პუტინის მეორე ფრონტი

    შორეულ 1986 წელს, ერთი ამერიკელი პოლიტოლოგი წერდა: როცა ევრაზიის კონტინენტზე ერთდროულად ორი სერიოზული კონფლიქტი ჩაღდება, თანაც ამ ზეკონტინენტის ორ სხვადასხვა რეგიონში, ეს მოხალოვებული მსოფლიო ომის უპირველესი ნიშანია.
    იმ შორეულ ეპოქაში თვლებოდა, რომ მესამე მსოფლიო ომი თუ დაიწყება, დაიწყება არა ევროპაში, არა «ბერლინის კედლის» გარშემო, არამედ სწორედ ახლო აღმოსავლეთში, სადაც უამრავი წინააღმდეგობა და ინტერესია ჩახლართული.
    საერთოდ, გეოპოლიტიკა ძნელად იცვლება.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    რამდენიმე დღის წინ, ბულგარეთმა და საბერძნეთმა უარი უთხრეს რუსეთს, «ჰუმანიტარული დახმარებით» სავსე თვითმფრინავების გატარებაზე საკუთარ საჰაერო სივრცეში.
    რა «ჰუმანიტარულ დახმარებასაც» აგზავნის ხოლმე რუსეთი, უკრაინაში დადასტურდა. რეალურად ეს «ჰუმანიტარული დახმარება» კი არ იყო, არამედ ასადის რეჟიმისათვის განკუთვნილი იარაღის ახალი პარტია.
    სოფიასა და ათენის უარი მოსკოვმა იოლად გადალახა და თვითმფრინავები ირან–ერაყის მარშრუტით გააგზავნა. მაგრამ აქ სხვა რამაა ნიშანდობლივი: განა თავიდანვე არ შეეძლო ამ მარშრუტით ესარგებლა? რასაკვირველია შეეძლო, თუმცა მას სჭირდებოდა დასავლეთში იმის დაფიქსირება, რომ უკვე ღიად ეხმარება ბაშარ ასადს და მზადაა პირდაპირ ჩაერთოს საბრძოლო მოქმედებებში.
    ვდადივოსტოკში (!) გამოსვლისას პუტინმა თქვა: რუსეთი მსოფლიოს სთავაზობს ახალი კოალიციის შექმნას ე.წ. «ისლამური სახელმწიფოს» წინააღმდეგ. თუ დასავლეთი იტყვის უარს ამ კოალიცაიში მონაწილეობაზე, მოსკოვი თეირანთან შეჰკრავს პირს.
    რა თქმა უნდა, «ისლამისტებთან» ბრძოლა მხოლოდ საბაბია, რათა დაეხმაროს ასადს ყველა მოწინააღმდეგის დამარცხებასა და ძალაუფლების განმტკიცებაში. ბაშარ ალ ასადი პუტინს დაპირდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაატარებს სირიის ტერიტორიაზე გაზასადენს ბუნებრივი აირით ზღაპრულად მდიდარი ყატარიდან – ევროპის მიმართულებით. ანუ, დამასკოში დღევანდელი რეჟიმის შენარჩუნება რუსეთისათვის როგორც გეოპილიტიკური, ასევე ეკონომიკური საკითხია. მით უმეტეს ენერგომატარებლებზე ფასის დაცემისა და «გაზპრომის» აქციათა დეველვაციის ფონზე.
    მაგრამ მხოლოდ ამ ინტრესებზე ყველაფრის დაყვანა გამარტივება იქნებოდა: პუტინი საკმაოდ ეშმაკი პოლიტიკოსია და ამგვარი ტექნოლოგიით ერთრდოულად რამდენიმე მიზნის მიღწევას ლამობს: მან იცის, რომ თუ დასავლეთი ღრმად ჩაეფლობა სირიის ომში, თუ მსოფლიო ცივილიზაციის უპირველეს მტრად არა ასადის რეჟიმი, არამედ ისლამისტი ფანატიკოსები ჩაითვლება (კაცმა რომ თქვას ასეცაა), მაშინ უკრაინისათვის, ისევე როგორც საქართველოსთვის, საერთოდ აღარავის ეცლება და ყირიმ–დონბასის პრობლემატიკა მეორე პლანზე გადაიწევს.
    ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა კიდეც: საფრანგეთის მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერმა (შესაძლო მომავალმა პრეზიდენტმა) ნიკოლა სარკოზიმ ამას წინათ განაცხადა: «რუსეთის იზოლაცია დაუშვებელია, ცივი ომის მაჯლაჯუნა აჩრდილი უნდა უკუვაგდოთო». «ელისეის სასახელში» დაბრუნების შემდეგ იგი აუცილებლად აღადგენს ურთიერთობებს მოსკოვთან.
