პუტინისა და ტრამპის შეხვედრა რეიკიავიკში - 31 წლის შემდეგ

ვის შეუძვრენ ლოგინში რუსული სპეცსამსახურები?

    რესპექტაბელური ბრიტანული The Times-ის საკვირაო გამოცემისა და გერმანული Bildt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთდროულად რამდენიმე სენსაციური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „ბრექსიტი“ „შესანიშნავი რამაა“; ევროკავშირს უწინასწარმეტყველა დაშლა, ხოლო NATO შეაფასა როგორც „მოძველებული ორგანიზაცია“.
    რა თქმა უნდა, ეს განცხადებები არ ნიშნავს, რომ ამერიკის სახელმწიფო ზუსტად ამ ნარატივებით იმოქმედებს, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები არ არის მხოლოდ პრეზიდენტი; თუმცა, თავისთავად ნიშანდობლივი ისტორიული ფაქტია: პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ გრანდიოზული ქვეყნის სათავეში აღმოჩნდა პრეზიდენტი, რომელიც არა მხოლოდ ასე ფიქრობს, არამედ ღიად ლაპარაკობს კიდეც.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ამასობაში, ვრცელდება ინფორმაცია რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტთა მომავალი შეხვედრის შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი, შესაძლოა, ისლანდიურ რეიკიავიკში ესაუბრონ ერთმანეთს პირისპირ. ინფორმაციას, ჯერ-ჯერობით, ორივე მხარე უარყოფს. მაგრამ თავისთავად „რეიკიავიკის“ ხსენება ამ კონტექსტში ნიშანდობლივია . სულ ტყუილიც რომ იყოს, რეიკიავიკი შემთხვევით არ ამოტივტივდებოდა დღევანდელ გეოპოლიტიკურ დისკურსში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რა მნიშვნელობის გლობალური მოვლენაა ამერიკაში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება.
    საქმე ის გახლავთ, რომ უკვე შორეულ 1986 წელს, იმავე რეიკიავიკში ერთმანეთს შეხვდნენ ამერიკის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი, მიხეილ გორბაჩოვი. ერთი წლით ადრე მათ ჟენევაშიც გამართეს მოლაპარაკება, მაგრამ იმ სამიტს უფრო გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. რეიკიავიკში კი საქმეზე (ბირთვულ განიარაღებაზე) უნდა ელაპარაკათ.
    პატარა ისლანდიურ ქალაქში მაშინ 5 000 ჟურნალისტი ჩავიდა. რეიგანმა გორბაჩოვი თავის რეზიდენციაში მიიღო, ჟურნალისტების წინაშე PR-თვალსაზრისით მთლიანად დასჯაბნა (მაინც მსახიობი იყო თავდაპირველი პროფესიით), მაგრამ ბირთვულ განიარაღებაზე ვერაფრით მოილაპარაკეს. არადა, დიალოგი მთელი დღის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა.
    ერთ მომენტში, ამერიკელებმა გორბაჩოვს, შევარდნაძეს და მათ თარჯიმანს, რეიგანთან და მის სახელმწიფო მდივანთან ერთად სპეციალურად ამერიკიდან ჩამოტანილ რკინის კაპსულაში შესთავაზეს შესვლა, რათა ბირთვულ თემატიკაზე საუბარი ვერავის მოესმინა.
    მიუხედავად ამისა, ბოლოს, რეიგანმა გორბაჩოვის ყველა კომპრომისული წინადადება უარყო - „რაღაცას მატყუებ შე ცუღლუტოო“, - ზრდილობიანად კი გამოემშვიდობა და ორადგილიანი ზებგერითი ავიაგამანადგურებლით ვაშინგტონში გაფრინდა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    მას შემდეგ, „რეიკიავიკი“ ისტორიული მოვლენის ერთ ერთ ევფემიზმად იქცა. ისევე, როგორც „იალტა“ და „პოტსდამი“. ამიტომ, „რეიკიავიკის“ ხსენება პუტინ-ტრამპის მომავალი სამიტის კონტექსტში უეჭველად იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ელის რაღაც გარდამტეხ შეთანხმებას ორ ლიდერს შორის, რაც მთლიანად შეცვლის გლობალურ წესრიგს.
