რატომ წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი?

    საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი, 33 წლის (ანუ იესო ქრისტეს და ალექსანდრე მაკედონელის წლოვანებისა) ირაკლი ღარიბაშვილი არა მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა, არამედ საერთოდ წავიდა პოლიტიკიდან. კიდევ უფრო მეტი: წავიდა ბიძინა ივანშვილის გუნდიდან. ამაზე მეტყველებს მისი გამოსვლის შინაარსი, რომელშიც ყველაზე მნიშვნელოვანია არა ის, რაც ითქვა, არამედ ის, რაც არ ითქვა.
    მაგალითად, არ გაჟღერებულა სიტყვა «მადლობა» მილიარდერისა და მეცენატის, «ქართული ოცნების» შემოქმედისა და არაფორმალური ლიდერის მიმართ, რომელმაც მოიყვანა იგი პოლიტიკაში და ჩააბარა კიდეც მთავრობა, როგორც ყველაზე ერთგულ და შემსრულებელ ახალგაზრდას.
    ექს–პრემიერს არც ერთხელ არ უხსენებია საკუთრივ პარტია «ქართული ოცნება» და მისი სეხნია კოალიცია. სამაგიეროდ, მადლობა გადაუხადა მეუღლეს, – ნანუკა თამაზაშვილს. ეს მომენტი განსაკუთრებით ნიშანდობლივია და ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. პირველ რიგში, იგი აბათილებს მოარულ აზრს «ყურმოჭრილი მონობის» შესახებ, რაც თითქოსდა გამორიცხავს რაიმე წყენას იმ შემთხვევაში, თუ გადადგომის მოთხოვნა ივანიშვილისგან მოდიოდა: 33 წლის ახალგაზრდისთვის, ასე ერთბაშად და უცებ «მოსრიალება», კარიერის კომიკურად დასრულება არ შეიძლება თავმოყვარეობის შემლახველი არ ყოფილიყო, რადგან კაცია და მეუღლე.
    სწორედ ეს სიმწარე და ტრავმირებული თავმოყვარეობა გამოვლინდა იმაში, რომ ახსენა ნანუკა. ამიტომაც მოგზაურობდა ლუქს–კლასის 20 000–იანი ავიაბილეთებით – არა კომფორტისადმი განსაკუთრებული მიდრეკილების, არამედ სწორედ ნანუკას გამო, რომელსაც, ფაქტიურად, ბოდიში მოუხადა ბოლო გამოსვლაში.
    ამ ფსიქოლოგიურ ნიუანსებს თუ ყურადღებას არ მივაქცევთ, დავრჩებით იმავე პრიმიტიული, ერთგანზომილებიანი სქემების ტყვეობაში, როდესაც ყველა პრობლემა, პროცესი თუ მოვლენა მარტივად აიხსნება: «ბიძინამ დაურეკა», იმან პატრონყმულად უპასუხა «არის» და «ბატონზე» წყენა აზრადაც არ გაუვლია.
    ეს საქართველოა და ასე არ არის. არც შეიძლება იყოს.
    ამ მომენტზე კიდევ სხვა ინდიკატორებიც მეტყველებს: ღარიბაშვილმა თქვა, რომ სწორედ მისი ხელმძღვანელობით, ქვეყანამ დიდ წარმატებებს მიაღწია: აიგო აღმოსავლეთ–დასავლეთის დერეფანი, ხელი მოეწერა «ევროასიციაციას», გადაიდგა მნიშვნელოვანი (თუმცა არა საბოლოო) ნაბიჯი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმისკენ და ა.შ.
