რა თქვა გიგიმ და რა უპასუხა მიშამ

    გიგი უგულავას „წერილი ციხიდან“ სერიოზულ პოლიტიკურ მოვლენად იქცა და მნიშვნელოვან პროცესებს დაუდო სათავე. თუ გამოვტოვებთ ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსისათვის ჩვეულ პოსტსაარჩევნო რიტორიკას „ფალსიფიკაცია - გაყალბებების“ შესახებ, მათ შორის გივი თარგამაძის აფეთქების მოხსენიებას, რაც სინამდვილეში აშკარად რუსული სპეცსამსახურების მოწყობილია და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამაზე ისევე (იმ აზრით და იმდენადვე) აგებს პასუხს, რამდენადაც და როგორც 2010 წელს (!) არსებული ხელისუფლება აგებდა პასუხს „კოდორის ოპერაციის“ მონაწილე „სპეცდანის“ უფროსის აფეთქებაზე ბათუმის ცენტრში, გიგი უგულავა რამდენიმე მნიშვნელოვან და ღრმა საკითხს სვამს, რომელსაც მისი ოპონენტები მეტისმეტად პრიმიტიულად პასუხობენ შავ-თეთრ დისკურსში „მიშა-ანტიმიშა“.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ზოგადად, ცნებათა და საზრისთა აღრევა ან პრიმიტივიზმის ნიშანია, ან გაიძვერობისა. გიგი უგულავას სულაც არ უთქვამს, „მიშა ნაციონალურ მოძრაობას უნდა ჩამოშორდესო“. ისევე, როგორც არც ის უთქვამს, „მე გავდივარ ნაციონალური მოძრაობიდანო“. მან სულ სხვა რამ თქვა (შინაარსობრივად): განვასხვავოთ პარტიის „ბრენდი“, მისი „სახე“, აგრეთვე წარსულში გაკეთებული „საქმე“ და მისი დამსახურებული ლიდერები - მიმდინარე, მოქმედი პარტიული ორგანიზაციის, მათ შორის წარსული თუ მომავალი სახელისუფლებო პერსონაჟებისგანო.
    თუმცა, ამაზე ქვემოთ. ახლა კი, ერთი ძალიან უცნაური დებულების შესახებ, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე სიყალბე ახლავს თან უგულავას კრიტიკოსთა მხრიდან. ზოგჯერ მართლა საოცრებას წაიკითხავ „ფეისბუკზე“: თურმე ის, რომ ადამიანი ქვეყნიდან არ გაიქცა (არადა, ამის უამრავი საშუალება ჰქონდა 2013 წლის განმავლობაში, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა სწორად ამ მინიშნებით გაუგრძელა VIP-პერსონებს დიპლომატიურ პასპორტთა ვადა) და ციხეში ჩაჯდა, მას არავითარ ღირსებას არ მატებს იმათთან შედარებით, ვინც სხვაგვარად მოიქცა, ხოლო ამის საწინააღმდეგო მოსაზრება „ქურდულ - ძველბიჭური მენტალობის გამოვლინება“ ყოფილა!
    ანუ, გამოდის, ის სამარცხვინო „გენერალური პროკურორი“ თუ „იუსტიციის მინისტრი“, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნების მეორე დღეს (!) შეშინებული ვირთხასავით გაიპარა ქვეყნიდან ისე, რომ „მიაგდო“ ყველა და ყველაფერი, თურმე ისეთივე პატივისცემას იმსახურებს, როგორც ის, ვინც ასე არ მოიქცა - მაგალითად, იგივე ვანო მერაბიშვილი.
    ხოლო თუ ზემოთმოყვანილ სრულიად იდიოტურ აზრს არ ეთანხმები, თურმე ნუ იტყვით, ქურდულ-ძველბიჭური „ბულინგის“ გამტარებელი ხარ!
    სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს!