    ჯერ ჯერობით ტრამპის მესიჯები ამ მოლოდინს ადასტურებს. მისი თანაშემწეები პრესას ატყობინებენ, რომ მომავალი შეხვედრისას, სადაც არ უნდა გაიმართოს იგი, დონალდ ტრამპი აპირებს დასვას ბირთვული განიარაღების საკითხი - ისევე როგორც 31 წლის წინ.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას: პუტინი ამაზე წამოვა, ანუ ყველაფერზე დათანხმდება, თუ დარწმუნდა, რომ ამერიკის პრიორიტეტები არ ეხება უკრაინას, არ ეხება საქართველოს და ზოგადად, პოსტსაბჭოურ სივრცეს!
    ტრამპი უკვე ღიად აცხადებს: რუსეთთან თანამშრომლობა „კარგი საქმეა“, რადგან იგი ჩვენი მოკავშირე შეიძლება იყოს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაშიო. მაგრამ ისევე, როგორც „ბირთვული განიარაღება“, ესეც ფეიკია, რათა „გააპრავოს“ მთავარი: საიდუმლო გარიგება პუტინთან, - პოსტსაბჭოურ სივრცეზე მისი „ხელგახსნილობის“ შესახებ!
    მეტი, პუტინს, ამ ეტაპზე, არც არაფერი აინტერესებს. ხოლო „ბირთვული განიარაღება“ და ISIL არც რუსეთის და არც ამერიკის სასიცოცხლო ინტერესებს დღეს არ ეხება, ვინაიდან „ცივი ომი“ დიდი ხნის წინ დასრულდა და მოსკოვი ამერიკას განადგურებით არ ემუქრება. თუმცა, ორივე თემა იოლი „გასაპიარებელია“ ტრამპისთვის, რათა რუსეთის მიმართ თავისი „ახალი კურსი“ გაამართლოს.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ამასობაში, დაჟინებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე წლის წინ, მოსკოვში ყოფნისას, ტრამპმა იქაური „კურტიზანი ქალები“ მიიწვია იმ ნომერში, სადაც მანამდე ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ცხოვრობდა პირველ ლედისთან ერთად და ორგიები მოაწყო. კერძოდ, „სამეფო ლოგინზე ვერცხლისფერი წვიმა“
    აქ უხერხულია იმის ახსნა, რას აღნიშნავენ მოსკოველი „პროფესიონალი ქალბატონები“ ამ ტერმინით.
    მთავარი ისაა, რომ ბრიტანული MI6-ის ყოფილი აგენტის, ქრისტოფერ სტილის განცხადებით, სექსუალური სცენები რუსულმა სპეცსამსახურებმა გადაიღეს და ახლა ამ კომპრომატით ამერიკის პრეზიდენტს აშანტაჟებენ.
    ვერსია სერიოზულ ეჭვს იწვევს და უფრო წარმავალი ობამას გარემოცვის მოგონილს ჰგავს: ტრამპი საკმარისად ჭკვიანი და ფრთხილია, ასეთი სისულელე არ გაეკეთებინა მოსკოვში მაშინ, როდესაც თავად მუდმივად აფრთხილებს ხოლმე კონკურს Miss Univers მონაწილეებს, ფრთხილად იყონ, რაკი „სულ ფარული კამერებია გარშემო“.
    გარდა ამისა, ბოლოს და ბოლოს, თუ კაცმა ოთხჯერ იქორწინა და ოთხჯერვე მოდელებზე, ეს ჯერ კიდევ სულაც არ ნიშნავს, რომ სექსუალური მანიაკია და მაინცდამაინც „ვერცხლისფერ წვიმაზე“ გიჟდება.