    ბუნებრივია კითხვა: თუ ასეა, რატომღა მიდიხარ? ფინანსური კრიზისი სერიოზული ფაქტორია, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, თუ ობიექტურნი ვიქნებით, ყველა სირთულის მიუხედავად, მაინც ვერ შეედრება თუნდაც იმ კატასტროფას, რაც ახლახანს მოხდა ნავთობით ზღაპრულად მდიდარ აზერბაიჯანში, სადაც ეროვნული ვალუტა ერთბაშად 50% ჩამოიშალა და ვერანაირმა რეზერვებმა ამას ვერ უშველა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    კოალიცია «ქართული ოცნების» ლიდერები ბრძნული გამომეტყველებით აკეთებენ კომენტარებს: თითქოს მიანიშნებენ, რომ იცოდნენ, ხვდებოდნენ, მონაწილეობასაც კი იღებდნენ და ასე შემდეგ. სრული ცრუპენტელობაა: არავინ არაფერი არ იცოდა, ვერავის ვერაფერი ვერ წარმოედგინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაიმე ნიშანი მაინც იქნებოდა: ან ბიუჯეტზე მსჯელობისას, ან მთავრობის ანგარიშის დროს და სხვა.
    ყოველმხრივ უნიკალური ქვეყანა კი ვართ, მაგრამ ასე მაინც არ ხდება: სულ რაღაც ორი დღის წინ, ირაკლი ღარიბაშვილმა წარმოადგინა 3 წლის ანგარიში. ეს არ ჰგავდა წამსვლელი მთავრობის და წამსვლელი პოლიტიკოსის ანგარიშს. პირიქით, უფრო მომავლისკენ იყო მომართული. მაგრამ გადაწყვეტილება მაინც მიიღო და, ჩემი ღრმა რწმენით, ამის მიზეზი გახდა არა მხოლოდ და არა იმდენად ბიძინას მოთხოვნა, «გინდა თუ არა გადადექიო», რამდენადაც ის, რომ ღარიბაშვილმა უკვე ვეღარ აიტანა ურთიერთობათა ის ფორმატი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკიდან «განრიდების» შემდეგ, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება დაშორდნენ ერთმანეთს: ხელისუფლება თითქოს ღარიბაშვილს ეკუთვნოდა, მაგრამ ძალაუფლება – ივანიშვილს: მილიარდერი თავად პასუხს არაფერზე აგებდა, თუმცა მთავრობა მაინც მისდამი იყო ანგარიშვალდებული. ირაკლი ღარიბაშვილი ვერ ახერხებდა მისთვის პასუხისმგებლობის თუნდაც ნაწილის გადაკისრებას მაშინაც კი, როდესაც უმძიმესი და ურთულესი გადაწყვეტილებები უნდა მიეღო. სარწმუნო ცნობებით, ზოგჯერ შეხვედრასაც კი ვერ აღწევდა.
    მილიარდერმა ივანიშვილმა შექმნა სისტემა, რომელშიც თავად იყო უფალი, შემოქმედი, ხოლო მის მიერ «გამოძერწილ» მთავრობას თავად უნდა გაეკეთებინა არჩევანი და პასუხიც მხოლოდ თვითონ ეგო ყველაფერზე. ამის ატანა ღარიბაშვილმა ვეღარ შეძლო, – ვერ იკისრა იმაზე მეტი, ვიდრე აიტანდა და ატარებდა.
    ამასთან, ბევრი კონკრეტული ფაქტორიც შეიძლება დავასახელოთ, რომლებმაც წვეთ–წვეთობით, თუმცა საბოლოოდ მაინც გადასწონეს პინა: მაგალითად, იგივე ბესელია–კობახიძის, ანუ შეწყალების სკადალი, რომელზეც ღარიბაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია. შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს იგი წინააღმდეგი იყო ნარკოდილერთა ბანდის შეყვანისა პოლიტპატიმართა სიაში, მაგრამ რა უნდა ეყო იმ გარემოებისათვის, რომ ის ხალხი, ვინც ამ ნარკოდილერებს ლობირებდნენ, არათუ მმართველი კოალიციის წევრები იყვნენ, არამედ ლიდერები და მათი კოალიციაში ყოფნა სისტემური მიზეზებით იყო განპირობებული? «ოცნება» ხომ იმ ლოზუნგით მოვიდა, რომ (წინა) «სისტემა უნდა დაინგრეს!»
