მსოფლიო პოლიტიკას პანამურმა ქარიშხალმა გადაუარა!

რა აერთიანებთ პანამურ დოსიეში მოხვედრილ პოლიტიკოსებს?
   

ვის ხელში ვართ?

    იშვიათად მომხდარა ისტორიაში, რომ თითქოსდა სრულიად განსხვავებული პოლიტიკოსები, რომლებსაც, ერთი შეხედვით, არაფერი აერთიანებთ და არანაირად არ გვანან ერთმანეთს (ზოგი დემოკრატია, ზოგი დიქტატორი, ზოგი მეფე ან აფრიკელ კაციჭამია ტირანთა მემკვიდრე) ერთსა და იმავე «შარში ეხვევიან» და ერთად უხდებათ თავის მართლება.
    სწორედ ასე მოხდა ამ დღეებში, როცა მსოფლიო მედიამ «პანამურ დოკუმენტებად» (Panama Papers) წოდებული სკანდალი ააფეთქა.
    სინამდვილეში, ყველაფერი დაიწყო ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, რომ ყველაზე მსხვილი ამერიკული კომპანიები და გავლენიანი პირები იყენებენ ოფშორულ ზონებს საიმისოდ, რათა დამალონ გადასახადები. ობამამ ყველანი გააფრთხილა: «არავის დაგინდობთ და ყველას გამხელთო». სავარაუდოა, რომ არა მარტო ბიზნესმენებს გულისხმობდა, არამედ პოლიტიკოსებსაც.
    ამის შემდეგ, რაღაც «უცნაური» (სინამდვილეში გასაგები) დამთხვევით, «ჟურნალისტურ გამოძიებათა საერთაშორისო კონსორციუმმა» (ICIJ) მოიპოვა პანამაში რეგისტრირებული იურიდიული ფირმა Mossack Fonseca–ს დოკუმენტაცია, რომელსაც საკმარისია თვალი გადაავლო და აუცილებლად წაიშენ თავში ხელს, სადაც და რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ცხოვრობდე: «ეს ვის ხელში ვართ?!!!»
    აბა ვინ იფიქრებდა, რომ ერთნაირად გაისვრებოდნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კემერონი, სირიის დიქტატორი ბაშარ ასადი, კორუფციისაგან თითქოსდა «სტერილური» ისლანდიის პრემიერ–მინისტრი სიგმინდურ გუნლეიგსონი და ჩინეთის კომუნისტი ბელადი სი ძინ პინი?
    რა შეიძლება მათ აერთიანდებდეთ?
    ამ კითხვაზე ბოლოს გავცეთ პასუხი. ახლა კი, «მეტი საქმე ლაპარაკის ნაცვლად», ესე იგი მეტი ინფორმაცია:

«ცრუპენტელობის მასტერ–კლასი»

    Mossack Fonseca–ს დოკუმენტებით, დევიდ კემერონის ბიზნესმენმა მამამ, ამ იურიდიული ფირმის მეშვეობით, ოფშორულ ზონაში დააარსა კომპანია Blairmore Holdings, რათა გადასახადებისგან თავი დაეძვრინა, ხოლო მამის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრე სწორედ დევიდი გახდა.
    ახლა, მისი უდიდებულესობის პრემიერ–მინისტრი ირწმუნება, რომ აქციები ჯერ კიდევ 2010 წელს გაყიდა, მაგრამ რაღაც საეჭვოდ დუმდა ერთი კვირის განმავლობაში, სანამ თვით მისი და მისი ოჯახის დოკუმენტები არ «ამოვარდა» ინტერნეტში.
    აქვე, იმასაც მივაქციოთ ყურადღება, რომ დიდი ბრიტანეთი უდიდესი იმპერია იყო («მასზე მზე არ ჩადიოდა» XIX საუკუნეში), უამრავი კოლონია ჰყავდა, რომელთა უმრავლესობა დღეს «ოფშორულ ზონებადაა» ქცეული და აბა მასზე უკეთ ვის შეიძლებოდა სცოდნოდა, სად უფრო ხელსაყრელია ფულის დამალვა?
    მით უმეტეს, როცა «ოფშორულ ზონად» გადაკეთებული ყველა ქვეყნის ხელისუფალი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრს ძველებურად უწოდებს «უფროს ძმას» და თვალებში შესციცინებს.
    დაუნინგ სტრიტზე, სადაც პრემიერი ცხოვრობს და მუშაობს, დემონსტრაციაც გაიმართა კემერონის გადადგომის მოთხოვნით. ინგლისელი ჟურნალისტები კი წერენ, რომ «კონსერვატიული პარტიისა» და მისი ლიდერის ავტორიტეტს სერიოზული ჩრდილი დააწვა მაშინ, როდესაც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმამდე სულ რამდენიმე თვე რჩება.
    ოპოზიციური «ლეიბორისტული პარტიის» ლიდერმა, ჯერემი ქორბინმა კემერონის საპარლამენტო მოხსენებას, «პანამური დოსიეს» შესახებ, «ცრუპენტელობის მასტერკლასი» უწოდა. მისმა თანაპარტიელმა დენის სკინერმა კი – «ქოსატყუილა დევიდი ხარო» მიაძახა. რის შემდეგაც, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი მანდატურებმა გაიყვანეს დარბაზიდან, რაც ძალიან იშვიათად ხდება.
    «ლეიბორისტები» კემერონის გადადგომას ითხოვენ, მაგრამ პრემიერი ჯიუტობს. თუმცა მისი რეიტინგი ერთბაშად 5 პუნქტით დაეცა: 39%–დან – 34%–მდე.
   
   

«სუფთა ისლანდია»

    სამაგიეროდ, ისლანდიის მთავრობის მეთაური, სიგმინდურ გუნლეიგსონი სულ ადვილად «მოასრიალეს», როგორც კი შეუძლებელი გახდა იმის უარყოფა, რომ ოფშორში ანგარიშებს მალავდა. ისლანდიელთა განსაკუთრებული აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ გუნლეიგსონმა ეს ანგარიშები და კომპანია Wintris Inc მაშინ გახსნა, როდესაც ისლანდია კინაღამ ჩაძირა 2007–2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა.
    ასეთი პოლიტიკოსები თუ იკადრებდნენ, ბაშარ ასადისგან გასაკვირია? მისი ბიძაშვილი, რამი მუხლუფი აკონტროლებდა მრავალმილიარდიან ანგარიშებს და საერთაშორისო სანქციების გადალახვაშიც ეხმარებოდა. ძნელი მისახვედრი არ არის, რა წარმომავლობის ფული ტრიალებდა ოფშორებში, თუკი საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაც კი ხერხდებოდა. ანუ, ის ხალხი რა იოლად ახერხებდა ყველაფერს, ვის წინააღმდეგაც არანაირი სანქციები არ არსებობს.
    არგენტინის პრეზიდენტ მაურისიო მაკრის, ოფშორში საადვოკატო ფირმა დაუარსებია მამასთან და ძმასთან ერთად. მაგრამ საგადასახადო დეკლარაციაში ამ ფირმის მითითება «დავიწყნია».
    ესპანეთის მეფის და, ესე იგი ლეგენდარული ბურბონთა დინასტიის შთამომავალი, რაღაც «სახინკლე» პანამურ ფირმას ედგა სათავეში ყოვლად სამარცხვინოდ, – ქმართან და შვილთან ერთად; პაკისტანის პრემიერის ქალიშვილი უძრავი ქონებით ვაჭრობდა ამ ანგარიშების მეშვეობით; იქვე შეხვდებით აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევის ცოლს, დას, ორ ქალიშვილს; ყაზახეთის პრეზიდენტის, «ჩაუძირავი» ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი «თავმჯდომარე» ლე პენის შვილს, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის სანათესაოს და ასე შემდეგ.

            პუტინი და მისი ვიოლონჩელო

    უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსაც უსარგებლია Mossack Fonseca–ს მომსახურებით. რუსეთის ტელევიზია ამის შესახებ სიუჟეტს – სიუჟეტზე აკეთებს, თუმცა სასაცილოა, რომ პუტინის ანგარიშებზე არაფერს ამბობს. აქაოდა, «მისი გვარი ხომ არსად ჩანსო».
    კი, ნამდვილად არსად ჩანს და არც ერთ დოკუმენტში არაა გვარ–სახელი «ვლადიმერ პუტინი». სამაგიეროდ, უხვადაა მისი სამეგობრო.
    მაგალითად, «ფულის მრეცხავი» კომპანია Sandalwood–ს ფორმალური მფლობელია იური კოვალჩუკი, რომელსაც «პუტინის პირად ბანკირს» უწოდებენ, ხოლო კომპანია International Media Overseas, რომლის ანგარიშზე ასეულობით მილიონი ტრიალებს, მუსიკოს (!) სერგეი როლდუგინზეა გაფორმებულია.
    ამაზე უთქვამთ სწორედ კახეთში, «სად ვიოლონჩელო და სად. . . . «.
    ჟურნალისტებმა დაითვალეს: «პუტინის საძმომ» 2 მილიარდ დოლარზე მეტი გაატარა ოფშორულ ანგარიშთა მეშვეობით.
    სულ 140 პოლიტიკოსია «პანამის დოსიეში». აი, სწორედ ისინი, გაეროს გენერალური ასსამბლეის სესიაზე რომ იკრიბებიან ხოლმე ყოველწლიურად და ლამაზ ფრაზებს ამბობენ «გლობალურ პრობლემებზე», «სამართლიანობაზე», «სიღარიბეზე», «ხალხის გაჭირვებაზე» და ასე შემდეგ.
    რა აქვთ მათ საერთო? რა და ფულის სიყვარული!
    სწორედ «ფული ანათებს» დღევანდელ მსოფლიოს და ანათესავებს ბრიტანელ კონსერვატორ დევიდ კემერონს - აფრიკელ კაციჭამია ბოკასას შთამომავლებთან, რომელთა ანგარიშებს აგრეთვე მიაკვლიეს გამომძიებელმა ჟურნალისტებმა «პანამის ფურცლებზე».

 

    მთელ გვერდზე