    სასაცილო კი ის არის, რომ ამ შეხედულების ადეპტები თავად ვერ ამჩნევენ, მათდაუნებურად, რამდენად მაღალ „ღირსებას“ სძენენ სწორედ იმ ბინძურ „ქურდულ-ძველბიჭურ მენტალობას“, რომელსაც თითქოს კნინობითად მოიხსენიებენ და სინამდვილეში ამ დიდ ფენომენთან (ადამიანურ ღირსებასთან) საერთო არაფერი აქვს, - როგორც ჯერ კიდევ ალექსანდრე სოლჟენიცინი წერდა.
    უფრო ძველი მაგალითების მოყვანა (საქართველოს ისტორიიდან) „მოყირჭებულ გოიმობად“ აღიქმება ალბათ.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    თუმცა, დავუბრუნდეთ წერილის შინაარსს: გიგი უგულავა წერს: „ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო პასუხის არქონა საკვანძო კითხვაზე - ვინ არის თქვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი?“
    აბსოლუტურად ლეგიტიმური საკითხია! მართლაც, აქ ლაპარაკია არა იმაზე, თუ ვინ წარმოადგენდა პარტიის „სახეს“, მის „ბრენდს“, არამედ ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობისთვის ბევრად უფრო არსებითი თემის გარკვევაზე, რასაც დემოკრატიულ საზოგადოებაში სრული ლეგიტიმურობა ენიჭება: კონკრეტულად ვის ვაძლევ ხმას არჩევნებზე, როგორც მომავალ ხელისუფალს და პირადად ჩემი ბედისა თუ უბედობის განმსაზღვრელს ?
    სწორედ ამიტომ არსებობს თანამედროვე დემოკრატიის სამშობლოში - დიდ ბრიტანეთში - „ჩრდილოვანი კაბინეტის“ პოლიტიკური ინსტიტუტი; ანუ, ვთქვათ, როდესაც ბრიტანელი მიდის საარჩევნო ყუთთან და ხმას აძლევს „კონსერვატორებს“, მან ზუსტად იცის, რომ ხმას აძლევს ტერეზა მეის, როგორც „კონსერვატიული პარტიის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ხოლო თუ ხმას აძლევს ლეიბორისტებს, ამით ეთანხმება, რათა ძალაუფლებას, მათ შორის „ატომურ ღილაკს“, ფლობდეს ჯერემი კორბინი.
    ამიტომაც, ესაა შეგნებული, გააზრებული, ცივილიზებული, კულტურული და მოქალაქეობრივად მაღალი პასუხისმგებლობის არჩევანი.
    რა მდგომარეობა იყო ამ მხრივ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ბოლო არჩევნებისას? სრული დომხალი, რომ არ ვთქვათ „ბარდაგი“! ბოლოს და ბოლოს ისე გამოვიდა, „ნაციონალური მოძრაობა“ არაფრით განსხვავდებოდა „ოცნებისგან“, რადგან იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ერთ შემთხვევაში ბიძინა იქნებოდა არაფორმალური მმართველი, ხოლო მეორე შემთხვევაში - მიშა. და რაც ყველაზე უარესია - ამას ძალაუნებურად, ნებსით თუ უნებლიედ ეთანხმებოდა ამომრჩეველი, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევდა ხმას!
    თან, მნიშვნელოვანი ნიუანსებით: სააკაშვილმა მიტინგზე განაცხადა, რომ „ზღვას გადმოსცურავდა“ და იმავე დღეს (იმავე დღეს!!!) უკრაინელ ჟურნალისტ მატვეი განაპოლსკის სიტყვა - სიტყვით უთხრა ასეთი ტექსტი: „როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები საქართველოში, მე უკრაინას არ დავტოვებ“. («Как бы не завершились выборы в Грузии, я Украину не покину»)
    ხალხის ამაზე მეტი შეურაცხყოფა უბრალოდ წარმოუდგენელია: კი მაგრამ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოლოს და ბოლოს, რაღა არჩევნების წინ ამბობ? „თუ მაინცდამაინც“ . . . . . . . . ერთი დღე „მაინც“ დაელოდე რა . . . . მაგრამ მიშას პრობლემა (უკვე პრობლემა!) ისაა, რომ არც უკრაინაში აქვს კარგად საქმე და იქაც ბევრს საყვედურობენ, - „ჩვენს ქვეყანას მხოლოდ საქართველოში დასაბრუნებელ პლაცდარმად იყენებ და მეტი არაფერი გაინტერესებსო“.