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    საინტერესოა აგრეთვე, ვინ დატოვებს მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად: თუ მხოლოდ პრემიერი შეიცვლება და სხვა არავინ, ეს მხოლოდ დაადასტურებს ვერსიას, რომ პიროვნული, სუბიექტური ფაქტორი აქ მაინც გადამწყვეტი იყო და ივანიშვილ–ღარიბაშვილის მიმართება კოალიციის პოლიტიკურ ბალანსს არ შეხებია.
    ხადური გასაგებია – იმიჯი, ისევ და ისევ ეს ოხერი იმიჯი! თამარ სანიკიძე – მარგველაშვილის ფაქტორი, მაგრამ პაატა ზაქარეიშვილი? ეს უკვე «რესპუბლიკელთა» კრეატურაა. თანაც, არანაირი ალტერნატივა კურსისა, რომელსაც ზაქარეიშვილი ატარებდა თავის სფეროში, არ არსებობს და ვერც იარსებებს.
    სხვა საქმეა, რომ ყოფილი «რეინტეგრაციისა» და აწ «შერიგება –თანასწორობის» მინისტრი, ექსტრავაგანტული გამონათქვამებითა და ინიციატივებით, ზოგჯერ უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა მთავრობას.
    ზოგიერთი თვლის, თითქოს ღარიბაშვილის გადადგომა «მეორე სუნთქვას» შესძენს წინასაარჩევნოდ «ქართულ ოცნებას», თუმცა, ჯერ–ჯერობით, «მეორე სუნთქვა» ნაციონალურმა მოძრაობამ შეიძინა, რადგან ხალხში დადებითი რეაქციაც რომ მოჰყვეს ამგვარ განახლებას, წინასაარჩევნო წელს, მთლიანობაში, მაინც საშიშია, რადგან იწვევს ბიუროკრატიის დაეჭვებას, ზოგადად, ხელისუფლების სტაბილურობაში! «დაეჭვებული ბიუროკრატია» კი, მმართველ პარტიას ვეღარ გამოადგება ბერკეტად არჩევნების დროს.
    საქართველოს პირობებში ეს მომენტი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე «ხალხის განწყობა»: პოსტსაბჭოურ ქვეყნებში სწორედ საშუალო დონის ბიუროკრატია (განსაკუთრებით რეგიონებში) წყვეტს ხელისუფლების ბედს. თუ იგი არჩევნებისას «არც აქეთ იქნება და არც იქეთ», ანუ ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს (რაკი ხელისუფლების სტაბილურობაში დარწმუნებული არაა), მმართველი კოალიცია არჩევნებს წააგებს ან რევოლუციურ ყულფში გაჰყოფს თავს, რადგან ბიუროკრატია ხელისუფლების ურღვევობასა და სიმტკიცეში დარწმუნებული არ იქნება. რევოლუციურ სიტუაციაში კი, უკმაყოფილო მასა უფრო აქტიურია, ვიდრე (თუნდაც) კმაყოფილი უმრავლესობა. არადა, ვინ შეიძლება იყოს ამ ქვეყანაში კმაყოფილი?
    რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, როგორც პრემიერ–მინისტრობის ყველაზე რეალურ კანდიდატს, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილს სულ მალე იგივე პრობლემები შეექმნება, რაც ირაკლი ღარიბაშვილთან, რადგან თვით სისტემა, რომლის აგებასაც ცდილობს მილიარდერი, აბსოლუტურად შეუთავსებელია საქართველოს რეალობებთან.
    ეს ქვეყანა არ არის ჩინეთი. შესაბამისად, «ქართველი სტალინი» კიდევ წარმოდგენადია, მაგრამ «ქართველი დენ სიაო პინი» – გამორიცხული!

            მთელ გვერდზე