Sine ira et studio (გარეშედ რისხვის და მიკერძოებისა)

პუტინის გაულიაიტერები

    რუსეთის ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, ერთ-ერთი უკანასკნელი ბრძანებულებით, „სამხრეთ ოსეთთან“, აფხაზეთთან და დნესტრისპირთთან ურთიერთობებში საპრეზიდენტო წარმომადგენლები დანიშნა. ფორმალურად, მისი გადაწყვეტილება თითქოს პუტინს არ ეხება, თუმცა საეჭვოა შეთანხმებული არ ყოფილიყო, რაკი მაისიდან პუტინი კრემლში ბრუნდება და ახლახანს დანიშნული „წარმომადგენლების“ გადაყენება ანუ მედვედევის ბრძანებულების გაუქმება ნამდვილად აღარ გამოვა.
    თავისთავად ეს დანიშვნები ძალზე ნიშანდობლივია პირველ რიგში თვით რუსეთის პოლიტიკის თვალსაზრისით. დავიწყოთ ყველაზე მოულოდნელით, ან თითქოსდა მოულოდნელით: დნესტრისპირეთთან ურთიერთობებში პრეზიდენტის წარმომადგენლად დაინიშნა დიმიტრი როგოზინი. მივაქციოთ ყურადღება: არა კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში, არამედ სწორედ დნესტრისპირეთთან ურთიერთბებში.
    კი მაგრამ, მოსკოვს ხომ დნესტრისპირეთი ჯერ არ უცვნია, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო? თუმცა როგოზინის დანიშვნა არის პირველი და ძალიან პროვოკაციული რეაქცია შიდაპოლიტიკური კრიზისის დასრულებაზე მოდლოავში: მრავალთვიანი დებატების და უშედეგო კენჭისყრათა შემდეგ, მოლდოვეთის პარლამენტმა, როგორც იქნა, აირჩია პრეზიდენტი - პროევროპელი ნიკალაი ტიმოფტი, რომელმაც პირველივე განცხადებით დაადასტურა ევროკავშირისაკენ სწრაფვა და სეპარატისტული დნესტრისპირთიდან რუსული ჯარების გაყვანა მოითხოვა.
    მოსკოვის პასუხმაც არ დააყოვნა. თანაც ეს პასუხი არა მხოლოდ მკაფიოა, არამედ, გარკვეული აზრით, თავხედურიც: მოლდოვა ბევრად ახლოა ევროკავშირთან, ვიდრე საქართველო. თანაც, სეპარატისტულ დნესტრისპირეთს რუსეთისგან ვეებერთელა უკრაინა ჰყოფს.
    ამის მიუხედავად, მოსკოვს სულაც არ აშინებს და არანაირ „რიდს“ არ აღუძრავს ევროპის შესაძლო რეაქცია. რატომ? იმიტომ, რომ 2008 წლის აგვისტოში დარწმუნდა: დასავლეთი მზად არის ბევრ რამეზე თვალი დახუჭოს, ოღონდ კი მოსკოვთან ურთიერთობები არ გაიფუჭოს, ოღონდაც „მთავარი სანიტარი“ ონიშჩენკო არ განარისხოს, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გერმანული ან ფრანგული პროდუქციის იმპორტი აკრძალოს „რუსთა ჯანმრთელობაზე“ ზრუნვის მოტივით.
    გარდა ამისა, მოსკოვი ერთის მხრივ რომ დნესტრისპირეთის აღიარებას ამზადებს, მეორეს მხრივ იმავე ნატო-ს ტკბილად უღიმის და რუსულ ქალაქ ულიანოვსკში სატრანზიტო ბაზას სთავაზობს - ავღანეთში ჯარების გადასროლის გასაადვილებლად. ავღანეთი კი ევროპა -ამერიკისთვის დღეს იმდენად სერიოზული პრობლემაა, როგორც ჩანს პოსტსაბჭოურ სივრცეზე რუსეთის თავნებობას „თვალს უხუჭავენ“.
    რუსეთისავე მოთხოვნით, ევროკავშირი უარს ეუბნება რუმინეთს შენგენის სავიზო ზონაში მიღებაზე. მიზეზი ისაა, რომ რუმინეთმა მოლდოვას (ესე იგი ისტორიული ბესარაბიის) მაცხოვრებლებს თავისი პასპორტები დაურიგა. თუ რუმინეთი შენგენის ზონაში შევა, ამით მოდოველებსაც მიეცემათ ევროკავშირში თავისუფლად მოგზაურობის საშუალება. რუსეთი კი, რომელმაც თავისი პასპორტები აფხაზებსა და ოსებს უკანმოუხედავად დაურიგა, მოდლოვას შემთხვევაში აღშფოთებულია და ევროკავშირს საკუთარი „პრივილეგირებული ინეტრესების ზონაში“ ჩარევისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. თანაც ისევ სანქციებით ემუქრება. ევროპელებიც თმობენ და მოსკოვს არ აღიზიანებენ. მაშასადამე,, კრემლს უკვე თავის შიდა საქმეებში ჩარევაზეც კი მიანიჭეს ვეტოს უფლება და ის გვიკვირს, თუ როგოზინის დანიშვას არ აპროტესტებენ?
    პირველი ვიოლინოს როლს ამ სამარცხვინო, კაპიტულანტურ პროცესში ისევ და ისევ მერკელის გერმანია ასრულებს. ამას თავისი ისტორიული და სუბიექტური მიზეზები აქვს, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა. ჯერ-ჯერობით კი, პუტინს ყველაფერი გასდის ისე, რომ სერიოზული წინააღმდეგობისა არც ეშინია. საერთოდ „უჩინარი ჩინოსანიც“ რომ დაენიშნა დნესტრისპირეთში „წარმომადგენლად“, ესეც საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნებოდა და მით უმეტეს გამოწვევაა, როდესაც ამ პოსტზე სწორედ დიმიტრი როგოზინი ინიშნება: რუსი ნაციონალისტი, „რუსულ თემთა კონგრესის“ დამფუძნებელი 90-იანი წლების დასაწყისში, რუსული იმპერიალიზმის ერთ-ერთი იდეოლოგი, რომელიც ბოლო დრომდე ნატო-ში რუსეთის სკანდალურ წარმომადგენლად მუშაობდა, დღეს კი ვიცე-პრემიერი, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კურატორი და, როგორც ამბობენ, 2024 წლისთვის პუტინის ერთ-ერთი შესაძლო მემკვიდრეა.
