რუსეთაფხაზეთის ხელშეკრულება: პატრონყმული კონტრაქტი

    პატრონყმობა, როგორც ცნობილია, ბატონყმობისაგან განსახვავებული ფენომენია. თანაც, თვისებრივად განსხვავებული. ბატონყმობაში ყმა იგივე მონაა, ოღონდ მცირედი საკუთრების მფლობელი და ხარკის გადამხდელი მონა. პატრონყმური ურთიერთობები კი, რომელსაც სიუზერენიტეტვასალიტეტს უწოდებენ, ყმის თავისუფალ ნებასაც გულისხმობს. ოღონდ გარკვეულ ჩარჩოში, რომელსაც სიუზერენი (სუვერენი) უწესებს. ამიტომ, პატრონყმობაში ყმა შეიძლება აზნაურიც იყოს თავადის მიმართ, ხოლო თავადიერისთავის (ჰერცოგისა), რაკი ეს ურთიერთობები გარკვეულ კონტრაქტს, კომპრომისის კულტურასა და ისტორიულ ტრადიციას ეფუძნება
    აფხაზურ საზოგადოებას ისტორიულად ჩამოუყალიბდა კომპორომისის კულტურა და შესაძლებლის განსაზღვრის უნარი. პოლიტიკა კი, სწორედ შესაძლებლის ზუსტად განსაზღვრის და ამ განსაზღვრულობაში მაქსიმუმის მიღწევის ხელოვნებაა, რისი თვალსაჩინო მაგალითი გახდა სოჭში გაფორმებული ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
    მივაქციოთ ყურადღება: თავდაპირველ ვარიანტში, რომელიც კრემლის იმპერიულმა ქოფაკმა, ვლადისლავ სურკოვმა მოამზადა, დოკუმენტს ეწოდებოდა მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ. მაგრამ აფხაზებმა მიაღწიეს შესწორებას, რაც კონკრეტულად ახლა თითქოს არ ცვლის არსს, მაგრამ სამომავლოდ მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს: მოკავშირეობა ერთია და ინტეგრაცია (მით უმეტეს, როცა რუსეთთან პატარა აფხაზეთის ინტეგრაცია იგულისხმება) მაინც სულ სხვა. ამით აფხაზებმა გაიმეორეს ცნობილი ჩრდილოკავკასიური (ჩეჩნური უფრო ზუსტად) ნარატივი რუსეთთან, მაგრამ არა რუსეთში, რასაც ხშირად აჟღერებდნენ ჩეჩენი პრეზიდენტი დუდაევი და მისი მემკვიდრე ზელიმხან იანდარბიევი, როდესაც რუსეთისაგან დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ.
    ოღონდ მათ არ გაუვიდათ ის, რაც აფხაზებს გაუვიდათ ახლა: დუდაევიც და იანდარბიევიც  მოკლეს, ხოლო ჩეჩნეთის რესპუბლიკას რიაჟენი (ანუ ჯამბაზი) კადიროვი მართავს.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    როგორც აფხაზურ, ასევე რუსულ ვარიანტში ლაპარაკია ახალ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, რაშიც უეჭველად იგულისხმება საქართველოევროკავშირის ხელშეკრულება ასოცირების შესახებ და ნატოს სამიტზე დამტკიცებული თანამშრომლობის განსაკუთრებული პაკეტი. არც ერთი და არც მეორე, სინამდვილეში, გეოპოლიტიკურად ბევრს არაფერს ცვლის (სულ სხვა საქმე იქნებოდა უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, როგორც მოლდოვას შემთხვევაში, ან MAP ნატოსაგან), მაგრამ მოსკოვში აფხაზეთთან ხელშეკრულებას განიხილავდნენ, როგორც ერთგულების სიმბოლოს!
    საქმე ის გახლავთ, რომ ნებისმიერი იმპერიისთვის ამგვარ სიმბოლოებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ. ასე, ირანელი შაჰი და თურქი სულთანი ქართველი ქრისტიანი მეფეებისგან მოითხოვდნენ ისლამის საჯაროდ მიღებას, არადა ძალიან ნკარგად იცოდნენ, რომ ის მეფეები, უმრავლეს შემთხვევაში, ჯვარს ატარებდნენ აზიური ტანისამოსის ქვეშ.
    მიუხედავად ამისა, ლოიალობის სიმბოლო სიმბოლოდ რჩებოდა.
    დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, უკრაინის მოვლენათა ფონზე ამგვარი საჯარო სიმბოლოს მოსაპოვებლად კი, რუსეთი სერიოზულ დათმობებზეც წავიდა: თავდაპირველ (სურკოვისეულ) ვარიანტში ლაპარაკი იყო შეთანხმებულ საგარეო პოლიტიკაზე, ხოლო აფხაზურ ვარიანტში, რასაც საბოლოოდ ხელი მოეწერა საგარეო პოლიტიკის კოორდინაციაზე. ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცე აფხაზებმა შეაცვლევინეს საერთო სივრცით. გარდა ამისა, რუსეთს დააკისრეს პასუხისმგებლობა, რომ იზრუნოს აფხაზეთის ინტეგრაციაზე ევრაზიულ კავშირში (სურკოვის ვარიანტში ამგვარი ვალდებულება არ იყო), რაც გამორიცხულია, რადგან არც ყაზახეთი და არც ბელორუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ სცნობენ.
