ძიუდოს გენია

        იაპონიაში დიდ მოჭიდავეებს »გენიოსებს» უწოდებენ. ფილმიც კი იყო ასეთი სახელწოდებით - «ძიუდოს გენია». როდესაც ვლადიმერ პუტინი მარაზმში ჩავარდნილმა ბორის ელცინმა თავის მემკვიდრედ დაასახელა, მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა გარდა იმისა, რომ ახალგაზრდობაში ძიუდოს ჭიდაობდა და სპორტული ხარისხიც ჰქონდა.
        ეს იყო ერთადერთი ინფორმაცია პასუხად დასავლეთში დასმული კითხვისა hwo is mr. putin? რომელიც რუსეთის მომავალი გადამრჩენელისა და «დერჟავის ამღორძინებელის» მოწინააღმდეგეებმა (ლუჟკოვ-პრიმაკოვის კლანიდან, რომელსაც მედიამაგნატი გუსინსკი უჭერდა მხარს) ირონიულად გადააკეთეს და რუსულად არც თუ ზრდილობიანად ჟღერდა «ხუ ესტ მისტერ პუტინ?!».
        მაგრამ «ძიუდოს რუსულ გენიას» მაშინ ბორის ბერეზოვსკი უჭერდა მხარს და მის მილიარდებს, აგრეთვე სერგეი დორენკოს მსგავს «ტელეკილერებს» პრიმაკოვი აბა როგორ აჯობებდა? რუსული ტელევიზიის იმდროინდელი პირველი არხი, რომელსაც ბერეზოვსკი აკონტროლებდა, დაბერებულ პრიმაკოვს ხშირად ადარებდა სპორტსმენ პუტინს.
        როდესაც თბილისელ «ჟენკას» კუდუსუნის ოპერაცია გაუკეთეს, დორენკომ პრაიმ-ტაიმში ასეთი ოპერაციის კადრები უჩვენა – როგორ უბაგუნებენ ქირურგიულ ჩაქუჩს ნარკოზით მძინარე პაციენტს უკანალზე და როგორ იღვრება სისხლი.
        ამის შემხედვარე რუსები პრიმაკოვს პრეზიდენტად როგორღა აირჩევდნენ? მით უმეტეს, რომ თვალწინ ჰქონდათ ალტერნატივა – კუნთმაგარი, ახალგაზრდა პეტერბურგელის სახით.
        შემდეგ და შემდეგ კი გაჩნდა თანდათან ინფორმაციები, რომ თურმე ძიუდო არ ყოფილა პუტინის ერთადერთი ვნება – არანაკლები წარმატებით ასრულებდა «შტირლიცის» როლს აღმოსავლეთ გერმანულ ქალაქ დრეზდენში, სადაც მისი ერთ-ერთი მეგობარი გერმანიის ამჟამინდელი კანცლერი, ანგელა მერკელი გახლდათ.
        შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რას აკეთებდნენ ხოლმე კუნთმაგარი ვალოდია და ღრმათვალება ანგელა კონსპირაციულ ბინაზე შეხვედრების დროს, მაგრამ ფაქტია, რომ მათი მეგობრობა დღემდე გრძელდება და იმდენად დაუვიწყარია, რომ ქალბატონმა ანგელამ ყევლაფერი გააკეთა, რათა ე.წ. «ტალიავინის კომისია» ანტიქართული განწყობით ცნობილი გერმანელი პროფესორებით დაეკომპლექტებინა.

