ექსპერტი: სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის შეცვლით პოლიტიკურად გარისკა

    მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. თავისი გუნდის წევრს, პროფესიით ფიზიკოსსა და საქმიანობით ფინანსისტ ზურაბ ნოღაიდელს, რომლის დამსახურებაზე ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის თვალსაზრისით სააკაშვილს არაერთხელ აღუნიშნავს, უცხოეთში მიღებული განათლებისა და გამოცდილების მქონე, ,,ყველაზე წარმატებული და თანამედროვე ქართველი ბიზნესმენი,” ,,საქართველოს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ გურგენიძე ჩაანაცვლა. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციაში მოსაზრებები, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გაიყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნოღაიდელმა თანამდებობა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო თავად დატოვა. ოპოზიციის აზრით კი მთავრობიდან საკუთარი ნებით არავინ მიდის.

რა შეიძლება გამხდარიყო მიზეზი აღნიშნული გადაწყვეტილებისა და რამდენად მომგებიანია ეს სვლა პრეზიდენტისთვის ამ და სხვა საკითხებზე სააგენტო პრაიმ-ნიუსი ექსპერტს პოლიტიკის საკითხებში, დავით გამცემლიძეს ესაუბრა.
   

- ბატონო დავით, რატომ შეცვალა პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი. ქვეყანაში ახალი პრემიერის საჭიროება შეიქმნა თუ სააკაშვილს ძველთან საერთო შეხედულებები აღარ აკავშირებდა?
   

დ.გ. – განსხვავებით ექსპერტთა და პოლიტოლოგთა მნიშვნელოვანი ნაწილისგან, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ზურაბ ნოღაიდელის გადადგომის ინიციატორი (მით უმეტეს დღევანდელ ურთულეს ვითარებაში) პრეზიდენტი იყო და არა თვით პრემიერი. დავაკვირდეთ იმ გარემოებას, რომ მინისტრთა კაბინეტის გადაყენებამდე პრეზიდენტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რაც სოციალური მიმართულებით ძალზე პოპულარული ნაბიჯების გადადგმას, კერძოდ, ხელფასებისა და პენსიების ზრდას გულისხმობს. ეს ყოველივე ნამდვილად არ თავსდებოდა ნოღაიდელის კაბინეტის მიერ 2005 წლიდან გატარებულ ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის ჩარჩოებში, რადგან სოციალური მიმართულებით ხარჯების ზრდა და პოპულარული გადაწყვეტილებები აუცილებლად გამოიწვევს ინფლაციის ზრდას. ინფლაციის შეკავება კი ნოღაიდელს თავის ძირითად ამოცანად მიაჩნდა. ზურაბ ნოღაიდელი, მისი ეკონომიკური მსოფლმხედველობით და პრაქტიკული გამოცდილებით, მონეტარისტია. მას ინფლაციის დაბალი დონე, დაბალანსებული და არადეფიციტური ბიუჯეტი, ხარჯებში მომჭირნეობა, სავალუტო რეზერვის ,,ბალიშის" ზრდა ეჭვმიუტანელ პრიორიტეტად მიაჩნდა. შესაბამისად, ნოღაიდელი შეუთავსებელი იყო იმ ახალი ტრენდისთვის, რაც ბოლო დროს გამოიკვეთა და სოციალურ საკითხთა პრიორიტეტულობას გულისხმობს – თუნდაც ზემოთხსენებული პრიორიტეტების ხარჯზე. ეს ტრენდი კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმ პოლიტიკას, რომელსაც ნოღაიდელი ჩვეული სიჯიუტითა და სიხისტით ატარებდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. იგი ძალზე ამბიციური და გარკვეულწილად, ემოციური პიროვნებაა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მას თავად ეთქვა უარი იმ პოლიტიკის გატარებაზე, რომელსაც არ ეთანხმება. მეორეს მხრივ, ისიც არ მიმაჩნია მართებულ მოსაზრებად, თითქოს, პრეზიდენტს სურდა სწორედ ნოღაიდელი ექცია ,,განტევების ვაცად", რადგან კაბინეტში მასზე ბევრად მეტად ,,დემონიზებული" ფიგურები არიან.