    სწორედ ამიტომ თქვა რაც თქვა, რაკი ეგონა რომ ის „მასა“, რომელსაც მიტინგზე ჩარკვიანის აკომპანემენტით მიმართავდა, ამას ვერ გაიგებდა ან ყურადღებას არ მიაქცევდა.
    ხშირად წაიკითხავ: „იმ ხალხის 70-80%-მა, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცაო ხმა 8 ოქტომბერს, ამით, სინამდვილეში, ხმა მისცა მიშას - მიშას დაბრუნებას. სხვა შემთხვევაში კი იმ 27%-საც ვერ მიიღებდნენ“.
    დავუშვათ ასეა. მაშინ წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც სწორედ ამ ინტენციით მივიდა არჩევნებზე, ხმა მისცა „ნაციონალურ მოძრაობას“ (ესე იგი მიშას კვლავ გახელისუფლებას), მერე ბრუნდება სახლში და ისმენს განცხადებას: «Как бы не завершились выборы в Грузии, я Украину не покину». დღეს კი, იგივე მიშა, ამ ყაიდის პოლიტიკოსთათვის ჩვეული უტიფრობით ეუბნება: „აბა მე როდის გითხარი, საქართველოში დაბრუნებას ვაპირებდიო?!“.
    არ უთქვამს. მართლა არ უთქვამს! აბა „გადაახვიეთ“ და ყურადღებით მოისმინეთ, რას ამბობდა მიშა ყველა გამოსვლაში, - „ვარდების რევოლუციის მოედანზე“ გამართულ დიდ მიტინგზე ოდესიდან მიმართვის ჩათვლით. ნამდვილად არ უთქვამს არც ერთხელ, დაბრუნებას ვაპირებო. სხვა საქმეა, რომ ყოველთვის, ყველა გამოსვლაში, ყველა ინტერვიუში, ძალიან ეშმაკურად, ჩვეული ოსტატობით უქმნიდა ამგვარ შთაბეჭდილებას (!), - რათა როგორმე არჩევნებზე „შემოეტყუებინა“ - იმ საცოდავ ადამიანებს, რომლებიც სწორედ ამიტომ მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან და მისცეს ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“; დღეს კი მიშასაგან (შინაარსობრიავდ) ისმენენ: „თქვენ თუ დებილები ხართ და ვერ მიხვდით რომ გატყუებდით, რა ჩემი ბრალიაო“.
    ჰოდა მეც გეკითხებით: ეს ადამიანი, ამგვარი ცრუპენტელობის შემდეგ, ოდესმე კიდევ მივა და ხმას მისცემს „ნაციონალურ მოძრაობას?“.
    არც მივიდა, როგორც ვნახეთ, 30 ოქტომბერს, - მეორე ტურში! და სწორედ ამიტომ წააგეს ყველგან ყველაფერი ასე სამარცხვინოდ! მათ შორის იქაც (ქუთაისსა და ზუგდიდში) სადაც ნამდვილად ჰქონდათ შანსი პირველი ტურების შედეგად. ღირსპატივცემულმა „ქალბატონმა სანდრამაც“ მხოლოდ მას შემდეგ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა მეორე ტურიდან, რაც პირველი ტურის დამატებითი კენჭისყრების შედეგად მიხვდა, რომ მეორე ტურს აუცილებლად წააგებდა. თანაც, გამანადგურებელი ანგარიშით.