    მაგრამ როცა აფხაზებმა მეტისმეტი მოითხოვეს და სცადეს ჩაეწერათ, რომ რუსეთი და აფხაზეთი, საგარეო პოლიტიკის გატარებისას, ერთმანეთს მიაწოდებენ ინფორმაციას კავკასიის რეგიონში არა მხოლოდ აქტივობების, არამედ უმოქმედობის (?!) შესახებ, სურკოვმა ბოლო თეზისი ამოაღებინა, რადგან გამოდიოდა, რომ ჩრდილო კავკასიაში რუსული პოლიტიკა აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა ემართა, რაც კომიკურია, თუმცა აფხაზური ამბიციიდან და მათი ჩრდილოკავკასიური მენტალობიდან პირდაპირ გამომდინარეობს.
    რუსულ ვარიანტში ლაპარაკი იყო, რომ მხარეები აფხაზეთის ტერიტორიაზე ქმნიან შინაგან საქმეთა სამინისტროების საკოორდინაციო ცენტრს. საბოლოოდ, აფხაზებმა გაიტანეს დებულება, რომლითაც იქმნება ერთობლივი საინფორმაციოსაკოორდინაციო ცენტრი, შესაბამისი მონაცემების ბანკით.
    ეს თითქოს ის არ არის, რაც სურდა სურკოვს, რომ აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსკოვს პირდაპირ გაეკონტროლებინა, - თუმცა გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები და რა რეალურ გავლენას მოიპოვებს მოსკოვიდან სოხუმში გამოგზავნილი კოორდინატორი.
    ასეა პატრონყმული ურთიერთობების დროს: გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პროცესს, რეალურ ძალასა და გავლენას, ანუ ყოველდღიურ ბრძოლას იმისათვის, რასაც ქურდულ ჟარგონზე პალაჟენია ეწოდება. აფხაზებმა ეს იციან და ბრძოლისთვის მზად არიან იმ ფარგლებში, რასაც რეალობა (ანუ შესაძლებელი) უტოვებთ.
    სურკოვი მოითხოვდა, აფხაზებს რამდენიმე წლის მანძილზე შესაბამისობაში მოეყვანათ თავისი საბაჟო კანონმდებლობა რუსეთის ანალოგიურ კანონმდებლობასთან. აფხაზურ ვარიანტში კი, რასაც პუტინმა და ჰაჯიმბამ მოაწერეს ხელი, ლაპარაკია კანონმდებლობათა ჰარმონიზაციაზე.
    თითქოს ნიუანსია, მაგრამ მაინც.
    ხოლო იქ, სადაც რუსები წერდნენ კანონმდებლობათა ჰარმონიზაციაზე (ნორმატივების ნაწილში), აფხაზებმა გაიტანეს ტერმინი დაახლოება.
    აფხაზური მხარის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება მაინც იმ პუნქტის ამოღებაა საბოლოო შეთანხმებიდან რომლითაც ნებისმიერ რუსს, თუ ამის სურვილი ექნებოდა, შეეძლო მიეღო აფხაზეთის მოქალაქეობა, ანუ აფხაზეთში ბინების ყიდვის და იქ სამუდამოდ დასახლების უფლება. აფხაზურ ვარიანტში კი (არ გაგიკვირდეთ), ლაპარაკია, რომ მხოლოდ აფხაზებს აქვთ ასეთი უფლება თავისუფლად მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა თუკი სურთ, ხოლო რუსებს ეს უფლება არ გააჩნიათ.
    ამგვარი დათმობა ბუნებრივია სიუზერენიტეტვასალიტეტის სისტემაში, როდესაც პატრონი ყმას უთმობს იმდენად, რამდენადაც მთავარში ინარჩუნებს ბატონობას
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    რაც შეეხება სოციალურ ნაწილს. აფხაზეთის ხელისუფალნი ბევრს წუწუნებდნენ წინა წლებში: იმის გამო, რომ რუსეთი უარს გვეუბნება დააზღვიოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა ისევე, როგორც აზღვევს თავის მოქალაქეებს, აფხაზები იძულებულნი არიან მათთვის საძულველ საქართველოში გაემგზავრონ სამედიცინო დახმარების მისაღებად! ის იდიოტი ქართველები კი გვეხმარებიან ამ გზით განვმუხტოთ სოციალური დაძაბულობა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ როდემდე ვითმინით ასეთი დამცირება, რომ საზიზღარი ქართველებისგან მივიღოთ დახმარებაო.
