#‎NBAVOTE‬ Zaza Pachulia
    რატომ უნდა ვეხმარებოდეთ უცხოეთში მცხოვრებ ძმას

    ამერიკის «ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის» ქართველი ლეგიონერის, ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერი კამპანია, შედეგის მიუხედავად, ძალიან საინტერესო დისკუსიის «თრიგერად» იქცა და ბევრი რამ გამოავლინა. თანაც, გამოავლინა როგორც მონაწილეთა აქტიურობით, ასევე პასიურობითაც: ბევრი, ვისი აზრიც ამ დისკურსში საინტერესო იქნებოდა, მრავალმნიშვნელოვან დუმილს ამჯობინებდა მაშინ, როდესაც სხვები (უმრავლესობა) აქტიურად უჭერდა მხარს ზაზას, უმცირესობას კი ჰყოფნიდა ინტელექტუალური გამბედაობა, ეთქვა, რომ, თითქოს, «ეროვნული ნიშნით სპორტსმენის მხარდაჭერა არასწორია».
    როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ჩვენთვის ამგვარი მოსაზრება, მისი ავტორები პატივისცემას იმსახურებენ, რაკი არ მალავენ. საინტერესო ის ხალხია, ვინც ასევე ფიქრობს, მაგრამ დუმს. თანაც, ხშირ შემთხვევაში დუმს არა იმიტომ, რომ სათქმელი არა აქვს ან მისი არტიკულირება არ ძალუძს, არამედ (რაც ბევრად უარესია) საკუთარი კომფორტის დარღვევა არ სურს. ამის განსაზღვრა სულ ადვილია იმის მიხედვით, ვინ დადო თავის კედელზე ეს მარტივი წარწერა და ვინ – არა.
    სინამდვილეში, განსხვავებული აზრი ამ საკითხში სავსებით ლეგიტიმურია, მისი მალვა კი ელემენეტარული სიმხდალეა, მეტი არაფერი. ბევრად უკეთესი იქნება, ღიად ვიკამათოთ, რატომ არის აბსოლუტურად ბუნებრივი, კიდევ უფრო მეტი, სრულიად ჯანსაღი მოვლენა, როდესაც პატარა ქვეყანა, რომელმაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ამდენი უბედურება გადაიტანა, ამდენი რამ დაკარგა და მხოლოდ ახლა ეძებს საკუთარ იდენტობას მსოფლიო ასპარეზზე, სწორედაც ეროვნული (არა ეთნიკური, არამედ სამოქალაქო!) ნიშნით უჭერს მხარს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ოდესღაც, უკვე შორეულ და თითქოს დავიწყებულ საბჭოთა–კომუნისტურ ეპოქაში გვასწავლიდნენ, რომ პავლიკ მოროზოვმა, რაკი «იდეური მოსაზრებებით» მამა გასცა, ამით ზნეობრივი გმირობა ჩაიდინა და ლამის მარტინ ლუთერის ტოლფას «რეფორმატორად» იქცა. მთელი კულტურული ტრენდიც კი ჩამოყალიბდა საბჭოთა ხელოვნებაში, მათ შორის კინემატოგრაფსა და ლიტერატურაში.
    არადა, დანაშაულებრივი მითის პერსონაჟმა (განურჩევლად იმისა, რას წარმოადგენდა მამამისი), რეალურად, ის ღირებულება ხელყო, რომელიც განასხვავებს ადამიანურ საზოგადოებას ორანგუტანგთა ჯოგისაგან. და თუ ამ ღირებულებებს შევუტევთ, სწორედ მაშინ გადავიქცევით, მართლა, ორანგუტანგთა ჯოგად!
