პუტინი – მედვედევი: ღია ომი
       

        დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო!!!! როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა საბოლოოდ დაარღვიეს «თავდაუსხმელობის» პაქტი, რომელიც 2011 წლამდე მოქმედებდა და ღიად განაცხადეს, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ორივე მათგანი მიიღებს მონაწილეობას.
        ჯერ მედვედევმა თქვა. თანაც თქვა (ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ რუსეთში უკვე აღარაფერი უნდა გიკვირდეს) არა რუსული, არამედ . . . ჩინური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში:
        «არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტის პოსტზე ისევ კენჭი ვიყაროო». რაც მთავარია ამ განცხადებას «დასაბუთებაც» მოჰყვა, რომელიც პირდაპირ პუტინის წინააღმდეგაა მიმართული.
        მაგალითად, მედვედევის განცხადებით: «გაუთავებლად იმის იმედად ვერ ვიქნებით, რომ ნავთობისა და გაზის ექსპორტი არჩენს რუსეთს, რადგან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ კაცობრიობამ შეიძლება ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს მიაგნოს და მაშინ რაღა ვქნათო».
        მართლაც, ევროპასა და ამერიკაში უკვე დღეს საუბრობენ, რომ ელექტრომობილებზე უნდა გადავიდნენ, ხოლო თვითმფრინავებმა ახლო მომავალში ბიოსაწვავით იფრინონ.
        ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2020 წლისთვის ევროპის ავტოპარკის მესამედს ელექტრომობილები უნდა შეადგენდნენ. 2040 წლისთვის კი ორ მესამედს. საწვავი მთავრდება დედამიწაზე და ბოლოს და ბოლოს ბარელში 1000 დოლარს ხომ არ გადაიხდიან?
        ანუ, მედვედევი აქ მართალია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რა ძალა, ენერგია, ფული და სპეცსამსახურთა აქტივობა ჩააქსოვა პუტინმა «ენერგეტიკული იარაღის» შექმნაში, პრეზიდენტის განცხადება, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ პუტინის სტრატეგია მცდარი იყო, ხოლო მცდარი სტრატეგიის ავტორი პოლიტიკას უნდა ჩამოშორდეს.
        «სიახლე სჭირდება ქვეყანას და ახალი პოლიტიკოსები» - ამბობს მედვედევი. Bბუნებრვია, «ახალში» სწორედ საკუთარ თავს გულისხმობს და რუსეთში ახალი ტექნოლოგიების განმავითარებლის, რუსული «აი-ფონისა» და რუსული «სილიკონის ველის» შემოქმედადაც სურს წარმოჩინდეს, ხოლო პუტინი (გამოდის) – ძველი, წარსული, დახავსებული მეთოდების მომხრეა, რაკი გაზსადენებსა და ნავთობსადენებს აშენებს, რაც სულ მალე სრულიად უსარგებლო გახდება.
        რა თქმა უნდა, პუტინმა იმ დღესვე უპასუხა. «ჩქარობს ეს ახალგაზრდაო». პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ასეთი აზრი გაატარა. მართლაც, არჩევნებამდე 1 წელზე ნაკლები კი დარჩა, მაგრამ შემოდგომზე ჯერ სახელმწიფო სათათბიროს (რუსული პარლამენტის) არჩევნებია. პუტინი მმართველი პარტია «ედინაია როსსიას» თავმჯდომარეა. სწორედ ეს პარტია აღმოჩნდა დღეს აბსოლუტურად იდიოტურ მდგომარეობაში:
        ერთის მხრივ, მმართველმა პარტიამ მოქმედი პრეზიდენტისადმი მორჩილება უნდა შეინარჩუნოს, თორემ რაღა «მმართველი პარტიაა?» პრეზიდენტი ნიშნავს მის წევრებს გუბერნატორებად, მინისტრებად და ა.შ. მაგრამ მეორეს მხრივ, პრემიერი პუტინი ამ პარტიის თამჯდომარეა და პარტიამ თუ საკუთარ თავმჯდომარეს მხარი არ დაუჭირა, მაშინ პარტია კი არა ტაკიმასხარათა საკრებულო ყოფილა!
        გამოდის, მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად ისევ პუტინი უნდა დააასხელოს. აბა მედვედევს ხომ არ დაასახელებს? მაგრამ იმ სიტუაციაში, როცა პუტინ-მედვედევი ხელისუფლებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას იწყებენ, «ედინაია როსიას» მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად პუტინის დასახელებას მედვედევი და მისი გუნდი ომის გამოცხადებად აღიქვამს.
        მედვედევს საკუთარი პარტია არა ჰყავს. მაგრამ ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ, იძულებული იქნება იგი შექმნას, თორემ 2011 წლის დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურ (პუტინის მომხრეებისგან დაკომპლექტებულ) სახელმწიფო სათათბიროს მიიღებს.
        ერთი სიტყვით, მოსკოვში ისეთი ამბავი იწყება, «დედა შვილს არ აიყვანს ხელში.» ბუნებრივია, ტანდემის ორივე მონაწილეს ექნება ცდუნება, საქართველოს ან ნებიმიერი სხვა მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ მორიგი აგრესიით დაამტკიცოს თავისი «სიმაგრე», მაგრამ რაკი ამას ვერ ახერხებენ, მომავალი 1 წლის განმავლობაში შეეცდებიან ჩვენი ქვეყანა მცირე ხნით დაივიწყონ.
        თუ ქართული ოპოზიცია არ გაახსენებთ ამ «კოზირს» - წინასწარ გამოცხადებული რევოლუციით.
       
       

მთელ გვერდზე