რატომ არა გვაქვს საფონდო ბირჟა?

        ნიუ იორკში, უოლ სტრიტზე მდებარე საფონდო ბირჟა ამერიკის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა. ვერც ერთი ცათამბჯენი ვერ გამოხატავს ამ ქვეყნისა და მისი მთავარი ქალაქის სულისკვეთებას ისე, როგორც ეს პატარა, ვიწრო ქუჩა. მასთან შედარებით ჩვენი რუსთაველი, აღმაშენებელი ან ვაჟა ფშაველა გრანდიოზულად მოგეჩვენებათ.
        საოცარიცაა, რომ იმ პატარა ქუჩაზე წყდება მსოფლიოს ბედი, ინგრევა ან შენდება უზარმაზარი ფინანსური იმპერიები, ასეულობით მილიონი ადამიანი კი ან უმუშევარი რჩება, ან პირიქით – წარმატებას აღწევს.
        საფონდო ბირჟაზე 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ არავის უშვებენ. ვაითუ რომელიმე გიჟმა რამე ააფეთქოს ან დებოში მოაუწოსო. ჩვეულებრივი გაუგებრობაც კი შეაშინებს ინვესტორებს და «დაუ ჯონსის» ინდექსი მნიშვნელოვნად დაეცემა.
        მთავარი შესასვლელის წინ მემორიალური დაფაა, რომელზეც აღნიშნულია ბირჟის დამაარსებლის, «კაპიტალისტთა შორის კაპიტალისტის», ჯ.პ. მორგანის დამსახურება. ნიუ იორკი ნიუ იორკია, მაგრამ ასეთი ბირჟები დასავლურ ქალაქებში სწორედ იმ ადგილებში ჩნდებოდა, სადაც ვაჭრობის ტრადიცია იყო. ესე იგი, როგორი გათანამედროვებული და ტექნოლოგიურიც არ უნდა იყოს საფონდო ბირჟა, იგი მაინც იმ ტრადიციის გაგრძელებაა, რომელიც თავის დროზე ველურად აღიქმებოდა, მაგრამ თანდათანობით დაიხვეწა, რაფინირებული და მიმზიდველი გახდა.
        დღევანდელ ბროკერებსა და ტრეიდერებს, «უოლს სტრიტზე» შესვენებისთვის და სიგარეტის მოსაწევად რომ გამოდიან (აბა შენობაში ვინ მოწევინებს?) თითქოს არ ჰგვანან 300-400 წლის წინანდელ ვაჭრებსა და ჩარჩებს, მაგრამ სინამდვილეში მათი ტრადიციების გამგრძელებლები არიან, რაკი იმდროინდელი ველური ვაჭრობა სახელმწიფომ თანდათან ჩარჩოებში მოაქცია და დღევანდელი სახე მისცა.
        აქ არის სწორი პასუხი კითხვაზე, რატომ ვერ ჩამოყალიბდა საფონდო ბირჟა, მაგალითად საქართველოში. არადა, კაპიტალისტური ეკონომიკაც გვაქვს, წარმატებული საწარმოებიც და შესაბამისი კანონებიც, რომლებიც ამ ურთიერთობებს არეგულიერბენ დასავლური სტანდარტების შესაბამისად.
        20 წლის წინ, დაახლოებით 1990 წელს, თბილისშიც გაჩნდა «ბირჟა», რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი გია მაისაშვილი იყო. მაგრამ შემდგომი მოვლენები, სამოქალაქო ომი და კრიმინალების თარეში ნამდვილად არ ქმნიდა პირობებს ამ ტრადიციის გაღრმავებისათვის. ის ბირჟა სულ მალე გადაგვარდა, ეწოდა «კავკასიის ბირჟა», რომლის მფლობელები დღემდე გაქცეულები არიან და სადღაც ცხრა მთას იქით იმალებიან.
