მათი ტელესივრციდან წასვლით მთელი ეპოქა დასრულდა. არადა, საქმე ბევრად უფრო მნიშვნელოვანს ეხება: ამ გუნდმა არა მხოლოდ «ვარდების რევოლუციაში» შეიტანა «სწორი ლომის»(რუსთ.) წვლილი, არამედ ქვეყანაში ახალი «სტილისა» და ახალი ღირებულებითი რეალობის დამკვიდრებაშიც.
        შესაბამისად, «წასვლის» მიზეზები არ შეიძლება საზოგადოებას არ აღელვებდეს, ხოლო თანამდევი გაურკვევლობა და ბუნდოვანება – არ აოცებდეს.
        ამ საკითხებზე მსჯელობისას, ჯერ ერთი, თავდაპირველადვე უნდა ითქვას, რომ ხსენებული «ლამაზი გვარდიის» წასვლა ტელევიზიიდან სულაც არ ყოფილა ისეთი ნებაყოფლობითი, როგორც მათ სურთ წარმოაჩინონ. არსებობს ერთი მახვილგონივრული რუსული გამოთქმა «იხ უშლი», რომელსაც სემანტიკურად ქართული «გაშვება» შეესატყვისება. საქართველოში თანამშრომელს «უშვებენ» იმ აზრით, რომ «გაშვებულს» ყოველთვის რჩება საშუალება, შექმნას ისეთი შთაბეჭდილება,  თქოს თავად «გათავისუფლდა».
        რაც შეეხება მოარულ კითხვას: «რატომ?» პასუხი ერთმნიშვნელოვანია: იმიტომ, რომ «სკანდალისტური ტელევიზიის» ეპოქა საქართველოში დამთავრდა! თანაც, დამთავრდა შევარდნაძის ეპოქასთან ერთად, რაც იმ ეპოქის მთავარ მესაფლავეებს ალბათ ყველაზე მეტად გაუკვირდებათ.
        არასდროს დამავიწყდება: «რუსთავი-2»-ის ერთ-ერთი «ძველი სახე», ეკა სარია მეუბნებოდა 8 წლის წინ: «ჩვენთვის მთავარია, მაყურებელმა გვიყუროს. ამისთვის კი აუცილებელია, იგი გავაღიზიანოთ. არა აქვს მნიშვნელობა, მოეწონება თუ არა, რასაც უყურებს - მთავარია გაღიზიანდეს, ნერვები მოეშალოს; თუ გაღიზიანდა, გარწმუნებ, მეორე დღეს, სატელევიზიო პულტით ხელში, აძაგძაგებული დაელოდება «9 საათიან კურიერს».
        ამ ფრაზაში საოცარი სიზუსტითაა გამოხატული ფენომენის არსი: მართლაც, წლების განმავლობაში, მილიონობით ადამიანი, მათ შორის ისინიც კი, ვისაც ეს «სკანდალიზმი» ძალიან აღიზიანებდათ, ყოველ საღამოს, «რემოუთ კონტროლით» ხელში, გულისფანცქალით ელოდა, როდის დაასრულებდა წიკწიკს საათის ისარი კურიერის დაწყებამდე.
        «სკანდალიზმის» ერთ-ერთი თვისება ისაა, რომ იგი მიმზიდველია! ოღონდ ეგაა, რევოლუციის შემდეგ, არაპოლიტიკური სკანდალიზმით (ტოპ-ნიუსები ექიმების შეცდომებზე და სხვა) იგივე მიზნის მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა.
        პოლიტიკური სკანდალიზმით კი ტელევიზიას რეიტინგის შენარჩუნება მხოლოდ ისეთი უმწეო, იმპოტენტი, არაქმედუნარიანი (მაშასადამე არალეგიტიმური) ხელისუფლების პირობებში თუ შეეძლო, როგორიც შევარდნაძის რეჟიმი იყო. ლეგიტიმური (ძლიერი და ქმედითი) ხელისუფლება, რასაკვირველია, ამას არ დაუშვებდა.
        პირველი, ვინც მიხვდა, რომ «სკანდალისტური ტელევიზიიის» ეპოქა საქართველოში დამთავრდა, «პოლიტიკური სკანდალიზმით» რეიტინგის (და დიდი შემოსავლების) შენარჩუნება ვეღარ მოხერხდებოდა ანუ ძლიერ ხელისუფლებას წინამორბედივით ვეღარ «გაადარდუბალებდნენ», იყო ეროსი კიწმარიშვილი. მის «ძველ გვარდიას» კი დღემდე უკვირს: «რატომ გაყიდა ეროსიმ ტელევიზია?». არადა, ჭკვიანი ბიზნესმენი აქტივს მანამ ყიდის, სანამ მისი დევალვაცია ბაზრის სუბიექტებისათვის ნათელი გახდება.
