ბიძინა ივანიშვილი და ქართული პატერნალიზმი

    რამდენიმე დღის წინ, „ქსელში“ გამოქვეყნდა „კარგად ცნობილი“ კახა ლომაიას ძალიან საინტერესო და ნიშანდობლივი სტატუსი, რომელიც, შინაარსობრივად, ახლახანს ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებს და ოპოზიციის მორიგ მარცხს ეხება.
    თავისთავად „კახა ლომაია“ უკვე ბრენდია - სეხნია კახა ბენდუქიძესთან ერთად იგი ქართული ლიბერტარიანობის ერთ-ერთ მედროშედ ითვლებოდა. მისი ინიციატივით განხორციელებული „განათლების რეფორმა“ ქართული საზოგადოების მენტალური „გადაკეთების“ მცდელობა და სიმბოლო იყო, რომლის გავლენა და შედეგი ბოლომდე მაინც არ არის გააზრებული.
მაგალითად, „საერთოეროვნულმა გამოცდებმა“ დაანგრია ლამის ფეოდალური სისტემა, რომლითაც ელიტები სარგებლობდნენ საკუთარი მემკვიდრეებისთვის „სტატუსის“ შესანარჩუნებლად. „ჩაწყობა უმაღლესებში“ ბევრად მეტი და ბევრად უარესი იყო, ვიდრე უბრალოდ კორუფცია, ვინაიდან გამორიცხავდა როგორც სოციალურ სამართლიანობას, ასევე „სოციალურ ლიფტებს“. „ანონიმურმა და სამართლიანმა“ არჩევნებმა ამგვარი ლიფტები ნამდვილად შექმნა, მაგრამ......მსოფლიო ლიტერატურულ კლასიკას თუ გადავხედავთ, „უგვაროთა აღზევება“ ამგვარი ლიფტების მეშვეობით ყოველთვის და ყველგან დადებითი რეზულტატის მომტანი როდია: ამ თემაზე ძალიან ფრთხილად თუ ვისაუბრებთ, ელიტა „ნაციონალური კოდის“ მატარებელია და ძირითად ღირებულებათა მცველად ითვლება. „ლომაიას ლიბერტარიანულმა რეფორმამ“ ეს სისტემა დაანგრია და მხოლოდ დრო გვიჩვენებს რა შედეგს გამოიღებს სამომავლოდ, რადგან იმავე კლასიკოსებს თუ დავესესხებით, სოციალური ლიფტები მხოლოდ კულტურული მატრიცის ცვლილების შემთხვევაშია სიკეთე. წინააღმდეგ შემთხვევაში „გზა მაღალი საზოგადოებისკენ“ ანგლოსაქსური ტიპის სოციუმს კი არ შექმნის მისი ღრმად ეშელონირებული და სტრატიფიცირებული, ბურჟუაზიული სამოქალაქო საზოგადოებით, არამედ კაციჭამია ბოკასას მსგავს „გასვეცკებულ გლეხთა“ რეჟიმს. ნიშნები უკვე არის, თუმცა ეს სხვა თემაა და შორს წაგვიყვანს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    კახა ლომაიას სტატუსში ყველაზე საინტერესო მაინც სხვაა: ავტორი წერს, რომ ნარატივი „არაფორმალური მმართველობის“ შესახებ კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა და იგი შესაცვლელია:
„მეექვსე წელია „ოცნების“ წინააღმდეგ ოპოზიციის მთავარი თემა ქვეყანაში „არაფორმალური მმართველობის“ დამკვიდრებაა. თავისთავად, ეს ბრალდება დასაბუთებული და სამართლიანია. კარგადაა ცნობილი, რომ ყველა მნიშვნელოვან და არცთუ ისე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას პირადად ივანიშვილი იღებს. მაშინ, რატომ არ იმუშავა ამ რიტორიკამ?“ - კითხულობს ავტორი და თავად პასუხობს საკმაოდ დასაბუთებულად: „იმიტომ, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის არაფორმალური მმართველობა არასასურველი და დასაგმობი კი არა, კომფორტული და მისაღებია. არაფორმალურმა მმართველობამ არაჩვეულებრივად ზუსტად უპასუხა "პატრონის" ძველთაძველ ქართულ მოლოდინს“.