    თუმცა, თვით მიშას ეს ყოველივე „კიდია“. იმიტომ, რომ მენტალობით რევოლუციონერია და როგორც ყველა ჭეშმარიტ რევოლუციონერს (გადაიკითხეთ დოსტოევსკი) მისთვის ხალხი ბრბოა“, რომელსაც ერთდღიანი (იმდღევანდელი) მეხსიერება აქვს! ამიტომ ღრმად სჯერა: „ხვალ“ ეს შეურაცხყოფა ყველას დაავიწყდება . . . . . იმიტომ, რომ „ხალხი ხომ ბრბოა - ერთდღიანი მეხსიერებით“.
    ძალიან დიდი იმედი მაქვს (თუმცა დარწმუნებული არა ვარ), ამაში მაინც ცდება!
    თანაც, კი ბატონო, დავუშვათ, ხსენებულმა კატეგორიამ მართლა ვერ გაიგო ან არ მიაქცია ყურადღება; სამაგიეროდ, ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა, ვისთისაც მიშას „დაბრუნება“ ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია, სწორედ ამიტომ და ამისთვის დასაჯა „მიშას პარტია“ ჯერ კიდევ 8 ოქტომბერს, ანუ პირველივე ტურში!
    ვგულისხმობ არა იმათ, ვინც მივიდა და „ოცნებას“ მისცა ხმა, არამედ იმათ, ვინც არ მივიდა და არ მისცა ხმა „ასეთ ნაციონალურ მოძრაობას“. ხოლო ეს „არმისული“ ამომრჩეველი (დავაკვირდეთ აქტივობის დაბალ დონეს არჩევნებზე), საბოლოო შედეგის გათვალისწინებით, ბევრად არსებითი აღმოჩნდა ამ პარტიისთვის, ვიდრე ის საბრალო მასა, ვინც „ოდესიდან-სოლოლაკამდე გვირაბის გათხრის“ დაპირებითა და სხვა ამგვარი პოპულიზმით მოიზიდა საარჩევნო ყუთთან მიშამ.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ახლა, რაც შეეხება „საკვანძოდ“ მიჩნეულ საკითხს პარტიის თავმჯდომარეობიდან მიშას „გადაყენების“ შესახებ. იმთავითვე სრული გაუგებრობაა: როგორ შეიძლება თანამდებობიდან გადააყენო ის, ვისაც ეს თანამდებობა არც უკავია?! გიგის წერილში ლაპარაკია თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ახალი პერსონაჟის „არჩევაზე“ და არა ვინმეს „გადაყენებაზე“.
    მერედა, რატომ არის ეს თანამდებობა ვაკანტური? რატომ არ უკავია მიხეილ სააკაშვილს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა? იმიტომ, რომ ქვეყანაში არ იმყოფება? არავითარ შემთხვევაში! ქვეყანაში შეიძლება სულ არ იყო, მაგრამ პარტიას თავმჯდომარეობდე.
    ნამდვილი მიზეზი ისაა, რომ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. საქართველოს კანონმდებლობა კი უკრძალავს „არამოქალაქეებს“ პოლიტიკურ საქმიანობას ქვეყანაში.
    შემდეგი კითხვა: რატომ დაკარგა მოქალაქეობა? იმიტომ, რომ ქვეყნიდან გააძევეს? არამც და არამც! ასე დათა ახალაიაც გაქცეულია ქვეყნიდან და ბევრი სხვაც, თუმცა საქართველოს მოქალაქედ რჩება. გიგი უგულავა საერთოდ ციხეში ზის, მაგრამ ვერავინ გაბედავს მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას სულაც სამუდამო პატიმრობა რომ მიუსაჯონ!
    მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა (შესაბამისად პოლიტიკური საქმიანობის იურიდიული უფლებაც) დაკარგა არა იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა და არც იმიტომ, რომ ქვეყნიდან იძულებით წავიდა, არამედ იმის შედეგად, რომ მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა!