    ჰოდა მიაღწიეს კიდეც, რომ ამ მათთვის საძულველ ქვეყანაში აღარ მოუწევთ ჩამოსვლა ოპერაციის გასაკეთებლად: ხელშეკრულებით, რუსეთმა ჯანდაცვა დაუზღვიათ და იკისრა ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი მოქალაქეების მიმართ. ასევე, პენსიების გაზრდასაც დაპირდა რუსულ დონემდე, ესე იგი დაახლოებით 300400 დოლარამდე თვეში. აქამდე 200 დოლარს იღებდნენ აფხაზი პენსიონერები.
    პუტინმა 5 მილიარდი რუბლი ახსენა, რაც აფხაზეთის კვალობაზე საკმაოდ დიდი თანხაა, თუმცა თვით ხელშეკრულებაში კონკრეტულ ვადებზე არაფერია ნათქვამი და მაინც საკითხავია, პატრონ ყმური ურთიერთობების ფარგლებში, რეალურად მიიღებენ ამ თანხას აფხაზები თუ არა. გააჩნია, რამდენად დამჯერენი იქნებიან ორაზროვანი თუ სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობის მატარებელი პუნქტების აღსრულებისას.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ყველაზე მთავარი კი, რა თქმა უნდა, თავდაცვაუშიშროების და საზღვრის დაცვის ნაწილია. სურკოვს უნდოდა, აფხაზური ჯარი პირდაპირ რუსულ არმიას, ესე იგი აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ კონტინგენტს მიერთებოდა და ამ ფორმით შექმნილიყო ერთობლივი საჯარისო დაჯგუფება. მაგრამ აფხაზური ვარიანტით (საბოლოოდ კი სწორედ მას მოეწერა ხელი სოჭში) აფხაზური ჯარის მხოლოდ ერთი ნაწილი უერთდება რუსულ კონტინგენტს.
    საქართველოსთან საომარი მოქმედების შემთხვევაში კი, ამ ერთობლივი კონტინგენტის ამოქმედების გადაწყვეტილებას იღებენ რუსეთისა და აფხაზეთის უმაღლესი მხედართმთავრები. კონტინგენტის მეთაურს ნიშნავს რუსეთის პრეზიდენტი, ხოლო მის მოადგილეს აფხაზეთის პრეზიდენტი.
    ბუნებრივია, ეს ყოველივე მხოლოდ ფორმალობებია, მაგრამ რამე რომ იყოს მაინც მნიშვნელოვანი ფორმალობები! გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები და რა განლაგება იქნება პატრონსა და ყმას შორის ურთიერთობებში.
    ლაპარაკია აგრეთვე საქართველოსთან საზღვრის ერთობლივ დაცვაზე. მაგრამ თუ სურკოვის ვარიანტით იგულისხმებოდა ენგურზე (და პორტებში!) სრული კონტროლის რუსებისთვის გადაცემა, რის სანაცვლოდაც მოსკოვი მთლიანად ხსნიდა საზღვარს ფსოუზე, საბოლოო ვარიანტით დაახლოებით დღევანდელი სიტუაცია ნარჩუნდება, რაკი აფხაზებს სოხუმის პორტი (ესე იგი თურქეთთან ვაჭრობა) არ ეთმობათ. ამიტომ, საეჭვოა ფსოუზე საზღვარი გაიხსნას, ხოლო ენგურზე გალელებს პასპორტი მხოლოდ რუსებმა შეუმოწმონ და არა რუსებმა და აფხაზებმა ერთად, როგორც ახლა ხდება. იგივე ითქმის სოხუმის აეროპორტზეც.
    მაშასადამე, მთლიანობაში, გამოვიდა დაახლოებთ ისეთივე ხელშეკრულება, როგორც გასული საუკუნის 30იან წლებში იაპონიის იმპერიამ გააფორმა დაპყრობილ და ფაქტობრივად ინკორპორირებულ მანჯოუგოსთან.
    პატრონყმობა გულისხმობს, რომ ყმას ხმა მაინც ამოეღება და კიდევ შეუძლია ივაჭროს იმაზე, მიანიჭებს თუ არა პატრონს პირველი ღამის უფლებას.
    თუმცა, აფხაზეთის სტრატეგიული ლოიალობის უმთავრესი საუკუნოვანი მაჩვენებლები 1) რუსული, როგორც აფხაზური საზოგადოების სალაპარაკო პოლიტიკური ენა, 2) რუსული სამხედრო ბაზა და 3) რუსული რუბლი კვლავ რჩება პატრონყმობის საფუძვლად, რაც უქმნის მოსკოვს შესაბამის საკმარისობას, რათა მხოლოდ ისეთი სიმბოლოებით შემოიფარგლოს, როგორიც ეს ხელშეკრულებაა.

მთელ გვერდზე