სტატუსის ავტორის აზრით, ამგვარ მოლოდინს წარმოშობს „საკუთარი ძალების რწმენის არქონა, ინფანტილობა, წარუმატებლობები, ფსიქოლოგიური ტრავმები, შიშები და ეჭვები“.
და შემდეგ: „ამ ნაწილს სრულიადაც არ უნდა პასუხისმგებლობის აღება ქვეყნის ბედზე. ქვეყნის ბედზე კი არა, საკუთარ ბედზე ვერ აუღია პასუხისმგებლობა! და ამ დროს, გამოჩნდა ის, ზღაპრულად მდიდარი, და, ამიტომ, მათთვის, ჭკვიანი, მოხერხებული, ალღოიანი, გაქექილი და იღბლიანი, და „ჩაიბარა“ ქვეყანა. ივანიშვილმა ძალაუფლებას მისტიურობა დაუბრუნა. რას აკეთებს? ვის ხვდება? რაზე ელაპარაკება? სად არის? ურეკშია, სოლოლაკშია, საფრანგეთშია? არსად და ყველგანაა?“ - წერს კახა ლომაია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    მართლა საინტერესო მსჯელობაა. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ლომაია გამონაკლისია მის „პარტიაში“. „პარტიაში“ ფართო გაგებით, რადგან განათლების ექს-მინისტრისა და აგვისტოს ომის დროს უშიშროების საბჭოს ექს-მდივნის პარტიული კუთვნილება, მომხდარი განხეთქილების შემდეგ, მეორეხარისხოვანი საკითხია.
საქმეც ის გახლავთ, რომ „ყოფილი და ნამდვილი“ ან „ნამდვილი და ყოფილი“ ნაციონალები ამგვარ დისკომფორტულ თემებზე მსჯელობით თავს არ იწუხებენ. ყველა არჩევნების შემდეგ ისმის მხოლოდ ერთფეროვნად ჩლუნგი ნარატივი „გაყალბების“ შესახებ, რისიც, უმრავლეს შემთხვევში, თავად არ სჯერათ. ანუ საეჭვოა თვითონაც ვერ ხვდებოდნენ, რომ სინამდვილეში, 2012 წლიდან - დღემდე ყველა არჩევნები მართლა წააგეს, რადგან ამომრჩეველთა უმრავლესობამ ნამდვილად ივანიშვილს მისცა ხმა. ამ მხრივ გამონაკლისი შესაძლოა მხოლოდ თინიკო ბოკუჩავას ტიპის პასსიონარები იყონ - მათი კოგნიტიური დისონანსითა და რეალობასთან აშკარა მენტალური შეურიგებლობით. მაგრამ სხვებმა რეალობა ძალიან კარგად უწყიან. ესაა მხოლოდ, - კახა ლომაიასგან განსხვავებით, ამ თემაზე ღიად არ მსჯელობენ რითაც სიტუაცია (და საკუთარი თავი) კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეჰყავთ. ამ ჩიხიდან სხვა გამოსავალი, ჯანსაღი რეფლექსიის გარდა არ არსებობს: ასე ბიძინა ივანიშვილი ყველა არჩევნებს მოიგებს 2030 წლამდე და შემდეგ, წმინდა ასაკობრივი თვალსაზრისით, მართლა დაემსგავსება დენ სიაოპინს ან რობერტ მუგაბეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    კახა ლომაიამ კი აღნიშნა ფრთხილად „ფსიქოლოგიური ტრავმებიო“, თუმცა ეს თემა არ გაუშლია. რომ გაეშალა, მოუწევდა იმის აღიარებაც, რომ 2003 წლის ნოემბრიდან დაწყებული „რეფორმაცია“, ანუ მუდმივი სტრესი, დაძაბულობა, ბოლოს საზარელი ომი (განურჩევლად იმისა, „ვინ დაიწყო“ ან „ვისი ბრალია“) არა მკურნალი, არამედ მომაკვდინებელი „შოკური თერაპია“ აღმოჩნდა იმ საზოგადოებისთვის, რომლის დღეს მცხოვრები თაობა ჯერ კიდევ არ გამოსულიყო 1988-1993 წლების საზარელი ეროვნული ტრაგედიის განცდებიდან.