    გადავიქეცით კიდეც, 25 წლის წინ, – მას შემდეგ, რაც დიდმა ქართველმა ფილოსოფოსმა (ნამდვილად დიდმა მოაზროვნემ) მერაბ მამარდაშვილმა, უდროო დროს (!), გაუფრთხილებლად წარმოთქვა საბედისწერო ზოგადფილოსოფიური მაქსიმა: «ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას», რაც უმალვე აიტაცა ათასმა ნაძირალამ და ქვეყანაში გამანადგურებელი სამოქალაქო ომი გააჩაღა, რომლის შედეგებს დღემდე ვიმკით.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    რა არის არაბუნებრივი, მით უმეტეს დანაშაულებრივი იმაში, რომ გვეამაყებოდეს, ანუ ვიყოთ სუბიექტურნი, როცა ჩვენი ქვეყნის შვილი, ჩვენი ეროვნული იდენტობის მატარებელი სპორტსმენი თამაშობს (თანაც, არც თუ იშვიათად, თანაბრად თამაშობს) პლანეტის უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში, – ამერიკული და მსოფლიო «ბასქეთბოლის» ტიტანებს შორის? სწორედ იმ ქვეყანაში, სადაც მოიგონეს ეს შედევრალური (გუნდურ სახეობებს შორის ყველაზე დახვეწილი და რაფინირებული) თამაში, სადაც იყვნენ ქერიმ აბდულ ჯაბარი, მაიკლ ჯორდანი, ლარი ბერდი, მეჯიქ ჯონსონი, აიზია თომასი და სხვა გენიოსები? რამდენ ეპიზოდში უჯობნია თვით ლებრონ ჯეიმსისთვის?
    ვისაც ეს არ აღელვებს, ვინც ამ საკითხში სუბიექტური არ არის, ის ადამიანი კი არა საექსპერიმენტო რობოტია! და სულ არ მაინტერესებს, სჯობია თუ არა ზაზას იგივე დირკ ნოვიცკი ან სხვები.
    ბოლოს და ბოლოს, საწყისი პირობები ხომ უნდა გავითვალისწინოთ? ერთ ჭკვიან ადამიანს უთქვამს: «ნამდვილად არა ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი სათაყვანებელი ფეხბურთელები სჯობიან ბრაზილიელებს ან ინგლისელებს. მაგრამ გასაკვირი ის კი არ არის, რომ კოპაკაბანას თვალუწვდენელ, ათასკილომეტრიან სანაპიროზე, სადაც წლის ნებისმიერ დროს შეიძლება ფეხბურთის თამაში, იშვნენ პელე და ტოსტაო, ან ინგლისში, სადაც ყველაზე პატარა სკოლასაც კი აქვს ხელოვნურად რბილსაფარიანი მოედანი, აღიზარდნენ რობსონი და კიგანი. საოცარი ისაა, რომ ამ პატარა ქვეყანაში, სადაც სოფლად ბავშვები ფეხბურთს ლამის ფედობებზე თამაშობდნენ, ხოლო ქალაქად ერთი ხეირიანი საბავშვო მოედანიც არ იყო, გაჩნდნენ ბორია პაიჭაძე, მიშა მესხი, დათო ყიფიანი, საშა ჩივაძე, ვოვა გუცაევი და ვიტალი დარასელია».
    რამდენი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც კაალთბურთს, ასე თუ ისე თამაშობენ, მაგრამ NBA-ში არც ერთი სპორტსმენი არა ჰყავთ? თან ჩვენზე ბევრად მრავალრიცხოვანი, შეუდარებლად მდიდარი, მშვიდობიანი და ბედნიერი ქვეყნები.
    ზაზა რომ «მაგარი» არ იყოს, 13 წელი ვინმე გააჩერებდა მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში, სადაც უდიდესი და უსასტიკესი კონკურენციაა?
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    «ფაჩულიას რა დახმარება სჭირდება – ბედნიერ ქვეყანაში ბედნიერად ცხოვრობსო». ამას ვინც ამბობს, წარმოდგენა არა აქვს, რას ნიშნავს უცხოეთში ცხოვრება, ანუ იმ წრისგან, იმ გარემოსგან მოწყვეტა, სადაც ჩამოყალიბდა შენი იდენტობა. ამერიკელი ქართველებისგან გამიგონია «გაღმა ამას ვერ აუხსნიო». დააკვირდით: «გაღმა», ესე იგი ოკეანის გაღმა!
