ნახო პარიზი და მოკვდე.

   

    თუ არ გაგიმართლა და პარიზში ჩასვლისას წვიმს, ერთადერთი გამოსავალი მაღაზიებია. მით უმეტეს, თუ თავსხმა წვიმაა და ორგზის უმეტეს, თუ ქალთან ერთად მიდიხარ. ასეთ ვითარებაში «გალერეა ლა ფაიეტიდან» გამოღწევა სტალინგრადის ალყის გარღვევის ტოლფასი სირთულისაა.
    აქვე: სხვათა შორის, მაღალი მოდა სულაც არ არის სნობიზმი. სნობიზმი ეს ჩვენში იყო (და არის), თორემ დასავლეთში, მათ შორის, რა თქმა უნდა საფრანგეთში, იგი პიროვნული «რაობისა» და «მეობის» მაჩვენებელია ანუ ინდივიდუალობის გამოხატვისა და განხორციელების საშუალებაა!
    უფრო ღრმა სოციალური აზრით კი, პიროვნულ თუ საზოგადოებრივ ღირებულებათა ჰარმონიზაციისა და ამ ღირებულებათა მანიფესტირების საშუალებაცაა. თანაც, პიროვნული «ავტონომიურობის», მისი «თავისთავადობის» ხაზგასმით, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.
    ისევე, როგორც სოციალური იდენტობისა. ოღონდ იმ აზრით, რომ დასავლეთში საზოგადოებრივი მდგომარეობა, შესაბამისი პრესტიჟი, ინდივიდის «სოციალური სარგებლიანობის» ფუნქციაა და ხსენებული ნიშანიც იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად სოციალურად სარგებლიანია (რამდენად მნიშვნელოვან საქმეს ასრულებს) თავად ან მისი კაპიტალი, რომელიც თუნდაც მემკვიდრეობით ერგო: ბავშვთა კვების ნაწარმთა გიგანტური კომპანიის მემკვიდრეა იგი, მაღალკვალიფიციური ქირურგი, წარმატებული მენეჯერი თუ სახელგანთქმული მსახიობი ან სპორტსმენი.
    პოსტსაბჭოურ სივრცეზე კი, მაღალი მოდისა და «სტილის» ეს ფუნქციები დიდწილად ჯერ კიდევ დეფორმირებულია და, უმრავლეს შემთხვევაში, ბანდიტიზმის, მექრთამეობის, ყაჩაღობის და «პრიხვატიზების» უნარის ანუ ხელისუფლებასთან სიახლოვის მანიშნებელია და არა რეალური სოციალური სარგებლიანობისა.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში ძვირფასი, სტილური და მოდური «ბრენდი» მისი მატარებლის სოციალურ სარგებლიანობას კი არ მანიფესტირებს, არამედ იმას, რამდენად ძლიერია ეს პიროვნება, რამდენის «დაყაჩაღება» შეძლო მან ან ოჯახმა და რამდენად გავლენიანი «საძმოს» წევრია.
    სწორედ ამ სხვაობის გამო, დასავლეთში ყოველთვის უკვირთ, როდესაც «ოქროს ბრენდების» მატარებელი ქართველი, რუსი, უზბეკი თუ უკრაინელი «ნუვორიშები» გარეგნობით და ქცევით პირწავარდნილი განგსტერები არიან (ეს კატეგორია დასავლეთში მე – 19 საუკუნის «პირველადი დაგროვების» ეპოქაში მოილია), რაკი ჯერ ჰაბიტუსი და ბიჰევიორისტული (ქცევითი) უნარ-ჩვევები გამოხატავს პერსონალურ არსს და მხოლოდ ამის შემდეგ, - თუნდაც ყველაზე ძვირფასი და დახვეწილი «სტილი» - «კარტიე», «დოლჩე და გაბანა», «პიერ კარდენი», «გუჩი», «კელვინ კლაინი» და ასე შემდეგ. ამ უნარ ჩვევებისა და ჰაბიტუსის შეძენა კი გაცილებით რთულია, ვიდრე ძვირფასი და პრესტიჟული «ბრენდისა».
    ზოგადად, «სტილი», «მაღალი მოდა» ძალიან დიდი და საინტერესო თემაა, რომლის გაშლა აქ ვერ მოხერხდება. მხოლოდ ამასღა ვიტყვი: სტილი და მოდა ევროპული ცივილიზაციის გეოპოლიტიკური ძლევამოსილების შედეგი კი არ არის, არამედ პირიქით: ევროპული ცივილიზაციის ძალმოსილება განპირობებულია იმით, რომ მან ადამიანს, პიროვნებას, - ჩინეთსა თუ საქართველოში, რუსეთსა თუ ინდოეთში, ნიგერიასა თუ მალაიზიაში, - მთლიანობაში მისთვის მისაღები, სასურველი და მიმზიდველი «სტილი» შესთავაზა - ამ ცნების ზოგადი, მაღალი გაგებით.