სასარგებლო კავშირები

    ბერლინის კედლის დანგრევისა და გერმანიის გაერთიანების შემდეგ ვლადიმერ პუტინი პიტერში დაბრუნდა და სწორედ მაშინ გაახსენდა თავისი სიყრმისდროინდელი მეგობრები, რომლებმაც იმ დროისათვის წვრილ ბიზნესს მიჰყვეს ხელი. პუტინიც გაჰყვა იმ გზას, რამაც საბოლოოდ რუსეთში «ჩეკისტ-კაპიტალისტთა» კლანის ჩამოყალიბებას ჩაუყარა საფუძველი.
        ეს ბანდა დღემდე მართავს ამ ვეება სახელმწიფოს და ევრაზიაში გაბატონებაზეც კი აქვს პრეტენზია. არადა, თითქოს რა კავშირი შეიძლება არსებობდეს რუსეთის «ნაციონალურ ლიდერს» (გუშინ პრეზიდენტს, დღეს პრემიერსა და ხვალ ისევ სახელმწიფოს მეთაურ) პუტინს, ქართველ «ძველ ბიჭ» ლევან პირველს და რუს კანონიერ ქურდ იაპონჩიკს შორის?
        ნუ ავჩქარდებით. კავშირი არსებობს და საკმაოდ მყარიც. Eეს «მყარი დამაკავშირებელი» რგოლია პიტერელ მილიარდერ როტენბერგთა ოჯახი, რომელიც დღეს პეტერბურგის ფაქტობრივ მეპატრონედ ითვლება. იმდენად, რომ პატივცემული გუბერნატორი, ქალბატონი ვალენტინა მატვიენკო სამეფო ბანკეტებზე «მიმტანის» უფლებამოსილებამდე ჰყავთ დაყვანილი.
        ბორის და არკადი როტენბერგები ვალოდია პუტინმა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას გაიცნო: 1964 წელს ის და არკადი ერთდროულად ჩაეწერენ ძიუდოს სექციაში. იმ ისტორიული შეხვედრიდან 45 წელი გავიდა. დღეს ძმებ როტენბერგების ბიზნეს-იმპერიის წლიური ბრუნვა წელიწადში 3 მილიარდი დოლარია!!! ასეთი მოცულობა უილიამ ბაფეტსა და ბილ გეიტსაც კი შეშურდებოდათ, არათუ ბორის აბრამის ძე ბერეზოვსკის ან ბადრი პატარკაციშვილს,, რომლებმაც გუტენბერგების მეგობარი ელცინს მემკვიდრედ შესთავაზეს 2000 წელს და ეს ბრიყვული შეცდომა შემდეგ მწარედ ინანეს.
        ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ათნიშნა ციფრებამდე გუტენბერგების კაპიტალი სწორედ ძველი «ძიუდოისტი მეგობრის» მოულოდნელი აღზევებისა და კრემლში გადაბარგების შემდეგ გაიზარდა. ამასთან, ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რათა დაიჯეროს, თითქოს ძველ მეგობარს ისინი ამ ათნიშნა ციფრებიდან რამდენიმე «ნოლს» მაინც არ უწილადებდნენ. მით უმეტეს, რომ ეს «ძველი მეგობარი» უბრალოდ თანაგუნდელი კი არ არის, არამედ ეროვნული ლიდერია!
        აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საეჭვოა თვით როტენბერგები ძალიან შორს ყოფილიყვნენ იმ უწყებისგან, რომელშიც «ძიუდოს გენიამ» თავისი სული და გული ჩადო. »კგბ»-შნიკებს მხოლოდ თავისი ამქრის წევრები უყვართ და თუ ვინმეს რაიმეს უწილადებენ, მხოლოდ მათ.
        შემთხვევითი როდია, როიმ პუტინმა თავის «მარჯვენა ხელად» «გდრ»-ის დროინდელი რეზიდენტურის უფროსი, სერგეი ივანოვი აქცია, ხოლო ბიზნეს პარტნიორებად – იგივე როტენბერგები.
        მათი გერმანული გვარიც არა მგონია უბრალო დამთხვევა იყოს.

პუტინ-როტენბერგთა იმპერიის ქართველი მოქალაქე

        ჩეკისტ-კაპიტალისტთა იმპერიას თავისი «მოქალაქეობა» აქვს, რასაც ისინი «უცხო სხეულებს» ასე იოლად არ ანიჭებენ. ალბათ ასეთ «უცხო სხეულად» არ აღიქმებოდა ლევან პირველი, ვინც როტენბერგების პირველი ბიზნეს-პარტნიორი გახდა.
        აქვე უნდა ითქვას: საერთოდ, ძალიან საინტერესო, ჯერ კიდევ შესასწავლი თემაა დამოკიდებულება თბილისელ «ელიტურ შავებსა» და საბჭოთა «კგ»ბ-ს შორის. ყოვლისშემძლე საბჭოთა სპეცსამსახურის «სექსოტობა» მილიციაში პადელნიკების «ჩაშვების» ტოლფას ბოზობად არ ითვლებოდა.
        ფაქტია, რომ ლევან პირველი დღემდე არკადი როტენბერგის უახლოეს მეგობრად და პარტნიორად ითვლება, ხოლო არკადი და ბორის როტენბერგები პიტერელი ვალოდია პუტინის უახლოესი ძმაკაცები არიან.
        თბილისურ ძველბიჭურ სლენგზე ამას ჩერეზ ძმაკაცობა» ჰქვია, რომელიც, ძმაკაცთა რესპექტაბელობის ზრდასთან ერთად, ისეთ პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობასაც გულისხმობს, როგორიცაა საქართველოს გადასარჩენად გულდათუთქულ მამულიშვილთა შეკრებები ვენაში და ალექსანდრე ებრალიძის პრეზენტაცია «საქართველოს ხალხთა» კონგრესის სოჭის კონფერენციაზე.
        «ჩეკისტ-კაპიტალისტთა» იმპერიის კიდევ ერთი მონაწილე – პიტერელი «ალიკ-რინოკი» როტენბერგების ახლო მეგობარი და «საქმეზე წამყოლია» ჯერ კიდევ უმაწვილობიდან, როდესაც საშკა, არკაშა, ვალოდია და ბორია პეტერბურგული «თეთრი ღამეების» დროს გოგოებს დასდევდნენ.
        რუსული ბანდიტური სერიალის, «ბრიგადის» მსგავსად, ეს ყმაწვილები თანდათან იმპოზანტურ ბიზნესმენებად იქცნენ. მაგალითად, ლევან პირველი სასტუმრო «მეტეხის» სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი გახდა, როდესაც ამ საწარმოს რეალურ მეპატრონედ დათო სანიკიძე ითვლებოდა. უკანასკნელი კი ახლახანს გარდაცვლილი კანონიერი ქურდის, ვიაჩესლავ ივანკოვის (იაპონჩიკის) მეგობარი გახლდათ.
        ეს ის დროა, როდესაც «მხედრიონის» ელიტა «მეტეხში» ცხოვრობდა კვირეობით (ადმინისტრაციის ხარჯზე) და პარიზში შეძენილი «ინსპექტორებით» ვიპ-აპარტამენტის საწოლში ნებივრობა ბედნიერებისა და პრესტიჟის მწვერვალად მიაჩნდა. «იაპონჩიკისა» და როტენბერგების მეგობრობაზე კი პიტერში დღემდე ლეგენდებს ყვებიან.
        ასე იკვრება «სასარგებლო კავშირები», რომლებშიც გაურკვეველი მხოლოდ ის არის, რა შუაშია აქ საცოდავი ქართველი ინტელიგენტი ელიზბარ ჯაველიძე, რომელსაც ვენაში «საქართველოს წინააღმდეგ მსოფლიო მასონთა შეთქმულებაზე» უყვებოდნენ ზღაპრებს და ამ მასონთა მამამთავრის – გიგა ბოკერიას წინააღმდეგ თხოვდნენ ინტელექტუალურ მხარდაჭერას?!
        სხვათა შორის, ლევან პირველი პეტერბურგშიც აპირებდა სასტუმროს შეძენას. რა თქმა უნდა როტენბერტგების «ბლატით», მაგრამ აღარ დასცალდა – ავსტრიულ «რაიფაიზენბანკთან» დაკავშირებულმა სკანდალმა მოუსწრო.

პუტინის დერჟავა და როტენბერგების იმპერია

        როდესაც ვლადიმერ პუტინი პეტერბურგის ვიცე-მერი გახდა, სამსახურეობრივად სათამაშო ბიზნესისი კურირება დაევალა, ანუ ყველაზე «მაყუთიანი დარგისა». ბუნებრივია, ყოფილი «კგ»ბ-ს რეზიდენტი და ამხელა თანამდებობის პირი თვითონ ვერ ივლიდა «სხადნიაკებზე» ყომარბაზებთან საქმის გასარჩევად და ამ საქმისთვის ძმები როტენბერგები ძალიან გამოადგა.
        ეს უკანასკნელნი მაშინ, - 90-იანი წლების დასაწყისში (როცა პეტერბურგს რუსეთის «ბანდიტურ დედაქალაქს» უწოდებდნენ), მხოლოდ იწყებდნენ თავისი იმპერიის მშენებლობას.
        «კრიშად» სხვადასხვა სპორტულ კლუბსა და ასოციაციას იყენებდნენ, რომლის საპატიო თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, პუტინი იყო და არის დღესაც. Eესე იგი კვლავაც (როგორც თბილისში იტყოდნენ ხოლმე ცხონებულ ჯაბა იოსელიანზე) «უდევს თათი» მრავალ სარფიან ბიზნესზე, რომელსაც ეს სპორტული კლუბები «კრიშავენ».
        ოღონდ, აქ უკევ საუბარია არა სტრიპტიზ-კლუბებზე და კაზინოებზე, არამედ მძიმე მრეწველობაზე, მეტალურგიაზე, ნავთობზე, მშენებლობაზე, გაზზე, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე და ასე შემდეგ.
        მათი იმპერიის ძლევამოსილებას ჯერ-ჯერობით არაფერი ემუქრება. ანეგდოტია, რომ პუტინმა თვისი პირადი მტერი, მიხეილ ხოდორკოვსკი 20 ათასი დოლარის «გათეთრების» ბრალდებით ლამის სამუდამოდ ციხეში განამწესა მაშინ, როდესაც ძმებმა როტენბერგებმა მხოლოდ ერთი ფორმის - «გაზტაგედის» მეშვეობით მილიარდამდე დოლარი გაათეთრს მას შემდეგ, რაც «გაზპრომის» ხელმძღვანელად რემ ვიახირევის ნაცვლად პუტინის კიდევ ერთი მეგობარი – ალექსეი მილერი დაინიშნა.
        როგორ გგონიათ, ვისთან გააფორმა მილერმა 4,5 მილიარდი დოლარის ხელშეკრულება «გაზპრომისათვის» სხვადასხვა აღჭურვილობის მოწოდების თაობაზე? რა თქმა უნდა იმავე როტენბერგებთან.
        მხოლოდ გასულ წელს, როტენბერგების კომპანიებმა «გაზპრომს» 980 მილიონი დოლარის მარტო მილსადენები მიჰყიდა და 146 მილიონი დოლარის წმინდა მოგება მიიღო.
        როტენბერგების ოფისი დღემდე რუსეთის ძიუდოს ფედერაციის შენობაშია განლაგებული, სადაც ვლადიმერ პუტინი ხშირად სტუმრობს. არცაა გასაკვირი – იგი ხომ ფედერაციის საპატიო პრეზიდენტია!
        «ამ ძმებმა ყველაზე სარფიანად ივაჭრეს პუტინთან მეგობრობით» - ამბობენ პიტერში.
        რასაკვირველია არც პუტინი დარჩენილა წაგებული. «მეგობარი ანგელას» შუამავლობით მასაც ექნება გვარიანი დანაზოგი «შავი დღისთვის» დრეზდენბანკში. თუმცა კი იმედი აქვს, რომ ეს «შავი დღე» მხოლოდ 2024 წლის შემდეგ თუ დადგება.
        2012 წელს პუტინი კიდევ 6 წლით აპირებს არჩევას და ორი ვადით პრეზიდენტობას. ამასობაში კი, როტენბერგების იმპერია პოსტსაბჭოურ სივრცეში, მათ შორის საქართველოში, შესაბამისი «გეოპოლიტიკური პროექტების» განხორციელებაში დაეხმარება.
        საკითხავი ის არის მხოლოდ: ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ გაბმული «შავი პოლკოვნიკის» მიერ ჩვეული კონსპირაციითა და ოსტატობით მოქსოვილ ობობას ქსელში, რომელიც ქვეყნის არსებობას ემუქრება?
        თუ საქართველოში სიტუაცია ისევ აირია, ძმებ როტენბერგების შესახებ კიდევ ბევრჯერ გავიგებთ «ცინცხალ ამბებს». მათ შორის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე ზრუნვის თვალსაზრისით.
        მადლობა ღმერთს, ვანოს პეტერბურგის იურიდიულ ფაკულტეტზე არ უსწავლია და არც ძიუდო უჭიდავია.

მთელ გვერდზე