ეიფელის კოშკი: გრანდიოზული, იმავდროულად საოცრად ნატიფი და ნაზი – ჭეშმარიტად «ფრანგული».
    ფრანგები იყვნენ პირველნი დედამიწაზე, რომლებიც მიხვდნენ (ჯერ კიდევ 120 წლის წინ), რომ იწყებოდა ეპოქა, როდესაც ძლიერია ის, რაც შთამბეჭდავია და ძლიერია ის, რაც მიმზიდველია. სწორედ ამ მიგნების შედეგია ეს შესანიშნავი ნაგებობა.
    100 წლის შემდეგ ამ კოშკის აგებიდან, პოლონური წარმოშობის ამერიკელი პოლიტოლოგი, ზბიგნევ ბჟეზინსკი, სენსაციურ წიგნში «დიადი საჭადრაკო დაფა», ზესახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ პირობად (სამხედრო, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ძლევამოსილებასთან ერთად) მიმზიდველობას დაასახელებს. იმ აზრით, რომ (ვიმეორებ) ძლიერია ის, რაც უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანისათვის მიმზიდველია და ძლიერია ის, რაც მისთვის საოცნებოა!
    გავიხსენოთ საბჭოთა კავშირი: მისი სამხედრო ძლევამოსილება ეჭვს არ იწვევდა; მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობით სსრკ მხოლოდ ამერიკას ჩამორჩებოდა; მაღალ ტექნოლოგიებშიც (ატომური თუ კოსმოსური სისტემები და ა.შ) უდავო მიღწევები ჰქონდა; მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, მაინც ვერ ივარგა ზესახელმწიფოდ და საპნის ბუშტივით გასკდა სწორედ იმიტომ, რომ უბრალო ადამიანს, ჩვეულებრივ ობივატელს, მისი უბრალო ადამიანური მისწრაფებების დაკმაყოფილების «პროექტი» ვერ შესთავაზა, ვერ იქცა მისთვის ისეთივე სასურველად, მიმზიდველად, საოცნებოდ და საინტერესოდ, როგორიც იყო საფრანგეთი მისი «ეიფელით» ან ამერიკა მისი ცათამბჯენებით. ამიტომაც წააგო იმ მრისხანე და გრანდიოზულმა იმპერიამ ბრძოლა «მესამე მსოფლიოსათვის» და საკუთარ მოქალაქეთა გულებისთვისაც.
    როგორ სამხედრო, ეკონომიკურ, თუნდაც ტექნოლოგიურ ძლევამოსილებასაც არ უნდა მიაღწიოს ჩინეთმა, სანამ იგი უბრალო ობივატელისათვის არ იქცევა ასევე მიმზიდველად, საინტერესოდ, სანამ (მარტივად თუ ვიტყვით) შანხაის მაღაზიებში ყველა მანეკენი ევროპეიდია და არა ევროპის მაღაზიებში – მონღოლოიდი) – იგი ვერ შეედრება ამერიკასა და ევროპას.
    «ჩინეთის დიდი კედელი» საამისოდ არ კმარა – ეს მხოლოდ ისტორიული, ტურისტული ღირშესანიშნაობაა და მეტი არაფერი. იგი თანამედროვეს არაფერს აღნიშნავს. ისევე, როგორც ამგვარ სიმბოლოდ ვერ გამოდგებოდა კრემლი ან ვასილი ნეტარის მართლაც ულამაზესი ტაძარი, ვინაიდან «ეიფელის კოშკიც» და «ემპაიარ სტეიტ ბილდინგიც» არა უბრალოდ თავისთავადი ტურისტული ღირშესანიშნაობებია, არამედ თანამედროვე ცივილიზაციური სიმბოლოებიც. ისინი ადამიანს სწორედ იმიტომ იზიდავენ, რომ განასახიერებენ დასავლური ცივილიზაციის თვისებრიობას: კომფორტს, ფეშენებელობას, მრავალფეროვნებას, სიუხვეს, ცხოვრების დონეს, შემოქმედებითი (არა მონური, არამედ ნაყოფიერი და კმაყოფილებისმომგვრელი) შრომის საშუალებას, შესაბამისად მაღალანაზღაურებადობას, თავისუფლებას, არჩევანის შესაძლებლობას, პიროვნულ ავტონომიას, უბრალო ადამიანური მისწრაფებების, თითქოსდა წვრილმანი, პატარა ადამიანური «პროექტების», ნატვრისა და ოცნების აღსრულებისა და განხორციელების ასპარეზს, შანსს, უნარსა და შესაძლებლობას.
    ისევ და ისევ: სწორედ აქ არის ძირის-ძირი, წყაროთა-წყარო, საფუძველთა-საფუძველი ევროპული ცივილიზაციის უშრეტი ძლევამოსილებისა და არა «საერთაშორისო სავალუტო ფონდში», ატომურ იარაღსა თუ პლანეტაზე უმძლავრესი სამხედრო-პოლიტიკური კავშირის გეოპოლიტიკურ ძალმოსილებაში.
    აქვე: როდესაც ფრენსის ფუკუიამა «ისტორიის დასასრულზე» წერდა, დიდი აზრით იგი სწორედ იმას გულისხმობდა, რომ ევროპულმა ცივილიზაციამ ადამიანსა და კაცობრიობას «უკანასკნელი პროექტი» შესთავაზა. ყველა კონკურენტი პროექტი (კომუნისტურის ჩათვლით) ისტორიულად უკვე დამარცხდა. სხვა ალტერნატივის (ალტერნატიული პროექტის) გამომუშავებას კი, რომელიც ასეთივე მისაღები და თავისუფლად სასურველი იქნება ადამიანისთვის, ფუკუიამას აზრით,  უკვე ვეღარავინ შეძლებს – ამის უნარი დღეს მოქმედ არც ერთ სხვა ცივილიზაციას არ გააჩნია და ალბათ აღარც ოდესმე ექნება. ამ აზრით, «ევროპული პროექტი» უკანასკნელი საკაცობრიო პროექტია.
    ფუკუიამასეული «ისტორიის აღსასრული» იმას ნიშნავს, რომ ჯერ თვით ევროპაში, შემდეგ მთელს პლანეტაზე დამთავრდა იდეათა (პროექტთა) ბრძოლა და ევროპულმა იდეამ  (ლიბერალურმა დემოკრატიამ) საბოლოოდ, სამუდამოდ გაიმარჯვა.

მთელ გვერდზე                                                                                                                                  გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა