რა აინტერესებს რუსეთს?

    რუსეთის «პრეზიდენტმა», დიმიტრი მედვედევმა, უშიშროების საბჭოს ხანგრძლივი სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
    მისივე თქმით, ეს «არ იყო იოლი გადაწყვეტილება».
    როგორც ჩანს, გადაწყვეტილების სირთულეს არა იმდენად საქართველოსთან საუკუნოდ ურთიერთობათა გაფუჭების შიში განაპირობებდა, რამდენადაც ის რისკები, რაც უეჭველად წარმოიშობა ამ პროცესში.
    საქმე არ ეხება მხოლოდ დასავლეთის რეაქციას და რუსეთის შესაძლო იზოლაციას, რასაც, ჯერ-ჯერობით, პირი არ უჩანს. ყველაზე მთავარი პრობლემა მაინც აფხაზეთია.
    საქმე ის გახლავთ, რომ განსხვავებით «სამხრეთელი ოსებისგან», რომელთა მისწრაფება იმთავითვე ირედენტისტული იყო (ანუ მათი სეპარატიზმი არა მხოლოდ საქართველოსაგან გამოყოფას, არამედ რუსეთთან შეერთებას გულისხმობდა), აფხაზური სეპარატიზმი სხვა შინაარსისაა: აფხაზებს სულაც არ ეპიტნავებათ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა. მათი მიზანია შექმნან სრულფასოვანი დამოუკიდებელი ქვეყანა – გაეროს წევრი სახელმწიფო, რომელიც, მაგალითად (როგორც თავად აცხადებენ) დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში, გაწევრიანდება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში (სხვათა შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩათვლით) ექნება საკუთარი ვალუტა, დააბრუნებს ქვეყანაში რუსეთ-კავკასიის ომის დროს გასახლებულ მოჰაჯირებს და ასე შემდეგ.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, აფხაზური სეპარატიზმი, განსხვავებით ოსური სეპარატიზმისაგან, სრულებითაც არ არის პრორუსული.
    აქვე უნდა ითქვას, რომ აფხაზურ და ოსურ სეპარატიზმთა ეს სხვადასხვაობა ალბათ უფრო გონივრულად უნდა გამოგვეყენებინა ჯერ კიდევ 90-იან წლებში. მაგრამ ამაზე საუბარი უკვე ძალიან გვიან არის.
    ბუნებრივია, რუსებს სულაც არ ეპიტნავებათ ჩრდილო კავკასიის საზღვრებთან (იმ რესპუბლიკების მეზობლად, სადაც აფხაზთა მონათესავე ადიღური ტომები სახლობენ), ზღვაზე ფართო გასასვლელის მქონე, სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმოშობა.
    მათ კარგად შენიშნეს აგრეთვე სხვაობა რუსეთის ფედერაციის საბჭოში სერგეი ბაღაფშისა და ედუარდ კოკოითის გამოსვლებს შორის. თუ ეს უკანასკნელი «რუსეთთან შეერთებაზე და მხოლოდ საქართველოსაგან დამოუკიდებლობაზე» საუბრობდა, სერგეი ბაღაფშმა თქვა, რომ აფხაზეთის მიზანია იქცეს საერთაშორისო სამართლის სრულფასოვან სუბიექტად; ხოლო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ რუსულ სააგენტო «ინტერფაქსს» ძალზე ნიშანდობლივი ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ «აფხაზეთი მზად არის გააფორმოს რუსეთთან ხელშეკრულება უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამყარდება დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვსა და სოხუმს შორის».