    - რამდენად მართებული იყო წინასაარჩევნოდ ამ დონის საკადრო ცვლილების განხორციელება, ხომ არ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტი ამ და სხვა ჟესტებით საზოგადოებასთან კონფლიქტის გადაჭრას ცდილობს?


    დ.გ – პრეზიდენტის გადადგომამდე ორიოდე დღით ადრე, მინისტრთა კაბინეტის გადაყენება უამრავ პოლიტიკურ რისკს შეიცავს და სააკაშვილი მათ, რა თქმა უნდა, კარგად ხედავს; მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტი (უფრო ზუსტად, ნოღაიდელი, რადგან ზოგიერთი ცნობით, მინისტრმა უმრავლესობა პოსტს შეინარჩუნებს) იმ მიზნით გადააყენა, რათა, საბოლოო ანგარიშით, პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე სოციალური პრობლემატიკა გადაეწყვიტა, მაშინ, ჩემი აზრით, მან უმძიმესი შეცდომა დაუშვა. საქმე ის გახლავთ, რომ პრობლემა, რომელმაც საბოლოოდ 7 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე იჩინა თავი, უფრო მეტად მენტალური, ღირებულებითი კონფლიქტითაა განპირობებული, ვიდრე სოციალური სიდუხჭირით. საქართველოს რომც ჰქონდეს იმ ოდენობის რესურსი, სოციალური პრობლემა გადაჭრას, ამით მაინც არ გადაიჭრება ის რეალური კონფლიქტი, რომელიც სინამდვილეში ედო საფუძვლად ბოლოდროინდელ კრიზისს. ეს არის, ვიმეორებ, ღირებულებითი, მენტალური კონფლიქტი საზოგადოებაში, რომელიც ძალზე ღრმა და მტკივნეული ტრანსფორმაციის სტადიაში იმყოფება. სხვაგვარად თუ ვიტყვით, პენსიები, ხელფასები არა თუ ორჯერ, ხუთჯერაც რომ გაიზარდოს, ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, შაქარი, მარილი საერთოდ უფასო რომ გახდეს, გლეხებს ნაკრძალებში ტყის ჩეხვის ნებაც რომ დართონ, ეს კონფლიქტი, ეს პრობლემა ამით ვერ ამოიფხვრება. მაინც იარსებებს სოციუმის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ათეულობით და ასეულობით ათასი ადამიანი, ვისთვისაც ეს ხელისუფლება ღირებულებითი თვალსაზრისით მიუღებელი იქნება. შეძლებისდაგვარად, ისინი ყოველთვის შეიკრიბებიან რუსთაველზე, ყოველთვის მოითხოვენ პრეზიდენტის გადადგომას და მუდამ მზად იქნებიან დაიცვან საკუთარი ღირებულებები, თუნდაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის ხარჯზე. ამ კატეგორიის ადამიანები პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს აღიქვამენ არა კეთილი ნების, არამედ სისუსტის გამოვლინებად; ანუ, ამ მიმართულებით პრეზიდენტი ბევრს ვერაფერს იგებს, ვითარებას ვერ განმუხტავს, სამაგიეროდ რისკავს ინფლაციის მატებით და უდავო მაკროეკონომიკური წარმატებებით, რაც სულ მალე შეიძლება შეიცვალოს ეკონომიკური სტაგნაციით, ლარის გაუფასურებით, სავალუტო რეზერვის შემცირებით და სუვერენული ვალის პრობლემათა გამწვავებით.
   
   
      

- ჩაეტევა თუ არა დროში ის პროცედურები, რომელსაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ახალი კანდიდატურის წარდგენა გულისხმობს?


    დ.გ - ,,დროულობაზე" უკვე მოგახსენეთ, რაც შეეხება პროცედურას, უახლოეს დღეებში პრეზიდენტი პარლამენტს ოფიციალურად წარუდგენს ლადო გურგენიძის კანდიდატურას. მოასწრებს კი პარლამენტი მის დამტკიცებას პრეზიდენტის გადადგომამდე? რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის სრულ შემადგენლობას, არ არის გამორიცხული, ეს საკითხი დროში გაიწელოს. იმ პერიოდში, როცა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იქნება, გურგენიძეს მოუწევს მასთან (ფორმალურად) მინისტრთა კანდიდატების შეთანხმება, თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტის დღევანდელი თავმჯდომარე (თუ საქმე აქამდე მივიდა) ყველა კანდიდატურას დაეთანხმება. არადა, ეს პრობლემა ხომ საერთოდ არ იარსებებდა იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტს არ გადააყენებდა, ვინაიდან, კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს არ აქვს უფლება გადააყენოს მინისტრი ან კაბინეტის ხელმძღვანელი.
   