        ერთი შეხედვით თითქოს უცნაურია, რომ საქართველოში არსებობენ სააქციო საზოგადოებები, საკმაოდ მომგებიანნი და წარმატებულნიც, მაგრამ ბირჟა მხოლოდ ფორმალურად მუშაობს, შეიძლება ითქვას სულს ღაფავს. რომელიმე ჩვენგანს თუ გასჩენია სურვილი, ამა თუ იმ კომპანიის აქციები ეყიდა? არადა, თურმე იყიდება, ვაჭრობაც მიდის (ჯახირით) და ოპერაციებიც ტარდება.
        ასეთი სიმკვდარისა და განუვითარებლობის ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენში შესაბამისი ტრადიცია და კულტურა ვერ ჩამოყალიბდა. დასავლეთში ეს კულტურა საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა. მაგალითად, რუსებმა უბრალოდ აიღეს და მოსკოვში უცვლელად გადმოიტანეს. ამგრამ მოსკოვის ბირჯას ის დაეხმარა, რომ რუსეთი ენერგომატარებლებით თუ სხვა რესურსებით ფანტასტიკურად მდიდარი ქვეყანაა. ამიტომ თვითონ რომ არ მოენდომებინათ, დასავლური კაპიტალი აიძულებდა და ასწავლიდა.
        საქართველოს კი ასეთი სატყუარა არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ, საფონდო ბირჟის განვითარებისთვის საჭირო იყო გამჭვირვალობა, ბიზნესის ლიკვიდურობა, არაკორუმპირებულობა და სტაბილურობა. 1990 წლის შემდეგ არც ერთი მათგანი არ არსებობდა. რომელ «სტაბილურობაზეა» ლაპარაკი, როდესაც სახელმწიფოს დამფუძნებლები, ფაქტობრივად «კანონიერი ქურდები» იყვნენ? შევარდანძის დროს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ლაპარაკიც სასაცილო იყო.
        ბიზნესის გამჭვირვალობა კვლავინდებურად პრობლემად რჩება, მუდმივი დაძაბულობა და პოლიტიკური გნიასი კი «შიდა ინვესტორს» აშინებს, ამიტომ ფულს თუ მუთაქაში არ ინახავს, ყოველ შემთხვევაში მაქსიმუმ შეიძლება ბანკში ჩადოს – აქციას არავითარ შემთხვევაში არ იყიდის. არადა, დასავლეთში მთავარი ინვესტორი, ესე იგი ბირჟაზე მთავარი მოთამაშე ჩვეულებრივი ობივატელი იყო წლების განმავლობაში. მხოლოდ შემდეგ, მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან ჩამოყალიბდნენ საინვესტიციო ფონდები, თორემ მანამდე ჩვეულებრივი ობივატელი, ჩვეულებრივი დიასახლისი თავის დანაზოგს დებდა აქციებში, რა თქმა უნდა რისკავდა, რაღაცას წააგებდა, რაღაცას მოიგებდა, მაგრამ ჯერ ერთი იცოდა, რომ რისკის გარეშე ბიზნესი არ კეთდება და, არც მთავარია, იმის რწმენა ჰქონდა, რომ ამერიკაში ვერც კომუნისტები და ვერც კანონიერი ქურდები და სხვა «ჯიგრები» რევოლუციას ვერ მოაწყობენ. ესე იგი, მისი აქცია ჩვეულებრივ ფარატინა ქაღალდად არ იქცევა.
        ასეთი მენტალიტეტი ჩვენში არ არსებობს. სტაბილურობა დღესაც გვენატრება გაუთავებელ პოლიტიკურ გაწევ-გამოწევაში; დიდი ბიზნესი კვლავინდებურად გაუმჭვირვალეა, რაკი მასაც ეშინია. შესაბამისად, ბირჟაც ისეთივე «მკვდარი» გვაქვს, როგორც ჭეშმარიტად საბაზრო მენტალიტეტი და ისეთივე სუსტი, როგორიც სამართებრივი შეგნება.

მთელ გვერდზე