    ანუ, აღიარების მხოლოდ დეკლარირება აფხაზებს არ აკმაყოფილებთ – მათ სურთ გარანტიები, რომ რუსეთის მხრიდან ეს აღიარება რეალური იქნება და რუსეთი აფხაზეთს დაეხმარება, გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში.
    თუ ყურადღებით დავაკვირდებით, რუსეთის მიზანია შეინარჩუნოს სამხედრო ყოფნა არა მხოლოდ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, არამედ აფხაზეთშიც; თანაც არა მარტო გალის რაიონში, არამედ ოჩამჩირეში, სოხუმში და ასე შემდეგ.
    მაგრამ აფხაზ სეპარატისტებს არც ეს მოსწონთ მაინცდამაინც (ანუ სამურზაყანოს გარეთ რუსი სამხედროების ყოფნა) და რუსეთისაგან შესაბამისი «სამხედრო ხელშეკრულების» გაფორმებას მოითხოვენ.
    მაშასადამე, მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობები არც ისე იდილიური იქნება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ეს ურთიერთობები თანდათან დაიძაბება აფხაზური ელიტის ამბიციათა ზრდის კვალობაზე. აქ რუსეთს მცირე ბერკეტი თუ რჩება მას შემდეგ, რაც თავად სცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა. აფხაზ ლიდერებს კი (კოკოითისაგან განსხვავებით) არასდროს უთქვამთ, რომ რუსეთის შემადგენლობაში აპირებდნენ შესვლას.
    სწორედ ამას გულისხმობდა მედვედევი «გადაწყვეტილების სირთულეში». თუმცა, საბოლოოდ, პუტინმა მაინც გადაწყვიტა, რომ ეს გამოწვევა სამომავლოდ არაფერია იმ ამოცანებთან შედარებით, რასაც რუსეთი საქართველოში წყვეტს ამჟამად.
    ზემოთთქმულიდან გამომდინარე, გავიხსენოთ აგრეთვე მეტად უცნაური განცხადება, რომელიც საომარი ფაზის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. მისი თქმით «აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» აღიარება-არაღიარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოიქცევა პრეზიდენტი სააკაშვილი».
    იგი უეჭველად გულისხმობდა, რომ რუსეთს შეიძლებოდა კიდეც შეეკავებინა თავი «აღიარებისაგან», თუ პრეზიდენტი სააკაშვილი გადადგებოდა, გზას გაუთავისუფლებდა კრემლის რომელიმე მარიონეტს ან თავად მოაწერდა ხელს შეთანხმებას აფხაზეთსა და «სამხრეთ ოსეთში» რუსეთის ძალებისათვის «სამშვიდობო სტატუსის» სამუდამოდ დაკანონების შესახებ.
    ხოლო მას შემდეგ, რაც ვერც ერთი მიიღო და ვერც მეორე, რუსეთს უკვე აღარ შეეძლო ერთის მხრივ ეცნო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ხოლო მეორეს მხრივ აფხაზეთსა და «სამხრეთ ოსეთში» საქართველოს თანხმობის გარეშე შეენარჩუნებინა თავისი კონტინგენტი.
    ამიტომ გადაწყვიტეს «კვიპროსის ვარიანტის» განმეორება: 1974 წელს თურქეთმა ერთადერთმა სცნო ჩრდილოეთ კვიპროსის დამოუკიდებლობა და იქ გადასროლილი საკუთარი ჯარები «სამშვიდობოებად» გამოაცხადა.
   