- ამ პროცესს ხომ არ შეეწირება პრეზიდენტისთვის ნაკლებადრეიტინგული ან საზოგადოებისთვის რეპუტაციაშელახული რომელიმე მინისტრი?
   

    დ.გ – არ არის გამორიცხული, კვლავ განვითარდეს ის პროცესი, რომელსაც ,,კარუსელს" უწოდებენ და რომელიც სახელისუფლებო იერარქიაში სისტემური დაძაბულობის განმუხტვას ისახავს ხოლმე მიზნად. ოღონდ, ამ შემთხვევაში მინისტრთა გადანაცვლებასთან ანუ პოსტების შეცვლასთან უფრო გვექნება საქმე, ვიდრე კარდინალურ საკადრო ცვლილებებთან. მაგალითად, ნამდვილად გამიკვირდება, თუ პრეზიდენტი ძალოვან მინისტრებს გადააყენებს.
   

- პრეზიდენტს არა ერთხელ უსაუბრია ნოღაიდელის დამსახურებებზე. შეგიძლიათ შეაფასოთ მისი მოღვაწეობა ქვეყნის წინაშე და როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის გურგენიძე?
   

    დ.გ – ზურაბ ნოღაიდელის მთავრობამ, უმოწყალოდ რადიკალური რეფორმების ხარჯზე, შეძლო ობიექტურად შესანიშნავი მიკროეკონომიკური მაჩვენებლების მიღწევა, რომელიც ყველა განვითარებადი ქვეყნისთვის შესაშურია. მაგრამ ამის მიღწევა მოხერხდა ასეულობით ათასი ადამიანის განაწყენების ხარჯზე, კერძოდ, იმათი, ვინც სამსახური დაკარგა, თავს გარევაჭრობით ირჩენდა, დღეში 4-5 საათიანი უფასო ელექტროენერგია აკმაყოფილებდა, სალარო აპარატების გარეშე კონტრაბანდას ასაღებდა, სახელმწიფო დაწესებულებაში 40 ლარიან ხელფასზეც ყაბულს იყო და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ლადო გურგენიძე ამ რადიკალური კურსის შერბილების სიმბოლოა, თუნდაც, მაკროეკონომიკური მაჩვენებლისა და ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების ხარჯზე. მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ეს ვერ მოხსნის იმ ფუნდამენტურ პრობლემას, რომელსაც სინამდვილეში აწყდება პრეზიდენტი სააკაშვილი და რაც უპირატესად ღირებულებით კონფლიქტს უკავშირდება, ვიდრე სოციალურ-ეკონომიკურს.
   

- თუკი პრეზიდენტსა და საზოგადოების დიდ ნაწილს შორის კვლავ ძალაში რჩება ღირებულებითი კონფლიქტი, რამდენად შესძლებს სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობის ნდობის მოპოვებას?


    დ.გ – მოსახლეობის ის ნაწილი, რომელზეც ვსაუბრობდით, ელექტორალური თვალსაზრისით არ არის მრავალრიცხრვანი ანუ ერიტიკული მასის შექმნა მხოლოდ მიტინგებზე შეუძლია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ სააკაშვილი შეძლებს რევოლუციის თავიდან აცილებას, იგი მოიგებს 5 იანვრის არჩევნებს. თანაც, სავარაუდოდ, პირველივე ტურში. ბევრად ნაკლები ელექტრორატური რესურსის მქონე კანდიდატთა რანგირება კი ასე მესახება: შალვა ნათელაშვილი, დავით გამყრელიძე, ლევან გაჩეჩილაძე, გია მაისაშვილი და კანდიდატი – იქსი (ასე დავარქვათ), რომელიც ჯერ არ დასახლებულა. მისი წარმოჩენის შემთხვევაში, ეს რანგირება (მეორე ნაწილში) შეიძლება შეიცვალოს.

18 ნოემბერი 2007

მთელ გვერდზე