    უკრაინის მოქალაქეობა კი იმიტომ მიიღო, რომ სხვაგვარად ვერ დაიკავებდა ოდესის გუბერნატორის პოსტს და ვერ წამოიწყებდა „დიდ პოლიტიკურ თამაშს იმ დიდ ქვეყანაში“, რაც სხვათა შორის, აქვე თუ ვიტყვით, სრული წარუმატებლობით სრულდება: „სამოქალაქო მომსახურების ცენტრიც“ კი (საქართველოს „იუსტიციის სახლების“ ანალოგი) დაუხურეს ამას წინათ ოდესაში. მომავალ უკრაინულ საპარლამენტო არჩევნებზე მის რაიმე წარმატებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
    ზოგადად, უკრაინაში „ქართველი რეფორმატორები“ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიაღწევდნენ (ეს იმთავითვე ცხადი იყო) წარმატებას იმ ღრმა სისტემური მიზეზის გამო, რომ იქ ვერ ექნებოდათ ისეთი „კომფორტი“, როგორიც ჰქონდათ 2004 წელს საქართველში, როდესაც ერთპარტიული პარლამენტი ერთ საათში სამივე მოსმენით უმტკიცებდათ ნებისმიერ რეფორმატორულ კანონს.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    თუ ყურადღებით წავიკითხავთ გიგი უგულავას წერილს, იგი თანაპარტიელებს სთავაზობს ფორმულას, რომელიც უკვე ბევრჯერ გაჟღერებულა, თუმცა ფანატიკოს „ვიზიონისტთა“ გააფთრებულ წინააღმდეგობას აწყდება: „გაუმჯობესებული მიშა“, ანუ „მიშას პარტია“, მიშას საპატიო წევრობით, მისი დამსახურებისა და ნამდვილად „გაკეთებულის“ აღიარებით, მაგრამ მიშას სახელისუფლებო პრეტენზიის კატეგორიული, სამუდამო გამორიცხვით!
    და ეს არა ემოციური, არამედ აბსოლუტურად რაციონალური, პრაგმატული ინიციატივაა. თანაც, აშკარად დაცლილი ყოველგვარი პიროვნული ამბიციისგან უგულავას მხრიდან. რომელ ამბიციაზეა ლაპარაკი, - კაცი ციხიდან კიდევ ერთი ათი წელი გამოვა თუ არა, არავინ იცის?
    უგულავას წინადადება სრულიად რაციონალურია თუნდაც იმიტომ, რომ იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც მიშას პრემიერ-მინისტრობას, ან მის პრეზიდენტობას, ერთი სიტყვით „მიშას დაბრუნებას“ მისცემს ხმას, საქართველოში მუდამ საკმაოდ დიდი იქნება, მაგრამ ყოველთვის შეუდარებლად ნაკლები იმ ადამიანთა რაოდენობაზე, ვისთვისაც ეს კატეგორიულად, ეგზისტენციურად მიუღებელია და ვინც არავითარ შემთხვევაში ამას არ დაეთანხმება, ანუ „წინააღმდეგ“ მისცემს ხმას ყოველთვის, რაკი ახსოვს 2007 წელი და სანდრო გირგვლიანის თუ ბუტა რობაქიძის საფლავზე მტირალი უბედური დედები; აშკარად შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმით მრავალი წლით მძევლად აყვანილი სამი შვილის დედა, მაია თოფურია; ახსოვს 2008 წლის საზარელი, თანაც სამარცხვინოდ წაგებული ომი; ახსოვს „გორის“ ისტორიული ეპიზოდი, - დიდი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით; ახსოვს ჰალსტუხის ღეჭვა BBC-ს პირდაპირ ეთერში, ახსოვს განადგურებული, ალმოდებული საცოდავი „ხრუშჩოვკები“, ნანგრევებზე მოქვითინე ქალი და ა.შ და ა.შ.
    რა ცოტაა?
    ეს „ხატები“ (და უამრავი სხვა ამგვარი) ოდესმე წაიშლება ნებისმიერი მოაზროვნე და პასუხისმგებელი ადამიანის მეხსიერებიდან?
