პარტიათა ეკონომიკური პროგრამა: შეფუთვა და შინაარსი.

    პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთა დისკუსია, მიუხედავად გარეგნული მოსაწყენობისა (ყოველ შემთხვევაში, თავპირისმტვრევა არ ყოფილა და ნათელაშვილიც კი მერაბიშვილს „ბატონო ვანოთი“ მიმართავდა) მაინც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. თან ერთდროულად რამდენიმე თვალსაზრისით. ერთ-ერთი საყურადღებო თემა ეკონომიკა იყო, ანუ მხარეთა ეკონომიკური პროგრამები.
    ვგულისხმობ მმართველ პარტიას, ქრისტიან-დემოკარტებსა და ლეიბორისტებს. თუმცა აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ დებატები იმდენად ეკონომიკურ პროექტებს არ ეხებოდა, რამდენადაც სოციალურ პროგრამებს. ყოველ შემთხვევაში, სამივე კანდიდატმა უფრო სოციალურ დახმარებაზე ილაპარაკა, ვიდრე იმაზე, თუ როგორ ხედავენ ეკონომიკურ პროგრამებს, გადასახადების დონეს, დაბეგვრის სისტემას, პრივატიზების გაგრძელებას, საბანკო საქმის განვითარებას, სახელმწიფოს მარეგულირებელ როლს და ა.შ.
    ყველა ეს საკითხი პირველ რიგში წამოიწევს ხოლმე ჩამოყალიბებული დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც კანდიდატები ამ ასპექტებზე კამათობენ საჯარო დისკუსიების დროსაც კი. იგულისხმება, რომ მსმენელს და მაყურებელს იქ შესანიშნავად ესმის, რა კორელაცია არსებობს გადასახადების დონესა და (ვთქვათ) სამუშაო ადგილებს, ან სოფლის მეურნების სახელმწიფო დოტირებასა და პროდუქციის კოკურენტუნარიანობას შორის. საქართველოში კი ასეთი კულტურა ჯერ არ ჩამოყალიბებულა. ამიტომ კონკურენტები მხოლოდ მასისთვის გასაგები კატეგორიებით საუბრობდნენ: სოფლის მეურნეობაში მილიარდი (ან 4 მილიარდი) ლარის „ჩადება“; 1000 ლარიანი ვაუჩერი; უფასო განათლება; უფასო ჯანდაცვა და ა.შ.
    თუმცა, ყველა მონაწილემ რასაკვირველია იცოდა, რომ უფასო ამ ქვეყნად არაფერია. თვით მთავარ ლეიბორისტ შალვა ნათელაშვილსაც კი არა აქვს ილუზია ამასთან დაკავშირებით. მაგრამ წინასაარჩევნო რიტორიკა მაინც თავისას ითხოვდა და მაშინვე გამოიკვეთა მისი მთავარი თვისება: შეჯიბრი ლოზუნგებში, სოციალურ სლოგანებში, უხვ დაპირებებსა და მომხიბვლელ წინადადებებში. თანაც ამ თვალსაზრისით შინაარსს კი არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, არამედ შეფუთვას.
    ვანო მერაბიშვილი ბრწყინვალე ორატორი ბამდვილად არ არის, მაგრამ ისე „შეფუთა“ ნაციონალური მოძრაობის ცნობილი წინადადებები, რომ გარეგნულად ადამიანს დარჩებოდა შთაბეჭდილება, - კომუნიზმში დაბრუნებას გვიპირებსო. ყურადღბით დაკვირვება და ანალიზი კი ცხადყოფს, რომ კომუნიზმთან ამ პროექტს საერთო არაფერი აქვს: იგივე ლიბერალური პროგრამაა, ოღონდ ოსტატურად შეფუთული „სოციალური“ ფრაზეოლოგიით.
    მაგალითად. მერაბიშვილს არ უთქვამს, სოფლის მეურნეობის დოტირებას და იმპორტის შეზღუდვას ვაპირებთო. მან მხოლოდ „500 ახალი საწარმო“ ახსენა. მერე და რა - ამით? „500 ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმო“ მხოლოდ და მხოლოდ 500 ინვესტიციას შეიძლება ნიშნავდეს, მეტს არაფერს! სახელმწიფოს როლი კი შესაბამისი საგადასახადო რეჟიმის ან თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნაში გამოიხატოს.
    აქ კომუნისტური არაფერია. „კომუნისტურს“ უფრო ქრისტიან-დემოკრატების წინადადება ჰგავს, რომელსაც „ლეიბორისტები“ კვერს უკრავენ, რომ თურმე სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს „თელასი“. რა მიზნით? რასაკვირველია, ელექტროენერგიის გასაიაფებლად. მერაბიშვილს არაფერი მსგავსი არ უთვქმს, რადგან მმართველმა გუნდმა ძალიან კარგად იცის, თუ გარდა აღრიცხვის მოწესრიგებისა, კიდევ რა მთავარმა ფაქტორმა განაპირობა ე.წ. „ენერგეტიკული კრიზისის“ დაძლევა ჩვენს ქვეყანაში: იმან, რომ ელექტროენერგიის ბაზარზე მიწოდება, ფასის თვალსაზრისით, შეესაბამება მოთხოვნას!