    სინამდვიელში, ამგვარი «ხლეჩა» მუდმივი სტრესია! და სწორედ ამით აიხსნება ის გაუცხოება და ხშირად გაუტანლობა, რაც ქართულ დიასპორებს ახასიათებთ. მაშინ, როდესაც უცხოეთში მცხოვრები, ჩვენი თანამოძმე (ნამდვილად თანამოძმე) სომხები, მუდამ კონსოლიდირებულნი, მუდამ ყველგან ერთ მუშტად შეკრულნი არიან.
    რას ვიზავთ, არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა ეთნოფსიქოლოგია. რაოდენ «არაპოლიკორექტულიც» არ უნდა იყოს პრიმორდიალიზმი, იგი მეცნიერებაა! ხოლო მისი უარყოფა უდიდესი სისულელე, კიდევ უარესი, ინლელექტუალური ტუტუცობაა მხოლოდ იმ იდიოტური საბაბით, რომ ოდესღაც, ევროპაში ცხოვრობდა ერთი გონებაჩლუნგი მანიაკი, ვინც ამ მეცნიერებიდან ხალხთა ჟლეტისა და საბრალო ბავშვების გაზის კამერაში მოშთობის თეორია გამოიყვანა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    თანაც რაში ვეხმარებით? რაიმე ბოროტებაში? «ბლუმინგდეილის» სთორიდან დოლჩე და გაბანას ჯინსების მოპარვაში? (ბედის ირონით, ერთადერთი ჯინსია, რომელიც ჯერ კიდევ ამერიკაში იკერება) მკვლელობაში? გენოციდში? – არა, მხოლოდ და მხოლოდ, რომ რამდენიმე წუთი ითამაშოს ისტორიულ მატჩში!
    ამიტომაც, აბსოლუტურად სწორად მოიქცა თავდაცვის მინისტრი, როდესაც ზაზას მხარდასაჭერად ფლეშ–მობი მოაწყო; ისევე, როგორც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, როცა თანამემამულეს მხარი დაუჭირა უცხეთში.
    და რამდენიც უნდათ იმდენი იქილიკონ ამაზე რეგვენმა ამერიკელმა ტელეკომენტატორებმა: თუ მარგველაშვილის ან იმავე ფაჩულიას გვარის წარმოსათქმელად წინასწარ ცოტა მაინც არ წაივარჯიშეს, ამით საკუთარ პროფესიონალიზმს მიაყენეს შეურაცხყოფა და არა საქართველოს პრეზიდენტს ან საუკეთესო ქართველ კალათბურთელს.
    რა შეიძლება იყოს აქ კრიტერიუმი? მხოლოდ და მხოლოდ კანონი – ამ შემთხვევაში კონკურსის წესდება. მორჩა და გათავდა!
    კი ბატონო, აკრძალოს ამერიკის «ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ» წარმოშობის ქვეყნიდან ხმის მიცემა (როგორც აკრძალა «ევროვიზიამ» თანამემამულეების მხარდაჭერა მუსიკალურ კონსკურსზე) და ვეღარ მივცემთ ხმას ზაზას. მაგრამ სანამ ეს შესაძლებელია, დიახაც, აუცილებლად დავუჭერთ მხარს. იმიტომ, რომ ჩვენი ძმაა, ჩვენი სისხლი და ხორცია, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეა!
    ძმას უნდა ეხმარებოდე უკვე მხოლოდ იმ გრძნეული პასუხისმგებლობით, რომ შენი ძმაა. ამდენად, კვლავ და კვლავ, ისევ და ისევ, #‎NBAVOTE‬ Zaza Pachulia!
    ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ და შენ ღმერთმა ხელი მოგიმართოს ძმაო!

        მთელ გვერდზე