    ამიტომაც, გიგი თანაპარტიელებს მოუწოდებს, ადამიანებს შესთავაზონ ის კარგი, ის დადებითი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა, ანუ არა პიროვნებები, არამედ მიღწეული და გაკეთებული საქმეები; მიზანმიმართულად ჩაუნერგონ აზრი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დამარცხებული კორუფცია და არა ის კონკრეტული პიროვნება, ვინც ეს კორუფცია დაამარცხა; რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის „პატრული“ და არა ის, ვინც „საპატრულო პოლიცია“ შექმნა; რომ არის „ერთიანი ეროვნული გამოცდები“ და არა ის, ვინც ეს შესანიშნავი რეფორმა გაატარა; არის ბათუმის ულამაზესი ცათამბჯენები და არა ის, ვინც ისინი ააშენა . . . . . ანუ „ნაციონალური მოძრაობა“, მთლიანობაში, არის „გაკეთებული საქმე“, და არა ამ საქმის „გამკეთებელი“, რაც სულაც არ ნიშნავს კონკრეტულ პიროვნებათა დამსახურების დაკნინებას.
    გიგის წინადადებით, პარტია უნდა იყოს ღირებულებები და არა პიროვნებები. ისევე, როგორც დიდმა პოლონელმა რეფორმატორმა, ლეშეკ ბალცეროვიჩმა უთხრა თავის გუნდს: „ჩვენ ვართ კამიკაძეები“ - ამბობდა ბალცეროვიჩი - „მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ სწორ ნაბიჯებთან ერთად დავუშვებთ უამრავ შეცდომას, ზნეობრივ დანაშაულებსაც კი, ამისთვის ხალხი შეგვიძულებს, მაგრამ უნდა გვიყვარდეს საქმე, რომელიც გავაკეთეთ და არა საკუთარი როლი ამ საქმეში“.
    იმავე სულმნათი მერაბ კოსტავას პერიფრაზია, რომელიც ალბათ შემთხვევით არ მოხვდა გიგის წერილში.
    პოლონეთი კი დღეს ევროპის ერთ-ერთი ლიდერია.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    რას პასუხობს ამ ყოველივეს მიშა სააკაშვილი? დავიწყოთ იმ ნამდვილად მმმმმმ . . . . . . . . . . „პოლიტტექნოლოგიურ“ პასაჟით რაღაც „ვიწრო ჯგუფის“ შესახებ, რომელიც თურმე „დახურულ კარს მიღმა“ იღებს გადაწყვეტილებებს პარტიაში. თუმცა, შეგახსენებთ: როდესაც ხსენებულმა „ვიწრო ჯგუფმა“ გიორგი ვაშაძე და ზურა ჯაფარიძე გააძევა პარტიიდან, მიშამ სწორედ იმ „ვიწრო ჯგუფს“ დაუჭირა მხარი და მერე ვაშაძეს ნიშნს უგებდა ერთ-ერთ ინტერვიუში: „საარჩევნოდ პულსი არ ესინჯებათ „ნაციონალური მოძრაობიდან წასულებსო“, ანუ შიდაპოლიტიკურ კონფლიქტში ზუსტად იმ „ვიწრო კაბინეტურ ჯგუფს“ გამოუცხადა ღია მხარდაჭერა, რომელსაც ახლა ჩვეული პოპულიზმით „აშავებს“
    სინამდვილეში, მთელი მისი საპასუხო განცხადების პათოსი ისაა (შინაარსობრივად) რომ პარტია უნდა ემზადოს არა 2020 წლის არჩევნებისთვის, არამედ 2020 რევოლუციისთვის - იმ არჩევნების გაყალბების მოტივით!
    ამას ნიშნავს, სინამდვილეში, წინადადება რაღაც „ფართო წარმომადგენლობითი ყრილობის მოწვევის შესახებ“; თუმცა გაუგებარია, რას გულისხმობს ეს „მაქსიმალურად ფართო წარმომადგენლობა“. როგორც ჩანს, რამდენიმეათასიან თავყრილობას - დაახლოებთ იმ მასშტაბის მიტინგს, როგორიც 2003 წლის 22 ნოემბერს შედგა მთავრობის სასახლესთან; და ამ მრავალათასიანმა მიტინგმა („პარტიის ყრილობად“ წოდებულმა) უნდა გადაწყვიტოს პარტიის ბედი?!