    ვითომ ვერ ხვდებიან ამას ევროპელები? როგორ ვერ ხვდებიან, შეილება ძალიანაც არ სიამოვნებთ, მაგრამ იძულებულნი არიან „გადაყლაპონ“. მოლდოვაზე რაღა უნდა ითქვას? სხვათა შორის, აქვე სასარგებლო იქნებოდა გაგვეთვალისწინებინა (ჩვენს შიდა-ქართულ დისკურსში), რომ მოლდოვა ის ქვეყანაა, რომელმაც ოფიციალურად გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, ოფიციალურად აღიარა და კონსტიტუციაშიც ჩაწერა, რომ არ ისწრაფვის ნატოსკენ, პრეზიდენტად აირჩია რუსული ეთნიკური წარმომავლობის კომუნისტი ვორონინი. მერედა რა - ამით? მიაღწია რაიმეს დნესტრისპირთის სეპარატისტული ანკლავის შემომტკიცებაში? - აბსოლუტურად ვერაფერს! პროცესი დასრულდა იმით, რომ ჯერ კიდევ აუღიარებელ რესპუბლიკაში რუსეთის პრეზიდენტმა თავისი წარმომადგენელი დანიშნა და კრინტის დაძვრას ვერავინ ბედავს ვერც ამერიკაში და ვერც ევროპაში.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    იმავდროულად, რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლად აფხაზეთში (თანაც მაშინ, როდესაც იქ ელჩი უკვე ჰყავთ) კრასნოდარის გუბერნატორი ალექსანდრე ტკაჩოვი დაინიშნა. არა, საქართველოს შესაძლო რეაქცია რომ არ ანაღვლებთ კრემლში, გასაგებია. არც ისაა მოულოდნელი, რომ ევროკავშირის რეაქცია აქ კიდევ უფრო ნაკლებად აღელვებთ, ვიდრე მოლოდვაში, მაგრამ ყველაზე საინტერესოა, რომ არც საკუთრივ აფხაზთა რეაქციას დაგიდევენ.
    თუკი აფხაზეთი „დამოუკიდებელი სახელმწიფა“, მაშინ ტკაჩოვის დანიშვნა ხომ მათი ეროვნული გრძნობების აშკარა შეურაცხყოფაა? ამით თითქოს ეუბნებიან: „თქვენ ხართ კრასნოდარის მხარის გაგრძელება და ყველა საკითხი „თქვენს გუბერნატორთან“, ანუ კრასნოდარის ხელმძღვანელთან გაარკვიეთო“.
    თვით ტკაჩოვი როგოზინზე არანაკლები ნაციონალისტია: ეთნიკურ უმცირესობებს (მათ შორის სომხებს და თურქებს) ღიად ავიწროვებდა, აფხაზებსაც უცხადებდა ბლოკადას, როდესაც 2004 წელს გაბედეს და პრეზიდენტად არა პუტინის რჩეული „გბ“ - შნიკი ხადჟიმბა, არამედ აწ განსვენებული ბაღაფში აირჩიეს.
    ტკაჩოვი დღესაც ულტიმატუმის ენით ესაუბრება აფხაზებს და ემუქრება, რომ თუ გონს არ მოვლენ, ეთნიკურ რუსებს სახლებს არ დაუბრუნებენ, მიწის ყიდვა-გაყიდვას არ დაუშვებენ, მაშინ ფსოუს საზღვარი კვლავ ჩაიკეტება.
    როგორც ჩანს, უახლოესი წლები (ყოველ შემთხვევაში, ოლიმპიადამდე ნამდვილად) „დამოუკიდებელი აფხაზეთისთვის“ სწორედ ტკაჩოვთან რთული ურთიერთობის ნიშნით ჩაივლის. ამ ურთიერთობათა ტექნოლოგია კი დაადასტურა პრეზიდენტმა ანქვაბმა - ტკაჩოვისადმი გაგზავნილ, მორჩილი ლიქნითა და პირმოთნეობით აღსავსე „მილოცვაში“.
    ამიერიდან, რაც არ უნდა მოიმოქმედონ აფხაზებმა, სულ ნემსის ყუნწში რომ გაძვრენ დიპლომატიურობით, მათი მომავალი გარკვეულია: კრასნოდარის მხარე (რომელიც ათი აფხაზეთის ოდენაა ყველა მხრივ) და ტკაჩოვის „ინტეგრაციული პროექტები“: სოხუმი და გაგრა, როგორც „დიდი („დიადი“) სოჭის“ თანამგზავრი ქალაქები; ყოვლისშემსანსვლელი რუსული კაპიტალი და დემოგრაფიული ვითარების ცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, - ბლოკადა და სანქციები. ვერაფერს იტყვი, „დიდებული ალტერნატივაა“ აფხაზეთის ომის დაწყების 20 წლისთავზე.
    ყველაზე ნაკლები წინააღმდეგობა მოსკოვს „სამხრეთ ოსეთის“ მიმართულებით ელის. პრეზიდენტის წარმომადგენლად ჩრდილო ოსეთის ხელმძღვანელი, თეიმურაზ მამსუროვი დაინიშნა. აფხაზებისგან განსხვავებით, ოსებს არასდროს დაუმალავთ, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა სურთ. თანაც, „დიდი ალანიის“ შექმნით, ანუ „ორი ოსეთის“ გაერთიანებით. აქ სიმპტომატური ისაა, რომ ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის ელიტებს გარკვეული კონკურენცია ახასიათებდათ. სამხრეთელთა ნაციონალისტი ლიდერი ედუარდ კოკოითი იყო და „დიდი ალანიის“ პრეზიდენტობაზეც ნამდვილად ჰქონდა პრეტეზნია, მაგრამ მოსკოვში მისი ამბიციები არ მოეწონათ და ისტორიის სანაგვეზეც მოისროლეს დაუნანებლად.
    თუმცა, ისევ და ისევ, მამსუროვის დანიშვნა დასავლეთისთვის იმის მანიშნებელი ხომ უნდა იყოს, რა მიზანს ისახავს რუსეთი? სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით პუტინის მიმართ იგივე დაყვავება-დაშოშმინების პოლიტიკა ტარდება, რაც ევროპაში ტარდებოდა გასული საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც ვლადიმერ პუტინის იდეური წინამორბედი უკანმოუხედავად ნიშნავდა „გაულიაიტერებს“ დაპყრობილ სუდეტსა და დანციგში. პასუხად კი - ვითომდაც მრავალმნიშვნელოვანი, სინამდვილეში კი არაფრისმთქმელი დუმილი, რაც იმ „მდუმარე მაყურებლებს“, საბოლოოდ, ძალიან ძვირად დაუჯდათ.
   