    რა არის რუსეთის მიზანი? დღევანდელ ვითარებაში მოსკოვს ორი (ტაქტიკური და სტრატეგიული) ამოცანა აქვს. უპირველეს ყოვლისა, მას ნამდვილად სჭირდება თავისი აგრესიის გარკვეული ლეგიტიმაცია.
    ანუ, ვთქვათ, ქალაქ ფოთიდან ჯარები იმიტომ არ გაჰყავს, რათა აიძულოს საქართველო და ჩვენი მოკავშირეები, დაეთანხმონ გაეროში იმგვარი რეზოლუციის დამტკიცებას, რომელიც დააკანონებს რუსეთის «სამხედრო ყოფნას» აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე; აგრეთვე ე.წ. «ბუფერულ ზონებში», რომლებიც ორივე კონფლიქტურ რეგიონს შორს სცილდება. ამით რუსეთი ზემოთხსენებულ «აფხაზურ პრობლემასაც» წყვეტს.
    თანაც, საამისო ზეწოლის ბერკეტად გამოიყენება არა მხოლოდ ფოთის პორტი, არამედ ენგურჰესი, რომლის სამართავ პულტსაც და კაშხალსაც უკვე მთლიანად მოსკოვი აკონტროლებს.
    ანუ, რუსეთს უკვე ხელეწიფება ის, რაც არ შეეძლო 90-იან წლებში: ცალმხრივად გადაუკეტოს ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ საქართველოს ისე, რომ არ შეუწყვიტოს ენერგომომარაგება აფხაზეთს.
    რუსი ენერგეტიკოსები ღიად აცხადებენ კიდეც: ენგურჰესით მთელი სამხრეთ რუსეთის მომარაგება შეიძლება და ეს სიმდიდრე ქართველებს რატომ უნდა მივცეთო.
    ზამთრის მოახლოების კვალობაზე ამ ბერკეტის სიმძიმეს სულ უფრო მწარედ ვიგრძნობთ.
    ხოლო მას შემდეგ, რაც (თუკი) საქართველოს ხელისუფლება და ჩვენი მოკავშირეები ამგვარ რეზოლუციას დაეთანხმებიან და აღიარებენ ომის წაგების შედეგად ჩამოყალიბებულ სტატუს-ქვოს, ესე იგი თავად დააკანონებენ რუსეთის ყოფნას საქართველოს ტერიტორიის მესამედზე (ჯერ ჯერობით დასავლეთი მხოლოდ იმას ამჟღავნებს, რომ დეკლარაციების მეტი არაფერი ძალუძს) დადგება რუსეთის მეორე, სტრატეგიული ამოცანის თანდათანობითი განხორციელების ამი:
    ზოგიერთს გადაჭარბებულად მოეჩვენა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება, რომ «რუსეთი სწორედ საქართველოდან იწყებს საბჭოთა კავშირის აღდგენას».
    ბუნებრივია, იმ ახალ იმპერიას (პუტინ-მედვედევის გათვლით) «სსრკ» შეიძლება აღარც ერქვას, შეიძლება არამცთუ კომუნისტური იყოს, არამედ რუსულ ოლიგარქიულ კაპიტალს და რუსულ ტრანსნაციონალურ კორპორაციებს ეფუძნებოდეს, მაგრამ საქართველოს ოკუპაციისა და «კასპია-შავი ზღვის საკომუნიკაციო მაგისტრალის» გადაკეტვის, აგრეთვე (დასავლეთის უმწეობის გამოყენებით) ამგვარი ისტორიული პრეცედენტის შექმნის შემდეგ, პუტინის რუსეთი გეგმაზომიერად, თანდათანობით, ფრთხილად, თუმცა მიზანმიმართულად დაიწყებს «დიდი პროექტის» განხორციელებას: ჯერ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის, შემდეგ სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეკონომიკური ინტეგრაციის (საქართველოს კომუნიკაციების გადაკეტვით რეგიონს სხვა გზა აღარც ექნება), შემდგომ ქვეყნის თანმიმდევრული ინკორპორირების, დამოუკიდებლობის სამართლებრივი და სხვა სისტემების მოშლის (მაგალითად ახალი რეგიონული სეპარატიზმის წახალისების, აჭარასა და სამეგრელოში პასპორტების დარიგების და ა.შ. და ა.შ) მეთოდით.
    რუსეთს სინამდვილეში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კი არ აინტერესებს, არამედ მთელი საქართველო.
    სწორედ ამიტომ: თუ დღეს დასავლეთი მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლა და ამ პროცესს წინააღმდეგობა არ გაუწია, თუ საქართველოს ოკუპაციას საბოლოოდ შეურიგდა, მაშინ ისტორიულად მოკლე ვადაში მას სრულიად ახალ რუსეთთან ექნება საქმე, რომელიც მთლიანად აღიდგენს ზესახელმწიფოებრიობის გეოპოლიტიკურ ფუნქციას და საკუთარ ინტერესებს უკარნახებს მსოფლიოს.
    განსხვავება საქართველოში რუსეთის მოქმედებებსა და კვიპროსში თურქეთის მოქმედებებს შორის ის არის, რომ 1974 წელს თურქეთს არ გააჩნდა რესურსები, რათა ამ მოქმედებით ოსმანთა იმპერიის აღდგენისათვის დაედო სათავე.
    თანამედროვე რუსეთს კი, საამისო მრავალგვარი რესურსი ნამდვილად აქვს: გაზპრომიდან – ატომურ იარაღამდე.

GHN

ნიკა ვაშაკიძე

2008 წლის 27 აგვისტო
   
   
   

მთელ გვერდზე