    ხომ მზესავით ნათელია, ვინ არის მთელს ამ დისკუსიაში მართალი სრულიად ობიექტური, დემოკრატიული, ცივილიზებული, რაციონალური, პრაგმატული კრიტერიუმებით და ვინ არა?
    გიგი ამბობს: შევქმნათ პარტია, რომელიც ასოცირებული იქნება არა ჩვენთან, არამედ ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეებთან; არა პიროვნებებთან, არამედ ღირებულებებთან; ჩამოვყალიბდეთ დასავლური ტიპის, ცივილიზებულ ორგანიზაციად, რომელსაც აქვს მკაფიო კურსი, პროგრამა, ჰყავს არტიკულაციურად და მმართველობითად უნარიანი, აქტიურად მოქმედი, კრეატიული, პოპულარული, ოღონდ წარსული შეცდომებით თუ დანაშაულებით დაუმძიმებელი „ლიდერშიპი“, აგრეთვე დამსახურებული ისტორიული ლიდერები, რომლებსაც აღარ ექნებათ ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია, თუმცა შეინარჩუნებენ საპატიო ადგილს და ავტორიტეტს პარტიაში; ამ პარტიას ეყოლება მოქმედი თავმჯდომარე, - იგივე პრემიერ-მინისტრობის ყველასათვის ცნობილი, წინასწარ განცხადებული კანდიდატი, ასევე წინასწარ ცნობილი და გაცხადებული კანდიდატები ყველა საკვანძო სამინისტრო თანამდებობაზე და ა.შ და ა.შ.
    და რას პასუხობს ამაზე მიშა? შინაარსობრივად პასუხობს შემდეგს: ნურას უკაცრავად! „ნაციონალური მოძრაობა ვარ „მე!“ ყველაფერი ეს ვარ „მე“, რაკი გავაკეთე „მე“, აქედან გამომდინარე, ვიყავი, ვარ და ვიქნები „მე“. „საპატიო სტატუსი“ „მე“ არ მაკმაყოფილებს. ჩემს გარეშე ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა! მაშინ საერთოდ წავალ პარტიიდან, ან გავხლეჩ პარტიას, დაგანგრევთ და გაგანადგურებთ!
    ამიტომაც იწვევს დიდ, მრავალათასიან მიტინგს, უწოდებს მას „ნაციონალური მოძრაობის ფართო წარმომადგენლობით ყრილობას“; ეს „მიტინგი“, რასაკვირველია, იბღავლებს „მიშა-მიშას“, როგორც 2003 წლის 22 ნოემბერს, გარეკავს ამჟამინდელ „პოლიტსაბჭოს“ (აკი „ჩაკეტილ - კაბინეტურად“ გადაიქცა), აირჩევს („მიტინგზე“) ახალ პოლიტსაბჭოს, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მხოლოდ იმ ადამიანებით, ვინც ოდესიდან თუ კიევიდან მიღებულ ნებისმიერ ბრძანებას შეასრულებენ და (რაც მთავარია) ამგვარი „გასამხედროებული ორგანიზაციით“, მოემზადება არა 2020 წლის არჩევნების, არამედ 2020 წლის „ვარდების რევოლუცია - ორისთვის!!!“
    საქმეც ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებით ადრე თუ გვიან კიდეც შეიძლება დაბრუნდეს ხელისუფლებაში, რადგან სხვა პროდასავლური პარტიებისგან განსხვავებით, მას ბევრად მეტი აქვს „სათქმელი“. მაგრამ სააკაშვილი, პიროვნულად, არჩევნებით ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება. ის შეიძლება დაბრუნდეს მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციით!
    „ეს არის და ეს“ - როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი იტყოდა ხოლმე თავისი კადენციის პირველ პერიოდში

            მთელ გვერდზე