    ედუარდ შევარდნაძის „ვეიმარის რესპუბლიკას“ უამრავი მანკი (არა ნაკლი, არამედ მანკი) ჰქონდა ისევე, როგორც გერმანულ „ვეიმარის რესპუბლიკას“. მაგრამ რაც მთავარია, ქართული „ვეიმარის რესპუბლიკა“ ისევე არ დაუშვებდა სოციო-ფსიქოლოგიურად გამანადგურებელ (სხვა შედეგებზე აღარაფერი ვთქვათ) „აგვისტოს ომს“, როგორც გერმანიის „ვეიმარის რესპუბლიკა“ არ დაუშვებდა მეორე მსოფლიო ომს.
1993 წლის საზარელი მარცხით განპირობებულ უმძიმეს ფსიქოლოგიურ დეპრესიაში, ასეთი მტანჯველი და მოუშუშებელი სოციო-ფსიქოლოგიური ტრავმების მატარებელ სოციუმში, პასიონარული უმცირესობის მეშვეობით 2003 წელს განხორციელებული კიდევ ახალი რევოლუცია (თუნდაც უსისხლო) შემდეგ გრანდიოზული ტრანსფორმაცია, დაძაბულობა, სტრესები, ომი, უბედურება, სისხლისღვრა, ახალი ტერიტორიების დაკარგვა, შიში.......ბუნებრივია მხოლოდ გააძლიერებდა ტრადიციულ პატერნალიზმს, ესე იგი „მამა- მარჩენალზე“ ოცნებას, - ვინც მშვიდად, უჩინრად, არაშემაწუხებლად (!) არასტრესულად, მამა-შვილურად ზრუნავს, მართლაც „არსადაა და ყველგანაა“, ყველაფერი იცის, მშვიდობას უზრუნველყოფს, რუსეთთანაც „დააზავებს“ და ახალ ომს გამორიცხავს, რუსულ ბაზრებს გახსნის, „შვილთა მისთა“ შეცდომებს ხედავს და თავადვე გამოასწორებს, მილიარდერია, მდიდარია, ყოვლისშემძლეა, თან მისტიურად იდუმალია, შეუცნობადია.........
    ამგვარი აღქმა იმდენად ზუსტად მოერგო დაღლილ-გადაქანცული, ხელჩაქნეული, ბოლო მეოთხედი საუკუნის მანძილზე მრავალგზის იმედგაცრუებული საზოგადოების მენტალურ მისწრაფებებსა და ინტენციებს, რომ უახლოეს წლებში რაიმეს შეცვლა თეორიულად მხოლოდ ახალი რევოლუციით თუ იქნება შესაძლებელი!
ეს შესანიშნავად იცის მიშა სააკაშვილმა და ზუსტად ამას გულისხმობს, როცა ხშირად ამბობს: „ივანიშვილის ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა ვერ მოხერხდება, ამის იმედი ნურავის ექნებაო“.
ხოლო იმაზე, რომ ეს ტრაგიკული ვითარება მისივე პასუხისმგებლობაა, - რაკი იმის ერთბაშად „გატეხას“ და „გატეხილის გადაკეთებას“ ცდილობდა, რისი შეცვლაც მხოლოდ მშვიდი, გეგმაზომიერი, ჭკვიანური ევოლუციით თუ იქნებოდა შესაძლებელი, - ბუნებრივია, ყოფილი პრეზიდენტი არაფერს ამბობს.
    „ივანიშვილის ფენომენის“ შექმნასა და „მზრუნველი მამა-მარჩენალის“ ისტორიული სწრაფვის აღდგენაში საერთოდ ყველა დამნაშავეა........მის გარდა.
მეორეს მხრივ, კახა ლომაიას ინიციირებული რეფლექსიაც სრულიად ფუჭია, რადგან ამ ძალამ ისე „მიიწეპა“ ყველა სოციო-ფსიქოლოგიური ტრავმა, მათი „აგლეჯა“ აღარ გამოვა. ამიტომ მეტი შანსი აქვს დარჩეს „მარად გუშინდელად“, ხოლო მშვიდი, არაძალადობრივი „თანდათანობითი“, უომარი და უსისხლო განვითარების ამოცანა ახალმა დემოკრატიულმა ძალამ შეიძლება მხოლოდ შეასრულოს, რომლის გაჩენა ასევე ისტორიულ ევოლუციაზეა დამოკიდებული წლების შემდეგ და ამჟამინდელი „პოლიტიკური სასაფლაოს“ ქვათა ნამსხვრევებით ნამდვილად ვერ აშენდება.

    მთელ გვერდზე