    ევროპული სტილი მომხიბვლელი და მიმზიდველია (მცირე, თითქოსდა წვრილმანი მაგალითი: შანხაის მაღაზიებში ყველა მანეკენი ევროპეიდია), მოდა მხოლოდ ნაწილია მისი; უფრო ღრმა აზრით კი, როგორც მოგახსენეთ, იგი ცივილიზაციის არსის, მისი ღირებულებითი სისტემის გამომხატველია. ეს ღირებულებები ინდივიდს იზიდავს(!), იგი მისთვის თავისუფლად მისაღები, ლეგიტიმური, პრესტიჟული და მოსაწონია(!) იმდენად და იმ აზრითვე, რამდენადაც იზიდავს ევროპული სტილი, მათ შორის მოდა.
    სწორედ ამიტომ, თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ძნელი გასავლებია ზღვარი მოდერნიზაციასა და ვესტერნიზაციას შორის. ყველამ, ვინც ეს სცადა, სრული კრახი განიცადა. ყბადაღებული «იაპონური ფენომენიც» პირობითია – კიმანოს იქ მხოლოდ დღესასწაულებზე (ვთქვათ ქორწილებში) იცვამენ – ისევე, როგორც ჩვენში ჩოხას. და ეს იმიტომ კი არა, რომ სადაგი დღეებისათვის ჩვენმა ცივილიზაციებმა ადამიანს (პიროვნებას, ინდივიდს) ვერაფერი შესთავაზეს, არამედ იმიტომ, რომ ევროპულმა ცივილიზაციამ შესთავაზა უფრო მიმზიდველი(!) და, უბრალო ადამიანური აღქმით უკეთესი(!). თანაც, არა მხოლოდ მოდაში, რასაკვირველია.
    სწორედ აქ არის ძირის-ძირი, საფუძველთა-საფუძველი, წყაროთა-წყარო დასავლური ცივილიზაციის უშრეტი ძლევამოსილებისა: იგი სთავაზობს პიროვნებას, ინდივიდს, ცალკეულ ადამიანს ისეთ «პროექტს», ისეთ სტილს, ისეთ ცხოვრების წესს, რომელიც მის შინაგან, უბრალო ადამიანურ მისწრაფებებს შეესაბამება.
    ეს ძალით კი არა არის თავსმოხვეული (არავინ აძალებს იაპონელს - გახეხილი ჯინსი და ბოტასი ჩაიცვას და არა კიმანო და ხის ქოში), არამედ თავისუფალი არჩევანის შედეგია!
    ამიტომაც ებრძოდა, ებრძვის და მარად იბრძოლებს ყველა ტოტალიტარული სისტემა, საკუთარი ღირებულებების (ეთნიკურისა თუ რელიგიურის) და იდენტობის დასაცავად უპირველესად არჩევანის თავისუფლების წინააღმდეგ. ამიტომ დაანგრიეს გონებადაბნელებულმა ფანატიკოსებმა ნიუ-იორკის ცათამბჯენები, რომლებიც ინდივიდს იზიდავდნენ, აინტერესებდნენ(!) და ამ უფლებას (არჩევანის თავისუფლებას) ისევე განასახიერებდნენ, როგორც ევროპული მაღაზიების მრავალფეროვნება და სიუხვე.
    მაღალი სტილისა და მოდის შემოქმედნი კი, საბოლოო ანგარიშით, «ევროპული ცივილიზაციის მისიონერნი» არიან, რაკი მათი შემოქმედება არა სნობიზმი, არამედ, დიახაც, ღირებულებათა, ინდივიდუალისტურ ფასეულობათა გამოხატვაა და ევროპული ცივილიზაციის მუდმივად განახლებადობის, უწყვეტი განვითარების, მუდმივი სიახლის, უსასრულო წინსვლის ანუ, მთლიანობაში, ცხოველმყოფელობის ცივილიზაციური უნარის მაჩვენებელია.
    ევროპის მზე, სინამდვილეში, მხოლოდ მაშინ ჩაესვენება, როდესაც (თუკი) მისი სტილი პრესტიჟულობას, მიმზიდველობას და ხიბლს დაკარგავს; და ეს, უეჭველად, ისეთი თითქოსდა წვრილმანიდან დაიწყება, როგორიც მაღალი მოდაა.

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა
   

მთელ გვერდზე