    და ასეც რომ ყოფილიყო, ამ უბადრუკი მეთოდით პუტინს ტრამპის შანტაჟი არ გამოუვა: ჯერ ერთი, ქართველი პოლიტიკოსები თუ VIP-პერსონებიც კი, მუდამ ახერხებენ მსგავსი ვიდეოები „ფოტომონტაჟად“ და „მსახიობთა გათამაშებულ სცენებად“ გამოაცხადონ. მეორეც, თვით ტრამპი იოლად დასვამდა კითხვას: „დავუშვათ მართალია, მერედა რა ამით?“
    არც არაფერი - ამერიკის 42-ე პრეზიდენტი ბილ კლინტონი გაეროში გამოდიოდა და, ზუსტად იმ დროს, CNN მისი დაკითხვის კადრებს ატრიალებდა - მონიკა ლევინსკის კაბაზე აღმოჩენილი ლაქების შესახებ. და რა ამით? არც არაფერი - სექსუალური სცენები და ისტორიები გამანადგურებელ კომპრომატად ამერიკაში ვერ გამოდგება და პუტინმა ეს იცის.
    როგორც ჩანს, რუსული სპეცსამსახურები, რომლებმაც შესაძლოა კიდეც გადაიღეს რაღაც, აქ რაფინირებულად მოქმედებენ და საზოგადოებრივი „ინსპექტაციების“ აღსაძრავად უფრო იყენებენ ამგვარ საინფორმაციო-მედია დივერსიებს, ვიდრე რეალური შანტაჟისთვის. ბუნებრივია, ობიექტი (ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპი) და მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი შესანიშნავად აქვთ შესწავლილი. ისევე, როგორც თავის დროზე, სააკაშვილი შეისწავლეს და ზუსტად გათვალეს, როგორ იმოქმედებდა იგი 2008 წლის აგვისტოში, - დახვეწილ პროვოკაციებზე რეაგირებისას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ტრამპისთვის, სინამდვილეში, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და არსებითი ისაა, რასაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აკეთებს წარმავალი ობამა: აწესებს, რუსეთის წინააღმდეგ, ახალი სანქციებს და ყოველნაირად ცდილობს შექმნას ყალბი (დიახ, ყალბი) შთაბეჭდილება, თითქოს მისი პრეზიდენტობა, თურმე ნუ იტყვით, „პუტინის იმპერიალიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნებოდა, ახლა კი მოვიდა ეს კრემლის დაშანტაჟებული ტრამპი და თურმე აპირებს ეს ბრძოლა „წყალში ჩაუყაროს“.
    ელემენტარული ცრუპენტელობაა: ახლა გაამკაცრა ანტირუსული რიტორიკა, ახლა შემოაქვს სანქციები, როცა პასუხისმგებლობა უკვე თავად კი არა, ახალ პრეზიდენტს დაეკისრება? მაშინ სად იყო, როცა რუსეთმა ყირიმი დაიპყრო? სიმბოლური, თითქმის უწყინარი აქციები არ ითვლება, რომელთათვისაც ასჯერ მოუხადეს ბოდიში პუტინს.
    მაგრამ ტრამპთან ასეთი პრიმიტიული ტრიუკი არ გავა: მას მუდამ ექნება საშუალება თქვას, რომ არც საქართველოს 2008 წლის, არც უკრაინის 2014 - 2015 წლების „ისტორიებზე“ იგი არავითარ პასუხს არ აგებს, ხოლო იმ პრეზიდენტისგან, ვინც ის ამბები მაშინ ფაქტიურად „გაატარა“, ახლა, „მოსკოვისადმი ნაკლებად ხისტი“ პოზიციის გამო კრიტიკას არ მიღებს.
    მით უმეტეს, რომ ობამასა და მისი წინამორბედებისაგან განსხვავებით, ტრამპი ამერიკელი ნაციონალისტია და არა გლობალისტი. იმ აზრით, რომ მისი პრიორიტეტი მსოფლიოს გავლენის სფეროებად გაყოფა და საკუთარ არეალში ამერიკის დომინირებაა - არა გლობალიზაცია, ანუ მსოფლიოს უკეთესობისკენ „გადაკეთება“, როგორც კლინტონის, ბუშისა და ობამასათვის.
    ეს იდეალურად უთავსდება იმას, რაც უნდა პუტინს - უსიტყვო და უკონკურენტო დომინირება პოსტსაბჭოურ სივრცეზე.
    სწორედ ამიტომ, განურჩევლად იმისა, სად გაიმართება პუტინ-ტრამპის სამიტი - რეიკიავიკში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას - „იალტის“ დონის გარიგება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ისე რეალურია, როგორც არასდროს ბოლო 70 წლის მანძილზე.

        მთელ გვერდზე