   

კომენტარი:
    პაატა ზაქარეიშვილი (კონფლიქტოლოგი):
    კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ალექსანდრე ტკაჩოვის დანიშვნა აფხაზეთთან ურთიერთობებში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლად ყველაზე მეტყველი ნაბიჯია: იგი ადასტურებს, თუ რამდენად „სერიოზულად“ აღიქვამენ მოსკოვში აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“. ანუ, სინამდვილეში, აფხაზეთი სოჭის გაგრძელებად მიაჩნიათ.
    ეს კიდევ არაფერი, მაგრამ, როგორც ჩანს, თვით აფხაზებიც აღარ აღიქვამენ აფხაზეთს დამოუკიდებლად. საოცარი პარადოქსია, რომ ერთადერთი, ვისაც სჯერათ აფხაზეთის ე.წ „დამოუკიდებლობისა„, ქართველები არიან. დიახ, სწორედ ჩვენ ვიქცევით ზოგჯერ ისე თითქოს აფხაზეთი მართლა დამოუკიდებელი ქვეყნაა. მაშინ როდესაც ამის არც აფხაზებს სჯერათ და მით უმეტეს რუსებს ხომ არასდროს სჯეროდათ.
    ამ დროს საქართველოში რაიმე დიალოგსა და დათმობებზე ლაპარაკი იკრძალება, თითქოსდა აფხაზეთი მართლა დამოუკიდებელი იყოს. სინამდვიელში, როდესაც კომპორომისზე და დიალოგზე მიდიხარ ასეთი წარმონაქმის მიმართ, ამით ბევრად მეტი შანსი გეძლევა, რომ შენსკენ შეამოატრიალო და შემოიმტკიცო.
    აბა მართლა ვინმეს სჯერა, რომ აფხაზეთი შეიძლება დამოუკიდებელი იყოს?
   
   

მთელ გვერდზე