    ამგვარი განწყობა ევროპაში ჯერ განმსაზღვრელი არ არის, მაგრამ სულ უფრო ძლიერდება ე.წ. «მიგრანტთა კრიზისის» ფონზე, რაკი სრულიად აშკარაა: სანამ ახლო აღმოსავლეთში ელემენტარული წესრიგი არ დამყარდება, ლტოლვილთა სულ ახალი და ახალი ნაკადები მიაწყდება ევროპის კონტინენტს.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    არადა, ამ ომს რა დაამთავრებს? მით უმეტეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებით, ერაყი ამერიკულმა არმიამ დატოვა. პირველი აფროამერიკელი, ნობელის პრემიის ლაურეატი პრეზიდენტი არც აპირებს ღრმად «შეტოპოს» იმ რეგიონის პრობლემებში, რომელიც მისი წინამორბედი ნეო–კონის, ჯორ ბუშ – ჯუნიორის «ბრძნული პოლიტიკის» შედეგად სისხლიანმა ქაოსმა მოიცვა. ამ ქაოსმა შესაძლოა ათწლეულები გასტანოს. ყოველ შემთხვევაში, სირიის ომი უკვე ოთხი წელია გრძელდება და ბოლო არ უჩანს.
    სირიაში რუსეთს ორი სამხედრო ბაზა აქვს: ტარტუსა და ლატაკიაში. მისი მძლავრი სამხედრო ხომალდები მუდამ მზად არიან გამოიყენონ «ისკანდერის» რაკეტათა საზღვაო მოდიფიკაცია. ამასთან, პუტინი ყოველნაირად აღვივებს ხმებს, რომ სირიაში რუს მედესანტეთა ახალ–ახალი ქვედანაყოფები ჩადის, რომ ასადის არმია სულ მალე მიიღებს უახლეს რუსულ იარაღს, მათ შორის სარაკეტო დანადგარებს, მძიმე ტანკებს და ასე შემდეგ.
    საქმე იქამდე მივიდა, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ რუს კოლეგა სერგეი ლავროვს დაურეკა და ამგვარი მოქმედებებისაგან თავის შეკავება სთხოვა. ოღონდ უკვე გვიანაა: პუტინი თითქოს ეკითხება დასავლეთს: «ხომ მიგაჩნიათ ისლამური სახელმწიფო უდიდეს საფრთხედ? ჰოდა მზად ვარ ჩემი არმიის ძლევამოსილება გამოვიყენო საიმისოდ, რათა ეს საფრთხე მოგაშოროთ! წინააღმდეგი ხართ? თუმცა, ამ პროცესში ბაშარ ასადი გაძლიერდება და მისი სხვა მტრებიც დამარცხდებიან ჩემი მეშვეობით. ესე იგი მოგიწევთ გააკეთოთ არჩევანი: ასადის რეჟიმი გირჩევნიათ თუ ის ფანატიკოსები, ადამიანებს ტელეკამერების წინ რომ წვავენ გალიებში და გრძნეულ პალმირას ანგრევენ?»
    რასაკვირველია ყალბი ალტერნატივაა, მაგრამ მაინც ჭრის უკვე და სარკოზის განცხადება (არადა, იგი მარგინალ პოლიტიკოსად ნამდვილად ვერ ჩაითვლება) სწორედ ამაზე მეტყვეელბს.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    კიდევ ერთი მიზანი ნავთობზე ფასების ზრდაა, რადგან ახლო აღმოსავლეთში მასშტაბური ომი მუდამ იწვევს ენერგომატარებლების გაძვირეაბს. თანაც, დავაკვირდეთ, რომ სწორედ ამ დროს, მოსკოვმა კიდევ ერთხელ განაცხადა უარი, შეუერთდეს ორგანიზაცია «ოპეკს», ესე იგი ნავთომწარმოებელი ქვეყნების გაერთიანებას. ესეც ცხადი მესიჯია: «ოპეკი» რა გადაწყვეტილებებსაც არ უნდა იღებდეს (ნავთობმოპოვების შემცირების თუ ზრდის თაობაზე) მოსკოვი დამოუკიდებლად იმოქმედებს, რაკი მისი მთავრი ინსტრუმენტი რეგიონში ქაოსის გაძლიერება და «მარადი ომის» სიტუაციის შექმნაა. იმავე «ისლამისტების» საბოლოო და სრული დამარცხებაც არ აწყობს.
    ამასობაში, სანამ ევროპული მედია ზღვაში დამხრჩვალი საცოდავი სირიელი ბავშვის ფოტოთი «მდუღრავს» ადამიანებს, პუტინი აგრძელებს სისხლიან თამაშს მეორე (უკრაინის) დაფაზე: დასაველთთან შესაძლო გარიგება სირიისა და «ისლამური სახელმწიფოს» საკითხში, მას იმისთვისაც სჭირდება, პოსტსაბჭოურ სივრცეზე, მათ შორის უკრაინასა და საქართველოში, თავისუფლად მოქმედებისთვის ფარული «კარტ–ბლანში მიიღოს» დასავლეთისგან.
    არა ყოველთვის და ყველგან არმიით. შესაძლოა «რბილი ძალითა» და პრორუსული პარტიების გაძლიერებით, მაგრამ მუდამ და ყველგან ერთი სტრატეგიული მიზნით - აღადგინოს იმპერია პოსტსაბჭოურ სივრცეზე!
    და თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ასეთი შანსი, როგორიც დღეს აქვს (დასავლეთის პრობლემათა სიმრავლის, უმწეობისა და გაუბედავობის გამო) მოსკოვს საერთოდ არ ჰქონია ძველი იმპერიის დანგრევის შემდეგ.

    მთელ გვერდზე