        «მშვენიერი გვარდია» ყოველთვის გულწრფელი იყო. ამას ვერავინ დაუკარგავს. მტკნარი სისულელეა შევარდნაძისადმი მისი დაპირისპირების ახსნა «შეკვეთით» და რაიმე მატერიალური დაინტერესით - იმ დაპირისპირებას არანაირი რაციონალური (ინტელექტუალური თუ მსოფლმხედველობითი) საფუძველი არ ჰქონდა და, საერთოდ არაფერი ედო საფუძვლად (მათი მხრიდან ყოველ შემთხვევაში), გარდა ახალგაზრდა ქალებისათვის გენეტიკურად დამახასიათებელი ქვეცნობიერი ზიზღისა – აქტიურობის პრეტენზიის მქონე მოხუცი მამაკაცისადმი.
        საბედნიეროდ, ამ სავსებით ბუნებრივმა და მართებულმა განწყობამ საქართველოში ახალი სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური რეალობის შექმნას შეუწყო ხელი. ჰოდა, «ვუმღეროთ მშვენიერებას!»
        მაგრამ ახალ რეალობაში «ლამაზ გვარდიას» ძველი სტატუსისა და ფუნქციის შენარჩუნებისათვის ბრძოლა მოუწია, რისთვისაც სულაც არ აღმოჩნდა მზად. «ორკვირიანი ვადაც» სწორედ ამ ბრძოლის ბოლო აქტი იყო, თორემ, თუ «ერთხელ და საბოლოოდ მოხსნილი» ნიკა ტაბატაძისადმი სოლიდარობაზეა საუბარი, სოლიდარობის ორი კვირის შემდეგ გამოხატვა, ცოტა არ იყოს, უცნაურად გამოიყურება.
        «რუსთავი-2»-ის «მშვენიერი გვარდიის» მებრძოლები თავად, სავსებით გულწრფელად, ყოველგვარი მატერიალური ანგარებისა და «შეკვეთის» გარეშე იქცნენ «რევოლუციის სახეებად». მომხიბვლელი გულწრფელობითა და ჭეშმარიტად შექსპირული ვნებით ამბობდნენ: «არ ვიქნებით ობიექტურნი!».
        რეალურად, სწორედ მათი გულწრფელობისა და ვნების დამსახურებაა, რომ გადამწყვეტ მომენტში ასლან აბაშიძის მიერ თბილისში გამოგზავნილმა, კბილებამდე შეიარაღებულმა ბანდამ «გასროლა» ვერ გაბედა.
        მაგრამ მათ, თავად, იმთავითვე უნდა სცოდნოდათ, რომ «რევოლუციური სახეები» ტელესივრცეში არც ერთ გონიერ, პასუხისმგებელ ხელისუფლებას არ უნდა, ვინაიდან ეს სახეები, მათდაუნებურად, ინერციით, მუდამ ასხივებდნენ ანტისახელისუფლებო განწყობას (რაც არ უნდა ელაპარაკათ ტელეეკრანიდან) და, თავისთავად ყოველთვის ახსენებდნენ ხალხს (მასას, ბრბოს), რევოლუციის შესაძლებლობას.
        მთავარი შეცდომა კი ის აღმოჩნდა, რომ «მოყირჭების» ფენომენი მხოლოდ შევარდნაძესთან დაკავშირებული ეგონათ. რატომ სხვა ჟურნალისტები არ «ყირჭდება» ხალხს? – იმიტომ, რომ მაყურებლის ნერვების მოშლა ჟურნალისტურ მეთოდად არ მიაჩნიათ და საკუთარ ღირებულებებს, განწყობას (მით უმეტეს ინტერესებს) აგრესიულად თავს არ ახვევენ.
        ამ ლამაზ გოგონებს, რასაკვირველია, არ ეყოფოდათ ინტელექტი მიმხვდარიყვნენ, რომ ობიექტურობა, სინამდვილეში, უბრალოდ, კონკრეტული სისტემის ფარგლებში «თამაშის წესია» და არა ზნეობრივი კატეგორია. ამიტომ, თუ შენ ამ წესს არღვევ, მაშინ იმისთვისაც უნდა იყო მზად, რომ შემდგომ ეს წესი შენს მიმართაც დაირღვევა და შენი წუწუნი უკვე ვეღარავის აუტოკებს გულს. რეაქცია კი ისეთი იქნება, როგორიც არის: აბსოლუტურად გულგრილი.

«24 საათი»

მთელ გვერდზე