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, შევარდნაძის დროს „სიბნელეში ვცხოვრობდით“ არა მხოლოდ იმიტომ, რომ სისტემას კორუფცია ჭამდა, ხოლო აღრიცხვა ვერ ხერხდებოდა, ანუ სადარბაზოებში არ იყო მრიცხველები გამოტანილი, არამედ იმიტომაც, რომ კილოვატსაათი ელექტროენერგია ღირდა 6 თეთრი. ამ პირობებში, 100 პროცენტიანია აღრიცხვაც რომ ყოფილიყო და კორუფციას საერთოდ არ ეჭაჭანა, ენერგეტიკული კრიზისი მაინც იქნებოდა, რადგან წარმოება უბრალოდ ვერ გაწვდებოდა მოთხოვნას: საქართველოს არ ჰქონდა იმდენი ელექტროენერგიის წარმოების ან იმპორტის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ 6 თეთრად ყველას ჰყოფნოდა.
    რაოდენ ცინიკურიც არ უნდა ყოფილიყო (ცინიზმი ზოგჯერ სასარებლოცაა) ელექტროენერგია დღეს ყველას გვაქვს მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრად მომჭირნედ ვხარჯავთ, ხოლო მომჭირნედ ვხარჯავთ იმიტომ, რომ არა 6 არამედ 18 თეთრი ღირს! რას ვიზამთ: რეალობა სასტიკია, თუმცა მერაბიშვილმა შემთხვევით როდი გაამახვილა ყურადღება ათეულობით ახალი ელექტროსადგურის მშენებლობაზე: როდესაც ქვეყანაში გენერაციის მეტი საშუალება იქნება, ბაზარი თვითონ გააიაფებს ელექტროენერგიას.
    ყოველ შემთხვევაში, ეს მიდგომა ბევრად უფრო პატიოსანია, ვიდრე „ქრისტიან -დემოკრატების“ გეგმა: თელასს გამოვისყიდით, ჩვენს ხელში იქნება და ელექტროენერგიას გავაიაფებთო. „გააიაფებთ“ და როგორც არ იყო შევარდნაძის დროს, ისევე არ გვექნება დღესაც!
    ეს ერთი, თუმცა ძალიან თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომელი პარტია როგორ ეკიდება ეკონომიკის საკითხებს. ამას გარდა, დებატების ძირითადი „ტეგები“ გახდა უმუშევრობა, ჯანდაცვა, განათლება, პენსიები. მერაბიშვილის პოზიცია ამ კლასტერებშიც უფრო კარგად აღმოჩნდა „შეფუთული“, ვიდრე მისი ოპონენტებისა. გარეგნულად თითქოს დიდი არაფერი სხვაობაა ლეიბორისტთა „უფასო ჯანდაცვასა“ და „ნაციონალურ დაზღვევას“ შორის, თუმცა სინამდვილეში, განსხვავება კარდინალურია: მიშას გუნდმა მოახერხა ის, რაზეც ოცნებობდა ყველა მემარჯვენე ამერიკიდან-ევროპამდე. ანუ ნაცვლად პენსიის მექანიკური ზრდისა, გაზრდილი თანხები მიმართა დაზღვევის დასაფინანსებლად: საქართველოს ბიუჯეტი 8 მილიარდს უკაკუნებს და პენიონერებს ხელზე შეეძლოთ აეღოთ 150 ლარი, მაგრამ როგორც ერთხელ მერაბიშვილმა თქვა „საქართველოში არ არსებობს ჯანმრთელობისთვის ფულის დაზოგვის ტრადიცია. შვილების სწავლისთვის არსებობს, მაგრამ ჯანმრთელობსითვის - არა.“
    ჰოდა სახელმწიფოს დანიშნულება სოციალურად სასარგებლო უნარ-ჩევვების შექმნაა. ჩვენ, უბრალოდ, ხელსაყრელი საწყისი პირობები გვქონდა ისეთი ჯანდაცვის ასაწყობად, რასაც ამერიკელებმა და ევროპელებმა (იქაური მემარცხეების წყალობით) ათწლეულები მოანდომეს. ვერც ჰილარი კლინტონმა (მისი მეუღლის ზეობისას თეთრ სახლში), ვერც ბარაკ ობამამ ეს ვერ მოახერხეს.
    დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მმართველმა პარტიამ შემოგვთავაზა ძალიან ეშმაკური სტრატეგია სოციალ-პოპულისტებთან პაექრობაში: შეიმუშავა ლიბერალური პროგრამა, რომელიც ლამაზად არის შეფუთული 1000 ლარიანი ვაუჩერის მსგავსი უწყინარი ერთჯერადი აქციებით. თუმცა, შინაარსობრივად, ეს არათუ რეფორმების გაგრძელების, არამედ მათი რადიკალიზაციის პროგრამაა, რასაც ოპოზიცია ვერაფერს უპირისპირებს ვერც დოქტრინალური და ვერც PR თვალსაზრისით.

მთელ გვერდზე